დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს მოქალაქეები ჯამბულ გვიანიძე, დავით ხომერიკი და ლაშა გაგიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1/9/701,722,725 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო |
მიღების თარიღი | 14/07/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/07/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.016204 |
საქართველოს სახელით
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის
გადაწყვეტილება №1/9/701,722,725
2017 წლის 14 ივლისი
ქ. ბათუმი
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი − სხდომის თავმჯდომარე;
გიორგი კვერენჩხილაძე − წევრი;
მაია კოპალეიშვილი − წევრი;
მერაბ ტურავა − წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები ჯამბულ გვიანიძე, დავით ხომერიკი და ლაშა გაგიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: 1) №701 კონსტიტუციურ სარჩელზე: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე“ იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება – კანაფის (მცენარე) დიდი ოდენობით უკანონოდ დათესვის, მოყვანის ან კულტივირებისთვის, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით;
2) №722 კონსტიტუციურ სარჩელზე: ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება – კანაფის (მცენარე) უკანონოდ დათესვის ან მოყვანისათვის სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე“ იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება – კანაფის (მცენარე) დიდი ოდენობით უკანონოდ დათესვის ან მოყვანისათვის სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით;
3) №725 კონსტიტუციურ სარჩელზე: ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება – კანაფის (მცენარე) უკანონოდ დათესვის ან მოყვანისათვის სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე“ იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება – კანაფის (მცენარე) დიდი ოდენობით უკანონოდ დათესვის ან მოყვანისათვის სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით; გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თორმეტ წლამდე“ იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება – კანაფის (მცენარე) განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონოდ დათესვის ან მოყვანისათვის სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე მხარის წარმომადგენლები: ვახუშტი მენაბდე, მიხეილ მიქანაძე და ვაჟა ხახუტაიშვილი. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი ქრისტინე კუპრავა. მოწმეები: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს, ბუნებრივი წარმოშობის ნარკოტიკებთან ბრძოლის განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელი ოლიკო ქარსელაძე და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, ექსპერტიზის სამმართველოს, ქიმიური ექსპერტიზის განყოფილების უფროსი (მთავარი ექსპერტი) ალექსანდრე დადიანიძე, იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ზურაბ სანიკიძე, საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ დგებუაძე, შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ექიმი ნარკოლოგი გვანცა ფირალიშვილი.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 16 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №701) მიმართა საქართველოს მოქალაქე ჯამბულ გვიანიძემ. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2015 წლის 17 დეკემბერს. საქართველოს მოქალაქე დავით ხომერიკმა კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №722) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა 2016 წლის 17 თებერვალს. აღნიშნული სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2016 წლის 18 თებერვალს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 24 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №725) მიმართა საქართველოს მოქალაქე ლაშა გაგიშვილმა. №725 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2016 წლის 25 თებერვალს.
2. №701, №722 და №725 კონსტიტუციური სარჩელების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2016 წლის 11 ნოემბერს, ხოლო 2016 წლის 20 დეკემბრის №1/21/701,722,725 საოქმო ჩანაწერით კონსტიტუციური სარჩელები არსებითად განსახილველად იქნა მიღებული. საქმის არსებითი განხილვა გაიმართა 2017 წლის 25 იანვარს და 22 მარტს.
3. №701, №722 და №725 კონსტიტუციურ სარჩელებში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება და დაწესებულია სასჯელი აღნიშნული ქმედებისთვის. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები განსაზღვრავს ზემოაღნიშნული დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებებს და ადგენს შესაბამის სასჯელებს.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება“.
6. №701 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე ბრალდებულია ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე – კანაფის დიდი ოდენობით (150,72 გ) უკანონოდ დათესვის, მოყვანისა და კულტივირებისათვის. №722 კონსტიტუციური სარჩელის ავტორს ბრალი ედება კანაფის (მცენარე) დიდი ოდენობით (63,73 გ) უკანონოდ დათესვისა და მოყვანისათვის, ხოლო №725 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე ბრალდებულად ცნეს კანაფის (მცენარე) განსაკუთრებით დიდი ოდენობით (265,49 გ) უკანონოდ დათესვისა და მოყვანისათვის.
7. მოსარჩელეთა განცხადებით, სადავო ნორმები ბლანკეტური ხასიათისაა. კერძოდ, გასაჩივრებული რეგულაციებით დადგენილი სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა მიემართება როგორც იმ პირს, ვინც მოცემული დანაშაული ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით, ასევე მას, ვისაც ამოძრავებდა მისი გასაღების მიზანი. ამასთან, სადავო ნორმა ერთმანეთისგან არ მიჯნავს სანქციებს სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებებისა და მათი საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის მიხედვით, რაც არ იძლევა სასჯელის ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობას.
8. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, კონკრეტული ქმედებისთვის დადგენილი სასჯელი გამოყენებული უნდა იყოს ინდივიდუალურად, მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების, დანაშაულის გარემოებებისა და სხვა რელევანტური ფაქტების შეფასების საფუძველზე. სადავო ნორმით არ არის უზრუნველყოფილი ამგვარი ინდივიდუალური მიდგომის შესაძლებლობა, ვინაიდან მოსამართლე შებოჭილია სადავო ნორმით მყარად დადგენილი სასჯელის ზომით და იმ შემთხვევაშიც კი, თუკი თვლის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში პირის მიერ განხორციელებული ქმედება არ წარმოშობს თავისუფლების აღკვეთის ადეკვატურ საფრთხეს, მოსამართლეს არ გააჩნია უფლებამოსილება, სხვა სახის სასჯელი შეუფარდოს პირს.
9. მოსარჩელე მხარის წარმომადგენელთა განცხადებით, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე – კანაფის ოდენობის დადგენისას არაერთგვაროვანი პრაქტიკაა დამკვიდრებული, რაც სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობას უსვამს ხაზს. კერძოდ, №725 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელის მფლობელობაში აღმოჩენილი კანაფის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში იქნა მიღებული მცენარის ის ნაწილებიც, რომლებიც უვარგისია ნარკოტიკული საშუალების დასამზადებლად, კერძოდ, მისი ღერო და გვერდითი ტოტები, ხოლო №722 კონსტიტუციური სარჩელის შემთხვევაში ამოღებული კანაფის ოდენობა დადგინდა მცენარის ზემოაღნიშნული ნაწილების წონის გაუთვალისწინებლად.
10. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ნივთიერება, რომელიც მცენარე კანაფს აქცევს ნარკოტიკულ საშუალებად, არის ტეტრაჰიდროკანაბინოლი, რომლის შემცველობაც სხვადასხვა მცენარის შემთხვევაში არის განსხვავებული და სწორედ მასზეა დამოკიდებული ნარკოტიკული თრობის ხარისხი. კანაფის აღმოჩენისას არ ხდება ექსპერტიზის ჩატარება იმის დასადგენად, თუ რა ოდენობის ტეტრაჰიდროკანაბინოლს შეიცავს მოცემული მცენარე, რის გამოც, შესაძლოა, პირი დაისაჯოს ნარკოტიკული თრობისათვის სრულიად უვარგისი მცენარის მოყვანის შემთხვევაშიც. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, მცენარე კანაფის უკანონოდ დათესვის, მოყვანის ან კულტივირების გამო პირის პასუხისგებაში მიცემისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული არა თავად მცენარის წონა, არამედ მასში შემავალი ნარკოტიკული ნივთიერების – ტეტრაჰიდროკანაბინოლის ოდენობა.
11. მოსარჩელის წარმომადგენელმა საქმის არსებითად განხილვის სხდომაზე აღნიშნა, რომ, მართალია, მარიხუანისგან განსხვავებით, მცენარე კანაფს გააჩნია ზრდის პერსპექტივა, მაგრამ აღნიშნული ვერ გამოდგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის შეზღუდვის დასასაბუთებლად. პირი უნდა დაისაჯოს იმ შედეგის მიხედვით, რაც გამოიწვია მისმა ქმედებამ და არა იმის მიხედვით, თუ ჰიპოთეტურად რა შედეგი შეიძლებოდა დამდგარიყო. მისი თქმით, აღნიშნულ ლოგიკას იზიარებს თავად კანონმდებელიც, რადგან პირის ქმედება კვალიფიცირდება მის მფლობელობაში არსებული მცენარე კანაფის ოდენობის შესაბამისად. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელე მხარისთვის გაუგებარია, თუ რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს კანონმდებლის მიერ გაწერილი მცენარე კანაფის მცირე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყისი, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები. მისი თქმით, აღნიშნული საფუძვლით პირის დასჯა უტოლდება პირის წინასწარ დასჯას იმ ქმედებისთვის, რომელიც მას არ განუხორციელებია, რაც წინააღმდეგობაში მოდის სისხლის სამართლის ზოგად პრინციპებთან.
12. მოსარჩელე მხარე პარალელს ავლებს ნარკოტიკულ საშუალება მარიხუანასთან და აღნიშნავს, რომ ეს უკანასკნელი წარმოადგენს მცენარე კანაფის პროდუქტს. კერძოდ, იგი მზადდება კანაფის ფოთლებისა და ყვავილებისგან. მცენარის აღნიშნული ნაწილები ყველაზე დიდი ოდენობით შეიცავს ნარკოტიკულ ნივთიერება ტეტრაჰიდროკანაბინოლს. ნებისმიერი ის ნარკოტიკული საშუალება, რომელიც შესაძლოა დამზადდეს მცენარე კანაფისგან, ასევე შეიძლება დამზადდეს მარიხუანისგან. ამასთან, ხშირ შემთხვევაში მარიხუანისგან დამზადებული პროდუქტი იქნება უფრო მაღალი ხარისხის, რადგან მასში მეტი იქნება ნარკოტიკული ნივთიერება ტეტრაჰიდროკანაბინოლის ოდენობა. შესაბამისად, ის საფრთხეები, რომლებიც შეიძლება მომდინარეობდეს მცენარე კანაფისგან, ვერ იქნება მარიხუანისგან მომდინარე საფრთხეებზე აღმატებული.
13. მოსარჩელეთა წარმომადგენლების აზრით, არსებულმა საკანონმდებლო მოწესრიგებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვას და, შესაბამისად, წაახალისოს შავი ბაზრის არსებობა. კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ პირს სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთა აღარ შეეფარდება 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის შენახვა-შეძენისთვის, მაგრამ აღნიშნული სასჯელი შესაძლოა დაეკისროს მცენარე კანაფის მოყვანისა და დათესვისთვის, პირი არჩევს, შეიძინოს მზა პროდუქტი გამსაღებლისგან, ვიდრე თავად აწარმოოს იგი პირადი მოხმარების მიზნით.
14. მოსარჩელე მხარე, თავისი არგუმენტაციის გასამყარებლად, დამატებით იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას სადავო საკითხებთან მიმართებით.
15. მოპასუხე მხარის თქმით, მარიხუანა არის მცენარე კანაფის ზედა ნაწილის დაწვრილმანებული ფოთლები ყვავილებით, ანუ მარიხუანას კანაფის მხოლოდ ეს ნაწილები წარმოადგენს. ცალკე აღებული მცენარე კანაფისგან კი მარიხუანის გარდა შეიძლება დამზადდეს კანაფის ზეთი, კანაფის ფისი, კანაფის ნაყენი და ექსტრაქტი. მცენარე კანაფისგან ნაწარმოები ზემოაღნიშნული პროდუქტები მარიხუანაზე გაცილებით უფრო ძლიერმოქმედ ნარკოტიკულ საშუალებებს წარმოადგენს.
16. მოპასუხე მხარის განმარტებით, ნარკოტიკული ნივთიერება ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველობის მიხედვით, კანაფის ოდენობის განსაზღვრა წარმოშობს პრაქტიკულ პრობლემებს, გამომდინარე იქიდან, რომ მისი შემცველობა მუდმივად ცვალებადია და შესაძლოა 24-საათიანი დროის მონაკვეთში მისი ოდენობა, ბუნებრივი პროცესებიდან გამომდინარე, მაგალითად, აორთქლების შედეგად შემცირდეს. აღნიშნულმა ფაქტორმა კი შესაძლოა პრობლემა შექმნას ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციის მხრივ. ამასთან, ცალკე აღებული ტეტრაჰიდროკანაბინოლი ასევე არის შეტანილი ნარკოტიკული ნივთიერებების სიაში. შესაბამისად, კანაფის აღმოჩენის შემთხვევაში არ არსებობს ექსპერტიზის ჩატარების საჭიროება, რათა დადგინდეს მასში შემავალი ნარკოტიკული ნივთიერების ოდენობა.
17. პარლამენტის წარმომადგენლის განცხადებით, კანაფის დათესვა და მოყვანა თავისთავად ქმნის მისი რეალიზაციის საფრთხეს. ამიტომ აუცილებელია იმგვარი საკანონმდებლო რეგულაციების არსებობა, რომლებიც უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებს საშუალებას მისცემს, აღნიშნული დანაშაული აღკვეთოს საწყის ეტაპზევე და მოხდეს პოტენციური გამსაღებლის საზოგადოებისგან იზოლირება, რათა დაცული იყოს სხვა პირთა ჯანმრთელობა.
18. მოპასუხე მხარემ აღნიშნა, რომ ნარკოტიკულ ნივთიერება ტეტრაჰიდროკანაბინოლს შეიცავს არა მხოლოდ მცენარის ის ნაწილები, რომლებისგანაც მზადდება მარიხუანა, არამედ მცენარის ღეროც და გვერდითი ტოტებიც, რის გამოც გამართლებულია აღნიშნული ნაწილების მცენარის საერთო ოდენობაში ჩათვლა.
19. პარლამენტის წარმომადგენელთა განცხადებით, სადავო ნორმით გათვალისწინებული სასჯელის ლეგიტიმურ მიზნებს წარმოადგენს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ფიზიკურ პირთა ჯანმრთელობის, მორალური ფასეულობების, ადამიანის უფლებებისა და სხვა კანონიერი ინტერესების დაცვა. მათი აზრით, სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება წარმოადგენს დასახელებული მიზნების მიღწევის თანაზომიერ საშუალებას. ასევე აღინიშნა, რომ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვასთან დაკავშირებული დანაშაულისთვის თავისუფლების აღკვეთის მიზანს წარმოადგენს ამ საშუალებების უკანონო ბრუნვის შემცირება, აღნიშნული ბრუნვის ხელშემწყობი პირების იზოლირება საზოგადოებისგან, რაც, საბოლოოდ, საზოგადოების კეთილდღეობის, მოქალაქეთა ჯანმრთელობაზე ზრუნვის პოზიტიური ვალდებულების შესრულებისკენ, ნარკომანიის გავრცელების თავიდან აცილებისკენ, საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინტერესების დაცვისკენ და ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების პრევენციისკენაა მიმართული.
20. საქმეზე მოწმედ იქნა მოწვეული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ზურაბ სანიკიძე. მისი თქმით, მცენარე კანაფის დათესვა, მოყვანა და კულტივირება ქმნის მისი შემდგომი რეალიზაციის რეალურ საფრთხეს და, შესაბამისად, ხელს უწყობს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვას. იგი აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ მცენარე კანაფის მოყვანისას მისი ოდენობა მუდმივად მზარდია და ამიტომ მისგან მომდინარე საფრთხე აღემატება მარიხუანისგან მომდინარე საფრთხეს. ამასთან, კანაფის მოყვანა მეტწილად წარმოადგენს სხვა ისეთი ნარკოტიკული დანაშაულების საფუძველს, როგორებიცაა: ნარკოტიკული საშუალების მოხმარება, ფლობა, დამზადება, შეძენა, შენახვა.
21. მოწმემ აღნიშნა, რომ მცენარე კანაფისგან, მათ შორის, მისი ღეროსა და გვერდითი ტოტებისგან შესაძლებელია დამზადდეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან მკაცრ კონტროლს ექვემდებარება. მისი აზრით, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ კანაფის მოხმარება მკვეთრად ზრდის შემდგომში სხვა უფრო ძლიერმოქმედი ნარკოტიკული საშუალების მოხმარების რისკს.
22. მოწმემ ყურადღება გაამახვილა სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებზეც და განაცხადა, რომ კანაფის მოხმარება ხელს უწყობს უმუშევართა რაოდენობის ზრდას, უარყოფითად მოქმედებს აკადემიურ მოსწრებასა და ადამიანის მეხსიერების კომპონენტზე, თან ახლავს ყურადღებისა და კონცენტრაციის დაქვეითება. მისი თქმით, საერთაშორისო კვლევები ცხადყოფს, რომ მცენარე კანაფში არსებული ნარკოტიკული ნივთიერება ტეტრაჰიდროკანაბინოლი ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებზე ნეგატიურად ზემოქმედების კუთხით 10 000-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ალკოჰოლი, რადგან იგი ნელა გამოდის ორგანიზმიდან.
23. მოწმემ განაცხადა, რომ, ხშირად, კანაფის მოხმარებისას ეიფორიის ნაცვლად წარმოიქმნება შიში და ისეთი ფსიქიკური სიმპტომები, როგორებიცაა: დაბნეულობა, ადევნების შეგრძნება, პარანოია და საშინელებების მოჩვენება. აღნიშნული ეფექტები მომხმარებელს უბიძგებს, მიმართოს სამედიცინო დახმარებას ან პოლიციას, რის გამოც არაგონივრულად იხარჯება ზემოხსენებული სერვისის მომწოდებელთა შეზღუდული რესურსები, იზრდება ეკონომიკური დანახარჯები.
24. საქმეზე მოწვეულმა მოწმემ საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსმა ნიკოლოზ დგებუაძემ განაცხადა, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული ქმედების კვალიფიკაციისას მნიშვნელობა არ აქვს დანაშაულის ამსრულებელს ამოძრავებდა ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების თუ გასაღების მიზანი.
25. საქმეზე მოწმედ იქნა მოწვეული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს, ბუნებრივი წარმოშობის ნარკოტიკებთან ბრძოლის განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელი ოლიკო ქარსელაძე. მოწმემ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ დიდი ოდენობით მცენარე კანაფის მოყვანა თავისთავად აჩენს შემდგომში მისი გასაღების საფრთხეს.
26. საქმეზე მოწმედ მოწვეულმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, ექსპერტიზის სამმართველოს, ქიმიური ექსპერტიზის განყოფილების უფროსმა, მთავარმა ექსპერტმა ალექსანდრე დადიანიძემ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც კანაფის მცენარეს მთლიანობა დარღვეული აქვს, მაშინ მას უნდა მოშორდეს მსხვილი ღეროები და მიეკუთვნოს მარიხუანას. ამასთან, მოწმემ აღნიშნა, რომ ნარკოტიკული ნივთიერება ტეტრაჰიდროკანაბინოლი ყველაზე დიდი ოდენობით მცენარის სწორედ იმ ნაწილებშია თავმოყრილი, რომლისგანაც მზადდება მარიხუანა. ამასთან, მარიხუანასგან შეიძლება დამზადდეს ყველა ის ნარკოტიკული საშუალება, რომლის დამზადებაც მცენარე კანაფისგანაა შესაძლებელი. მოწმემ აღნიშნა, რომ შეუძლებელია ზუსტად განისაზღვროს, თუ რა ოდენობის მარიხუანა მიიღება კონკრეტული ოდენობის კანაფისგან და განაცხადა, რომ აღნიშნულის დადგენა უნდა მოხდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.
27. საქმეზე მოწმედ იქნა მოწვეული შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ექიმი ნარკოლოგი გვანცა ფირალიშვილი. მისი თქმით, მცენარე კანაფისგან დამზადებული ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, ჩვეულებრივ, არ იწვევს აგრესიულ და ძალადობრივ ქცევას. იშვიათად, მას თან ახლავს პარანოიალური და ფსიქოზური ქცევა. მან პარალელი გაავლო ალკოჰოლური თრობის შემთხვევასთან და აღნიშნა, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, მარიხუანით გამოწვეული ფსიქოზური შემთხვევების გამო ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში წლიურად ფიქსირდება 10 მიმართვის შემთხვევა, მაშინ, როდესაც ყოველთვიურად ალკოჰოლური დელირიუმით, ალკოჰოლური ჰალუცინოზით, ალკოჰოლური ბოდვითი ფსიქოზით საშუალოდ მხოლოდ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში დაახლოებით 30-40 ადამიანი თავსდება. ამასთან, მარიხუანის შემთხვევაში ზედოზირება არ არის სიცოცხლისთვის სახიფათო, მაშინ, როდესაც ალკოჰოლური დელირიუმი ხასიათდება ლეტალური შედეგის დადგომის მაღალი პროცენტული მაჩვენებლით. მოწმის თქმით, ორსულობის დროს კანაბისის პროდუქტის მოხმარებამ, მსგავსად თამბაქოსი და ალკოჰოლის, შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს ნაყოფის განვითარებაზე. ასევე, მისი მოხმარება უარყოფითად მოქმედებს არასრულწლოვნის გონებრივ განვითარებაზე. ამასთან, სხვა ნარკოტიკულ საშუალებებთან შედარებით კანაბისის შემთხვევაში მისდამი ფიზიკური დამოკიდებულება ვითარდება გაცილებით უფრო ნელა.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შეფასებას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, რომლის თანახმად, „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება“.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა ადამიანებს აბსოლუტურად იცავს ამავე ნორმით აკრძალული ქმედებებისგან. ანუ კონსტიტუციური აკრძალვა ადამიანის წამების, არაჰუმანური, სასტიკი, პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და სასჯელის გამოყენების თაობაზე ადამიანების აბსოლუტური უფლებებია, რაც ნიშნავს იმას, რომ კონსტიტუცია უპირობოდ გამორიცხავს ამ უფლებებში ჩარევას. ნიშანდობლივია, რომ ეს აკრძალვა ვრცელდება ომის და საგანგებო მდგომარეობის დროსაც. შესაბამისად, არ არსებობს ლეგიტიმური მიზანი, დაუძლეველი ინტერესი, როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს ის (ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის დაცვა, ტერორიზმთან ბრძოლა, სახელმწიფო უსაფრთხოება და სხვა), რომლის დასაცავადაც შესაძლებელი იქნებოდა ამ უფლებებში ჩარევის გამართლება. კონსტიტუციამ პოტენციური კონფლიქტი მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით დაცულ სიკეთესა და კონსტიტუციით დასაცავ ნებისმიერ სხვა ღირებულ ინტერესს შორის, რომლის დაცვის მუდმივი ვალდებულებაც ქვეყნის ხელისუფლებას აქვს, იმთავითვე და უპირობოდ გადაწყვიტა ადამიანის ღირსების სასარგებლოდ. ცხადია, ხელისუფლება არ თავისუფლდება კონსტიტუციური ვალდებულებისგან, დაიცვას მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესები, კონსტიტუციით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნები (სახელმწიფო უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობა, სხვათა უფლებები, სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელება და სხვა), თუმცა ვერცერთი ამ სიკეთის დაცვა ვერ გაამართლებს ადამიანის წამებას, არაჰუმანურ და სასტიკ მოპყრობას, პატივისა და ღირსების შემლახველ ქმედებას ან სასჯელს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19).
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში მე-17 მუხლზე მსჯელობისას უკვე აღნიშნა, რომ „აშკარად არაპროპორციულ სასჯელებს, რომლებიც არ შეესაბამებიან დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, არამარტო აქვთ მიმართება სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის კონსტიტუციურ აკრძალვასთან, არამედ არღვევენ კიდეც ამ კონსტიტუციურ დანაწესს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის№1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-25).
4. ზოგადად, სასჯელის პოლიტიკის განსაზღვრისას განსაკუთრებულად ფართოა კანონმდებლის დისკრეცია და საკონსტიტუციო სასამართლო სასჯელს არაპროპორციულად და ღირსების შემლახავად მიიჩნევს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში. „საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებულია, შეაფასოს სასჯელთა პოლიტიკა იმ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც მისი შედეგი ადამიანის ამა თუ იმ უფლების დარღვევაა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სასჯელის ყველა ზომის კონსტიტუციურობაზე პოტენციურად მსჯელობაუნარიანია. ასეთი მიდგომა დაარღვევდა ბალანსს სასამართლოს და კანონმდებლის კომპეტენციებს შორის, შექმნიდა ცდუნებას, მართლმსაჯულებამ ჩაანაცვლოს კანონმდებელი. თუმცა ამ სფეროში შესვლისას სასამართლოს სიფრთხილე უსაფუძვლო და უადგილო გახდება, როდესაც სასჯელის ზომა აშკარად არაგონივრული და არაპროპორციულია. სასამართლო უფლებამოსილია და ვალდებულიც, შეაფასოს იმ სასჯელთა კონსტიტუციურობა, რომელთა არაადეკვატურობის, არაპროპორციულობის დონე მნიშვნელოვან ხარისხს აღწევს, დისბალანსი მკაფიოდ, მკვეთრად გამოხატულია. რადგან ასეთ შემთხვევაში სასჯელი სცდება თავის მიზნებს და გაუმართლებლად ზღუდავს კონსტიტუციურ უფლებებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის№1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-34).
5. მოცემული დავის ფარგლებში უნდა შეფასდეს კონკრეტული ქმედებებისთვის გათვალისწინებული სასჯელი კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნით დათესვისა და მოყვანისთვის დაწესებული სანქცია − თავისუფლების აღკვეთა ორიდან ხუთ წლამდე; დიდი ოდენობით კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნით დათესვის, მოყვანისა და კულტივირებისთვის დაწესებული სანქცია − თავისუფლების აღკვეთა ოთხიდან შვიდ წლამდე და განსაკუთრებით დიდი ოდენობით კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნით დათესვისა და მოყვანისთვის დაწესებული სანქცია − თავისუფლების აღკვეთა ექვსიდან თორმეტ წლამდე წარმოადგენს თუ არა აშკარად არაპროპორციულ სასჯელს და, შესაბამისად, არღვევს თუ არა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს.
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს სასჯელის არაპროპორციულობაზე მსჯელობა მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, სასჯელი დანაშაულებრივ ქმედებასთან მიმართებით უნდა იყოს უფრო მეტი, ვიდრე „უბრალოდ გადამეტებული“. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში სასჯელის კონსტიტუციურობის შეფასება ეფუძნება შემდეგ გარემოებებს: 1) მოწმდება აშკარა არაპროპორციულობა დანაშაულის სიმძიმესა და მისთვის გათვალისწინებულ სასჯელს შორის – კანონმდებლობით ამა თუ იმ ქმედებისთვის დაკისრებული სასჯელი გონივრულ და პროპორციულ დამოკიდებულებაში უნდა იყოს კონკრეტული დანაშაულით გამოწვევად ზიანთან, რომელიც ადგება/შეიძლება მიადგეს პირებს/საზოგადოებას. სასჯელი ჩაითვლება აშკარად არაპროპორციულად და არაადამიანურ, სასტიკ სასჯელად, თუ მისი ხანგრძლივობა მკვეთრად, უხეშად დისპროპორციულია ქმედების უმართლობის ხარისხთან, გამოწვევად საფრთხეებთან. 2) კანონი უნდა იძლეოდეს შესაძლებლობას, მოსამართლემ სასჯელის დაკისრებისას გაითვალისწინოს კონკრეტული საქმის გარემოებები, ქმედებით გამოწვეული ზიანი, დამნაშავის ბრალეულობის ხარისხი და სხვა, რათა ფაქტობრივად გამოირიცხოს ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში ყველა რელევანტური ფაქტორის/გარემოების გაუთვალისწინებლად არაპროპორციული სასჯელის შეფარდება. მაშასადამე, ერთი მხრივ, ზოგადად, ამა თუ იმ დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ, უნდა იყოს შესაძლებლობა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით. ამასთან, მოსამართლის დისკრეციის ფარგლები ასევე განჭვრეტადი უნდა იყოს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს როგორც ერთგვაროვანი ურთიერთობების მიმართ ერთნაირი მიდგომა, ასევე მოსამართლის დისკრეციის მიზნობრივი გამოყენება – გამოირიცხოს დისკრეციაზე დაყრდნობით მხოლოდ სუბიექტური შეხედულებებით გადაწყვეტილების მიღების რისკები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).
7. „სასჯელის პროპორციულობის შემოწმება შეუძლებელი იქნება, თუ არ განისაზღვრება თავად დანაშაულებრივი ქმედების ხასიათი, მისი სიმძიმე და ქმედებით გამოწვევადი საფრთხე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60).
8. ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლო შეზღუდულია სასარჩელო მოთხოვნით, მოცემული დავის ფარგლებში შეფასდება სადავო ნორმების მხოლოდ ის ნორმატიული შინაარსი, რაც მოსარჩელე მხარეს ეხება. კერძოდ, მოსარჩელეებისთვის პრობლემურია არა ზოგადად ნარკოტიკული საშუალებების შემცველი მცენარის, არამედ მხოლოდ კანაფის (მცენარე) დათესვის, მოყვანისა და კულტივირებისთვის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება. ამასთან, მოსარჩელე მხარე ყურადღებას ამახვილებს პირადი მოხმარების (და არა რეალიზაციის) მიზნებისთვის კანაფის დათესვის, მოყვანისა და კულტივირების არაკონსტიტუციურობაზე. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეთა აზრით, კანაფის ის ოდენობა (№701 კონსტიტუციურ სარჩელზე – 150,72გ; №722 კონსტიტუციურ სარჩელზე – 63,73 გ; №725 კონსტიტუციურ სარჩელზე – 265,49 გ), რომლის მოყვანისთვის მათ ბრალი წაუყენეს, არ წარმოადგენს იმ ოდენობას, რომლის მოყვანა, შესაძლოა თავისთავად გულისხმობდეს ფლობას რეალიზაციის მიზნებისთვის.
9. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ამა თუ იმ უკანონო ნივთიერების/საგნის ფლობის, შეძენის, შენახვის დასჯადობა, როგორც წესი, დაკავშირებულია სწორედ მათი ბრუნვაში გაშვებისა და რეალიზაციის რისკებთან. ცალკეულ შემთხვევაში, კონკრეტული საგნის, ნივთის ფლობა, შეძენა, შენახვა, დამზადება რეალიზაციის მიზნების გარეშეც საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს, თავად ამ ნივთიერების/საგნის ბუნებიდან, თვისებებიდან გამომდინარე. მაგალითად, ასაფეთქებელი ნივთიერებები, რომელთა ფლობისა და შენახვის თავად ფაქტი უკვე, საფრთხის შემცველი რისკის თავისთავად მატარებელია. ნარკოტიკული ნივთიერებები/საშუალებები, მათი მავნე თვისებების მიუხედავად, ასეთი თავისთავადი რისკის მატარებელი არ არის, ამიტომ მათი დამზადების, შეძენის, შენახვის და ა.შ. რეგულირება/აკრძალვა ხდება სწორედ იმ საფრთხეების გამოსარიცხად, რომელიც მათ მოხმარებას, რეალიზაციას უკავშირდება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის№1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-65).
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმების ფარგლებში მცენარე კანაფის დათესვის, მოყვანისა და კულტივირების დასჯადობა განპირობებულია მისი მოხმარების, რეალიზაციის საფრთხეების თავიდან აცილების, პრევენციის მიზნით.
11. ზოგადად, ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვის რეგულირების (შეზღუდვის, აკრძალვის) ლეგიტიმურ მიზნებს წარმოადგენს ჯანმრთელობის დაცვა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. „ნარკოდანაშაულთან ბრძოლა, მათ შორის, საპატიმრო სასჯელების დაწესებით, ემსახურება ნარკოდანაშულის რიცხვის ზრდის თავიდან აცილებას, სხვა დანაშაულისა და ასოციალური ქცევის პრევენციას, შედეგად საზოგადოების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დაცვას/გაუმჯობესებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-67).
12. მოპასუხის განცხადებით, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვასთან დაკავშირებული დანაშაულებისთვის თავისუფლების აღკვეთის მიზანს წარმოადგენს ამ საშუალებების უკანონო ბრუნვის შემცირება, ამ ბრუნვის ხელშემწყობი პირების იზოლირება საზოგადოებისგან, რაც, საბოლოოდ, საზოგადოების კეთილდღეობის, მოქალაქეთა ჯანმრთელობაზე ზრუნვის პოზიტიური ვალდებულების შესრულებისაკენ, ნარკომანიის გავრცელების თავიდან აცილებისაკენ, საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინტერესების დაცვისაკენ, აგრეთვე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისა და გავრცელების პრევენციისკენაა მიმართული. მოპასუხის მტკიცებით, ნარკოდანაშულთან ბრძოლის უმთავრესი ლეგიტიმური მიზანი არის ინდივიდისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა ნარკოტიკებიდან მომდინარე საფრთხისგან, ასევე მოსახლეობის, განსაკუთრებით, ახალგაზრდების მიერ ნარკოდამოკიდებულების პრევენცია.
13. საყურადღებოა, რომ უშუალოდ მცენარე კანაფის პირადი მოხმარების მიზნებისთვის დათესვის, მოყვანისა და კულტივირებისთვის განსაზღვრული ზემოხსენებული სასჯელის ლეგიტიმურ მიზანზე მოპასუხეს საგანგებოდ ამ ნაწილში სხვა ნარკოტიკული საშუალებებისგან განსხვავებულ ან სპეციფიკურ მიზნებზე არ უსაუბრია. მისი თქმით, კანაფის უკანონო ნარკოტიკული საშუალების შემცველ მცენარედ მიჩნევა საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებიდან მომდინარეობს, კერძოდ, 1961 წლის ერთიანი კონვენცია „ნარკოტიკულ საშუალებათა შესახებ“ საქართველოს ავალდებულებს კანაფი მოაქციოს უკანონო ნარკოტიკულ საშუალებათა სიაში, ხოლო პასუხისმგებლობის ზომების განსაზღვრა წარმოადგენს სახელმწიფოს ექსკლუზიურ უფლებამოსილებას. აღინიშნა ის გარემოებაც, რომ კანაფი ყველაზე გავრცელებული, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარეა არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში. მისგან შესაძლოა დამზადდეს სხვადასხვა ისეთი სახის ნარკოტიკული საშუალებები, რომლებიც კონცენტრირებული ოდენობით შეიცავს ნარკოტიკულ ნივთიერება ტეტრაჰიდროკანაბინოლს. ამიტომ მისი უკანონო ბრუნვისთვის პასუხისმგებლობის სახით თავისუფლების აღკვეთის გათვალისწინება ზემოაღნიშნული საფრთხეების გამოწვევის მეტ პრევენციას უზრუნველყოფს.
14. ცხადია, რომ სახელმწიფოს, ზოგადად, გააჩნია საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ლეგიტიმური ინტერესი. მოპასუხის მიერ დასახელებული მიზნები – ნარკოტიკული საშუალების გავრცელების პრევენცია, ჯანმრთელობის დაცვა, დანაშაულისა და სხვა ანტისოციალური ქცევის პრევენცია ნამდვილად წარმოადგენს ლეგიტიმურ მიზნებს. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, არის თუ არა სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვა მიზნის მიღწევის თანაზომიერი საშუალება. ცხადია, სადავო ნორმით გათვალისწინებული სასჯელის პროპორციულობის შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სასჯელის პოლიტიკასთან დაკავშირებით კანონმდებლის ფართო დისკრეცია. ამასთან, „ნარკოდანაშაულთან მიმართებით პროპორციული სასჯელი უნდა განისაზღვროს იმ პოტენციური ზიანის მიხედვით, რომლის მიყენება საზოგადოების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის შეუძლია კონკრეტულ ნარკოტიკულ საშუალებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-69).
15. ზემოთ უკვე აღინიშნა, რომ სადავო ნორმების კონსტიტუციურობის გარკვევა უნდა მოხდეს სადავო ნორმით გათვალისწინებულ ლეგიტიმურ მიზნებთან ურთიერთმიმართების დადგენის გზით, თავად სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობის გათვალისწინებით.
16. სადავო ნორმების ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის – კანაფის გავრცელების პრევენცია. მოპასუხე მხარემ და საქმეზე მოწვეულმა მოწმეებმა მიუთითეს იმ საერთაშორისო ნორმებზე, რომლებიც ავალდებულებს სახელმწიფოს კანაფის თავისუფალი ბრუნვიდან ამოღებას. ამასთან, ამა თუ იმ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის თავისუფალი ბრუნვიდან ამოღების ამოცანა თავისთავად ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურ მიზნად. კანაფის ისევე, როგორც სხვა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის გავრცელების პრევენცია, კონსტიტუციით დაცული სიკეთის – ადამიანის ჯანმრთელობის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას, აგრეთვე სხვა ღირებული კონსტიტუციური ინტერესების დაცვას უნდა უკავშირდებოდეს. ამდენად, სასამართლომ უნდა შეაფასოს, წარმოადგენს თუ არა პირადი მოხმარების მიზნით, კანაფის დათესვა, მოყვანა და კულტივირება საფრთხეს ზემოთ დასახელებული რომელიმე ლეგიტიმური მიზნისთვის. ასეთი საფრთხის არარსებობის პირობებში სადავო ნორმით სასჯელად გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთა კონსტიტუციის შეუსაბამო იქნება.
17. მოპასუხე მხარისა და საქმეზე მოწვეული მოწმეების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, საბოლოო ჯამში, არ შეიძლება უარყოფა იმისა, რომ მცენარე კანაფის და მისგან დამზადებული ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება პოტენციურად ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისათვის საფრთხის მატარებელია. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ნარკოდამოკიდებულების ჩამოყალიბება, ასევე კონკრეტული ზიანის დადგომა, ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ხარისხი დამოკიდებულია როგორც ყოველი მომხმარებლის ინდივიდუალურ თავისებურებებზე, ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე, ასევე მოხმარების ხანგრძლივობაზე, თავისთავად ასეთი საფრთხეების გამორიცხვა და უგულებელყოფა არ შეიძლება.
18. საქმის განხილვისას დასახელდა კანაფიდან მომდინარე ისეთი ზოგადი საფრთხეები, როგორებიცაა: მეხსიერებისა და გონებრივი ჯანმრთელობის პრობლემები, მშობიარობის გართულებები, ისეთი ფსიქიატრიული გვერდითი მოვლენები, როგორებიცაა: ფსიქოზი, შიზოფრენია, პარანოია, ჰალუცინაციები, დეპრესია, აღგზნებადობა, შობადობის რისკის ქვეშ დაყენება. გარდა ამისა, გამოითქვა მოსაზრება, რომ კანაფის პროდუქტი შესაძლოა აჩენდეს სხვა, უფრო მძიმე ნარკოტიკულ საშუალებაზე დამოკიდებულების საფრთხეს.
19. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კანაფის პროდუქტის მოხმარება შესაძლოა ნეგატიურ გავლენას ახდენდეს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ამავე დროს, საფრთხე, რომელიც კანაფის მოხმარებამ შესაძლოა შეუქმნას მომხმარებელს, არის უფრო მსუბუქი სხვა ე.წ. მძიმე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების შედეგად გამოწვევად ზიანთან შედარებით. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ნარკოლოგმა გვანცა ფირალიშვილმა განმარტა, რომ კანაფის მოხმარებისას მისდამი ფიზიკური დამოკიდებულება ვითარდება გაცილებით უფრო ნელა, ვიდრე სხვა ნარკოტიკული საშუალებების შემთხვევაში. ამასთან, კანაფის ზედოზირების შემთხვევები არ იწვევს ფატალურ შედეგებს.
20. ამდენად, მცენარე კანაფის თავისუფალი ბრუნვის შეზღუდვა ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს – საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვას. ამავე დროს, ანტისოციალურ და კანონსაწინააღმდეგო ქმედებად რჩება აკრძალული მცენარის დათესვა, მოყვანა და კულტივირება. ანუ პირმა, რომელმაც კანონით აკრძალული მცენარე მოიყვანა, იცის, რომ ჩაიდინა კანონდარღვევა და, ამდენად, მისი ქმედება შეიძლება ჩაითვალოს დასჯად ქმედებად. განსახილველ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლო სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებიდან გამომდინარე, არ აფასებს აღნიშნული ქმედების დასჯადად გამოცხადების კონსტიტუციურობას. ამასთან, სახელმწიფომ უნდა დაასაბუთოს, რომ ზემოხსენებული ქმედებისთვის სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის დაწესება წარმოადგენს ამ მიზნის მიღწევის ეფექტურ და პროპორციულ საშუალებას.
21. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ჯანმრთელობის დაცვის ლეგიტიმური მიზნის შემოწმებისას სასამართლომ უნდა განასხვაოს საფრთხე, რომელიც უკავშირდება მომხმარებლის ჯანმრთელობას და საფრთხე, რომელსაც გამავრცელებელი უქმნის სხვის ჯანმრთელობას. ცალსახაა, რომ სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს ადამიანის თავისუფლებაში მხოლოდ იმიტომ, რომ ის ირაციონალურ ქმედებას ახორციელებს. ასეთი ჩარევა გამართლებული რომ იყოს, საჭიროა, მან მიაღწიოს გარკვეულ სიმწვავეს, სხვებს უქმნიდეს რეალურ და სერიოზულ საფრთხეს. ამავე დროს, შეზღუდვას/რეგულირებას შეიძლება ექვემდებარებოდეს ქმედება, რომელიც ანტისოციალურია თავისი ხასიათით და რომელმაც, მაღალი ალბათობით, შეიძლება გამოიწვიოს რეალური საფრთხე ასეთი ქმედების განხორციელების მომენტში, პოტენციურად შეუქმნას საფრთხე სხვათა ჯანმრთელობას ან საზოგადოებრივ წესრიგს. ამასთან, ისიც ცხადია, რომ ანტისოციალურ ქმედებაზე სახელმწიფოს პასუხი უნდა მკაცრდებოდეს მხოლოდ ქმედებით გამოწვევადი საფრთხეების სიმწვავის, რეალურობის ხარისხის და მასშტაბის მიხედვით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-74,75).
22. პირველ რიგში, ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს, ერთი მხრივ, საფრთხე, რომელიც გარკვეული ოდენობის მცენარე კანაფის დათესვით, მოყვანითა და კულტივირებით შეიძლება მიადგეს თავად აღნიშნული მცენარის მფლობელს და, მეორე მხრივ, საფრთხე, რომელიც აღნიშნულმა ქმედებამ შესაძლოა შეუქმნას სხვა პირებს.
23. ზემოთ უკვე აღინიშნა, რომ კანაფის მომხმარებლის ჯანმრთელობას შეიძლება მიადგეს საფრთხე, რომლის ინტენსივობა და ხარისხი სხვადასხვა გარემოებაზე შეიძლება იყოს დამოკიდებული. „საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების საფრთხის გამო პირისთვის თავისუფლების აღკვეთა ემსახურება მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზანს, რომ სხვამაც არ ჩაიდინოს იგივე ქმედება და საკუთარ ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოს. მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზანი, კონსტიტუციური გამაშუალებლის, ანუ პროპორციულობის გარეშე მიემართება კონკრეტულ ინდივიდს და აქცევს მას ძალაუფლების ობიექტად, რადგან სასჯელი ლეგიტიმაციას არ იღებს ქმედებისგან, მას არ ამართლებს პირის ქმედებიდან მომდინარე საშიშროება. ამგვარად, ადამიანი იქცევა ინსტრუმენტად სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, რაც გარდაუვლად იწვევს მისი ღირსების ხელყოფას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-83).
24. „ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციის შეუსაბამოა პირისთვის თავისუფლების აღკვეთა ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ ამ ქმედების ავტორს უქმნის საფრთხეს და არ არის მიმართული (არ შეიძლება იყოს მიმართული) სხვათა უფლებების დარღვევისკენ. უმიზნო და, შესაბამისად, გაუმართლებელია სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დაკისრება პირისთვის ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ მის ჯანმრთელობას შეიძლება აყენებდეს ზიანს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-84).
25. პირის საკუთარი ჯანმრთელობისათვის საფრთხის მიყენების გარდა, ასევე უნდა შეფასდეს მესამე პირების, საზოგადოების მიმართ არსებული საფრთხეები. რაც შეეხება მცენარე კანაფის დათესვით, მოყვანითა და კულტივირებით სავარაუდოდ განპირობებულ საფრთხეებს მესამე პირების/საზოგადოების მიმართ, – აქ ასევე ორი საკითხი უნდა გამოიყოს: ა) კანაფის მოხმარება უწყობს თუ არა ხელს სხვა დანაშაულის ჩადენას და ბ) სადავო ნორმით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კანაფის დათესვა, მოყვანა და კულტივაცია თავისთავად ხომ არ შეიცავს მისი გავრცელების, შესაბამისად, სხვების ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების საფრთხეს.
26. ნიშანდობლივია, რომ მოპასუხე მხარემ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვერ წარმოუდგინა სათანადო ინფორმაცია, სარწმუნო კვლევები, რომლებიც დამაჯერებლად მიუთითებდა გარდაუვალი კავშირის არსებობაზე კანაფის მოხმარებასა და სხვა დანაშაულის ზრდას შორის. საქმეზე მოწვეულმა მოწმეებმა თავიანთ ჩვენებებში, ძირითადად, ყურადღება გაამახვილეს ავტოსაგზაო დანაშაულთა ზრდაზე. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა ზურაბ სანიკიძემ წარმოადგინა ამერიკის შეერთებული შტატების 1999 წლის ანგარიში, სადაც აღნიშნულია, რომ ისეთი დანაშაულის, როგორიცაა ნარკოტიკული თრობის პერიოდში ავტოტრანსპორტის მართვა, ამსრულებელთა 73% იმყოფებოდა სწორედ კანაფის პროდუქტის ზემოქმედების ქვეშ. ასევე აღინიშნა, რომ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება ხელს უწყობს ოჯახურ ძალადობას, თუმცა მოცემულ შემთხვევაში მოწმემ ვერ შეძლო დაეზუსტებინა, თუ კონკრეტულად რა ტიპის ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება იწვევდა აღნიშნულს და იყო თუ არა მათ შორის კანაფის პროდუქტიც. ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითზე მოწმემ ასევე მიუთითა, რომ 2002 წელს მსჯავრდებულთა 36%-ს დანაშაულის ჩადენამდე ერთი თვის განმავლობაში ჰქონდათ მოხმარებული კანაფის პროდუქტი, ხოლო ავსტრალიაში დაკავებულ პირთა 60%-ს სისხლში მცენარე კანაფისგან მიღებული ნარკოტიკული საშუალების შემცველობა აღმოაჩნდა. აღნიშნული მონაცემებით დგინდება მხოლოდ ის ფაქტი, რომ დასახელებული ქვეყნების მსჯავრდებულთა დიდ ნაწილს დანაშაულის ჩადენის წინა პერიოდში მოხმარებული ჰქონდა კანაფის პროდუქტი, მაგრამ ეს a priori ვერ იქნება იმის დამადასტურებელი არგუმენტი, რომ მათ მიერ დანაშაულის ჩადენა კანაფის პროდუქტის მოხმარებამ გამოიწვია, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაულები ჩადენილია არა ნარკოტიკული თრობის, არამედ მის შემდგომ პერიოდში. საბოლოოდ, უტყუარად ვერ დადასტურდა, რომ უშუალოდ კანაფის პროდუქტის მოხმარება იწვევს სხვა დანაშაულების ჩადენას. სასამართლო ვერ დარწმუნდა, რომ ასეთი კავშირი უფრო ხშირი და გამოკვეთილია, ვიდრე, თუნდაც ალკოჰოლით თრობის პირობებში. ასეთი თავისთავადი და კანონზომიერი კავშირის არარსებობის პირობებში, კანაფის მოხმარების მიზნებისთვის დათესვის, მოყვანისა და კულტივირების გამო პასუხისმგებლობის სახით თავისუფლების აღკვეთის დაწესება აშკარად არაპროპორციულ სასჯელს წარმოადგენს.
27. მნიშვნელოვანია მოპასუხის არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის კანაფის დათესვა, მოყვანა და კულტივირება თავისთავად იწვევს მისი გავრცელების საფრთხეს და, ამდენად, სხვათა ჯანმრთელობის დაზიანების მომეტებულ რისკებს შეიცავს. „სახელმწიფოს დისკრეცია, ცხადია, უფრო ნათელია, როდესაც საქმე ეხება სხვათა ჯანმრთელობის დაცვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის№1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-88).
28. ვინაიდან არ გამოირიცხება კანაფის მოხმარებით, ზოგადად, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების საფრთხე, მისი გავრცელება შეიძლება იყოს სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებადი, მათ შორის, იწვევდეს პასუხისმგებლობას. „ამიტომ, როდესაც ნარკოტიკული საშუალების რაოდენობა იმდენად დიდია, რომ ობიექტურად აჩენს რეალურ საფრთხეს მისი არა მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის, არამედ რეალიზაციის მიზნებისთვის შეძენა/შენახვის თაობაზე, მაშინ სახელმწიფო უფლებამოსილია, დააწესოს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ამასთან, პასუხისმგებლობის ზომა/ხარისხი შესაძლოა დაკავშირებული იყოს ნარკოტიკული საშუალების რაოდენობასთან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-89). ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ რეალიზაციის მიზნებით კანაფის დათესვის, მოყვანისა და კულტივირებისთვის პასუხისმგებლობის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა სცდება მოცემული დავის ფარგლებს. საკონსტიტუციო სასამართლო მოკლებულია სადავო ნორმის ამ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის შეფასების შესაძლებლობას.
29. სადავო ნორმები ითვალისწინებს: ა) მცენარე კანაფის დათესვის, მოყვანისა და კულტივირებისთვის თავისუფლების აღკვეთას ორიდან ხუთ წლამდე ვადით; ბ) იგივე ქმედებისთვის, რომელიც ჩადენილია დიდი ოდენობით – თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე; გ) იგივე ქმედებისთვის, რომელიც ჩადენილია განსაკუთრებით დიდი ოდენობით – თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან თორმეტ წლამდე. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი მცენარე კანაფის შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად განსაზღვრავს 10-50 გრამს, დიდ ოდენობად – 50-250 გრამს, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობა იწყება 250 გრამის შემდგომ. ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელეები სადავოდ მიიჩნევენ პირისთვის ასეთი პასუხისმგებლობის დაკისრებას კანაფის იმ ოდენობით დათესვის, მოყვანისა და კულტივირებისთვის, რომელსაც იგი ფლობს პირადი მოხმარების და არა გასაღების/რეალიზაციის მიზნებისთვის. №701, №722 და №725 კონსტიტუციური სარჩელების მოსარჩელეებს აღმოაჩნდათ შესაბამისად, 150,72 გ, 63,73 გ და 265,49 გ კანაფი (მცენარე). ზემოხსენებულის გათვალისწინებით, შეფასების საგანს წარმოადგენს სადავო ნორმებით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის გამოყენება აღნიშნული ოდენობების კანაფის პირადი მოხმარების მიზნით დათესვის, მოყვანისა და კულტივირების გამო.
30. მოცემულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს კანაფის ის ოდენობა, რომელიც აღმოაჩნდათ მოსარჩელეებს, წარმოშობს თუ არა მისი რეალიზაციის თავისთავად რისკებს. კანაფის გავრცელებიდან მომდინარე საფრთხეს კანონმდებელი აფასებს მცენარის მასის მიხედვით. კერძოდ, ივარაუდება, რომ რაც უფრო დიდია მცენარის ოდენობა, მით უფრო იზრდება მისი გასაღების საფრთხე და ნაკლები შანსია იმისა, რომ პირს კანაფი მოჰყავს პირადი მოხმარების მიზნით.
31. მოცემულ საქმეზე სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს, რომ 150,72 გ და 63,73 გ კანაფი a priori არ შეიძლება ჩაითვალოს იმ ოდენობად, რომელიც არ არის განკუთვნილი პირადი მოხმარებისთვის და, რომელიც ავტომატურად ქმნის მისი გავრცელების და, შესაბამისად, სხვათა ჯანმრთელობის დაზიანების გარდაუვალ საფრთხეს. ამიტომ, სადავო ნორმით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა ვერ ჩაითვლება პროპორციულ საშუალებად, ვინაიდან ასეთი ოდენობა არ მიუთითებს მისი გასაღების მიზანზე, რეალიზაციის რეალურ საფრთხეზე, მაღალ, კანონზომიერ რისკებზე, შედეგად სხვების ჯანმრთელობისთვის საფრთხის მაღალი ალბათობით შექმნაზე. ნორმა ამ მხრივ პრობლემატურია მისი ბლანკეტურობის გამო, რაც გამორიცხავს ინდივიდუალური მიდგომის შესაძლებლობას და პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას საფრთხის რეალურობისა და ხარისხის გათვალისწინებით.
32. „თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს რა ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ზოგადად, სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა იყოს მისი უკიდურეს შემთხვევაში გამოყენებაზე ორიენტირებული. ამასთან, უნდა იგულისხმებოდეს არა მხოლოდ მოსამართლის მიერ მისი ასეთი მიდგომით გამოყენება, არამედ კანონის დონეზეც ამა თუ იმ ქმედებისთვის სასჯელის სახით პატიმრობის მხოლოდ იმ შემთხვევაში გათვალისწინება, როდესაც ეს ობიექტურად აუცილებელია ქმედების სიმძიმის, გამოწვევადი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნების და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა. ამასთან, მაშინაც კი, როდესაც პირის ქმედების რეგულირება აუცილებელია, თუ პასუხისმგებლობის სხვა ზომები/სახეები ობიექტურად საკმარისია კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნების მისაღწევად, კანონი უნდა უბიძგებდეს სამართალშემფარდებელს, სწორედ არასაპატიმრო ალტერნატივების გამოყენებისკენ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-96).
33. იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება 265,49 გ კანაფს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი მაღალი ოდენობიდან გამომდინარე, იგი შესაძლოა აჩენდეს მისი გავრცელების ავტომატურ რისკს. ცხადია, როდესაც კანაფის რეალიზაციის საფრთხე არსებობს, არსებობს საფუძველიც სახელმწიფოს ჩარევისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაწესების გზით. მაშინ, როდესაც აშკარაა რეალიზაციის/გასაღების გარდაუვალობა, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს საშუალება, ჩაერიოს ადამიანის თავისუფლებაში და მოახდინოს დანაშაულის პრევენცია. ამასთან, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, გარკვეული კონდიციის შემდეგ, როდესაც ოდენობიდან გამომდინარე, ისედაც ობიექტურად ჩნდება რეალიზაციის რეალური საფრთხე, მიზნის გარკვევის აუცილებლობა არარელევანტური ხდება.
34. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პასუხისმგებლობის კონკრეტული სახე, მოცულობა გამოწვევადი საფრთხეების მასშტაბის პროპორციულად მზარდი უნდა იყოს. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფის თანახმად, 265,49 გ კანაფი წარმოადგენს განსაკუთრებით დიდ ოდენობას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით კანაფის დათესვისა და მოყვანისათვის სასჯელის სახედ დაწესებულია ექვსიდან თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. შესაბამისად, სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სანქციის აღნიშნული ოდენობა წარმოადგენს თუ არა აშკარად არაპროპორციულ სასჯელს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისთვის.
35. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სასჯელის ქმედებასთან მიმართებით პროპორციულობის შეფასებისას, ზოგადად, საინტერესო კრიტერიუმია მისი (სასჯელის) მსგავსი ან მეტი სიმძიმის დანაშაულებისთვის დაკისრებულ სასჯელთან შედარება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის№1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-103). ზემოთ უკვე აღინიშნა, რომ კანაფის და მისგან ნაწარმოები პროდუქტის ზედოზირება არ იწვევს ფატალურ შედეგს. ამასთან, სხვა ნარკოტიკულ საშუალებებთან შედარებით კანაბისის შემთხვევაში მისდამი ფიზიკური დამოკიდებულება ვითარდება გაცილებით უფრო ნელა.
36. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, გაუპატიურება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდე, ხოლო ყაჩაღობისთვის სანქციის სახედ დაწესებულია ხუთიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ეს იმ ქმედებათა მცირე ჩამონათვალია, რომლებიც თავისი ბუნებიდან გამომდინარე წარმოადგენს გაცილებით უფრო საშიშ ქმედებებს და უკავშირდება უფრო დიდი ზიანის დადგომას, ვიდრე იმ ოდენობის კანაფის დათესვა და მოყვანა, რომელიც აჩენს მისი გავრცელების ავტომატურ საფრთხეს. მიუხედავად ამისა, ზემოხსენებული ქმედებებისთვის დაწესებულია უფრო მსუბუქი სანქციები, ვიდრე განსაკუთრებით დიდი ოდენობით კანაფის მოყვანისთვის.
37. ზემოთქმულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა ექვსიდან თორმეტ წლამდე წარმოადგენს აშკარად არაპროპორციულ სასჯელს და არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს.
38. კანაფიდან მომდინარე ნარკოტიკულ თრობას და ჯანმრთელობის ზიანს იწვევს კანაფის მცენარეში შემავალი ნარკოტიკული ნივთიერება ტეტრაჰიდროკანაბინოლი. სწორედ ტეტრაჰიდროკანაბინოლების პროცენტული შემადგენლობა განსაზღვრავს კანაფის პროდუქტის მოქმედების ეფექტურობას, როგორც ნარკოტიკული თრობის, ასევე ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების თვალსაზრისით. ამასთან, კანაფის სხვადასხვა ძირებში აღნიშნული ნივთიერება წარმოდგენილია განსხვავებული პროცენტული მაჩვენებლით. შესაბამისად, შესაძლებელია კანაფიდან მომდინარე საფრთხის განსაზღვრისას მხედველობაში იქნეს მიღებული ის, თუ რა ოდენობის ტეტრაჰიდროკანაბინოლს შეიცავს ესა თუ ის მცენარე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე გვაქვს არა მიწაზე მიმაგრებულ, არამედ უკვე მოჭრილი კანაფის მცენარესთან, რადგან მასში აღნიშნული ნივთიერების ოდენობა თავისთავად ვეღარ გაიზრდება.
39. „სასჯელთან დაკავშირებული კონსტიტუციური შეზღუდვის არსი არის პროპორციული სასჯელის დაკისრება მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი (კონკრეტული დაზარალებულისთვის თუ საზოგადოებისთვის), დამნაშავის პერსონალური მახასიათებლები და საქმის კონკრეტული გარემოებები იმისათვის, რათა განისაზღვროს, როგორი სასჯელი იქნება შესაბამისი პირის რეაბილიტაციისა და საზოგადოების დაცვისთვის ამ კონკრეტული დამნაშავის შეკავების გზით. მხოლოდ ამგვარ პირობებში შეასრულებს სასჯელი თავის მიზნებს” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-97).
40. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო ნორმები ვერ აკმაყოფილებს სასჯელის პროპორციულობის შეფასებისთვის არსებით კრიტერიუმს – ინდივიდუალური მიდგომის შესაძლებლობას, ძირითადად, მისი ბლანკეტურობის გამო. კერძოდ:
ა) სადავო ნორმით გათვალისწინებული სასჯელი თანაბრად მიემართება ყველა ნარკოტიკული საშუალების შემცველ მცენარეს, რომლებიც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან გამოწვევადი საფრთხეების არსით, მასშტაბით, საშიშროების ხარისხით. მიუხედავად იმისა, როგორც მოპასუხის წარმომადგენელი, ასევე საქმეზე მოწვეული მოწმეები აღნიშნავდნენ, რომ კანაფი არის ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი ნარკოტიკული საშუალება, რომლის თავისუფალ ბრუნვაში მიმოქცევა შეზღუდული უნდა იყოს, იმავდროულად, არც ერთი არ უარყოფდა, რომ კანაფი, მისი მოხმარებით გამოწვევადი შედეგების სიმძიმისა და საფრთხეების მიხედვით, გაცილებით უფრო მსუბუქია სხვა ნარკოტიკულ საშუალებებთან შედარებით.
ბ) კანონმდებელი არ იძლევა გამიჯვნის შესაძლებლობას კანაფის დათესვის, მოყვანისა და კულტივირებისას პირადი მოხმარების მიზანსა და რეალიზაციის მიზანს შორის, ზოგადად ადგენს პასუხისმგებლობას დათესვის, მოყვანისა და კულტივირებისთვის. აღსანიშნავია, რომ, როდესაც საქმე ეხება 50 გრამზე მეტი ოდენობის კანაფის მოყვანას, კანონმდებელი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთის ალტერნატიულ სასჯელს. აღნიშნული თავისთავად გამორიცხავს ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინების შესაძლებლობას და ქმედების ადეკვატური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების ალბათობას, თავისუფლების აღკვეთის, როგორც ამ შემთხვევაში, არაპროპორციული სასჯელის გამოყენებაზე უარის თქმის ჩათვლით.
41. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ სადავო ნორმები ბლანკეტური ხასიათისაა და არა მხოლოდ არ გამორიცხავს, არამედ პირდაპირ ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას ისეთი ქმედებისთვისაც, რომელიც არ უქმნის საფრთხეს სხვების ჯანმრთელობას.
42. მოცემულ შემთხვევაში, როდესაც ნორმები, მათი ბლანკეტური ხასიათიდან გამომდინარე, ითვალისწინებს პირისთვის თავისუფლების აღკვეთის შესაძლებლობას, მათ შორის, მხოლოდ იმის გამოც, რომ პირმა საკუთარ ჯანმრთელობას შეიძლება მიაყენოს ზიანი, როდესაც არ არსებობს რეალური რისკები სხვების ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებისა (ვინაიდან ნორმა უშვებს სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას მაშინაც, როდესაც კანაფის დათესვა, მოყვანა და კულტივირება არ ხდება რეალიზაციის მიზნით), ცხადია, აშკარაა სასჯელის სისასტიკე და მკაფიო არაადეკვატურობა, რადგან ასეთი მკაცრი სასჯელი გამოიყენება როგორც ადამიანის დასჯის მიზანი და არა როგორც ლეგიტიმური მიზნების დაცვის უკიდურესი და აუცილებელი საშუალება. შედეგად, ადამიანი სახელმწიფოს ხელთ ხდება ინსტრუმენტი და არა დაცვის ობიექტი. მაშასადამე, სახეზეა ადამიანის ღირსების ხელყოფა არაადამიანური, სასტიკი სასჯელის დაწესების გზით, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-7, მე-8, მე-11 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 30-ე, 31-ე, 32-ე და 33-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. დაკმაყოფილდეს კონსტიტუციური სარჩელები №701 („საქართველოს მოქალაქე ჯამბულ გვიანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“), №722 („საქართველოს მოქალაქე დავით ხომერიკი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) და №725 („საქართველოს მოქალაქე ლაშა გაგიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) და არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი:
ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება – კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნებისთვის უკანონოდ დათესვის ან მოყვანისათვის სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით;
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობით (64 გრამამდე) ნარკოტიკული საშუალება – კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნებისთვის უკანონოდ დათესვის ან მოყვანისათვის სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით;
გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობით (151 გრამამდე) ნარკოტიკული საშუალება – კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნებისთვის უკანონოდ დათესვის, მოყვანის ან კულტივირებისთვის, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით;
დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით – „ექვსიდან თორმეტ წლამდე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობით (266 გრამამდე) ნარკოტიკული საშუალება – კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნებისთვის უკანონოდ დათესვის ან მოყვანისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით – „ექვსიდან თორმეტ წლამდე“, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
2. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
3. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
5. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა
დოკუმენტის კომენტარები