საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის ერთობლივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის დაფუძნების შესახებ შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის ერთობლივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის დაფუძნების შესახებ შეთანხმება
დოკუმენტის ნომერი 5/19
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 28/04/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/08/2017
ძალაში შესვლის თარიღი 07/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016483
5/19
28/04/2017
ვებგვერდი, 07/08/2017
480610000.03.030.016483
საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის ერთობლივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის დაფუძნების შესახებ შეთანხმება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის ერთობლივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის დაფუძნების შესახებ შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას (შემდგომში მოხსენიებულნი როგორც მხარეები),

სურვილი აქვთ რა, განავითარონ და გააღრმავონ ორმხრივი ურთიერთობები,

ადასტურებენ რა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მხარდაჭერისა და განვითარების მნიშვნელობას, თავიანთ სახელმწიფოებში მოქმედი კანონმდებლობის  შესაბამისად,

თანხმდებიან შემდეგზე: 


მუხლი 1

მხარეები ესწრაფვიან განავითარონ და გააძლიერონ ეკონომიკური თანამშრომლობა ურთიერთსარგებლიანობის პრინციპზე დაყრდნობით, მხარეთა საერთო ინტერესის მქონე სფეროებში, თავიანთ სახელმწიფოებში მოქმედი კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად. მხარეები კონსულტაციებს გამართავენ ერთმანეთთან თანამშრომლობის პრიორიტეტული სფეროების განსაზღვრის მიზნით.

მუხლი 2

1.  ამ შეთანხმების მიზნების მისაღწევად და მის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების წარმართვისთვის, მხარეები ჩამოაყალიბებენ ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათშორის კომისიას (შემდგომში „კომისია“), რომლის შემადგენლობაშიც შევლენ ორივე სახელმწიფოს პასუხისმგებელი დაწესებულებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები. კომისიის შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად შეიძლება მიწვეულ იქნენ დაინტერესებული მეწარმეები და ასოციაციების წარმომადგენლები.

2.  კომისიების შეხვედრები ჩატარდება რეგულარულად, ან რომელიმე მხარის მოთხოვნით, დიპლომატიური არხების მეშვეობით შეთანხმებულ დღესა და დროს, მონაცვლეობით, თითოეული მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე. მხარეები, დიპლომატიური არხების მეშვეობით, აცნობებენ ერთმანეთს კომისიის თავმჯდომარისა და სხვა წევრების დანიშვნის შესახებ.

3.  საერთო ინტერესის საკითხების გადაწყვეტის მიზნით, კომისიის გადაწყვეტილებით შესაძლებელია შეიქმნას სპეციალური ქვეკომისიები. ამ ქვეკომისიების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები დაექვემდებარება დადასტურებას კომისიის მიერ.

მუხლი 3

მხარეთა სახელმწიფოებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებისა და განვითარების მიზნით, კომისია:

- ხელს შეუწყობს ეკონომიკურ თანამშრომლობას ვაჭრობის, ინვესტიციების, ტექნოლოგიებისა და სხვა შესაბამის სფეროებში ინფორმაციის გაცვლისა და ორივე სახელმწიფოს პასუხისმგებელი დაწესებულებების საქმიანობათა კოორდინაციის გზით;

- ხელს შეუწყობს თანამშრომლობას ორივე სახელმწიფოს კერძო სექტორებს შორის;

- ხელს შეუწყობს ერთობლივი საინვესტიციო პროექტების შემუშავებას;

- გაცვლის ინფორმაციას ორივე სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარებისა და ინვესტიციების ხელშეწყობის პროგრამების შესახებ;

- გაანალიზებს და შეაფასებს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას, წარადგენს წინადადებებს მხარეთა სახელმწიფოებს შორის ეკონომიკური კავშირების განმტკიცების შესახებ.

მუხლი 4

ნებისმიერი დავა და შეუსაბამობა, რომელიც შეიძლება მხარეებს შორის წარმოიშვას ამ შეთანხმების განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მხარეთა შორის კონსულტაციებისა და/ან მოლაპარაკებების გზით.

 

მუხლი 5

აუცილებლობის შემთხვევაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ამ შეთანხმებაში შეიძლება შევიდეს ცვლილებები და დამატებები. ცვლილებები და დამატებები, რომლებიც ძალაში შევა ამ შეთანხმების მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, გაფორმდება ცალკე დოკუმენტების სახით და წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.

მუხლი 6

1.  შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ძალაში შესვლისთვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ, დიპლომატიური არხების მეშვეობით, უკანსაკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღეს.

2.  შეთანხმება ძალაში რჩება განუსაზღვრელი ვადით.

3.  თითოეულ მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია შეწყვიტოს შეთანხმების მოქმედება მეორე მხარისთვის, შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის განზრახვის შესახებ, დიპლომატიური არხების მეშვეობით, წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. ასეთ შემთხვევაში, შეთანხმება მოქმედებას წყვეტს წერილობითი შეტყობინების მიღებიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ. 

შესრულებულია ქ. თბილისში, 2017 წლის 28 აპრილს, ორ დედნად, ქართულ, რუმინულ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია.

განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

საქართველოს მთავრობის

სახელით

(ხელმოწერილია)

 

მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობის

სახელით

(ხელმოწერილია)