დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ოქმი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ექსპერტთა მომზადების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | - |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 01/05/1992 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გაურკვეველი, -, 13/03/1998 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/05/1992 |
სარეგისტრაციო კოდი | 430003000.00.000.000158 |
ოქმი
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა
და
თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის
ექსპერტთა მომზადების
შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა, მოწადინებულნი, ხელი შეუწყონ მათ შორის არსებულ შესანიშნავ ორმხრივ ურთიერთობებს ყველა შესაძლო დარგში, შეთანხმდნენ შემდეგზე:
1. თურქეთის მთავრობა საქართველოს მთავრობის განკარგულებაში გადასცემს (_) სტიპენდიას, რომლებიც გამოყენებული უნდა იქნეს ექსპერტების მოსამზადებლად საბაზრო ეკონომიკის, საბანკო საქმის, საერთაშორისო ვაჭრობის, საერთაშორისო საბანკო საქმის და ა.შ. დარგებში.
თურქეთის მხარე უმოკლეს ვადაში გადაგზავნის თურქეთში არსებული კურსების სიას.
2. შეთავაზებული კურსები იქნება ორიდან ოთხ თვემდე ხანგრძლივობისა, რაც სწავლების თემატიკის მიხედვით განისაზღვრება და, როდესაც ეს პრაქტიკული თვალსაზრისით გამართლებული იქნება, მოიცავს აგრეთვე სამუშაო ადგილზევე სწავლებას.
იმ შემთხვევებში, როდესაც ეს აუცილებლად იქნება მიჩნეული, მომზადების გამვლელნი გაივლიან ენობრივი ადაპტაციის კურსებს თურქულ ან ინგლისურ ენაზე.
3. პირებს, რომლებიც მომზადებას გაივლიან, ირჩევს საქართველოს მთავრობა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კანდიდატების განათლების დონეს, ენის ცოდნასა და გამოცდილებას, რათა პროგრამებიდან მაქსიმალური სარგებლის მიღება იქნეს შესაძლებელი.
თურქეთის ელჩი თბილისში მონაწილეობას მიიღებს კანდიდატთა შერჩევაში.
4. საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს მომზადების შინაარსს კანდიდატთა თითოეული ჯგუფისთვის.
5. საქართველოს მთავრობა თურქეთის შესაბამის ორგანოებს სულ მცირე 60 დღით ადრე გადაუგზავნის კანდიდატების პირად საქმეებს, რომლებშიც აღნიშნული იქნება მათი სახელები, შესასწავლი საგანი, ენების ცოდნა და ა.შ.
6. მომზადების გამვლელთა თურქეთში და თურქეთიდან მგზავრობის ხარჯებს საკუთარ თავზე იღებს საქართველოს მთავრობა.
კვებისა და საბინაო ხარჯებს და მოსამზადებელ კურსებთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს საკუთარ თავზე იღებს თურქეთის მთავრობა.
7. საქართველოს მთავრობის მიერ დიპლომატიური არხების მეშვეობით გაკეთებული მოთხოვნის საფუძველზე, თურქეთის მთავრობა ყოველ ღონეს იხმარს საქართველოში ექსპერტების გასაგზავნად, რომლებიც კონსულტანტების რანგში იმუშავებენ იმ დაწესებულებაში, რომელსაც საქართველოს ორგანოები განსაზღვრავენ.
8. კონსულტანტების თურქეთში და თურქეთიდან მგზავრობის ხარჯებს მათი მუშაობის დაწყებისა და დასრულების დროს საკუთარ თავზე იღებს თურქეთის მთავრობა.
კვებისა და საბინაო ხარჯებს და სათანადო ხელფასს, რომლის დონეც მათს თანამდებობას, სტატუსსა და მდგომარეობას შეესატყვისება, იხდის საქართველოს მთავრობა.
9. ორივე მხარე, ცალ-ცალკე და ერთობლივად, ყველა ღონეს იხმარს ამ პროგრამისთვის სპონსორების საპოვნელად საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მესამე მხარეებს შორის.
ორივე მხარე თანხმდება, კვლავაც არ დაიშურონ ძალისხმევა საერთაშორისო ორგანიზაციათა და მესამე მხარეთა დახმარებისა და ფინანსური მხარდაჭერის მოსაპოვებლად ამ დარგში თავიანთი თანამშრომლობის ინსტიტუციონალიზების მიზნით და დააარსონ „მუდმივი მოსამზადებელი ცენტრი“ და ერთობლივად შესთავაზონ სხვა ქვეყნებს ამ პროგრამებიდან სარგებლის მიღება.
10. ეს ოქმი ძალაში რჩება ორი წლის განმავლობაში და, თუ მისი მოქმედების შეწყვეტას ერთ-ერთი შემთანხმებელი მხარე მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე 3 თვით ადრე არ მოითხოვს, იგი ძალაში მყოფად ჩაითვლება კიდევ ერთი ორწლიანი ვადის განმავლობაში.
შესრულებული და ხელმოწერილია თბილისში 1992 წლის 1-ლ მაისს.
საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჩიკვაიძე |
თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰიკმეტ ჩეტინი |
დოკუმენტის კომენტარები