დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1157-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 29/06/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/06/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 010320000.05.001.018522 |
|
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 11.11.2015, სარეგისტრაციო კოდი: 010320000.05.001.017921) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო ფრაქციის, დროებითი საგამოძიებო კომისიისა და სხვა დროებითი კომისიის აპარატების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ფრაქციის აპარატის, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის აპარატის თანამშრომლებზე;“; ა.ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსსა და მის მოადგილეზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსსა და მის მოადგილეზე, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსსა და მის მოადგილეზე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების აპარატების უფროსებსა და მათ მოადგილეებზე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების აპარატების უფროსებსა და მათ მოადგილეებზე;“; ბ) მე-3 პუნქტის: ბ.ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ მოსამსახურეზე;“; ბ.ბ) „პ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“ ქვეპუნქტი: „ჟ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომელზე.“. 2. 21-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს საჯარო სამსახურში დასაქმების მსურველთა სერტიფიცირებას;“. 3. 22-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი: „ვ1) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის ფუნქციონირების სტანდარტებს;“. 4. 26-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მოხელეს შესაძლებელია მიენიჭოს მოხელის კლასი მოხელის შეფასების შედეგების მიხედვით.“. 5. 28-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მოხელის თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის დგინდება შესაბამისი სპეციალური მოთხოვნები, რომლებითაც განისაზღვრება ამ რანგისათვის აუცილებელი განათლების დონე და გამოცდილება.“. 6. 29-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები: „გ) უმაღლესი განათლების მქონე პირს; დ) პირს, რომელმაც წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები. პირის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარება გულისხმობს პირის (აბიტურიენტის) მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვას ერთიანი ეროვნული გამოცდების სავალდებულო საგნებში, ხოლო არჩევითი საგნების არჩევის შემთხვევაში – აგრეთვე არჩევით საგნებში.“. 7. 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 30. სერტიფიცირების ჩატარების უზრუნველყოფა 1. სერტიფიცირებას უზრუნველყოფს ბიურო. 2. სერტიფიცირება ტარდება სახელმწიფო ენაზე, ელექტრონულად. 3. მოხელეთა სერტიფიცირების ჩატარების წესი და თემატიკა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 4. მოხელის სერტიფიკატის მფლობელთა რეესტრს აწარმოებს ბიურო.“. 8. 34-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ამ კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესი და პირობები, აგრეთვე საკონკურსო კომისიის საქმიანობის დეტალური წესი განისაზღვრება „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“. 9. მე-40 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას, რაც გულისხმობს კანდიდატების მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის გამოცხადებული ვაკანტური თანამდებობისთვის დადგენილ ძირითად მოთხოვნებთან, სპეციალურ მოთხოვნებთან და დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას, საკონკურსო კომისიის დავალებით უზრუნველყოფს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეული.“. 10. 50-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) დამატებითი ფუნქციების შესრულების საერთო ვადა დგინდება შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;“. 11. 51-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. საქართველოს პარლამენტის წევრისა და პარლამენტის აპარატის საჯარო მოსამსახურისათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესს ადგენს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.“. 12. 52-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. თუ მოხელე უარს განაცხადებს შეთავაზებული მობილობით სარგებლობაზე, იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.“. 13. 53-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მოხელის შეფასების პროცესი წარიმართება გამჭვირვალედ, მოხელის უშუალო ხელმძღვანელის მიერ, შესაბამისი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის წარმომადგენლის ჩართულობით. მოხელის შეფასებისათვის გამოიყენება ოთხდონიანი შეფასების სისტემა: ა) საუკეთესო შეფასება – მოვალეობა ან/და მოსალოდნელზე მეტი სამუშაო საუკეთესოდ შესრულდა, მოხელე მკვეთრად გამოირჩევა შედეგებით ან/და პროფესიული უნარ-ჩვევებით; ბ) კარგი შეფასება – მოვალეობა კარგად შესრულდა, მოხელის შედეგები ან/და პროფესიული უნარ-ჩვევები სტაბილურად შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს; გ) დამაკმაყოფილებელი შეფასება – მოვალეობა ნაწილობრივ კარგად შესრულდა და გაუმჯობესებას საჭიროებს, მოხელე არსებითად არ გამოირჩევა პროფესიული უნარ-ჩვევებით; დ) არადამაკმაყოფილებელი შეფასება – მოვალეობა არ შესრულდა, მოხელის შედეგები ან/და პროფესიული უნარ-ჩვევები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს.“. 14. 62-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მოხელეს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა თანამდებობაზე დანიშვნიდან 11 თვის გასვლის შემდეგ. უფლებამოსილი პირის თანხმობით მოხელეს შვებულება შეიძლება ამ ვადის გასვლამდეც მიეცეს. თანამდებობაზე დანიშვნიდან 1 წლის გასვლის შემდეგ მოხელეს შვებულება კალენდარული წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს მიეცემა.“. 15. 82-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ამ კანონის 107-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„ე“ და „თ“–„კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობისას;“. 16. 98-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 98. სამსახურიდან გათავისუფლება დისციპლინური გადაცდომისათვის სამსახურიდან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში.“. 17. 107-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენა, თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად სამსახურიდან გათავისუფლება განისაზღვრა;“. 18. 115-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 115. კომპენსაცია მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში ამ კანონის 108-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურიდან გათავისუფლებულ მოხელეს ეძლევა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.“. 19. 121-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 121. საჯარო დაწესებულების აპარატის სტრუქტურისა და საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცება 1. საქართველოს პარლამენტის აპარატის სტრუქტურა და საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა მტკიცდება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად. 2. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს სამინისტროს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს აპარატის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სისტემის, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატის, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხებს ამტკიცებს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი, ხოლო საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხას – შესაბამისი სახელმწიფო მინისტრი. 3. საქართველოს საერთო სასამართლოების (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გარდა) და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატების სტრუქტურას და საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხებს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. 4. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების საჯარო დაწესებულების სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხას ამტკიცებს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი. 5. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების აპარატების სტრუქტურა და საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხები მტკიცდება შესაბამისად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კანონმდებლობების შესაბამისად. 6. ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა მტკიცდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად. 7. საჯარო დაწესებულების აპარატის (ამ მუხლის პირველი–მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული საჯარო დაწესებულებების აპარატების გარდა) სტრუქტურა და საშტატო ნუსხა მტკიცდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. 20. 125-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 125. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები 1. 2017 წლის 1 ივლისამდე ამ კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა საჯარო დაწესებულებებმა უზრუნველყონ აღნიშნულ საჯარო დაწესებულებებში არსებული თანამდებობების ამ კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად იერარქიულ რანგებში განაწილება, აგრეთვე საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა პროფესიულ საჯარო მოხელეებად გარდაქმნა ან შესაბამისი ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების მქონე პირებთან შრომითი ხელშეკრულების ან ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება. 2. პირი, რომელიც საჯარო სამსახურში 2017 წლის 1 ივლისამდეა მიღებული შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე და რომლის ფუნქციები და უფლება-მოვალეობები შინაარსობრივად პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობის შესაბამისი ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების იდენტურია, შესაბამისი საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილებით, 2017 წლის 1 ივლისიდან ჩაითვალოს პროფესიულ საჯარო მოხელედ. პირი, რომელიც საჯარო სამსახურში 2017 წლის 1 ივლისამდეა მიღებული დამხმარე მოსამსახურის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე ან შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე და რომლის ფუნქციები და უფლება-მოვალეობები შინაარსობრივად პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობის შესაბამისი ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების იდენტურია (პირი საჯარო დაწესებულებაში არ ასრულებს დამხმარე, ტექნიკურ ან დროებით ფუნქციებსა და მოვალეობებს), შესაბამისი საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილებით, 2017 წლის 1 ივლისიდან ჩაითვალოს პროფესიულ საჯარო მოხელედ. პირი, რომელიც საჯარო სამსახურში 2017 წლის 1 ივლისამდეა მიღებული და რომლის ფუნქციები და უფლება-მოვალეობები შინაარსობრივად პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობის შესაბამისი ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების იდენტური არ არის (პირი საჯარო დაწესებულებაში ასრულებს დამხმარე, ტექნიკურ ან დროებით ფუნქციებსა და მოვალეობებს), შესაბამისი საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილებით, 2017 წლის 1 ივლისიდან ჩაითვალოს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირად (ამ შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ხელმძღვანელობს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ მე-6 მუხლით დადგენილი წესით). პირი, რომელიც საჯარო სამსახურში 2017 წლის 1 ივლისამდეა მიღებული და ასრულებს ამ კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის შესაბამის ფუნქციებს, შესაბამისი საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილებით, 2017 წლის 1 ივლისიდან ჩაითვალოს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირად. 3. თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოხელის თანამდებობა გარდაიქმნება საერთო წესით, ხოლო ამ თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოხელის შემცვლელს უნარჩუნდება უფლებამოსილება უკვე განსაზღვრული ვადით. 4. თანამდებობათა (პოზიციათა) გარდაქმნის პერიოდში სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება არ აბრკოლებს თანამდებობათა (პოზიციათა) გარდაქმნას. 5. 2017 წლის 1 სექტემბრამდე ბიურომ უზრუნველყოს სერტიფიცირების ელექტრონული პროგრამის გამართვა. 6. ამ კანონით გათვალისწინებული პროფესიული საჯარო მოხელის შესაბამის კლასს გაუთანაბრდეს 2017 წლის 1 ივლისამდე საჯარო მოხელისათვის მინიჭებული საკლასო ჩინი, მიუხედავად იმისა, 2017 წლის 1 ივლისამდე ეკავა თუ არა მას საჯარო მოხელის თანამდებობა. 7. ამ კანონის ამოქმედება იწვევს საჯარო მოხელის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნული პირის უფლებამოსილების შეწყვეტას. 8. 2017 წლის 1 ივლისამდე გამოსაცდელი ვადით მიღებული საჯარო მოხელის მიერ გავლილი ვადა ჩაითვლება ამ კანონით გათვალისწინებულ პროფესიული საჯარო მოხელის გამოსაცდელ ვადაში. 9. 2017 წლის 1 ივლისამდე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოანგარიშებული საჯარო მოხელის სტაჟი ჩაითვლება ამ კანონით გათვალისწინებულ სამსახურის სტაჟში. 10. 2017 წლის 1 ივლისამდე საჯარო დაწესებულებებმა უზრუნველყონ გამოცხადებული კონკურსებისა და დაწყებული წარმოებების დასრულება.“. 21. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1261 მუხლი: „მუხლი 1261. გარდამავალ პერიოდში ამ კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი სამართლებრივი ურთიერთობის განხორციელების წესი 1. გარდამავალ პერიოდად ჩაითვალოს 2017 წლის 1 ივლისიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდი. 2. გარდამავალ პერიოდში საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე (გარდა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო, რელიგიური და წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა) არ ვრცელდება ამ კანონის (გარდა ამ კანონის 34-ე მუხლის მე-6 პუნქტისა, 35-ე, 36-ე და 39-ე–43-ე მუხლებისა) მოქმედება. ამ პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში შრომით საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. გარდამავალ პერიოდში ამ კანონის მოქმედება ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის №1022-Iს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დასაქმებულ პირებზე, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. 4. გარდამავალ პერიოდში საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი უფლებამოსილია ამ საჯარო სამართლის იურიდიული პირის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა) გამოაცხადოს ღია კონკურსი ან განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომლის კარიერული განვითარება (უფრო მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა) ან ჰორიზონტალური გადაყვანა. საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომლის კარიერული განვითარება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე კონკურსის წესით არის დანიშნული. ღია კონკურსის ჩატარებას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მიერ შექმნილი საკონკურსო კომისია. საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომლის კარიერული განვითარების წესი და პირობები დგინდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. 5. გარდამავალ პერიოდში საჯარო დაწესებულება (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა) უფლებამოსილია პირველი, მეორე და მესამე რანგების ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამოაცხადოს ღია კონკურსი ამ კანონით დადგენილი წესით. 6. გარდამავალ პერიოდში საჯარო დაწესებულების მიერ გამოცხადებული კონკურსის მონაწილე კანდიდატი თავისუფლდება მოხელის სერტიფიკატის წარდგენის ვალდებულებისგან. 7. გარდამავალ პერიოდში საჯარო დაწესებულებას აქვს ამ კანონის 125-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შედეგების კორექტირების უფლება. 8. გარდამავალ პერიოდში საჯარო დაწესებულების მოხელის მიმართ არ გამოიყენება მოხელის შეფასებისა და წახალისებისათვის ამ კანონით დადგენილი ნორმები. 9. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით, გარდამავალ პერიოდში: ა) საქართველოს მინისტრებმა და სახელმწიფო მინისტრებმა უზრუნველყონ მათდამი დაქვემდებარებული სამინისტროების აპარატების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების დამტკიცებული საშტატო ნუსხებისა და თანამდებობრივი სარგოების ცვლილება საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით; ბ) შესაძლებელია საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული საშტატო რიცხოვნობა აჭარბებდეს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით დადგენილ მომუშავეთა რიცხოვნობას მხოლოდ ამ კანონის მოთხოვნების გათვალისწინებიდან გამომდინარე; გ) 2017 წლის 1 სექტემბრამდე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე (შტატგარეშე მოსამსახურეებზე) არ გავრცელდეს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვები. საჭიროების შემთხვევაში საბიუჯეტო ორგანიზაციებმა იმავე მუხლით დადგენილი წესით, არაუგვიანეს 2017 წლის 1 სექტემბრისა უზრუნველყონ შესაბამისი შეზღუდვებიდან გამონაკლისის საქართველოს მთავრობასთან შეთანხმება.“. მუხლი 2. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ გარდამავალ პერიოდში საჯარო დაწესებულებაში შრომითი გასამრჯელოს დადგენისა და წახალისების წესი 1. გარდამავალ პერიოდში საჯარო დაწესებულებაში შრომითი გასამრჯელოს დადგენისა და წახალისების წესი განისაზღვრება ამ მუხლით. 2. საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ან საქართველოს პარლამენტის მიერ დანიშნული ან არჩეული საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული თანამდებობის პირის თანამდებობრივ სარგოებს ადგენს კანონი. 3. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში: ა) საქართველოს პარლამენტის აპარატსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დასაქმებულ პირთა თანამდებობრივ სარგოებს განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე; ბ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში დასაქმებულ პირთა თანამდებობრივ სარგოებს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი; გ) სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში დასაქმებულ პირთა თანამდებობრივ სარგოებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა; დ) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციაში დასაქმებულ პირთა თანამდებობრივ სარგოებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა; ე) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დასაქმებულ პირთა თანამდებობრივ სარგოებს განსაზღვრავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში დასაქმებულ პირთა თანამდებობრივ სარგოებს განსაზღვრავს შესაბამისი სახელმწიფო მინისტრი; ვ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთები დგინდება შესაბამისად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კანონმდებლობებით; ზ) საქართველოს სამინისტროში და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა თანამდებობრივ სარგოებს განსაზღვრავს შესაბამისი სამინისტროს ხელმძღვანელი; თ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატში დასაქმებულ პირთა თანამდებობრივ სარგოებს განსაზღვრავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო; ი) საქართველოს უზენაესი სასამართლოს აპარატში დასაქმებულ პირთა თანამდებობრივ სარგოებს განსაზღვრავს საქართველოს უზენაესი სასამართლო; კ) საქართველოს საერთო სასამართლოს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გარდა) აპარატში დასაქმებულ პირთა თანამდებობრივ სარგოებს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო; ლ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში დასაქმებულ პირთა თანამდებობრივ სარგოებს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო; მ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სისტემაში დასაქმებულ პირთა თანამდებობრივ სარგოებს განსაზღვრავს გენერალური აუდიტორი; ნ) საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში დასაქმებულ პირთა თანამდებობრივ სარგოებს განსაზღვრავს საქართველოს სახალხო დამცველი; ო) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში დასაქმებულ პირთა თანამდებობრივ სარგოებს განსაზღვრავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი; პ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების და ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში დასაქმებულ პირთა, აგრეთვე საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებისა და წევრების თანამდებობრივ სარგოებს განსაზღვრავს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია; ჟ) საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში დასაქმებულ პირთა თანამდებობრივ სარგოებს განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი; რ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების აპარატებში დასაქმებულ პირთა თანამდებობრივ სარგოებს განსაზღვრავენ შესაბამისად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელები; ს) სხვა საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა თანამდებობრივ სარგოებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. 4. ადგილობრივი თვითმმართველობის პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად. 5. ამ მუხლის მე-2–მე-4 პუნქტების საფუძველზე საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატები უნდა გაიცეს საჯარო დაწესებულებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. 6. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება აქვს, მოხელეს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისა და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, ყოველწლიურად შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ფარგლებში, დადგენილი წესით, საფინანსო წლის განმავლობაში დაუწესოს სხვა დანამატები. 7. გარდამავალ პერიოდში მოხელეს, რომელიც ამ კანონის საფუძველზე ასრულებს თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოხელის ფუნქციებს და თავისუფლდება თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან, ეძლევა არმყოფი მოხელის თანამდებობრივი სარგო, თუ იგი აღემატება მის თანამდებობრივ სარგოს. თუ თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოხელის თანამდებობრივი სარგო ნაკლებია შემცვლელის თანამდებობრივ სარგოზე, შემცვლელ მოხელეს უნარჩუნდება თავისი თანამდებობრივი სარგო. მოხელეს, რომელიც ამ კანონის საფუძველზე ასრულებს თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოხელის ფუნქციებს თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან განთავისუფლების გარეშე, თავისი შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) გარდა, ეძლევა დანამატი არმყოფი მოხელის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. 8. გარდამავალ პერიოდში საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) ეძლევა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის №1022-Iს კანონით და მის საფუძველზე მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი წესითა და ოდენობით. 9. შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) და ამ მუხლით გათვალისწინებული გარანტიების დაფინანსების შემცირების საფუძველი. 10. საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირს ამ მუხლით გათვალისწინებული შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) ეძლევა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
ქუთაისი, 29 ივნისი 2017 წ. N1157-IIს |
დოკუმენტის კომენტარები