საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება
დოკუმენტის ნომერი 16-142
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 18/07/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/08/2017
ძალაში შესვლის თარიღი 18/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016484
16-142
18/07/2017
ვებგვერდი, 07/08/2017
480610000.03.030.016484
საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება

საქართველოს მთავრობა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტი  (შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი),

ეყრდნობიან რა მხარეთა სახელმწიფოების ხალხებს შორის მეგობრობის ისტორიულ ფესვებს,

აცნობიერებენ რა ორმხრივ დაინტერესებას თანასწორუფლებიანი თანამშრომლობის საკითხებში,

ესწრაფვიან რა განათლებისა და მეცნიერების სფეროში ურთიერთხელსაყრელი ურთიერთობების შენარჩუნებასა და განვითარებას,

აღიარებენ რა თავიანთ ურთიერთობებსა და საგანმანათლებლო პოლიტიკაში ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების პრიორიტეტების არსებობას,

განიხილავენ რა განათლებისა და მეცნიერების სისტემებს როგორც ერთიან სისტემას, რომელიც ხელს უწყობს მხარეთა სახელმწიფოების მოქალაქეთა სრულფასოვან განვითარებას, ეთნიკური კუთვნილების, პოლიტიკური და რელიგიური შეხედულებებისა და მრწამსის მიუხედავად,

საქართველოს რესპუბლიკასა  და უკრაინას აშორის 1993 წლის 13 აპრილს ხელმოწერილი მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმების შესაბამისად,

გამოთქვამენ რა მზადყოფნას  სამეცნიერო, საორგანიზაციო-მეთოდური და საინფორმაციო თანამშრომლობისათვის,

შეთანხმდნენ შემდეგზე:


მუხლი 1

მხარეები, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების და მხარეთა სახელმწიფოებში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპების საფუძველზე, მხარს უჭერენ და ავითარებენ მხარეთა სახელმწიფოების შესაბამის ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს შორის თანამშრომლობას განათლებისა და მეცნიერების სფეროში.

მუხლი 2

მხარეები თავიანთ ძალისხმევას მიმართავენ თანამშრომლობის შემდეგ მიმართულებებზე:

- გამოცდილების გაზიარება განვითარების, მართვისა და დაგეგმვის უმნიშვნელოვანესი მიმართულებებით განათლების, მათ შორის, უმაღლესი განათლების სფეროში,

- თითოეული მხარისათვის, პრიორიტეტული მიმართულებებით სპეციალისტების მომზადება სტუდენტების, ასპირანტების/დოქტორანტების და სტაჟიორების თანაბარი გაცვლის საფუძველზე. კონკრეტული რაოდენობა, სპეციალობები და სტუდენტების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის პირობები განისაზღვრება მხარეთა ფინანსური შესაძლებლობების მიხედვით და დამოუკიდებლად თანხმდება დიპლომატიური არხების საშუალებით.

– ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განხორციელება ჰუმანიტარული, საბუნებისმეტყველო, ტექნიკური და პედაგოგიური მეცნიერებების სფეროებში, რომლებიც მათი საერთო ინტერესის საგანს წარმოადგენს.

– უკრაინის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქართული ენის და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უკრაინული ენის სწავლის ხელშეწყობა.

მუხლი 3

მხარეები, ქართული და უკრაინული ენების მასწავლებლების გაცვლის გზით მათი კვალიფიკაციის ამაღლებისა და ლინგვისტურ სემინარებში მონაწილეობის მიზნით, ხელს უწყობენ უკრაინის საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქართული ენის, ხოლო საქართველოს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უკრაინული ენის შესწავლას.

მუხლი 4

მხარეები შესაძლებლობას აძლევენ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს მიიღონ განათლება ორივე ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სწავლის საფასურის გადახდის პირობით.

მუხლი 5

მხარეები ხელს უწყობენ სამეცნიერო-აკადემიური პერსონალის ერთობლივ მონაწილეობას განათლების სფეროში არსებულ საერთაშორისო პროგრამებსა და პროექტებში, სემინარებში, კონფერენციებში, სალექციო აქტივობასა და ჰუმანიტარულ სფეროში, კერძოდ, ქართული ენისა და ლიტერატურის, უკრაინული ენისა და ლიტერატურის, აგრეთვე მხარეთა სახელმწიფოების ისტორიისა და კულტურის შესწავლის კუთხით ორგანიზებულ სხვა სახის ღონისძიებებში.

მუხლი 6

მხარეები ხელს შეუწყობენ პირდაპირი თანამშრომლობის დამყარებასა და განვითარებას მხარეთა სახელმწიფოების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის, რომელთაც საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, შეუძლიათ გააფორმონ დამოუკიდებელი შეთანხმებები თანამშრომლობის თაობაზე წინამდებარე შეთანხმების დებულებების შესაბამისად,

მუხლი 7

თანამშრომლობის პირობები განათლებისა და მეცნიერების ყველა დონეზე, აგრეთვე სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება მხარეთა ფინანსური შესაძლებლობების შესაბამისად და თანხმდება დამოუკიდებლად, დიპლომატიური არხების საშუალებით.

მუხლი 8

საჭიროების შემთხვევაში წინამდებარე შეთანხმებაში შესაძლებელია შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, რომელიც ფორმდება ცალკე ოქმების სახით და ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები ძალაში შევა ამ შეთანხმების მე-10 მუხლის შესაბამისად.

მუხლი 9

ნებისმიერი დავა, რომელიც დაკავშირებულია წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებასთან, გადაწყდება მხარეთა შორის კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით.

მუხლი 10

წინამდებარე შეთანხმება ძალაშია ხელმოწერის დღიდან. იგი მოქმედებს 5 (ხუთი) წლის ვადით.

შეთანხმების მოქმედების ვადა ავტომატურად გაგრძელდება მომდევნო 5 (ხუთი)-წლიანი პერიოდებით. თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმება მეორე მხარისათვის შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე წერილობითი შეტყობინების, დიპლომატიური არხებით გაგზავნის გზით.

შეთანხმება მოქმედებას წყვეტს მეორე მხარის მიერ შეტყობინების მიღების თარიღიდან 6 თვის გასვლის შედეგ.

ხელმოწერილია ქ. თბილისში, 2017 წლის 18 ივლისს ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, უკრაინულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია.

წინამდებარე შეთანხმების დებულებების განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

საქართველოს მთავრობის

 სახელით

(ხელმოწერილია)

უკრაინის მინისტრთა კაბინეტის

 სახელით

(ხელმოწერილია)