საქართველოს მთავრობასა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შორის შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შორის შეთანხმება
დოკუმენტის ნომერი 800/2
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 26/07/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/08/2017
ძალაში შესვლის თარიღი 26/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016486
800/2
26/07/2017
ვებგვერდი, 11/08/2017
480610000.03.030.016486
საქართველოს მთავრობასა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შორის შეთანხმება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შორის

საქართველოს მთავრობა, წარმოდგენილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ, და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (სასამართლო), წარმოდგენილი რეგისტრატურის (სამდივნოს) მიერ;

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების (რომის სტატუტი) მონაწილე სახელმწიფო 2003 წლის 5 სექტემბრიდან;

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო არის „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ“ შეთანხმების („პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ“ შეთანხმება) მონაწილე სახელმწიფო 2010 წლის 9 აპრილიდან;

საქართველოს მხრიდან რომის სტატუტის მე-9 თავში განსაზღვრული პირობების თანახმად საერთაშორისო თანამშრომლობისა და სამართლებრივი დახმარების ზოგადი ვალდებულების გათვალისწინებით;

2016 წლის 10 ოქტომბერს ძალაში შესული „საქართველოს მთავრობასა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების გათვალისწინებით, რომელიც ავსებს  წინამდებარე შეთანხმებას;

დებენ წინამდებარე შეთანხმებას (შეთანხმება):


მუხლი 1

ზოგადი

1) „პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ“ შეთანხმების სრული დაცვით, წინამდებარე შეთანხმება განსაზღვრავს საქართველოს მთავრობასა და სასამართლოს შორის თანამშრომლობის განხორციელებისა და გაძლიერების და სასამართლოს მიერ საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში საკუთარი მანდატის დროული განხორციელების ხელშეწყობის მექანიზმებს. შეთანხმება ეფუძნება და არ ეწინააღმდეგება (i) რომის სტატუტითა და „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით („თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონი) დადგენილ თანამშრომლობის და დახმარების რეჟიმს; (ii) „პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ“ შეთანხმებით მინიჭებულ პრივილეგიებსა და იმუნიტეტებს.

2) წინამდებარე შეთანხმების დებულებები გავლენას არ მოახდენს „საქართველოს მთავრობასა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დებულებებზე, რომლებიც ხელმოწერილია, შესაბამისად, 2016 წლის 27 სექტემბერსა და 10 ოქტომბერს.

3) საქართველოს მთავრობა და სასამართლო აღიარებენ, რომ, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება დაიდოს ნებისმიერი სხვა შეთანხმება თუ მორიგება თანამშრომლობისა და მთლიანად სასამართლოს ან კონკრეტულად მისი რომელიმე ორგანოს მანდატის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით.

4) წინამდებარე შეთანხმებაში არაფერი უშლის ხელს და არ გამოირიცხება თანამშრომლობის ან დახმარების სხვა ფორმები საქართველოს მთავრობასა და სასამართლოს შორის, რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება ინფორმაციის სპონტანური მიწოდებით.

მუხლი 2

კომუნიკაციის და კოორდინაციის არხები

1) საქართველოს მთავრობის მხრიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტი არის თანამშრომლობის შესახებ თხოვნების, დახმარებისა და შეტყობინებების საკომუნიკაციო არხი და საქართველოსთვის კოორდინაციას გაუწევს მხარეებს შორის თანამშრომლობის ყველა საკითხს.

2) სასამართლოს შიგნით კომუნიკაციისა და კოორდინაციის არხი არის რეგისტრატურის (სამდივნოს) საგარეო ოპერაციების განყოფილება, ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისთან თხოვნების თაობაზე უკვე შეთანხმებული კომუნიკაციის არხისთვის ზიანის მიყენების გარეშე.

3) კომუნიკაციის განსაზღვრული არხები შეიძლება შეიცვალოს წინამდებარე შეთანხმების დებულებებში ცვლილებების შეტანის გარეშე მეორე მხარისთვის წერილობითი შეტყობინების გზით.

4) კომუნიკაციის განსაზღვრული არხებისთვის ზიანის მიყენების გარეშე, საქართველოს მთავრობამ და სასამართლომ შესაბამისი დეპარტამენტებისა და უწყებების ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება განსაზღვრონ საკონტაქტო პირები ოპერაციულ დონეზე, რათა ხელი შეუწყონ თანამშრომლობასა და დახმარებას.

მუხლი 3

ენა

„თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან წინააღმდეგობაში მოსვლის გარეშე, საქართველოს მთავრობამ სასამართლოს უნდა დართოს ნება, როდესაც ეს ხელს შეუწყობს თხოვნათა დროულ აღსრულებას, თავდაპირველად წარადგინოს თხოვნა ინგლისურ ენაზე და შემდეგ მიაწოდოს პროფესიონალური თარგმანი ქართულ ენაზე. ნებისმიერი მოსამზადებელი სამუშაოების დაწყების მიუხედავად, რომელიც შეიძლება საჭირო იყოს თხოვნის შესასრულებლად, საქართველოს მთავრობისათვის შესრულების ვადის ათვლა დაიწყება ქართულ ენაზე თარგმანის წარმოდგენის შემდეგ.

მუხლი 4

კონფიდენციალობა

საქართველოს მთავრობამ და სასამართლომ უნდა მიიღონ ზომები, რათა უზრუნველყონ, რომ ნებისმიერი პირი, ვისაც გადაეცემა თანამშრომლობის შესახებ თხოვნები და დამხმარე დოკუმენტაცია, ამგვარ მასალებს შეინახავს კონფიდენციალურად და სათანადოდ მოეპყრობა მათ ისეთი წესით, რაც მოთხოვნილია ასეთი კონფიდენციალობის დასაცავად.

მუხლი 5

თხოვნათა აღსრულება

საქართველოს მთავრობამ სასამართლოდან მიღებული დახმარების შესახებ თხოვნები უნდა აღასრულოს დროულად და აწარმოოს კონსულტაცია სასამართლოსთან, როცა შეუძლებელია მითითებულ ვადაში აღსრულება.

მუხლი 6

პრივილეგიები და იმუნიტეტები

1) რომის სტატუტის 48-ე მუხლისა და „პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ“ შეთანხმების თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე სასამართლო სარგებლობს ისეთი პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით, რაც საჭიროა მისი მიზნების განხორციელებისთვის. ყველამ, ვინც მოცემულია რომის სტატუტის 48-ე მუხლში და „პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ“ შეთანხმების მე-15−22-ე მუხლებში, უნდა ისარგებლოს პრივილეგიებით და იმუნიტეტებით, როგორც განსაზღვრულია ამ მუხლებში.

2) საქართველოს ტერიტორიაზე სასამართლოს მოთხოვნით მყოფი სხვა პირები სარგებლობენ „პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ“ შეთანხმების მე-17 და 21-ე მუხლებით გათვალისწინებული პრივილეგიებით, იმუნიტეტებითა და საშუალებებით იმდენად, რაც საჭიროა საქართველოში მათი ყოფნისთვის, მგზავრობის ჩათვლით, სასამართლოს მიერ გაცემული დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში, რომელშიც აღნიშნული იქნება, რომ ამ პირებს აქვთ „სასამართლოს მიერ ადგილობრივად დაქირავებული პერსონალის“ ან „ექსპერტის“ სტატუსი, შესაბამისად, „პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ“ შეთანხმების მე-17 და 21-ე მუხლების მიზნებისთვის.

მუხლი 7

გადაადგილება საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში

ყველას, ვინც განსაზღვრულია მე-6 მუხლით, აქვს საქართველოში დაუბრკოლებელი შემოსვლის, გასვლისა და საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში გადაადგილების უფლება საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და ამ ტერიტორიებზე არსებული სიტუაციის გათვალისწინებით. ამ უფლების შესახებ მკაფიოდ უნდა ეცნობოს ყველა შესაბამის უწყებას და ყველა საჭირო (სამგზავრო) დოკუმენტი, საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ჩათვლით, დროულად უნდა მიეწოდოს სასამართლოს. დამატებითი დახმარება საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში გადაადგილებისთვის და დასარჩენად, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი იქნება თხოვნის საფუძველზე.

მუხლი 8

უსაფრთხოება

1) საქართველოს მთავრობამ სასამართლოსთან კონსულტაციით უნდა გაატაროს ყველა საჭირო და შესაძლო ზომა, რათა უზრუნველყოს სასამართლოს თანამშრომლების, თანამდებობის პირების ან მისიის მესამე მხარის დამხმარეების, მსხვერპლების, მოწმეების, მიცემული ჩვენების გამო რისკის ქვეშ მყოფი სხვა პირების, დაცვის მხარის და მსხვერპლთა წარმომადგენლის, ასევე, მათი გუნდების წევრების და სასამართლოსთან ურთიერთობის გამო რისკის ქვეშ მყოფი ნებისმიერი სხვა პირის აუცილებელი უსაფრთხოება და დაცვა.

2) საქართველოს მთავრობა და სასამართლო, შეთანხმებული პირობებით განსაზღვრული ხელმისაწვდომი რესურსების ფარგლებში, ეცდებიან, რომ ითანამშრომლონ მსხვერპლთა და მოწმეების უსაფრთხოებისა და ფიზიკური და ფსიქოლოგიური კეთილდღეობისთვის აუცილებელი ყველა ზომის განხორციელებაში. ასეთი დახმარება, საჭიროების შემთხვევაში, მოიცავს მსხვერპლთა და მოწმეების სამყოფლის შეცვლას საქართველოს ტერიტორიაზე ან საზღვარგარეთ და უსაფრთხოების ადგილობრივი ზომის სახით, პირველადი რეაგირების სისტემის დანერგვას. საქართველოს მთავრობა ეცდება, სასამართლოს მიაწოდოს მსხვერპლების, მოწმეებისა და მიცემული ჩვენების გამო რისკის ქვეშ მყოფი სხვა პირების დაცვასთან დაკავშირებული ნებისმიერი სათანადო ხელმისაწვდომი ინფორმაცია.

3) საქართველოს მთავრობა ნებას რთავს სასამართლოს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ თანამშრომლებს, ატარონ შესაბამისი უნიფორმა და ფლობდნენ, ატარებდნენ და იყენებდნენ ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალებს მოვალეობის შესრულებისას სასამართლოს შენობის ფარგლებში და ნებისმიერ სხვა ადგილზე, როგორც იქნება შეთანხმებული საქართველოს მთავრობასთან, სასამართლოს სამართლებრივი ჩარჩოს შესაბამისად, საქართველოს შესაბამისი კანონებისა და რეგულაციების სათანადო გათვალისწინებით.

მუხლი 9

სასამართლოს შენობა და სხვა ნაგებობები

1) საქართველოს მთავრობა, საკუთარი კომპეტენციისა და ხელმისაწვდომი რესურსების ფარგლებში, ეცდება, რომ დაეხმაროს სასამართლოს მისი შენობის წყლის, ელექტროენერგიისა და სხვა მომსახურებების უფასოდ, ან, თუ ეს შესაძლებელი არ არის, ყველაზე ხელსაყრელი ფასით მიღებაში, და მომსახურების შეჩერების ან შეჩერების საფრთხის შემთხვევაში, შესაძლებლობის ფარგლებში, სასამართლოს საჭიროებებს მიანიჭოს იგივე პრიორიტეტი, რაც აუცილებელ მომსახურებებს.

2) სასამართლოს შეუძლია, საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი შენობის ფარგლებში, გამოიმუშაოს ელექტროენერგია საკუთარი გამოყენებისთვის და გადასცეს და გაავრცელოს ასეთი ელექტროენერგია შიდა მიზნებისთვის.

მუხლი 10

სურსათის, მომარაგებისა და მომსახურების შეთანხმებები

საქართველოს მთავრობა ეცდება, რომ დაეხმაროს სასამართლოს აღჭურვილობის, სურსათის, მომარაგებისა და სხვა საქონლისა და მომსახურების მიღებაში ადგილობრივი წყაროებიდან, რაც აუცილებელია მისი არსებობისა და ფუნქციონირებისთვის.

მუხლი 11

მედია და საჯარო საინფორმაციო აქტივობები

სასამართლოს შეუძლია, საქართველოს ტერიტორიაზე დამოუკიდებლად განახორციელოს ისეთი მედია და საჯარო საინფორმაციო ღონისძიებები, რაც შეიძლება საჭირო იყოს მისი საქმიანობისათვის.

მუხლი 12

ეროვნული სამართალწარმოებები

რომის სტატუტის 93-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, სასამართლომ, საქართველოს მთავრობის მხრიდან თხოვნის შემთხვევაში, შეიძლება ითანამშრომლოს და დახმარება გაუწიოს საქართველოს მთავრობას ეროვნულ გამოძიებებსა თუ სასამართლო პროცესებში იმ ქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც წარმოადგენს სასამართლოს განსჯად დანაშაულს ან, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მძიმე დანაშაულს.

მუხლი 13

დავების მოგვარება

რომის სტატუტის 119-ე მუხლის დარღვევის გარეშე, საქართველოს მთავრობა და სასამართლო უნდა ეცადონ, რომ წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა გადაწყდეს მათ შორის კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების გზით.

მუხლი 14

ცვლილებები

წინამდებარე შეთანხმების დებულებებში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია საქართველოს მთავრობისა და სასამართლოს ერთობლივი თანხმობით. ასეთი ცვლილებები წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.

მუხლი 15

ძალაში შესვლა და შეწყვეტა

1) წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის დაუყოვნებლივ, საქართველოს მთავრობისა და სასამართლოს მიერ ხელმოწერის შემდეგ;

2) წინამდებარე შეთანხმების შეწყვეტა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, საქართველოს მთავრობის ან სასამართლოს მიერ მეორე მხარისთვის, სულ მცირე, სამი თვით ადრე წერილობითი შეტყობინების წარდგენის გზით.

შესრულებულია ინგლისურ ენაზე, ორ დედნად.

 

2017 წლის 26 ივლისი, თბილისი

საქართველოს მთავრობის სახელით,

თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრი

2017 წლის 26 ივლისი, თბილისი

სასამართლოს სახელით,

ჰერმან ვან ჰებელი

რეგისტრატურის (სამდივნოს) ხელმძღვანელი