შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და ბოსნია და ჰერცეგოვინას მინისტრთა საბჭოს შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“

შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და ბოსნია და ჰერცეგოვინას მინისტრთა საბჭოს შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 0-6
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 21/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/07/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016478
0-6
21/06/2016
ვებგვერდი, 20/07/2017
480610000.03.030.016478
შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და ბოსნია და ჰერცეგოვინას მინისტრთა საბჭოს შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და ბოსნია და ჰერცეგოვინას მინისტრთა საბჭოს შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“

საქართველოს მთავრობა და ბოსნია და ჰერცეგოვინას მინისტრთა საბჭო შემდგომში ხელშემკვრელ მხარეებად წოდებულნი,

სურთ რა, ხელი შეუწყონ სამგზავრო და სატვირთო საავტომობილო გადაყვანა-გადაზიდვების განვითარებას თავიანთ სახელმწიფოებს შორის და ტრანზიტად მათი სახელმწიფო ტერიტორიების გავლით,

შეთანხმდნენ და  გადაწყვიტეს შემდეგი: 


ზოგადი დებულებები

მუხლი 1

1. წინამდებარე შეთანხმება ეხება მგზავრთა გადაყვანასა და ტვირთის გადაზიდვას საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტით საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას   შორის, ტრანზიტად მათი სახელმწიფო ტერიტორიების გავლით, ისევე, როგორც მესამე ქვეყნის სახელმწიფო ტერიტორიასა და ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიას შორის და უკუმიმართულებით, ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით.

2. ერთი ხელშემკვრელი მხარის გადამზიდველებს არ აქვთ უფლება განახორციელონ მგზავრთა გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე მდებარე ორ პუნქტს შორის.

მუხლი 2

წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში:

1. გადამზიდველი – ნიშნავს საქართველოს და ბოსნია და ჰერცეგოვინას    სახელმწიფო ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს,  რომელიც ახორციელებს საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვას ქვეყნების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ავტოსატრანსპორტო საშუალება – ნიშნავს ძრავიან ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელიც საკუთარი აგებულებით განკუთვნილია საავტომობილო გზით ტვირთის გადაზიდვის ან მგზავრთა გადაყვანისათვის, ან ტვირთების გადაზიდვისათვის განკუთვნილი მისაბმელის გასაწევად.

3. ავტობუსი – ნიშნავს ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელიც საკუთარი აგებულებით განკუთვნილია მძღოლის ჩათვლით, ცხრა მგზავრზე მეტის გადასაყვანად საავტომობილო გზით და გამოიყენება ამ მიზნისათვის.

4.  მგზავრთა საავტომობილო რეგულარული გადაყვანა ნიშნავს ხელშემკვრელ მხარეებს შორის, ან მათი ტერიტორიების გავლით ავტობუსით მგზავრთა გადაყვანას დადგენილი მარშრუტით, წინასწარ შეთანხმებული და გამოქვეყნებული განრიგის და ტარიფის შესაბამისად.

5. „მგზავრთა საავტომობილო არარეგულარული გადაყვანა ნიშნავს:

a. მგზავრთა დახურული კარით გადაყვანა ისეთი გადაყვანა, როდესაც ერთი და იგივე შემადგენლობის მგზავრთა ჯგუფი მთელი მგზავრობის განმავლობაში გადაიყვანება ერთი და იგივე სატრანსპორტო საშუალებით და ბრუნდება იმ ქვეყანაში, სადაც ეს სატრანსპორტო საშუალება არის რეგისტრირებული;

b. გადაყვანა, რომლის დროსაც სატრანსპორტო საშუალება იწყებს რეისს დატვირთული   და უკან ბრუნდება ცარიელი რეგისტრაციის ქვეყანაში;

c. გადაყვანა, რომლის დროსაც სატრანსპორტო საშუალება იწყებს რეისს ცარიელი და უკან ბრუნდება დატვირთული რეგისტრაციის ქვეყანაში;

d. ყველა სახის გადაყვანა, რომელიც არ არის განსაზღვრული მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით და მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის a), b) და c) ქვეპუნქტებით.

6. ტრანზიტი ნიშნავს ტვირთის გადაზიდვას (დატვირთვის ან გადმოტვირთვის გარეშე) და/ან მგზავრების გადაყვანას (ჩასხდომისა და გადმოსხდომის გარეშე) ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე რეგისტრირებული გადამზიდავის მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიის გავლით ან მესამე ქვეყანაში/ ქვეყნიდან.

7. სახელმწიფო ტერიტორია ნიშნავს:

საქართველოს შემთხვევაში – საქართველოს ტერიტორია ნიშნავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ტერიტორიას, მათ შორის სახმელეთო სივრცეს, მის წიაღსა და საჰაერო სივრცეს მის ზემოთ, შიდა წყლებსა და ტერიტორიულ ზღვას, მათ ფსკერს, წიაღს და საჰაერო სივრცეს მათ ზემოთ, რომელზეც საქართველო ახორციელებს სუვერენიტეტს; ასევე მის ტერიტორიულ ზღვასთან მიმდებარე ზონას, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფს, რომელთა მიმართ საქართველოს შეუძლია განახორციელოს თავისი სუვერენული უფლებები და/ან იურისდიქცია საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.

ბოსნია და ჰერცეგოვინას შემთხვევაში – მსოფლიო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ ბოსნია და ჰერცეგოვინას ტერიტორიას ბოსნია და ჰერცეგოვინას სახელმწიფო საზღვრებში, მათ შორის სახმელეთო სივრცეს, მათ წიაღს და საჰაერო სივრცეს მათ ზემოთ, რომელზეც ბოსნია და ჰერცეგოვინა ახორციელებს სუვერენიტეტსა და იურისდიქციას.

8. კომპეტენტური ორგანო ნიშნავს: 

საქართველოს შემთხვევაში – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და/ან სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს  ან საავტომობილო ტრანსპორტზე პასუხისმგებელ სხვა შესაბამის  ორგანოებს.

ბოსნია და ჰერცეგოვინას შემთხვევაში – კავშირგაბმულობისა და ტრანსპორტის სამინისტროს.

ზემოაღნიშნული კომპეტენტური ორგანოების დასახელებაში ან კომპეტენციაში ნებისმიერი ცვლილების შესახებ, ხელშემკვრელი მხარეები ერთმანეთს აცნობებენ დიპლომატიური არხების მეშვეობით.

მგზავრთა გადაყვანა

მუხლი 3

1. ხელშემკვრელ მხარეებს შორის მგზავრთა საავტომობილო რეგულარული გადაყვანა ან ტრანზიტი ექვემდებარება სანებართვო სისტემას.

2. ერთობლივი შეთანხმების შესაბამისად, მგზავრთა საავტომობილო რეგულარული გადაყვანის ნებართვები გაიცემა ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტური ორგანოების მიერ, საკუთარი სახელმწიფოს ტერიტორიაზე განხორციელებული გადაყვანისათვის.

3. დაუტვირთავი ავტობუსის გაგზავნა ხელშემკვრელი მხარის ან მესამე სახელმწიფოს ტერიტორიაზე მწყობრიდან გამოსული ავტობუსის ჩანაცვლებისა და ამ უკანასკნელის მგზავრთა ჩასხმის მიზნით, არ საჭიროებს ნებართვას.

მუხლი 4

1. ავტობუსით, მგზავრთა საავტომობილო არარეგულარული გადაყვანა არ საჭიროებს ნებართვას.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღწერილი სატრანსპორტო მომსახურების განმახორციელებელი ავტობუსის მძღოლს უნდა გააჩნდეს მგზავრთა სია.

ტვირთების გადაზიდვა

მუხლი 5

1. ტვირთების გადაზიდვა ხორციელდება სანებართვო სისტემის საფუძველზე ხელშემკვრელ მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, გარდა წინამდებარე შეთანხმების მე-6 მუხლის 1-ლ და მე-2 პუნქტებში მოყვანილი შემთხვევებისა, რომელთა დროსაც მომსახურება თავისუფლდება ნებართვის მოთხოვნისაგან.

2. თითოეული გადაზიდვა, მათ შორის ტრანზიტი მესამე ქვეყნიდან/ქვეყანაში და თითოეული სატრანსპორტო საშუალებით  საჭიროებს შესაბამისი ინდივიდუალური ნებართვის მიღებას. ნებართვა იძლევა ერთჯერადად გამგზავრებისა და დაბრუნების უფლებას. დაუტვირთავი სატრანსპორტო საშუალებების გარბენი, ასევე საჭიროებენ ნებართვებს. 

3. ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტური ორგანოები ყოველწლიურად ცვლიან ნებართვების  ფორმების შეთანხმებულ რაოდენობას.

4. მიმდინარე წლის ნებართვები ძალაშია მომდევნო კალენდარული წლის 31 იანვრის ჩათვლით.

მუხლი 6

ნებართვის მოთხოვნებისაგან განთავისუფლება

 

1. წინამდებარე შეთანხმების მე-5 მუხლიდან გამონაკლისის სახით გადაზიდვების ქვემოთ ჩამოთვლილი სახეობები თავისუფლდება ნებართვის მოთხოვნებისაგან:

a. გადაზიდვები იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებით, რომელთა საერთო ნებადართული დატვირთული წონა, მისაბმელის ან ნახევრ-მისაბმელის ჩათვლით, არ აჭარბებს 6 ტონას, ან როცა ნებადართულიტვირთის წონა, მისაბმელის ან ნახევარ-მისაბმელის ჩათვლით, არ აჭარბებს 3.5 ტონას;

b. გადაზიდვები აეროპორტიდან ან აეროპორტებისაკენ იმ შემთხვევაში, როცა ხდება საჰაერო მომსახურეობების გადამისამართება;

c. წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად, გადაზიდვის ოპერაციების განმახორციელებელი დაზიანებული ან მწყობრიდან გამოსული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაზიდვები და მათ შესაკეთებლად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო  საშუალების გარბენი;

d. ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე მწყობრიდან გამოსული ავტოსატრანსპორტო საშუალების შესანაცვლებლად გაგზავნილი ავტოსატრანსპორტო საშუალების დაუტვირთავი გარბენი, და ასევე, მწყობრიდან გამოსული ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთების შემდეგ; უკუგარბენი

e. გადაზიდვები განსაკუთრებული შემთხვევებისას, კერძოდ ბუნებრივი კატასტროფებისა და ჰუმანიტარული საჭიროებებიდან გამომდინარე;

f. გალერეების, გამოფენებისა და ბაზრობებისათვის განკუთვნილი ხელოვნების საგნებისა და ნიმუშების გადაზიდვები;

g. მოწყობილობების, აქსესუარებისა და ცხოველების გადაზიდვები, თეატრალური, მუსიკალური, კინო, საცირკო და სპორტული წარმოდგენების, რადიო-ჩანაწერების, ტელე და კინო გადაღებებისათვის არაკომერციული მიზნით გადაზიდვები;

h. ახლადშეძენილი (ახალი ან მეორადი) ავტოსატრანსპორტო საშუალებების პირველი გარბენი;

i. სამგლოვიარო გადაზიდვები.

2. წინამდებარე შეთანხმების მე-11 მუხლში ხსენებულმა ერთობლივმა კომიტეტმა შესაძლებელია განიხილოს ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი გადაზიდვის სახეობის გარდა, ნებისმიერი სხვა სახის გადაზიდვის ნებართვის მოთხოვნისაგან განთავისუფლების საკითხი.

მუხლი 7

1. ისეთი სატრანსპორტო საშუალებით განხორციელებული გადაზიდვა, რომლის მთლიანი ნებადართული მასა, ღერძზე დატვირთვა ან გაბარიტები აჭარბებს მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოქმედ შეზღუდვებს, საჭიროებს სპეციალურ ნებართვას  ან ავტორიზაციას, რომლის მისაღებადაც წინასწარ უნდა გაკეთდეს ამ ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისი განაცხადი.

2. ამ მუხლის 1-ლ პუნქტში აღნიშნულმა სპეციალურმა ნებართვამ ან ავტორიზაციამ  შესაძლებელია გამოიწვიოს ასეთი სატრანსპორტო საშუალების ცალკეულ მარშრუტზე მოძრაობის შეზღუდვა, ან სხვა მოთხოვნებისა და შეზღუდვების დაწესება.

3. სახიფათო ტვირთის გადაზიდვა რეგულირდება იმ ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის სახელმწიფო ტერიტორიაზეც ხორციელდება ასეთი გადაზიდვა.

ზოგადი დებულებები

მუხლი 8

წინამდებარე შეთანხმებით, ისევე როგორც ხელშემკვრელ მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვები და სხვა დოკუმენტები უნდა ინახებოდეს სატრანსპორტო საშუალების ბორტზე და მოთხოვნისთანავე წარედგინოს მაკონტროლებელ ორგანოებს.

მუხლი 9

წინამდებარე შეთანხმების პირობებით გათვალისწინებული მგზავრთა გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა ექვემდებარება თითოეული ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად დაწესებულ გადასახდელებს, მოსაკრებლებსა და სხვა გადასახადებს.

მუხლი 10

1. მოწყობილობები და ის ნივთები, რომლებიც საჭიროა სატრანსპორტო საშუალების გამართული მუშაობისათვის, მწარმოებლის მიერ სატრანსპორტო საშუალებაში მუდმივად დამონტაჟებულ სტანდარტულ საწვავის ავზში მოთავსებული საწვავის ჩათვლით, ისევე როგორც საცხებ-საპოხი მასალები თავისუფლდება, მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, იმპორტზე დაწესებული ყველა სახის გადასახდელების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახადებისაგან ამ უკანასკნელის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. იმ სატრანსპორტო საშუალების შეკეთების მიზნით დროებით იმპორტირებული სათადარიგო ნაწილები, რომლებიც მწყობრიდანაა გამოსული მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე, თავისუფლდება იმპორტზე დაწესებული ყველა სახის გადასახდელების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახადებისაგან, თუ მიმღები ხელშემკვრელი მხარის შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა იძლევა აღნიშნული გათავისუფლების საშუალებას.

3. გამოუყენებელი ან შეცვლილი სათადარიგო ნაწილების რეექსპორტი ან განადგურება უნდა მოხდეს ხელშემკვრელ მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 11

 

1. წინამდებარე შეთანხმების დებულებათა შესრულებასთან და  შესაძლო დავების აღმოფხვრის მიზნით, ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა ჩამოაყალიბონ ერთობლივი კომიტეტი.

2. ერთობლივი კომიტეტის უფლებები და მოვალეობებია:

a. წინამდებარე შეთანხმების სათანადო შესრულებაზე ზედამხედველობა;

b. ისეთი სავარაუდო პრობლემების შესწავლა და წინადადებების მომზადება მათი გადაწყვეტის მიზნით, რომელთა გადაწყვეტა ვერ ხერხდება უშუალოდ წინამდებარე შეთანხმების მე-2 მუხლის მე-8 პუნქტში მითითებულ კომპეტენტურ ორგანოებს შორის;

c. წინამდებარე შეთანხმების სფეროში შემავალი სხვა შესაბამისი საკითხების განხილვა და სათანადო რეკომენდაციების მომზადება მათი გადაჭრისათვის;

d. წინამდებარე შეთანხმებაში ნებისმიერი ცვლილების რეკომენდირება და მისი მიწოდება დასამტკიცებლად;

e. გადაწყვეტილების მიღება ნებართვების/ავტორიზაციების სახეობების რაოდენობასთან დაკავშირებით

f. გადაზიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა საკითხის განხილვა მისი ერთობლივად შეთანხმების მიზნით.

3. ერთობლივი კომიტეტის შეხვედრები უნდა გაიმართოს საჭიროებისამებრ, მონაცვლეობით, ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფო ტერიტორიებზე.

მუხლი 12

1. ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის გადამზიდავის მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე წინამდებარე შეთანხმების დებულებების დარღვევის შემთხვევაში, იმ ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურმა ორგანოებმა, რომლის ტერიტორიაზეც მოხდა დარღვევა, აღნიშნულის შესახებ უნდა აცნობონ იმ მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოებს, სადაც რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება.

2. იმ ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურმა ორგანოებმა, რომლის სახელმწიფო ტერიტორიაზე მოხდა დარღვევა, შესაძლებელია მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს მოსთხოვონ შემდეგი:

a. გაფრთხილების მიცემა იმ გადამზიდველისთვის, რომელმაც ჩაიდინა დარღვევა;

b. გადამზიდველისთვის იმ ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე საავტომობილო გადაყვანა/გადაზიდვების განხორციელების უფლების დროებითი, ნაწილობრივი ან სრულად ჩამორთმევა, რომლის სახელმწიფო ტერიტორიაზეც მოხდა დარღვევა;

3. ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა აცნობონ ერთამანეთს ამ მუხლის მე-2 პუნქტის დებულებებით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების შესახებ.

მუხლი 13

ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის გადამზიდველებმა, ისევე როგორც სატრანსპორტო საშუალების ეკიპაჟმა, მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე ყოფნისას, უნდა დააკმაყოფილონ ამ მეორე ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა და საავტომობილო ტრანსპორტთან და მის მოძრაობასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტები.

მუხლი 14

ნებისმიერი სხვა საკითხი, რომელსაც არ ფარავს წინამდებარე შეთანხმება ან ის საერთაშორისო შეთანხმებები, რომელთა წევრებიც არიან ხელშემკვრელი მხარეები, უნდა გადაწყდეს თითოეული ხელშემკვრელი მხარის სათანადო შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.

დასკვნითი  დებულებები

მუხლი 15

ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება ხელშემკვრელ მხარეთა შორის კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით.

მუხლი 16

ამ შეთანხმებაში, ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა ამ შეთანხმების მე-17 მუხლის შესაბამისად. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენენ ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.

მუხლი 17

1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ხელშემკვრელ მხარეთა მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ, დიპლომატიური არხების მეშვეობით, უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან მომდევნო თვის პირველ დღეს.

2. წინამდებარე შეთანხმება დადებულია განუსაზღვრელი ვადით. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს ამ შეთანხმების მოქმედება, მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის, მოქმედების შეწყვეტის შესახებ, დიპლომატიური არხების მეშვეობით, წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. ასეთ შემთხვევაში წინამდებარე შეთანხმენა მოქმედებას წყვეტს მოქმედების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების მიღებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ.

რის დასტურადაც, საკუთარი შესაბამისი მთავრობების მიერ ამაზე სათანადოდ უფლებამოსილმა ქვემორე ხელმომწერნმა ხელი მოაწერეს წინამდებარე შეთანხმებას.

შესრულებულია როტერდამში, 2016 წლის 21 ივნისს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ბოსნიურ, სერბულ, ხორვატიულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

საქართველოს მთავრობის

სახელით

 

ბოსნია და ჰერცეგოვინას მინისტრთა საბჭოს

სახელით