აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან და პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების წესის დამტკიცების შესახებ

აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან და პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 422
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 14/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/08/2017
ძალაში შესვლის თარიღი 15/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 020080150.22.034.016670
422
14/08/2017
ვებგვერდი, 14/08/2017
020080150.22.034.016670
აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან და პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №422

2017 წლის 14 აგვისტო

ქ. თბილისი

 

აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან და პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების წესის დამტკიცების შესახებ

 


საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 313-ე მუხლის მე-16 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან და პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების წესი.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 15 აგვისტოდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი მღებრიშვილი



დანართი
აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან და პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების წესი

 


მუხლი 1

1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი პირის (შემდგომში – უფლებამოსილი პირი) მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 და 772 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების პროცედურას.

2. ამ წესის მიზანია, საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის (შემდგომში – ხმაური) დონის გაზომვისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 და 772 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღსაკვეთად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა, აგრეთვე მოქალაქეთა უფლებებისა და მათი კანონიერი ინტერესების დაცვა.

მუხლი 2

1. უფლებამოსილი პირი საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში ხმაურის დონის გაზომვას ახორციელებს ხმაურმზომის მეშვეობით. ხმაურის დონის გაზომვის პირობები უნდა შეესაბამებოდეს ხმაურმზომის ექსპლოატაციის ინსტრუქციას.

2. ხმაურის დონის გაზომვა ხორციელდება საცხოვრებელი სახლის და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში (შემდგომში – შენობა) თანაბრად განლაგებულ არანაკლებ 3 წერტილში, კედლიდან მინიმუმ 1 მ და ფანჯრიდან მინიმუმ 1,5 მ დაცილებით, იატაკიდან 1,2-1,5 მ სიმაღლეზე.

3. ტერიტორიაზე, რომელიც უშუალოდ ემიჯნება  შენობას,  გაზომვები ტარდება არანაკლებ 3 წერტილში, შენობის კონსტრუქციების კედლებიდან არანაკლებ 2 მ დაცილებით, მიწიდან 1,2-1,5 მ სიმაღლეზე.

4. გაზომვის დროს ხმაურმზომის მიკროფონი მიმართული უნდა იყოს ხმაურის ძირითადი წყაროს მიმართულებით და დაცილებული უნდა იყოს გაზომვის ჩამტარებელი პირისაგან არანაკლებ 0,5 მ-ით. თუ შეუძლებელია ხმაურის ძირითადი წყაროს განსაზღვრა, მიკროფონი მიმართული უნდა იყოს ვერტიკალურად ზემოთ.

5. ხმაურის დონის გაზომვისას მხედველობაში მიიღება საკონტროლო წერტილში მიღებული ხმაურის მაქსიმალური მნიშვნელობა. 

6. გაზომვის ხანგრძლივობა თითოეულ წერტილში განისაზღვრება ხმაურის ხასიათით:

ა) თუ ხმაური არ არის მუდმივი, ხმაურის დონის გაზომვის პროცესი გრძელდება მანამ, სანამ LAეკვ-ის ცვლილება 30 წმ-ის განმავლობაში არ იქნება 0,5 დბ A-ზე ნაკლები;

ბ) მუდმივი ხმაურის შემთხვევაში, გაზომვის პროცესი გრძელდება არანაკლებ 15 წმ-ის განმავლობაში.

7. ხმაურის დონის გაზომვის დროს სასურველია სათავსში მხოლოდ გაზომვის ჩამტარებელი პერსონალის ყოფნა.

8. შენობაში ხმაურის დონის გაზომვა უნდა მოხდეს შენობის სათავსის ნორმალური ფუნქციონირების პირობებში, ვენტილაციის, კონდიცირების, ასევე განათების მოწყობილობების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჩართულ მდგომარეობაში ყოფნისას, დახურულ კარსა და ფანჯარაში (გარდა ჩაშენებული სავენტილაციო არხებისა).

მუხლი 3

1. ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებაზე პასუხისმგებელია ის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის საქმიანობის შედეგად, საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში ხმაურის დონე აღემატება კანონმდებლობით დადგენილი ხმაურის დასაშვებ ნორმას.

2.   თუ ხმაურის წყარო რამდენიმეა და გამომდინარეობს სხვადასხვა ფიზიკური ან/და იურიდიული პირის საქმიანობიდან, თითოეული წყაროს გავლენის ხვედრითი წილის შეფასების მიზნით, ხმაურის დონის გაზომვა ხორციელდება ცალკეული წყაროს თანმიმდევრული გამორთვის და ჩართვის გზით. თუ თითოეული ხმაურის წყაროს მიხედვით, ხმაურის დონე არ აღემატება კანონმდებლობით დადგენილი ხმაურის დასაშვებ ნორმას, ამასთან, ყველა წყაროს გათვალისწინებით, ხმაურის ჯამური ოდენობა აღემატება დასაშვებ ნორმას, ასეთ შემთხვევაში, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ღონისძიებები არ გამოიყენება.

მუხლი 4

1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 და 772 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. თუ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 და 772 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ადმინისტრაციული გამოკვლევა საჭირო არ არის, უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს  ადმინისტრაციულ სახდელს.

3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 და 772 მუხლებით  გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენისას უფლებამოსილი პირი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ავსებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 15 აგვისტოს №625 ბრძანების შესაბამისად.