„საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №8/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №8/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 24/2017
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 08/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 010210010.15.008.016338
24/2017
08/08/2017
ვებგვერდი, 09/08/2017
010210010.15.008.016338
„საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №8/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №24/2017

2017 წლის 8 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №8/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

   საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №8/2012 დადგენილებით (სსმ ვებგვერდი, 05/03/2012, 010210010.15.008.016026) დამტკიცებული ინსტრუქციის:

1. პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საარჩევნო/სარეფერენდუმო პერიოდი მოიცავს არჩევნების/რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ გამოცემული სამართლებრივი აქტის ამოქმედების დღიდან შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების/რეფერენდუმის საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღის ჩათვლით დროის მონაკვეთს.“.

2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. საარჩევნო კომისია არ განიხილავს განცხადებას/საჩივარს, თუ შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს გამოცემული აქვს განკარგულება განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.“.

3. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საუბნო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან (ხოლო კენჭისყრის დღეს – კენჭისყრის დღიდან) 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომელიც საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს გასაჩივრების ვადის ამოწურვიდან 1 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.“.

4. მე-6 მუხლის:

ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თუ დარღვეულია კენჭისყრის პროცედურის დარღვევის და ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 72 -ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა”-„დ” ქვეპუნქტებით დადგენილი ინფორმაციის წარდგენის წესი, საარჩევნო კომისიაში განცხადების/საჩივრის მიმღები შესაბამისი თანამდებობის პირი ვალდებულია განცხადების/საჩივრის წარმდგენს დაუდგინოს ხარვეზი და განუსაზღვროს გონივრული ვადა მის გამოსასწორებლად, რომლის შესახებაც კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში კომისიის მდივნის მიერ კეთდება სათანადო ჩანაწერი, რომელსაც ხელს აწერენ განცხადების/საჩივრის წარმდგენი და კომისიის შესაბამისი თანამდებობის პირი. დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში განცხადება/საჩივარი განუხილველი რჩება, რის თაობაზეც შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გამოსცემს განკარგულებას განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.“;

ბ) მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი პროცედურების დარღვევით წარდგენილი განცხადება/საჩივარი არ განიხილება, რის თაობაზეც შესაბამისი საარჩევნო კომისიის  თავმჯდომარე გამოსცემს განკარგულებას განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

9. განცხადება/საჩივარი, რომელიც წარდგენილია ქვემოთ ჩამოთვლილი პროცედურების დარღვევით, კომისიის თავმჯდომარის მიერ ხარვეზის დაუდგენლად რჩება განუხილველი, თუ:

ა) განცხადება/საჩივარი საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცედურების დარღვევის შესახებ არ არის შედგენილი საარჩევნო კანონის დარღვევის შემჩნევისთანავე, კენჭისყრის დღის 7 საათიდან საარჩევნო ყუთის გახსნამდე;

ბ) არ არის მითითებული დარღვევის არსი და მისი ჩადენის დრო;

გ) განცხადება/საჩივარი კენჭისყრის პროცედურის დროს ჩადენილი დარღვევის შესახებ საარჩევნო ყუთის გახსნამდე არ არის გადაცემული საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მისი მოადგილისა ან კომისიის მდივნისთვის, რომელიც რეგისტრაციაში გაატარებს მას ჩანაწერთა წიგნში, ხოლო განმცხადებელს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მოთხოვნათა შესაბამისად გადასცემს ცნობას (თავისი ხელმოწერით), რომელშიც აღინიშნება შესაბამისი განცხადების/საჩივრის კომისიაში მიღების თარიღი, დრო და სარეგისტრაციო ნომერი;

დ) განცხადება/საჩივარი ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ და კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის ან ბათილად ცნობის მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის მიერ არ არის რეგისტრირებული ჩანაწერთა წიგნში და საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ არ არის გადაცემული ზემდგომ, საოლქო საარჩევნო კომისიისთვის კენჭისყრის დღიდან 2 დღის განმავლობაში. განცხადება/საჩივარი იმავე ვადაში საოლქო საარჩევნო კომისიას შეიძლება გადასცეს უშუალოდ განმცხადებელმა/მომჩივანმა;

ე) დარღვეულია მისი შეტანის ვადა და წესი;

ვ) განცხადება/საჩივარი შეტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ.“.

5. მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. კომისიის სხდომაზე მხარეებს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ სიტყვით გამოვიდნენ სხდომის თავმჯდომარის თანხმობითა და მის მიერ განსაზღვრული დროით, კომისიის წევრების შემდეგ, შესაბამისი კომისიის რეგლამენტით დადგენილი პირობების გათვალისწინებით.“.

6. მე-9 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი წესით და მისი მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის, საარჩევნო სუბიექტების, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობა ხორციელდება ღიად და საჯაროდ.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საარჩევნო დოკუმენტაცია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხელმისაწვდომია ყველასთვის. საარჩევნო კომისია ვალდებულია საარჩევნო დოკუმენტაცია და არჩევნების შესახებ ინფორმაცია მათი მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში, ხოლო თუ აღნიშნული ინფორმაციის გაცემა მეტ დროს მოითხოვს – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით (გარდა იმ სამართლებრივი აქტებისა, რომელთა გასაჩივრების ვადა განსაზღვრულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლით), გააცნოს ყველა დაინტერესებულ პირს. საარჩევნო დოკუმენტაციისა და არჩევნების შესახებ ინფორმაციის ასლების მოთხოვნის შემთხვევაში საფასურის ოდენობა და გადახდის წესი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

7. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 161; 162 ; 163; 16და 16პუნქტები:

„161. შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განმცხადებელს/მომჩივანს ეცნობება დაუყოვნებლივ. განმცხადებელს/მომჩივანს განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ შეიძლება ეცნობოს როგორც წერილობით, ისე ტელეფონით (მათ შორის, მობილური ტელეფონით; მოკლე ტექსტური შეტყობინებით), ელექტრონული ფოსტით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებებით. ტექნიკური საშუალებებით განმცხადებლის/მომჩივნის ინფორმირება დასტურდება:

ა) მის მიერ მითითებულ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე დაკავშირებით;

ბ) ელექტრონული ფოსტის, ფაქსის ან მოკლე ტექსტური შეტყობინების შემთხვევაში – შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით. აღნიშნული წესით დადასტურების მიღებისას განმცხადებელი/მომჩივანი ინფორმირებულად ითვლება. განმცხადებელი/მომჩივანი ასევე ინფორმირებულად ჩაითვლება, თუ შეუძლებელია მასთან განცხადებაში/საჩივარში მითითებული ტექნიკური საშუალებებით დაკავშირება (მობილური ტელეფონის, ფაქსის, კომპიუტერის გამორთულ მდგომარეობაში ყოფნის გამო და სხვ.).

162. თუ საჩივარში არ არის მითითებული ამ მუხლის მე-161 პუნქტში აღნიშნული მხარესთან დაკავშირებული არცერთი ტექნიკური საშუალების შესახებ მონაცემი, ასეთ შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის განკარგულება, მისი გამოცემისთანავე გამოიკვრება საარჩევნო კომისიის შენობაში (ცესკოს შემთხვევაში – ცესკოს ვებგვერდზე) და აღნიშნული ჩაითვლება მხარისათვის ცნობად.

163. შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის განკარგულება განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, მისი მიღებისთანავე, ქვეყნდება შესაბამისი კომისიის შენობაში (ცესკოში – ცესკოს ვებგვერდზე).

164. განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის განკარგულების გამოცემის თაობაზე მხარისათვის ცნობასთან დაკავშირებით დგება შეტყობინების აქტი.

165. შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის მიერ განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ინფორმაციის მხარისათვის შეტყობინების აქტის ფორმას ცესკო ამტკიცებს განკარგულებით. ამ მუხლით განსაზღვრულ შეტყობინების აქტს ცესკოში ადგენს და ხელს აწერს ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის შესაბამისი თანამშრომელი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიაში – ამავე კომისიის თავმჯდომარის დავალებით  კომისიის ერთ-ერთი წევრი.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი