ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები ახალგორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/06/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.150.016125
23
20/06/2017
ვებგვერდი, 21/06/2017
010250020.35.150.016125
ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ახალგორის მუნიციპალიტეტი
 

ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23

2017 წლის 20 ივნისი

სოფ. წეროვანი

 

ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის დებულება დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით.  /თან ერთვის/
მუხლი 2
„ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის კადრების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 2 აპრილის №67 დადგენილება (ვებგვერდი 11.04.2013; სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.150.016044)  ჩაითვალოს ძალადაკარგულად.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ბალაშვილი




 ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადამიანური რესურსების მართვის 

 სამსახურის დებულება

მუხლი 1. მუნიციპალიტეტის გამგეობის ადამიანური რესურსების მართვის სამსახური

1. მუნიციპალიტეტის გამგეობის ადამიანური რესურსების მართვის სამსახური (ტექსტში შემდგომში – სამსახური) არის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის კადრებისა და დასაქმების პოლიტიკის შემუშავებას, მის პრაქტიკულ განხორციელებას.

2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახურის საშტატო განრიგი და თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.

მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფის – განყოფილებისაგან.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია:

ა) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება;

ბ) სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის პრაქტიკული ხელშეწყობის მიზნით გათვალისწინებულია მთავარი სპეციალისტის თანამდებობა.

3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-10 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების უფროსი.

4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისაგან.

5. განყოფილების მოხელის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით. განყოფილების მოხელის ფუნქციები განისაზღვრება შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით.

6. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურეობრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობით.

მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

1. სამსახური ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის სფეროში დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავებასა და მის განხორციელებას;

ბ) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფას და კონტროლს, ადამიანური რესურსების მართვის საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;

გ) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას; შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოებას; სოციალური საკითხების გადაწყვეტას;

დ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ფუნქციურ და მართვის პროცედურების ანალიზს და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას;

ე) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების კონტროლს საკადრო პოლიტიკის განხორციელებისა და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში;

ვ) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა სამუშაო გეგმების და სამუშაოთა აღწერილობების მომზადებას, მოსამსახურეთა სამსახურეობრივი მოვალეობების და სამუშაოს შესრულების შეფასების კრიტერიუმების დადგენას;

ზ) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთათვის საკლასო ჩინების მინიჭების საკითხების მომზადებას;

თ) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა სტაბილურობის, სამსახურებრივი გადაადგილების და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას, პერიოდულ ანალიზს და შეფასებას;

ი) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა რეზერვის ერთიანი ბანკის შექმნას და რეზერვისტთა მიზნობრივ გამოყენებას;

კ) მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებას;

ლ) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზს, მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას, სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას;

მ) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთათვის კონსულტაციების გაწევას სამსახურთან დაკავშირებულ საკითხებზე;

ნ) ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში (eHRMS) მუშაობა და მასში განახლებული ინფორმაციების შეყვანა;

ო) საკონკურსო-საატესტაციო კომისიისათვის კონკურსისა და ატესტაციის ჩატარებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას, კომისიის ოქმების წარმოებასა და მიღებულ გადაწყვეტილებათა გაფორმებას;

პ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

მუხლი 4. ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ფუნქციები

1. სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) საკადრო პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაციას;

ბ) შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვას და ადრესატამდე დაყვანას;

გ) საჯარო მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღების, სამსახურებრივი გადაადგილების, გადაყვანის, გათავისუფლების, უფლებამოსილებათა შეჩერების, შვებულებაში გასვლის და მივლინების დოკუმენტურ გაფორმებას;

დ) მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება, შრომის წიგნაკების აღრიცხვა-წარმოებას;

ე) გამგეობის მოსამსახურეთა სამუშაო აღწერილობების მომზადებას და დანერგვას;

ვ) შტატგარეშე მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება-აღრიცხვას და კონტროლს ხელშეკრულებების პირობებზე;

ზ) ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაზე ზედამხედველობას;

თ) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა დისციპლინური ზომის გამოყენების თაობაზე შესაბამისი წინადადებების მომზადებას;

ი) საჯარო მოსამსახურეთა მიერ სხვა სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებით შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის საკითხის შესწავლას, კონტროლს მოსამსახურეთა მიერ კანონით დადგენილი დეკლარაციების წარდგენაზე;

კ) მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებაში მონაწილეობას;

ლ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

მუხლი 5. მთავარი სპეციალისტი ადამიანური რესურსების მართვის სფეროში

1. მთავარი სპეციალისტი ადამიანური რესურსების მართვის სფეროში დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) კვალიფიკაციის ასამაღლებლად მუნიციპალიტეტის მოხელეთა ყოველწლიური ტრენინგგეგმის შედგენას და ტრენინგპროგრამების განსაზღვრას შესაბამისი ხარჯების გათვალისწინებით;

ბ) მუნიციპალიტეტში ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებაში მონაწილეობას;

გ) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა სამუშაო აღწერილობების მომზადებას;

დ) ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში (eHRMS) განახლებული ინფორმაციების შეყვანას;

ე) მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა პირად საქმეებში წარმოდგენილი დოკუმენტაციის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ნორმებთან შესაბამისობის შემოწმებას;

ვ) ადამიანური რესურსების მართვის საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების შედგენაში მონაწილეობის მიღებას;

ზ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებში დასაქმების მსურველ განმცხადებელთა ელექტრონული ბაზის წარმოებას;

თ) მუნიციპალიტეტში არსებული საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სახელზე შემოსული და გასული დოკუმენტაციის გატარებას და აღრიცხვას;

ი) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.