დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1222-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 26/07/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/07/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 020000000.05.001.018556 |
|
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-16 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამხედრო მოსამსახურეს, სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეულ პირს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ დისციპლინურ წესდებათა მიხედვით, ხოლო ამ კოდექსით გათვალისწინებული სამხედრო სამსახურის წესის, საგზაო მოძრაობის წესების, ნადირობის, თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების დარღვევისათვის, ამ კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის მათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ საერთო საფუძველზე, გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აღნიშნულ პირებს არ შეიძლება შეეფარდოთ გამასწორებელი სამუშაოები.“. 2. 45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 45. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება 1. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის ცხრილით გათვალისწინებული ჩამონათვალის „ნარკოტიკული საშუალებები“ 73-ე გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალების − მცენარე კანაფის ან 92-ე გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალების − მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოებს 1 თვიდან 6 თვემდე ვადით. 2. ნარკოტიკული საშუალების (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებისა), მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან, გამონაკლის შემთხვევაში, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. შენიშვნა: 1. პირი, რომელიც ნებაყოფლობით ჩააბარებს ნარკოტიკულ საშუალებას, რომელიც მას აქვს მცირე ოდენობით და რომელიც მან შეიძინა ან შეინახა, აგრეთვე პირი, რომელიც ნებაყოფლობით მიმართავს სამედიცინო დაწესებულებას ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებასთან დაკავშირებით მისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად, თავისუფლდება ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისათვის განსაზღვრული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან. 2. პოლიციელი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს გამოკვლევის მიზნით წარუდგენს იმ პირს, რომლის მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მან ნარკოტიკული საშუალება ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარა. 3. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფლებამოსილი თანამშრომელი კომპეტენტურ ორგანოს გამოკვლევისათვის წარუდგენს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, მის სისტემაში შემავალი პენიტენციური დაწესებულებების, იმავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (მათ შორის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების) და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე მყოფ სამინისტროს სისტემის იმ მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მათ ნარკოტიკული საშუალება ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარეს. 4. ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის უფლებამოსილი პირის მიერ დადგენის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.“. 3. 246-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) შინაგან საქმეთა ორგანოებს – წვრილმანი ხულიგნობის, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევის, პოლიციის მუშაკის, სამხედრო მოსამსახურის ან სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, ამ კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ჩადენის, შემაკავებელი და დამცავი ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის, არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ სოციალური მუშაკის გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობის, პროსტიტუციის, საზოგადოებრივ ადგილებში მთვრალ, ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში ყოფნის, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის, ნადირობის, თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევის და ცხოველთა სამყაროს დაცვისა და გამოყენების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის სხვაგვარი დარღვევის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის წესის დარღვევის, აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო აქტებით უშუალოდ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 26 ივლისი 2017 წ. N1222-რს |
დოკუმენტის კომენტარები