მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა სისტემის ადმინისტრირების წესის დამტკიცების შესახებ

მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა სისტემის ადმინისტრირების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 327
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 28/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/06/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 310150000.22.034.016655
327
28/06/2017
ვებგვერდი, 29/06/2017
310150000.22.034.016655
მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა სისტემის ადმინისტრირების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №327

2017 წლის 28 ივნისი

ქ. თბილისი

 

მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა სისტემის ადმინისტრირების წესის დამტკიცების შესახებ

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის  63-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა სისტემის ადმინისტრირების თანდართული წესი.

 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან. 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი მღებრიშვილი



დანართი

 

მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა სისტემის ადმინისტრირების წესი

მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. ეს წესი განსაზღვრავს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი იურიდიული ძალის მქონე მართვის მოწმობისთვის (შემდგომში მართვის მოწმობა) მინიჭებული ქულათა სისტემის ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ პირობებსა და პროცედურებს, აგრეთვე ამ წესის აღსრულების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) უფლებამოსილი დანაყოფების  მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებს.

2. ეს წესი ვრცელდება იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, რომელთა ჩადენაც იწვევს მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის შემცირებას „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის №5 დანართის შესაბამისად.

3. ეს წესი არ ვრცელდება ფოტოფირზე ან/და ვიდეოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, ასევე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის გამო დაკისრებულ საურავზე.

მუხლი 2. მართვის მოწმობისათვის ქულათა მინიჭება

1.  საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობას ენიჭება 100 ქულა ერთ-ერთი შემდეგი პირობის არსებობისას:

ა) ყოველი კალენდარული წლის პირველ იანვარს;

ბ) მართვის მოწმობის გაცემის დღეს;

გ) მართვის უფლების აღდგენისას, თუ პირს მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის კალენდარული წლის განმავლობაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამოწურვისა და მართვის უფლების შეჩერების გამო.

2. სხვა ქვეყნის მიერ გაცემულ მართვის მოწმობას საქართველოს ტერიტორიაზე ერთჯერადად ენიჭება 100 ქულა ერთ-ერთი შემდეგი პირობის არსებობისას:

ა) ყოველი კალენდარული წლის პირველ იანვარს მომდევნო წლის პირველ იანვრამდე, თუ სხვა ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის მქონე პირი ამ პერიოდისათვის იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე;

ბ) პირველი იანვრის შემდეგ კალენდარული წლის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის პირველად გადმოკვეთის თარიღიდან მომდევნო წლის პირველ იანვრამდე;

გ) მართვის უფლების აღდგენისას, თუ პირს მართვის უფლება შეუჩერდა მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის კალენდარული წლის განმავლობაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამოწურვის გამო.

3. მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულები ძალაშია მთელი კალენდარული წლის განმავლობაში. მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების დარჩენილი რაოდენობა უქმდება და მართვის მოწმობას ხელახლა ენიჭება 100 ქულა.

4. მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის ზრდას ან სხვაგვარ ცვლილებას არ იწვევს სხვა კატეგორიის (ქვეკატეგორიის) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვება, კალენდარული წლის განმავლობაში მართვის მოწმობის შეცვლა ან დაკარგული მართვის მოწმობის აღდგენა, კალენდარული წლის განმავლობაში ჩამორთმეული ან შეჩერებული მართვის უფლების იმავე კალენდარულ წელს აღდგენა, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“  და მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

5. მართვის მოწმობისათვის მინიჭებული ქულათა სისტემის ადმინისტრირება ხორციელდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – მომსახურების სააგენტო) პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით.

6. მართვის მოწმობაზე კალენდარული წლის განმავლობაში მინიჭებული ქულების ძალაში ყოფნისას, ამავე კალენდარული წლის განმავლობაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქულების მინიჭების რომელიმე სხვა სამართლებრივი საფუძვლის წარმოშობის შემთხვევაში, მის მფლობელობაში არსებულ მართვის მოწმობას 100 ქულა ხელახლა არ ენიჭება.

მუხლი 3. საგზაო მოძრაობის სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირებისას ქულათა სისტემის გამოყენების წესი

1. საგზაო მოძრაობის რეგულირებასა და საგზაო მოძრაობის სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე (შემდგომში – ადმინისტრაციული სამართალდარღვევა) რეაგირებას ახორციელებს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურე, ხოლო იმ ტერიტორიაზე, რომელიც არ შედის სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამოქმედო ტერიტორიაში – სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურე (შემდგომში – უფლებამოსილი პირი).

2. უფლებამოსილი პირი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირებისას არ ფლობს ინფორმაციას ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის მართვის მოწმობაზე არსებული/დარჩენილი ქულების რაოდენობის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია მისთვის ცნობილი ხდება მხოლოდ ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ.

3. უფლებამოსილი პირის მიერ მართვის ავტომატიზებული სისტემის გამოყენებით სახდელის დადების შემთხვევაში ინფორმაცია შესამცირებელი ქულის ოდენობისა და  ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის მართვის მოწმობაზე დარჩენილი ქულების ოდენობის შესახებ აისახება ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ამობეჭდილ ვერსიაზე.

4. თუ მართვის ავტომატიზებული სისტემის გამოყენებით სახდელის დადების შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს მართვის მოწმობისათვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა გაუტოლდება ნულს ან ნულზე ნაკლებ რიცხვს, ინფორმაცია მართვის უფლების 1 წლის ვადით შეჩერების შესახებ ავტომატურად აისახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის მონაცემთა ბაზაში.

5. თუ უფლებამოსილი პირი  საჯარიმო ქვითარს ავსებს მართვის ავტომატიზებული სისტემის გამოყენების გარეშე, ქვითრის შევსების შემდეგ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის შესამცირებელი ქულის ოდენობისა და  მართვის მოწმობაზე დარჩენილი ქულის ოდენობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად  სამუშაო საათებში ტელეფონით უკავშირდება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილებას თავისი სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით, ხოლო არასამუშაო საათებში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამორიგეო-საინფორმაციო სამმართველოს თავისი სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით.

6. მართვის ავტომატიზებული სისტემის გამოყენების გარეშე საჯარიმო ქვითრის შევსების შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის მართვის მოწმობისათვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა გაუტოლდება ნულს ან ნულზე ნაკლებ რიცხვს, ინფორმაცია მართვის უფლების 1 წლის ვადით შეჩერების შესახებ აისახება საჯარიმო ქვითარში.

7. მართვის ავტომატიზებული სისტემის გამოყენების გარეშე საჯარიმო ქვითრის შევსების შემთხვევაში უფლებამოსილი პირი საჯარიმო ქვითარში ასახულ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული  ინფორმაციის შესახებ სამუშაო საათებში ტელეფონით ატყობინებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილებას თავისი სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით, ხოლო არასამუშაო საათებში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამორიგეო-საინფორმაციო სამმართველოს თავისი სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით, რომელიც აღნიშნულს ავტომატურ რეჟიმში ასახავს შესაბამის მონაცემთა ბაზაში. უფლებამოსილი პირი აღნიშნულ საჯარიმო ქვითარს მეორე სამუშაო დღეს არეგისტრირებს.

8. მართვის ავტომატიზებული სისტემის გამოყენების გარეშე შევსებული საჯარიმო ქვითრების ბაზაში აღრიცხვის სიზუსტეზე პასუხისმგებელია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილება.

მუხლი 4. ქულათა შემცირების წესი

1. კალენდარული წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა იწვევს მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის №5 დანართის შესაბამისად შემცირებას.

2. პირის მიერ ერთდროულად რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, როდესაც საქმეებს ერთდროულად განიხილავს ერთი და იგივე უფლებამოსილი თანამდებობის პირი, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს სახდელი დაედება იმ სანქციის ფარგლებში, რომელიც დაწესებულია უფრო მძიმე დარღვევებისათვის და მართვის მოწმობისათვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შეუმცირდება ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესაბამისი ქულით.

მუხლი 5. მართვის უფლების შეჩერების რისკის შესახებ გაფრთხილების ვალდებულება

1. მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის  ყოველი შემცირებისას, სამინისტრო ვალდებულია მართვის მოწმობის მფლობელი გააფრთხილოს მართვის უფლების შეჩერების რისკის შესახებ ელექტრონული ფოსტით ან/და მოკლე ტექსტური შეტყობინებით, პირის შესახებ შესაბამისი  ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში.

2. მართვის უფლების შეჩერების რისკის შესახებ გაფრთხილების მიზნით  სამინისტრო უფლებამოსილია სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირებისგან გამოითხოვოს და დაამუშაოს პირის შესახებ არსებული ინფორმაცია.

3. მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე ავტორიზებული მონაცემთა სუბიექტი უფლებამოსილია მართვის მოწმობაზე არსებული/დარჩენილი ქულების შესახებ ინფორმაცია გადაამოწმოს მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე.

მუხლი 6. ქულათა შემცირების სამართლებრივი შედეგები

1. კალენდარული წლის განმავლობაში საქართველოში გაცემული მართვის მოწმობისათვის მინიჭებული ქულების რაოდენობის ამოწურვა (ნულამდე ან ნულზე ნაკლებ რიცხვამდე შემცირება) გამოიწვევს მართვის უფლების შეჩერებას 1 წლის ვადით.

2. სხვა ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის ამოწურვის გამო მართვის მოწმობის მფლობელს ჩამოერთმევა მართვის მოწმობა და აეკრძალება საქართველოში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა.

3. ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის მართვის უფლება შეჩერებულად ჩაითვლება იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საჯარიმო ქვითრის გადაცემის მომენტიდან, რომლის დაკისრებამაც გამოიწვია მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობის ამოწურვა.

4. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების შემთხვევაში უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია სატრანსპორტო საშუალება სპეციალურ სადგომზე გადაიყვანოს.

მუხლი 7. მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულის შემცირების გასაჩივრება

1. მართვის მოწმობისათვის ქულათა სისტემის შემცირება საჩივრდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საჯარიმო ქვითართან ერთად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. გასაჩივრება გამოიწვევს მართვის მოწმობისათვის მინიჭებულ ქულათა სისტემის შემცირების აღსრულების შეჩერებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.