შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურული თანამშრომლობის შესახებ

შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურული თანამშრომლობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 03/06/1993
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 22/01/1998
ძალაში შესვლის თარიღი 03/06/1993
სარეგისტრაციო კოდი 430003000.00.000.000076
-
03/06/1993
გაურკვეველი, -, 22/01/1998
430003000.00.000.000076
შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურული თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

შეთანხმება

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის

კულტურული თანამშრომლობის შესახებ

 

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „მონაწილე მხარეებად“ წოდებულნი,

საქართველოსა და ჩინეთის ხალხების ურთიერთგაგებისა და მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებისა და ორ ქვეყანას შორის კულტურული თანამშრომლობის განვითარების მისწრაფებიდან გამომდინარე,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

მუხლი 1

მონაწილე მხარეები, თანასწორობისა და ურთიერთსარგებლიანობის პრინციპების შესაბამისად წაახალისებენ და ხელს შეუწყობენ ორი ქვეყნის შესაბამის დაწესებულებებს შორის გაცვლასა და თანამშრომლობას კულტურის, ხელოვნების, განათლების, პრესის, საგამომცემლო საქმის, კინემატოგრაფიის, ტელევიზიის, რადიომაუწყებლობის, ჰუმანიტარული და საზოგადოებრივი მეცნიერებების, მედიცინის, ტურიზმის, სპორტისა და სხვა სფეროებში.

მუხლი 2

მონაწილე მხარეები, შეთანხმდნენ განახორციელონ თანამშრომლობა და გაცვლა კულტურისა და ხელოვნების სფეროში შემდეგი ფორმებით:

- შემოქმედებითი კავშირებისა და კულტურის დაწესებულებათა თანამშრომლობა;

- სამხატვრო კოლექტივებისა და შემსრულებელთა გასტროლების ორგანიზება;

- სამხატვრო გამოფენებისა და ფესტივალების გამართვა;

- ლექციების წაკითხვა, სემინარებისა და კონფერენციების ჩატარება;

- კულტურის სფეროში გამოცემების გაცვლა;

- ბიბლიოთეკებსა და მუზეუმებს შორის გაცვლა და თანამშრომლობა.

მუხლი 3

მონაწილე მხარეები ერთმანეთს დაეხმარებიან მეორე ქვეყნის კულტურული და მხატვრული ფასეულობის რესტავრაციაში, შენახვასა და გამოყენებაში.

ამ სფეროში ერთმანეთის გამოცდილების შესასწავლად მხარეები ქმნიან სპეციალისტთა ჯგუფებს.

მუხლი 4

მონაწილე მხარეები უმაღლესი, საშუალო და პროფესიულ-ტექნიკური განათლების სფეროში კავშირების განვითარებას წაახალისებენ შემდეგი გზებით:

- განათლების სფეროში არსებული მდგომარეობის გასაცნობად, აგრეთვე ლექციების წასაკითხად და გაკვეთილების ჩასატარებლად პედაგოგთა და სხვა სპეციალისტთა გაცვლა;

- მეორე ქვეყანაში სწავლისა და სტაჟირებისათვის მოსწავლეთა გაცვლა;

- მეორე ქვეყნის ენისა და ლიტერატურის შესწავლაში დახმარება;

- სწავლებისათვის სტიპენდიებით უზრუნველყოფის საშუალებათა გამონახვა;

- სასწავლო და მეთოდიკური ლიტერატურის, აგრეთვე თვალსაჩინოების გაცვლა.

მუხლი 5

მონაწილე მხარეები შეისწავლიან საკითხს ორი ქვეყნის განათლების კომპეტენტური დაწესებულებების მიერ გაცემული დიპლომების, განათლების მოწმობებისა და სამეცნიერო ხარისხების ურთიერთცნობის შესახებ იმით, რომ ხელსაყრელ დროს მიაღწიონ შეთანხმებას.

მუხლი 6

მხარეები ხელს შეუწყობენ ორივე ქვეყნის ჟურნალისტთა ორგანიზაციების ბეჭდვითი და საინფორმაციო ორგანოების კავშირს და ჟურნალისტებს თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულებაში შეუწყობენ ხელს.

მუხლი 7

მონაწილე მხარეები წაახალისებენ ორივე ქვეყნის ორგანიზაციებს შორის ორგანიზაციათა საავტორო უფლებათა დარგში თანამშრომლობასა და თავიანთ ქვეყნებში მეორე ქვეყანაში შექმნილი ლიტერატურული, მუსიკალური, მხატვრული და სამეცნიერო ხასიათის ნაწარმოებების თარგმნას და გამოცემას.

მუხლი 8

მონაწილე მხარეები ხელს შეუწყობენ საგამომცემლო საქმეში თანამშრომლობას.

მუხლი 9

მონაწილე მხარეები კინემატოგრაფიის სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობას ხელს შეუწყობენ შემდეგი გზით:

- ფესტივალებისა და კინოფილმების პრემიერების ორმხრივი ჩატარება;

- კომერციულ და არაკომერციულ საფუძველზე მხატვრული, დოკუმენტური და ქრონიკალური კინოფილმების გაცვლა;

- ფილმების ერთობლივი წარმოება;

- ერთი მხარისათვის მეორის ტერიტორიაზე ფილმებისა და კინომასალების შექმნაში ხელის შეწყობა;

- დელეგაციებისა და კინემატოგრაფიის სფეროში მომუშავე სპეციალისტების გაცვლა; ახალგაზრდა კინემატოგრაფისტთა შორის კონტაქტების დამყარებასა და განვითარებაზე განსაკუთრებული ყურადღება;

- მეორე ქვეყანაში გამართულ საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობა.

მუხლი 10

მონაწილე მხარეები თავიანთ ქვეყნებს შორის ტელევიზიასა და რადიომაუწყებლობაში წაახალისებენ თანამშრომლობას, კერძოდ,

- ტელე- და რადიოპროგრამების გაცვლა;

- ტელე- და რადიომასალების ერთობლივი წარმოება;

- ერთი მხარის მიერ მეორის ტერიტორიაზე ტელე- და რადიომასალების შექმნაში ხელის შეწყობა;

- ტელევიზიასა და რადიოში მომუშავე სპეციალისტთა გაცვლა.

მუხლი 11

მონაწილე მხარეები, რომლებიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ჰუმანიტარულ და საზოგადოებრივ მეცნიერებათა დარგში თანამშრომლობას, ყოველმხრივ შეუწყობენ ხელს სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისათვის შეთანხმებული თემატიკის მიხედვით ლექციების წასაკითხად, ორივე ქვეყნის შესაბამისი სამეცნიერო დაწესებულებების მუშაობისა და მიღწევების გასაცნობად, აგრეთვე ზემოხსენებულ სფეროებში სამეცნიერო პუბლიკაციათა და გამოცემათა ერთმანეთისთვის გადაცემას.

მუხლი 12

მონაწილე მხარეები ორი ქვეყნის ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობის განმტკიცების, ისტორიის, კულტურის, ტრადიციების და ბუნების უკეთ გაცნობის მიზნით წაახალისებენ ტურიზმისა და ორი ქვეყნის ხალხთა შორის კონტაქტების განვითარებას.

მუხლი 13

მონაწილე მხარეები შეჯიბრებების მოწყობის, დელეგაციების, გუნდების, სპორტსმენების, მწვრთნელების, ფიზიკური კულტურისა და სპორტის სპეციალისტების გაცვლის საშუალებით წაახალისებენ ორი ქვეყნის სპორტული ორგანიზაციების თანამშრომლობას.

მუხლი 14

მონაწილე მხარეები დელეგაციების გაცვლით და სხვა მრავალფეროვანი ღონისძიებებით წაახალისებენ ორი ქვეყნის ახალგაზრდული დაწესებულებებისა და ორგანიზაციების თანამშრომლობასა და კავშირებს.

მუხლი 15

მონაწილე მხარეები ხელს შეუწყობენ ორი ქვეყნის ქალაქებსა და რეგიონებს შორის კულტურული კავშირების განვითარებას.

მუხლი 16

მონაწილე მხარეები შეიმუშავებენ ამ შეთანხმების შესრულების სამუშაო გეგმებს და შეათანხმებენ აგრეთვე საფინანსო საკითხებს.

ამ შეთანხმების საფუძველზე ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შეუძლიათ ხელი მოაწერონ უწყებათაშორის შეთანხმებებს. თანამშრომლობის კონკრეტული გეგმები და პროგრამები შემუშავდება დაინტერესებული უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრისას.

მუხლი 17

ეს შეთანხმება ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან, მოქმედებს ხუთი წლის განმავლობაში და ავტომატურად გაგრძელდება ყოველი მომდევნო ხუთი წლის ვადით, თუ აღნიშნული ვადის გასვლამდე ექვსი თვით ადრე ერთ-ერთი მხარე წერილობით არ აცნობებს მეორეს აღნიშნული შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის განზრახვის შესახებ.

ამ შეთანხმების მოქმედების ვადის დამთავრების მიუხედავად, შეთანხმებები პროგრამებსა და გაცვლებზე, რომლებიც ამ შეთანხმების შესაბამისად ადრე იყო დადებული და არ იყო რეალიზებული, ძალაში რჩება.

შედგენილია ქ. პეკინში, 1993 წლის 3 ივნისს, ორ პირად, ქართულ, ჩინურ და რუსულ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტს ერთნაირი ძალა აქვს.

საქართველოს რესპუბლიკის

მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის

მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)