„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები პროექტის ავტორი
მიღების თარიღი 30/06/2017
დოკუმენტის ტიპი ნორმატიული აქტების პროექტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016409
  • Word
0
30/06/2017
ვებგვერდი, 30/06/2017
000000000.00.00.016409
„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
პროექტის ავტორი

პროექტი

საქართველოს კანონი

„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1. „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №21-22, 31 მაისი, 1997; გვ.15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1. კანონის მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ“ ქვეპუნქტი:

„ქ) საზედამხედველო საფასური – მზღვეველის მიერ გამომუშავებული ბრუტო პრემიის ან/და მაგროვებადი და დაბრუნებადი სიცოცხლის დაზღვევის სახეობებში მზღვეველის კუთვნილი შემოსავლის ამ კანონის 191 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ოდენობა.”.

 

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 92 მუხლი:

 

„მუხლი 92. შიდა აუდიტი

1. მზღვეველის საქმიანობა ექვემდებარება შიდა აუდიტორულ შემოწმებას ამ მუხლით განსაზღვრული წესითა და პირობებით.

2. შიდა აუდიტორული შემოწმების ძირითადი მიზანია მზღვეველის მიმდინარე საქმიანობის კანონშესაბამისობის და სისწორის შემოწმება, მისი ადეკვატურობისა და ეფექტურობის შეფასება, სამართლებრივი აქტების, შიდა პროცედურების/წესების დაცვის კონტროლი, მართვის შიდა სისტემების შეფასება.

3. შიდა აუდიტის ფუნქციას ახორციელებს შიდა აუდიტორი ან სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი სტრუქტურული ერთეული–შიდა აუდიტის სამსახური.

4. შიდა აუდიტის სამსახურის უფროსს და თანამშრომლებს/შიდა აუდიტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭო ხმათა უმრავლესობით.

5.შიდა აუდიტის სამსახურის უფროსად/თანამშრომლად/შიდა აუდიტორად არ შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელიც:

ა) ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის;

ბ) ნასამართლევია ეკონომიკური დანაშაულისთვის;

გ)წარმოადგენს მზღვეველის მნიშვნელოვანი წილის მფლობელ აქციონერთან/ადმინისტრატორთან ისეთი ახლო ნათესაური კავშირით დაკავშირებულ პირს, რომელიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად კანონით მემკვიდრეთა წრიდან პირველ და მეორე რიგში ირიცხება, ან მათთან საქმიანი/კომერციული ინტერესებით დაკავშირებულ პირს;

დ)არ გააჩნია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხის – კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი) აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრების შესახებ;

ე) წარმოადგენს ამავე მზღვეველის/სხვა მზღვეველის მმართველი ორგანოს წევრს/ადმინისტრატორს ან სხვა თანამშრომელს.

6. მზღვეველი ვალდებულია შიდა აუდიტის სამსახურის უფროსად/თანამშრომლად/შიდა აუდიტორად დასანიშნი პირის თაობაზე სამსახურს წინასწარ წარუდგინოს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია მისი ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების მიზნით.

7. მზღვეველი ვალდებულია შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის/შიდა აუდიტორის მიერ თანამდებობის დატოვების ან მისი გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია მიზეზების მითითებით დაუყოვნებლივ აცნობოს სამსახურს.

8. შიდა აუდიტის სამსახური/შიდა აუდიტორი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და ანგარიშვალდებულია მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე. დაუშვებელია მისი უფლებამოსილებების/მის კომპეტენციაში შემავალი საკითხების განსახილველად გადაცემა მზღვეველის სხვა სტრუქტურული ერთეულებისთვის, ასევე სხვა მესამე პირებისთვის.

9. მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭო, შიდა აუდიტის ფუნქციის სრულყოფილად განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, ვალდებულია შეიმუშაოს აუცილებელი შიდა დოკუმენტები შიდა აუდიტის პოლიტიკის, შემოწმების ჩატარების წესისა და პროცედურების შესახებ.

10. სამეთვალყურეო საბჭო ვალდებულია ყოველწლიურად დაამტკიცოს შიდა აუდიტის წლიური/კვარტალური პროგრამა, რომელიც უნდა შეიცავდეს სულ მცირე:

ა) საქმიანობის იმ სფეროებს, სადაც უნდა ჩატარდეს აუდიტორული შემოწმება;

ბ)საქმიანობის იმ სფეროებში, სადაც უნდა ჩატარდეს აუდიტორული შემოწმება, აუდიტორული შემოწმების შინაარსის აღწერას;

11. შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი/შიდა აუდიტორი სამეთვალყურეო საბჭოს წარუდგენს შიდააუდიტორული შემოწმების შემდეგ ანგარიშებს:

ა) გეგმურს – წლიური/კვარტალური პროგრამით დადგენილი შემოწმების შედეგების შესახებ;

ბ)არაგეგმურს – თუ მისი დასაბუთებული მოსაზრებით გამოვლენილია არსებითი დარღვევები. ამასთან, არაგეგმური ანგარიში სამეთვალყურეო საბჭოში წარდგენილ უნდა იქნეს არაუგვიანეს დარღვევის გამოვლენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო სამეთვალყურეო საბჭო ვალდებულია წარდგენიდან უმოკლეს დროში უზრუნველყოს ანგარიშის განხილვა.

13. შიდა აუდიტის ანგარიში უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ მონაცემებს:

ა) შიდა აუდიტორული შემოწმების აღწერას;

ბ)შემოწმების შედეგად გამოვლენილ დარღვევებსა და უზუსტობებს და მათ აღმოსაფხვრელად მიმართულ ღონისძიებებს/შემუშავებულ რეკომენდაციებს;

გ)იმ სფეროს/მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციას და სავარაუდო სამოქმედო გეგმას, სადაც შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგად გამოვლინდა დარღვევები და უზუსტობები;

დ)დასკვნას გამოვლენილი დარღვევებისა და უზუსტობების აღმოფხვრის შესახებ.

14. შიდა აუდიტის სამსახური/შიდა აუდიტორი ასევე გასცემს დასკვნებს და წარადგენს წინადადებებს შიდააუდიტორული ფუნქციის განხორციელებასთან დაკავშირებულ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დასმულ არაგეგმიურ საკითხებზე, ასევე თავისი ინიციატივით დასმულ საკითხებზე.

15. სამსახური უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს, ხოლო მზღვეველი ვალდებულია სამსახურს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს შიდააუდიტორული შემოწმების ანგარიში (ანგარიშები).

16. შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი /თანამშრომელი/შიდა აუდიტორი მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისას უნდა იყოს ობიექტური და მიუკერძოებელი.

17. შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი /თანამშრომელი/შიდა აუდიტორი მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისას უფლებამოსილია მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია, ჩამოართვას ახსნა-განმარტებები მზღვეველის თანამშრომლებს, ადმინისტრატორებს, ჰქონდეს სრული წვდომის უფლება კომპიუტერულ ფაილებზე, მათში ცვლილების შეტანის უფლების გარეშე. ამასთან, იგი ვალდებულია არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელების პროცესში, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

18. მზღვეველი ვალდებულია უზრუნველყოს შიდა აუდიტორული ფუნქციის შეუფერხებელი განხორციელება და ამ მიზნით შეუქმნას შიდა აუდიტის სამსახურს/შიდა აუდიტორს თავისი მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი ყველა პირობა.

19. მზღვეველის მმართველი ორგანოები ვალდებულნი არიან დასახონ შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებების/დარღვევების აღმოფხვრის კონკრეტული გზები და უზრუნველყონ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.“.

 

3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 191-193 მუხლები:

 

„მუხლი 191. საზედამხედველო საფასურის განაკვეთი

1. საზედამხედველო საფასურის ოდენობა განისაზღვრება კალენდარული წლის განმავლობაში მზღვეველის მიერ გამომუშავებული პრემიის ან/და მაგროვებადი და დაბრუნებადი სიცოცხლის დაზღვევის სახეობებში მზღვეველების კუთვნილი შემოსავლის ოდენობიდან შემდეგი განაკვეთით:

ა) მზღვეველის წლიური გამომუშავებული ბრუტო პრემიის 1%;

ბ) მაგროვებადი და დაბრუნებადი სიცოცხლის დაზღვევის სახეობაში მიღებული კუთვნილი წლიური შემოსავლის 1%.

 

მუხლი 192. საზედამხედველო საფასურის გადახდის წესი

1. მზღვეველები ვალდებული არიან მიმდინარე საზედამხედველო საფასური გადაიხადონ წინა კალენდარული წლის საზედამხედველო საფასურის მიხედვით, შემდეგი ოდენობით:

ა) არაუგვიანეს 10 იანვრისა – 25 პროცენტი;

ბ) არაუგვიანეს 10 აპრილისა – 25 პროცენტი;

გ) არაუგვიანეს 10 ივლისისა – 25 პროცენტი;

დ) არაუგვიანეს 10 ოქტომბრისა – 25 პროცენტი.

2. მიმდინარე გადასახდელთა ჩარიცხული თანხები მზღვეველებს ჩაეთვლებათ კალენდარული წლის მიხედვით გადასახდელ საზედამხედველო საფასურში.

       

 მუხლი 193. ბიუჯეტი და დაფინანსების წყაროები

1. სამსახურების დაფინანსების წყაროებია:

ა) საზედამხედველო საფასური;

ბ) გრანტები და/ან ქველმოქმედებიდან მიღებული შემოწირულობები;        

გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. მზღვეველის მიერ განხორციელებული საზედამხედველო საფასურის გადახდა მიზნად ისახავს სამსახურმა ეფექტურად განავითაროს სადაზღვევო სექტორი, დაიცვას მზღვეველის, დამზღვევის, მომხმარებლების ინტერესები და ასევე სამსახურის ხარჯების დაფარვას.

3.საზედამხედველო საფასური გადაირიცხება ცალკე ანგარიშზე სამსახურის სარგებლობისათვის, რომელსაც აქვს მისი მიზნობრივად გამოყენების სრული უფლებამოსილება.

4. სამსახურის მიერ მიმდინარე წელს გამოუყენებელი სახსრები გადადის მომდევნო წლის ანგარიშში და გაითვალისწინება სამსახურის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში.

5. სამსახური ამზადებს მომავალი წლის ბიუჯეტს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომელშიც ასახული უნდა იყოს სამსახურის ყველა ხარჯი და მათი დაფარვის წყარო.“.

 

4. კანონის 28-ე მუხლის 52 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„52. სამსახური მზღვეველს დასაბუთებულ უარს ეუბნება ამ მუხლის მე-5 და 51 პუნქტებით გათვალისწინებული წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 10 დღის ვადაში. დასაბუთებული უარის ამ ვადაში მიუღებლობის შემთხვევაში თანხმობა გაცემულად ჩაითვლება.“.

 

 მუხლი 2.

1. ამ კანონის ამოქმედებამდე ლიცენზირებულმა მზღვეველებმა დააკმაყოფილონ ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 92 მუხლის მოთხოვნები შიდა აუდიტის ფუნქციის ორგანიზებასთან დაკავშირებით 2018 წლის 1 იანვრიდან.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე–3 პუნქტით განსაზღვრული „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 191 მუხლის მიხედვით გადასახდელი საზედამხედველო საფასურის ოდენობა 2018 წლის 1 იანვრამდე შეადგენს კალენდარული წლის განმავლობაში მზღვეველის მიერ გამომუშავებული პრემიის ან/და მაგროვებადი და დაბრუნებადი სიცოცხლის დაზღვევის სახეობებში მზღვეველების კუთვნილი შემოსავლის 0.5 %.

3. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, თუ ადგილი აქვს ამ კანონის პირველი მუხლის მე–3 პუნქტით განსაზღვრული „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 192 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მიმდინარე საზედამხედველო საფასურის გადახდის არასრულ პერიოდს, მაშინ ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი საზედამხედველო საფასური გადაიხდება არაუგვიანეს ამ კანონის ამოქმედების შემდგომი თვის 10 რიცხვისა და გადასახდელი საზედამხედველო საფასურის ოდენობა განისაზღვრება მიმდინარე გადასახდელის შესაბამისი დღეების გაანგარიშების მიხედვით.

 

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                                                    გიორგი მარგველაშვილი

 

 

განმარტებითი ბარათი

საქართველოს კანონის პროექტზე

„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:

ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:

კანონპროექტის მიღების მიზანს წარმოადგენს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის საქმიანობის ხელშეწყობა. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები ხელს შეუწყობს ქვეყანაში სადაზღვევო სისტემის განვითარებასა და ამ სფეროს ზედამხედველობის გაუმჯობესებას. კერძოდ კი:

1. 2014 წლის სექტემბრის ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის (FSAP) დაზღვევის სექტორისადმი შემუშავებული რეკომენდაციების და სამთავრობო პროგრამის „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ ნაწილობრივი შესრულება, „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის ფუძემდებლური პრინციპების გათვალისწინებით, მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმების შედეგად 2017-2020 წლებში ნაერთი ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯების შემცირება.

2. მზღვეველის მიერ განხორციელებული ოპერაციების კანონიერების, სისწორის, მზღვეველის მართვის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის პერმანენტული შეფასების, სამართლებრივი აქტების, შიდა პროცედურების/წესების დაცვის ოპერატიული კონტროლის განხორციელების აუცილებლობა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი შიდა აუდიტის ფუნქციის მიერ მზღვეველის საქმიანობის სტაბილურობისა და გადახდისუნარიანობის უზრუნველსაყოფად.

ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:

1.         სსიპ – დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ფინანსური დამოუკიდებლობა, მისი გაძლიერება და გაზრდა, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებიდან კერძო დაფინანსების წყაროებზე გადასვლის გზით.

2014 წლის სექტემბრის ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის (FSAP) შესაბამისი მოთხოვნების იმპლემენტაცია.

2.         ყველა მზღვეველის ოპერატიული თვითკონტროლის მექანიზმის შექმნისა და ფუნქციონირების უზრუნველყოფა სავალდებულო, საერთაშორისო სტანდარტებისა და ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად ორგანიზებული შიდა აუდიტის ფორმით.

2009 წლის 25 ნოემბრის №138 დირექტივას ,,სადაზღვევო და გადაზღვევის ორგანიზაციების საქმიანობის ორგანიზაციისა და განხორციელების შესახებ“ (გადახდისუნარიანობის ნორმები 2) მოთხოვნებთან ეროვნული კანონმდებლობის ნაწილობრივი ჰარმონიზაცია.

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:

კანონპროექტი შედგება 3 მუხლისაგან.

პირველი მუხლი შეეხება „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილებებსა და დამატებებს.

მე-2 მუხლი ადგენს გარდამავალ დებულებებს.

მე-3 მუხლი ადგენს კანონპროექტის ამოქმედების თარიღს.

„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლს დაემატა „ქ“ ქვეპუნქტი, მუხლები: 92, 191-193 .

კანონპროექტის პირველი მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზვრული „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტი ადგენს:

„საზედამხედველო საფასურის“ ცნებას, რომელიც წარმოადგენს მზღვეველის მიერ გამომუშავებული ბრუტო პრემიის 1%-ს ან/და მაგროვებადი და დაბრუნებადი სიცოცხლის დაზღვევის სახეობებში მზღვეველების კუთვნილი შემოსავლის 1%-ს წარმოდგენილი კანონპროექტის ამოქმედებიდან, საზედამხედველო საფასურის გადახდით განხორციელდება სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დაფინანსება, ნაცვლად სახელმწიფო ბიუჯეტისა.

კანონპროექტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 92 მუხლი ადგენს:

საქართველოში მოქმედი ყველა მზღვეველი პერმანენტულად უნდა ახორციელებდეს საკუთარი საქმიანობის კანონშესაბამისობის და სისწორის შემოწმებას, მისი ადეკვატურობისა და ეფექტურობის შეფასებას, სამართლებრივი აქტების, შიდა პროცედურების/წესების დაცვაზე კონტროლს, მართვის შიდა სისტემების შეფასებას საამისოდ მზღვეველი(გადამზღვეველი) სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დაკომპლექტებული შიდა აუდიტორული სამსახურის/შიდა აუდიტორის მეშვეობით.

შიდააუდიტორული სამსახურის უფროსს/შიდა აუდიტორს და შიდააუდიტორული სამსახურის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭო, საბჭოს წევრთა ხმათა უმრავლესობით. ზემოაღნიშნულ თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენილი პირები უნდა აკმაყოფილებდნენ თანამდებობისთვის შესაფერისობის კრიტერიუმსა და პროფესიული შესაფერისობის სტანდარტს, ჰქონდეთ კარგი რეპუტაცია, კვალიფიკაციის ის დონე, რომელიც საკმარისია შიდა აუდიტის ფუნქციის განხორციელებისთვის. ამავდროულად ისინი არ შეიძლება იყვნენ მზღვეველის მნიშვნელოვანი წილის მფლობელ აქციონერთან/ადმინისტრატორთან ისეთი ახლო ნათესაური კავშირით დაკავშირებული პირები, რომელიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად კანონით მემკვიდრეთა წრიდან პირველ და მეორე რიგში ირიცხება; ან მათთან საქმიანი/კომერციული ინტერესებით დაკავშირებული პირი; ფლობდნენ მზღვევლის აქციებს; ეკავოთ რაიმე სხვა თანამდებობა ამავე საწარმოში.

მზღვეველი ვალდებულია საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს დაუყოვნებლივ შეატყობინოს შიდა აუდიტორის/შიდა აუდიტორული სამსახურის უფროსის შეცვლის ყოველი ფაქტი, ასევე მიაწოდოს სრული ინფორმაცია შიდააუდიტორული სამსახურის უფროსად (შიდა აუდიტორად) დასანიშნი პირების თაობაზე, რაც სამსახურს შესაძლებლობას მისცემს შეაფასოს მათი შესაბამისობა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან.

შიდააუდიტორული სამსახურის/შიდა აუდიტორის კომპეტენცია განისაზღვრება მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ.

შიდააუდიტორული სამსახურის უფროსი/შიდა აუდიტორი ანგარიშვალდებულია სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე.

სამეთვალყურეო საბჭო ვალდებულია ყოველწლიურად დაამტკიცოს შიდა აუდიტის წლიური პროგრამა, რომელიც უნდა შეიცავდეს, სულ მცირე:

ა) საქმიანობის იმ სფეროებს, სადაც უნდა ჩატარდეს აუდიტორული შემოწმება;

ბ) საქმიანობის სხვადასხვა სფეროში აუდიტორული დაკვირვების შინაარსის აღწერას.

შიდააუდიტორული სამსახურის უფროსი/შიდა აუდიტორი სამეთვალყურეო საბჭოს წარუდგენს შიდააუდიტორული შემოწმების შემდეგ ანგარიშებს:

ა) გეგმურს – წლიური პროგრამით დადგენილი შემოწმებების შედეგების შესახებ;

ბ) არაგეგმურს – თუ დასაბუთებული მოსაზრებით გამოვლენილია არსებითი დარღვევები. ამასთან, ანგარიში სამეთვალყურეო საბჭოში წარდგენილი უნდა იქნეს არაუგვიანეს დარღვევის გამოვლენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში. სამეთვალყურეო საბჭო ვალდებულია დარღვევის წარდგენიდან უმოკლეს დროში უზრუნველყოს ანგარიშის განხილვა.

შიდა აუდიტის ანგარიში უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ მონაცემებს:

ა) შემოწმების აღწერას;

ბ) შემოწმების შედეგად გამოვლენილ დარღვევებსა და უზუსტობებს და მათ აღმოსაფხვრელად მიმართულ ღონისძიებებს;

გ) დასკვნას გამოვლენილი დარღვევებისა და უზუსტობების აღმოფხვრის შესახებ.

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს, ხოლო მზღვეველი ვალდებულია სამსახურს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს შიდაააუდიტორული შემოწმების ანგარიში (ანგარიშები).

შიდააუდიტორული სამსახურის/შიდა აუდიტორის საქმიანობა დამოუკიდებელია ოპერაციული ფუნქციებისგან.

შიდა აუდიტორული სამსახურის უფროსი /თანამშრომელი/შიდა აუდიტორი მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისას უნდა იყოს ობიექტური და მიუკერძოებელი.

მზღვეველი ვალდებულია უზრუნველყოს შიდააუდიტორული ფუნქციის შეუფერხებელი განხორციელება და ამ მიზნით შეუქმნას შიდააუდიტორულ სამსახურს/შიდა აუდიტორს თავისი მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი ყველა პირობა.

შიდააუდიტორული სამსახურის უფროსი /თანამშრომელი/შიდა აუდიტორი მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისას უფლებამოსილია მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია, ჩამოართვას ახსნა-განმარტებები მზღვეველის თანამშრომლებს, ადმინისტრატორებს, ჰქონდეს სრული წვდომის უფლება კომპიუტერულ ფაილებზე, მათში ცვლილების შეტანის უფლების გარეშე. ამასთან, მათ არ აქვთ იმ ინფორმაციის გამჟღავნების უფლება, რომელიც ცნობილი გახდა შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელების პროცესში, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

მზღვეველის მმართველი ორგანოები ვალდებულნი არიან დასახონ შიდააუდიტორული სამსახურის მიერ გამოვლენილი ნაკლოვანებების/დარღვევების აღმოფხვრის კონკრეტული გზები და უზრუნველყონ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

კანონპროექტის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 191 მუხლი ადგენს:

საზედამხედველო საფასურის განაკვეთს, რომელიც განისაზღვრება კალენდარული წლის განმავლობაში მზღვეველის მიერ გამომუშავებული ბრუტო პრემიის 1% ან/და მაგროვებადი და დაბრუნებადი სიცოცხლის დაზღვევის სახეობებში მზღვეველების კუთვნილი შემოსავლის 1%-ს ოდენობით. „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში აღნიშნული ცვლილებით, სამსახური იცვლის დაფინანსების წყაროს და საბიუჯეტო ორგანიზაციიდან გადადის თვითდაფინანსებაზე.

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის თვითდაფინანსებაზე გადასვლა არ წარმოადგენს სიახლეს. აღნიშნული საკითხი მოწესრიგებული იყო „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით. კერძოდ, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური შეიქმნა 1997 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე და მისი დაფინანსების წყაროს წარმოადგენდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები. 2001 წელს გატარდა რა ცვლილებები შესაბამის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებში, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობამ შეცვალა მმართველობის ფორმა, გადავიდა მმართველობის ,,სსიპ’’ ფორმაზე, ხოლო დაფინანსების წყაროდ საბიუჯეტო სახსრების ნაცვლად განისაზღვრა მზღვეველების მიერ გადახდილი შენატანები, რომლის პროცენტული ოდენობა, მინიმალური და მაქსიმალური ზღვარი გაიწერა ,,დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში.

ასეთი ფორმითა და დაფინანსების წყაროთი იარსება სამსახურმა 2007 წლამდე, ანუ დამოუკიდებლად არსებობამდე.

აღნიშნულმა ცვლილებამ საშუალება მისცა ზედამხედველობის სამსახურს გაცილებით ეფექტურად განეხორციელებინა დაკისრებული ფუნქციები და მიზნები, იქნებოდა ეს აპარატის შენახვა, საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავება (მათ შორის, საერთაშორისო ასოციაციის წევრობა (საწევროს თანხის დაფარვის ჩათვლით) სასწავლო და საგანმანათლებლო პროცესებში ჩართულობა და სხვა.

თუ გავიზიარებთ საერთაშორისო პრაქტიკას უშუალოდ სადაზღვევო ზედამხედველობის სააგენტოების დაფინანსების კუთხით ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარებისა ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში (OECD), საზედამხედველო ორგანოების ბიუჯეტს სახელმწიფო დაფინანსების გარდა, ავსებს სადაზღვევო ინდუსტრია (საფრანგეთი, გერმანია, სამხრეთ კორეა და დიდი ბრიტანეთი). მაგალითად, რუმინეთის და მაკედონიის ზედამხედველობის სამსახურები ფინანსდებიან მხოლოდ მზღვეველი ორგანიზაციებიდან, რუმინეთში საზედამხედველო საფასურის ოდენობა შეადგენს მზღვეველის მიერ მოზიდული პრემიის 1.2 %, ხოლო მაკედონიაში მზღვეველის მიერ მოზიდული პრემიის 0.8 % და ასევე დამატებით სალიცენზიო მომსახურებისთვის დადგენილ საფასურს.

მსგავსი პრაქტიკა არსებობს მარეგულირებელ ორგანოებშიც, სადაც დაფინანსების წყარო არის რეგულირების სფეროში შემავალი პირების მიერ გადახდილი რეგულირების ყოველწლიური საფასური, ასევე სალიცენზიო გადასახადები, ანუ ეს აპრობირებული მეთოდია, რომელიც სამსახურის ფუნქციონირების ეფექტურობისკენ მიმართული წინგადადგმული ნაბიჯია.

საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ სადაზღვევო ზედამხედველობის სააგენტოების არსებობა თვითდაფინანსების პრინციპით გამართლებულია და უფრო მეტ საშუალებას იძლევა განვითარებისა და ეფექტური საქმიანობისათვის.

ზედამხედველობის მძლავრი ბერკეტების შექმნა, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაზე მუშაობა, რაც მოითხოვს სათანადო ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავებას და რაც, თავის მხრივ, მჭიდრო კავშირშია დაფინანსების საკითხებთან, ასევე დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის წევრობა, სადაც სისტემატურად მიმდინარეობს საკომიტეტო სამუშოები, ინერგება დაზღვევის ახალი მიდგომები და სტანდარტები, ხოლო ჩართულობა მოითხოვს სათანადო დაფინანსებას, ასევე საკადრო საკითხების სწორად წარმართვის პოლიტიკა, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის გაუმჯობესება და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები წარმოადგენს მთავარ წინაპირობას დაფინანსების ალტერნატიულ წყაროზე გადასვლისა, რითაც, ერთი მხრივ, მოხდება საბიუჯეტო სახსრების გამოთავისუფლება, ხოლო მეორე მხრივ, ზემოთ მითითებული მიზნების მიღწევა.

სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის ბიუჯეტი შეადგენს 1 180 000 (ერთი მილიონ ას ოთხმოცი ათასი) ლარს. საზედამხედველო სფეროში შემავალი პირების მიერ სამსახურის დაფინანსების შემთხვევაში სამსახურის ბიუჯეტი (2018 წლისათვის) სავარაუდოდ იქნება 4 000 000 (ოთხი მილიონი) ლარი, საიდანაც სამსახურის მიერ კანონით გათვალისწინებული გადასახადებით (გარდა საშემოსავლო გადასახადისა) სახელმწიფო ბიუჯეტისათვის გადასახდელი ოდენობა სავარაუდოდ შეადგენს 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარს. ამავდროულად, ვინაიდან კანონპროექტით გათვალისწინებულია სამსახურის დაფინანსება მიმდინარე წელს (შეჭრილი პერიოდიდან), ნიშანდობლივია, რომ საზედამხედველო სფეროში შემავალი პირების მიერ სამსახურის დაფინანსების შემთხვევაში სამსახური მიიღებს ამ პერიოდისათვის პროპორციულად დაანგარიშებულ საზედამხედველო საფასურის ოდენობას (5 თვის შემთხვევაში, დაახლოებით 770 000 (შვიდას სამოცდაათი ათასი) ლარს, საიდანაც სახელმწიფო ბიუჯეტისათვის გადასახდელი ოდენობა (გარდა საშემოსავლო გადასახადისა) სავარაუდოდ შეადგენს 117 000 (ას ჩვიდმეტი ათასი) ლარს და ასეთ შემთხვევაში სამსახური აღარ ისარგებლებს შესაბამისი პერიოდისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით, რომელიც შეადგენს 490 000 (ოთხას ოთხმოცდაათი ათასი) ლარს.

მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის 2014 წელს ჩატარებული პირველი სრულყოფილი FSAP (Financial Sector Assesment Program)-ის მიხედვით, მისი უპირველესი რეკომენდაცია სამსახურის მაქსიმალური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისათვის წარმოადგენს დაფინანსების სადაზღვევო ინდუსტრიის შესაბამისობაში მოყვანა. აღნიშნული უცილობლად ემსახურება პროფესიული კადრების აღზრდის, კადრების გადინების შეჩერების და პროგრამული (გეგმიური) მართვის ძირითად კომპონენტებს.

კანონპროექტის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზვრული „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 19 2 მუხლი ადგენს:

საზედამხედველო საფასურის გადახდის წესს, რომელიც გადაიხდება სამსახურის რეგულირებადი სფეროს მიერ, კერძოდ: მზღვეველების მიერ. საზედამხედველო საფასური გადაიხდება ყოველკვარტალურად, წინა წლის საზედამხედველო საფასურის მიხედვით, მისი ¼-ის ოდენობით. აღნიშნული გადახდები, მზღვეველებს ჩაეთველბათ მიმდინარე წლის საზედამხედველო საფასურის გადასახდელებში.

კანონპროექტის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზვრული „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 193 მუხლი ადგენს:

სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დაფინანსების წყაროებს წარმოადგენს (რომლის დაფინასების წყარო არ იქნება სახელმწიფო ბიუჯეტი): საზედამხედველო საფასური, გრანტები და/ან ქველმოქმედებიდან მიღებული შემოწირულობები ან/და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. საზედამხედველო საფასურის გადარიცხვა ხორციელდება სამსახურის ცალკე ანგარიშზე და გამოიყენებს მიზნობრივად. სამსახურის მიერ მიმდინარე წელს გამოუყენებელი სახსრები გადადის მომდევნო წლის ანგარიშში და გაითვალისწინება სამსახურის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში. სამსახური ამზადებს მომავალი წლის ბიუჯეტს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომელშიც ასახული უნდა იყოს სამსახურის ყველა ხარჯი და მათი დაფარვის წყარო.

კანონპროექტის პირველი მუხლის მე–4 პუნქტით განსაზღვრულია „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის  52 პუნქტის ცვლილება ახალი რედაქციით.

აღნიშნული ცვლილება მიზნად ისახავს „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად დამატებულ 28-ე მუხლს დაემატა 51 პუნქტის 28-ე მუხლის 52 პუნქტთან შესაბამისობაში მოყვანა. კერძოდ: „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის 51 პუნქტი ითვალისწინებს მზღვეველის მიერ ადმინისტრატორის ცვლილების შემთხვევაში სამსახურისათვის წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალს, ხოლო 28-ე მუხლის 52 პუნქტი ადგენს სამსახურის მიერ მზღვეველისათვის უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლებს. შესაბამისად, აუცილებელი გახდა სამსახურის მიერ მზღვეველისათვის დასაბუთებული უარის სამართლებრივ საფუძვლებს დაემატოს აღნიშნული პუნქტი.

კანონპროექტის მე-2 მუხლი ადგენს გარდამავალ დებულებებს, კერძოდ:

1.კანონპროექტის პირველი მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 92 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის, კანონის ამოქმედებამდე ლიცენზირებულმა მზღვეველებს მიეცემათ ვადა, კერძოდ - 2018 წლის 1 იანვრიდან.

2. ამ კანონის ამოქმედებიდან 2018 წლის 1 იანვრამდე მზღვეველების მიერ მიმდინარე გადასახდელი საზედამხედველო საფასურის ოდენობა შეადგენს წინა კალენდარული წლის განმავლობაში მზღვეველის მიერ გამომუშავებული პრემიის ან/და მაგროვებადი და დაბრუნებადი სიცოცხლის დაზღვევის სახეობებში მზღვეველების კუთვნილი შემოსავლის 0.5 %.

3. კანონპროექტის კალენდარული წლის შუა პერიოდში ამოქმედების გამო, ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 192 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მიმდინარე საზედამხედველო საფასურის გადახდა განხორციელდება კანონის ამოქმედების მომდევნო თვის 10 რიცხვამდე და დაიანგარიშება შესაბამისი კვარტალის პერიოდის მიხედვით;

ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:

კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას;

ბ.ბ)კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:

კანონპროექტის მიღება იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, 2018 წლისთვის (სრული კალენდარული წელი) სამსახურის მიერ კანონით გათვალისწინებული გადასახადებით (გარდა საშემოსავლო გადასახადისა) სახელმწიფო ბიუჯეტისათვის გადასახდელი ოდენობა სავარაუდოდ შეადგენს 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარს, ხოლო კანონპროექტის არასრულ კალენდარულ წელს მიღება, გამოიწვევს სამსახურის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტისათვის შესაბამის პერიოდზე დაანგარიშებულ გადასახდელის გადახდას (მაგ.: 2017 წლის 5 თვეზე დაანგარიშებით გადასახდელის ოდენობა სავარაუდოდ შეადგენს 117 000 (ას ჩვიდმეტი ათასი) ლარს);

ბ.გ)კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:

კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირებას. კერძოდ, სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის ბიუჯეტი შეადგენს 1 180 000 (ერთი მილიონ ას ოთხმოცი ათასი) ლარს და კანონპროექტის მიღების შემდგომ სამსახური აღარ დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. შესაბამისად, 2018 წლისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირება შეადგენს 1 180 000 (ერთი მილიონ ას ოთხმოცი ათასი) ლარს. ამავდროულად, ვინაიდან კანონპროექტით გათვალისწინებულია სამსახურის დაფინანსება მიმდინარე წელს (შეჭრილი პერიოდიდან), შესაბამისი პერიოდისათვის სამსახური აღარ ისარგებლებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით. აღნიშნული, 2017 წლის 5 თვის პერიოდისათვის შეადგენს 490 000 (ოთხას ოთხმოცდაათი ათასი) ლარს.

კანონპროექტის მიღება გამოიწვევს დადებით ეფექტს სამსახურის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. სამსახურის ბიუჯეტი (2018 წლისათვის) სავარაუდოდ იქნება 4 000 000 (ოთხი მილიონი) ლარი, რომელიც მოხმარდება სამსახურის ფუნქციონალურ ზრდას, მის მატერიალურ-ტექნიკურ გაძლიერებას, ახალი თანამშრომლების მიღებას;

ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:

კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას;

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:

მზღვეველებს წარმოეშობათ ფინანსური შედეგები – უჩნდებათ საზედამხედველო საფასურის გადახდის ვალდებულება.

მზღვეველეთა ნაწილს, რომელსაც არ აქვთ კანონის მიღების მომენტისთვის შექმნილი შიდააუდიტორული სამსახური, შესაძლებელია ჰქონდეს გარკვეული ფინანსური შედეგები–გაეზარდოთ ადმინისტრაციული ხარჯი შიდა აუდიტის სამსახურის შექმნისა და დაკომპლექტებიდან გამომდინარე, რომლის კონკრეტული ოდენობის დადგენა შეუძლებელია;

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:

კანონპროექტით დადგენილია სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ზედამხედველობას მიკუთვნებული სუბიექტებისათვის გადასახდელი – საზედამხედველო საფასური;

გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:

გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:

კანონპროექტის მიღება შეესაბამება ევროკავშირის დირექტივებს, კერძოდ: 92 მუხლი მოდის ნაწილობრივ შესაბამისობაში 2009 წლის 25 ნოემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009/138/EEC დირექტივასთან სადაზღვევო ბიზნესის დაწყებისა და ფუნქციონირების შესახებ (მუხლი 42 და 47) (იხ. ასოცირების შესახებ შეთანხმება; მუხლი 323; დანართი XV-A; ფინანსურ მომსახურებასთან დაკავშირებული წესები, B დაზღვევა);

გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებს. ამასთან, კანონპროექტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის მიღება გამომდინარეობს დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის მიერ დამტკიცებული „დაზღვევის ძირითადი პრინციპების“ მე-8 სტანდარტის მოთხოვნებიდან; ხოლო, ამ კანონის პირველი მუხლის პირველი, მე-3 პუნქტით ხორციელდება 2014 წლის სექტემბრის ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის (FSAP) მე-5 თავის 58-ე პუნქტის სრული იმპლემენტაცია.

გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.

დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები;

დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

ასეთი არ არსებობს.

დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ ასეთის არსებობის შემთხვევაში:

ასეთი არ არსებობს.

ე) კანონპროექტის ავტორი:

სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური;

ვ) კანონპროექტის ინიციატორი:

საქართველოს მთავრობა.

„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება

მუხლი 2. კანონში გამოყენებული ძირითადი ცნებები

ამ კანონში გამოყენებულ ცნებებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) დაზღვევა – ურთიერთობა, რომელიც მყარდება ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე, გარკვეული გარემოებების (სადაზღვევო შემთხვევების) დადგომისას;

ბ) სადაზღვევო საქმიანობა – მზღვეველის საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია დაზღვევისა და გადაზღვევის ხელშეკრულებების დადებასა და განხორციელებასთან;

გ) მზღვეველი –

გ.ა) სააქციო საზოგადოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია სადაზღვევო საქმიანობის განსახორციელებლად და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით მიღებული აქვს დაზღვევის შესაბამისი სახეობის განხორციელების ლიცენზია;

გ.ბ) ეკონომიკური განვითარებისა და ურთიერთთანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებში რეგისტრირებული და შესაბამისი ორგანოების მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო და გადაზღვევის ორგანიზაციების მიერ საქართველოში დაფუძნებული ფილიალი (წარმომადგენლობა), რომელიც რეგისტრირებულია ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) დამზღვევი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც დადო დაზღვევის ხელშეკრულება მზღვეველთან;

ე) დაზღვეული – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის მიმართაც ხორციელდება დაზღვევა. დამზღვევი შეიძლება იმავდროულად იყოს დაზღვეული, თუ დაზღვევის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

ვ) მოსარგებლე – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც დაზღვევის ხელშეკრულების ან სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონმდებლობის თანახმად იღებს სადაზღვევო ანაზღაურებას;

ზ) დაზღვევის აგენტი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მოქმედებს მზღვეველის დავალებით და სახელით მისთვის მზღვეველის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;

თ) სადაზღვევო ბროკერი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრირებულია საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში (შემდგომ – სამსახური) და დამოუკიდებლად ახორციელებს დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობას, როგორც თავისი სამეწარმეო საქმიანობის სახეობას;

ი) სადაზღვევო რისკი – მოვლენა, რომელიც შეიცავს მისი დადგომის შესაძლებლობის და შემთხვევითობის ნიშნებს და რომლის გამოც ხდება დაზღვევა;

კ) სადაზღვევო შემთხვევა – მოვლენა, რომლის დადგომისას სადაზღვევო ხელშეკრულება ითვალისწინებს სადაზღვევო ანაზღაურების გადახდას;

ლ) სადაზღვევო პოლისი – მზღვეველის მიერ გაცემული ხელმოწერილი საბუთი – მოწმობა დაზღვევის ხელშეკრულების შესახებ;

მ) გადაზღვევა – ოპერაცია, რომლის დროსაც მზღვეველი გადაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე და თითოეული ასეთი ხელშეკრულების თავისებურების გათვალისწინებით ახორციელებს სადაზღვევო რისკის და მასთან დაკავშირებული ზარალის მთლიან ან ნაწილობრივ გადაცემას გადამზღვეველი კომპანიისათვის;

ნ ) არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი – იურიდიული პირი , რომელიც განსაზღვრულია  „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ “ საქართველოს კანონით ;

ო ) (ამოღებულია) ;

პ) (ამოღებულია);

ჟ) მნიშვნელოვანი წილი – მზღვეველის განცხადებული ან შევსებული კაპიტალის 10 პროცენტი ან 10 პროცენტზე მეტი წილი, რომელსაც პირი ფლობს პირდაპირი ან არაპირდაპირი მონაწილეობით;

რ) ადმინისტრატორი – მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, დირექტორი;

ს) არაპირდაპირი მონაწილეობა – იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში წილის ფლობა შესაბამისი მესამე პირის მეშვეობით;

ტ) ბენეფიციარი მესაკუთრე – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პირი;

უ) შვილობილი საწარმო (შვილობილი ორგანიზაცია) – იურიდიული პირი, რომელშიც მზღვეველი ფლობს წილის (ხმის უფლების მქონე აქციების, პაის) 50 პროცენტს ან 50-ზე მეტ პროცენტს, ხოლო იურიდიული სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში – აკონტროლებს მას;

ფ) ფილიალი – მზღვეველის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც მზღვეველის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე ახორციელებს მზღვეველის საქმიანობას, რომელიც დაკავშირებულია დაზღვევისა და გადაზღვევის ხელშეკრულებების დადებასა და განხორციელებასთან.

 

მუხლი 28. დაზღვევის ორგანიზაციის რეორგანიზაციის და მის წესდებაში ცვლილებების შეტანის შედეგები

1. სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის მქონე იურიდიული პირის შერწყმის, მიერთების ან გაყოფის შემთხვევაში ამ ლიცენზიაზე მისი უფლება მის უფლებამონაცვლეზე გადადის. საჭიროების შემთხვევაში უფლებამონაცვლეზე ძველის სანაცვლოდ გაიცემა შესაბამისი ლიცენზია.

2. განცხადებას ლიცენზიის შეცვლის შესახებ თან ერთვის:

ა) იურიდიული პირის რეორგანიზაციის გადაწყვეტილება;

ბ) მზღვეველის – უფლებამონაცვლის სახელმწიფო რეგისტრაციის დოკუმენტის ასლი.

3. თუ იურიდიული პირის სადამფუძნებლო დოკუმენტებში შეიტანება ცვლილებები, რომლებიც არ საჭიროებს იურიდიული პირის ხელახალ რეგისტრაციას, ამ დოკუმენტების ასლები გაეგზავნება სამსახურს.

4. მზღვეველი ვალდებულია საფირმო სახელწოდების, ადგილსამყოფლის შეცვლისა და სადამფუძნებლო დოკუმენტებში ცვლილების შეტანის შესახებ წერილობით აცნობოს სამსახურს და წარუდგინოს მას სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში.

5. მზღვეველი ვალდებულია:

ა) მნიშვნელოვანი წილის გასხვისებისას სამსახურს წინასწარ წერილობით აცნობოს გარიგების შესახებ და წარუდგინოს ამ კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია/ინფორმაცია, აგრეთვე მონაცემები/ინფორმაცია მნიშვნელოვანი წილის შემძენი პირის ფინანსური მდგომარეობისა და ფულის წარმოშობის შესახებ გარიგების ღირებულების ფარგლებში;

ბ) რეორგანიზაციის ან/და ფილიალის (წარმომადგენლობის) დაარსების შემთხვევაში სამსახურს წინასწარ წერილობით აცნობოს შესაბამისი ინფორმაცია/წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია (რეორგანიზაციისას წარდგენილი უნდა იქნეს ასევე შერწყმის ან გაყოფის დასაბუთება და პირობები).

51. ადმინისტრატორის ცვლილების შემთხვევაში მზღვეველი ვალდებულია სამსახურს წინასწარ წარუდგინოს ამ კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია/ინფორმაცია.

52. სამსახური მზღვეველს დასაბუთებულ უარს ეუბნება ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 10 დღის ვადაში. დასაბუთებული უარის ამ ვადაში მიუღებლობის შემთხვევაში თანხმობა გაცემულად ჩაითვლება.

6. მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ გარიგება ბათილია, თუ სამსახურში არ იქნა წარდგენილი შესაბამისი ინფორმაცია ან სამსახურისაგან მიღებულ იქნა დასაბუთებული უარი, მაგრამ გარიგება მაინც განხორციელდა.