საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 944-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 080000000.05.001.018472
944-IIს
01/06/2017
ვებგვერდი, 20/06/2017
080000000.05.001.018472
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-40 მუხლის პირველი ნაწილის:

ა) „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) შინაპატიმრობა;“.

2. 41-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გამასწორებელი სამუშაო, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა, ვადიანი თავისუფლების აღკვეთა და უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ძირითად სასჯელად.

2. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, შინაპატიმრობა, ჯარიმა და თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა შეიძლება დაინიშნოს როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელად. ქონების ჩამორთმევა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ დამატებით სასჯელად.“.

3. 42-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თუ მსჯავრდებული თავს აარიდებს ჯარიმის გადახდას, ან თუ გადახდევინება შეუძლებელია, ეს სასჯელი შეიცვლება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, გამასწორებელი სამუშაოთი, შინაპატიმრობით ან თავისუფლების აღკვეთით. ამასთანავე, დრო, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებული იხდიდა ამ სასჯელს, ჩაითვლება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის, გამასწორებელი სამუშაოს ან შინაპატიმრობის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: დაკისრებული ჯარიმის 50 ლარი – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ოთხი საათი, გამასწორებელი სამუშაოს ერთი დღე, შინაპატიმრობის ერთი დღე. ამასთანავე, ჯარიმის ნაცვლად დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომისათვის, გამასწორებელი სამუშაოსათვის ან შინაპატიმრობისათვის ბოროტად თავის არიდების შემთხვევაში იგი შეიცვლება თავისუფლების აღკვეთით, ამ კოდექსით სასჯელის ამ სახისათვის გათვალისწინებულ ფარგლებში და დადგენილი წესით.“.

4. 43-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ძირითად სასჯელად საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ან გამასწორებელი სამუშაოს დანიშვნისას, აგრეთვე პირობითი მსჯავრის დროს დამატებით სასჯელად დანიშნული თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის ვადა გამოიანგარიშება სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან. ძირითად სასჯელად შინაპატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას დამატებით სასჯელად დანიშნული თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის ვადა გამოიანგარიშება ძირითადი სასჯელის მოხდის მომენტიდან და ვრცელდება ძირითადი სასჯელის მოხდის მთელ ვადაზე.“.

5. 44-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ინიშნება ორმოციდან რვაას საათამდე ვადით. ჯარიმის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის შემთხვევაში, ან ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ანდა თუ მხარეთა შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, იგი შეიძლება დაინიშნოს უფრო მეტი ვადითაც. ყოველდღიურად საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს რვა საათს.

3. თუ მსჯავრდებული უარს განაცხადებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომაზე ან განზრახ თავს აარიდებს მას, ეს სასჯელი შეიცვლება ჯარიმით, შინაპატიმრობით ან თავისუფლების აღკვეთით. ამასთანავე, დრო, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებული იხდიდა ამ სასჯელს, ჩაითვლება შინაპატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი – შინაპატიმრობის ერთი დღე, თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე.“.

6. 45-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ მსჯავრდებული განზრახ თავს აარიდებს გამასწორებელ სამუშაოს, ეს სასჯელი შეიცვლება შინაპატიმრობით ან თავისუფლების აღკვეთით. ამასთანავე, დრო, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებული იხდიდა ამ სასჯელს, ჩაითვლება შინაპატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: გამასწორებელი სამუშაოს ერთი დღე – შინაპატიმრობის ერთი დღე; გამასწორებელი სამუშაოს სამი დღე – თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე.“.

7. 47-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

8. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 471 მუხლი:

„მუხლი 471. შინაპატიმრობა

1. შინაპატიმრობა ნიშნავს მსჯავრდებულისათვის დღე-ღამის განსაზღვრულ პერიოდში თავის საცხოვრებელ ადგილას ყოფნის ვალდებულების დაკისრებას.

2. შინაპატიმრობა ენიშნება ნასამართლობის არმქონე პირს ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით.

3. თავისუფლების აღკვეთის, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის, გამასწორებელი სამუშაოს ან ჯარიმის შინაპატიმრობით შეცვლის შემთხვევაში იგი შეიძლება დაინიშნოს ექვს თვეზე მცირე და ორ წელზე მეტი ვადითაც.

4. თუ მსჯავრდებული განზრახ თავს აარიდებს შინაპატიმრობას, ეს სასჯელი შეიცვლება თავისუფლების აღკვეთით – განაჩენით დანიშნული შინაპატიმრობის ვადით. ამასთანავე, დრო, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებული იხდიდა ამ სასჯელს, ჩაითვლება თავისუფლების აღკვეთის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: შინაპატიმრობის ერთი დღე – თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე.

5. შინაპატიმრობა, როგორც წესი, აღსრულდება ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენებით. ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოუყენებლობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო.

6. შინაპატიმრობა არ დაენიშნება გაწვეულ სამხედრო მოსამსახურესა და ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირს.

7. შინაპატიმრობის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულს ეკრძალება საქართველოს საზღვრის გადაკვეთა.“.

9. 50-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის, გამასწორებელი სამუშაოს, შინაპატიმრობის ან ჯარიმის ვადიანი თავისუფლების აღკვეთით შეცვლის შემთხვევაში იგი შეიძლება დაინიშნოს ექვს თვეზე მცირე ვადით.“.

10. 61-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შინაპატიმრობის ორი დღე;“;

ბ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ჯარიმა ანდა თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა შინაპატიმრობისთვის ან თავისუფლების აღკვეთისთვის მიმატების შემთხვევაში დამოუკიდებლად გამოიყენება.“.

11. 62-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის, გამასწორებელი სამუშაოს, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვის, შინაპატიმრობის და თავისუფლების აღკვეთის ვადა გამოიანგარიშება თვეებითა და წლებით, ხოლო საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ვადა – საათებით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მხარეთა შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება.“;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაითვლება სასჯელის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე – თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე, შინაპატიმრობის ორი დღე, გამასწორებელი სამუშაოს ან სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვის სამი დღე, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი.“.

12. 64-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 64. გამოსაცდელი ვადა

1. ამ კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილითა და 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა. გამოსაცდელი ვადა თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სახის სასჯელის დანიშვნისას უნდა იყოს არანაკლებ ერთი და არაუმეტეს სამი წლისა, თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას – არანაკლებ ერთი და არაუმეტეს ექვსი წლისა, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობის ან განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების შედეგად საბოლოო სასჯელის დანიშვნისას − არანაკლებ ორი და არაუმეტეს ექვსი წლისა.

2. ამ კოდექსის 721 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას არანაკლებ ორი და არაუმეტეს შვიდი წლისა.“.

13. 67-ე მუხლის 11 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

14. 72-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირი, რომელსაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, გამასწორებელი სამუშაო, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა ან შინაპატიმრობა, შეიძლება პირობით ვადამდე გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა, ხოლო პირი, რომელსაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, გარდა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისა, შეიძლება პირობით ვადამდე გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან, თუ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა. ამასთანავე, იგი შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის მოხდისაგან.“;

ბ) მე-3 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) სამი მეოთხედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელსაც წინათ სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით და შეცვლილი სასჯელი გაუქმდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე.“;

გ) მე-7 ნაწილი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-9 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. მსჯავრდებულს, რომელიც პირობით ვადამდე გათავისუფლდება ამ კოდექსის 73-ე მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახით დანიშნული შინაპატიმრობის მოხდისაგან, სასჯელის სახით ფაქტობრივად მოხდილი შინაპატიმრობის ვადა ჩაეთვლება ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: შინაპატიმრობის ერთი დღე − თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე.“.

15. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 721 მუხლი:

„მუხლი 721. სასჯელის სახით დანიშნული უვადო თავისუფლების აღკვეთის გადასინჯვა

1. თუ მსჯავრდებულმა, რომელსაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა, ფაქტობრივად მოიხადა თავისუფლების აღკვეთის ოცი წელი, სასამართლო უფლებამოსილია იგი პირობით გაათავისუფლოს სასჯელის შემდგომი მოხდისაგან ამ კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამოსაცდელი ვადით. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს დანაშაულის ხასიათის, მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილი ქცევის, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტის, ნასამართლობის, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკის, ოჯახური პირობებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით.

2. თუ მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში:

ა) განზრახ თავი აარიდა მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, სასამართლო უფლებამოსილია ამ კოდექსის 72-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ორგანოების წარდგინებით დაადგინოს, რომ გაუქმდეს გამოსაცდელი ვადა და აღსრულდეს უვადო თავისუფლების აღკვეთა;

ბ) გაუფრთხილებლობითი დანაშაული ჩაიდინა, გამოსაცდელი ვადის გაუქმების ან ძალაში დატოვების საკითხს წყვეტს სასამართლო;

გ) განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო უნიშნავს მას სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით დადგენილი წესით. იმავე წესით დაენიშნება მსჯავრდებულს სასჯელი გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ჩადენისათვის, თუ სასამართლო გააუქმებს გამოსაცდელ ვადას.“.

16. 73-ე მუხლის:

ა) მე-3–მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს შეუძლია მსჯავრდებულს, რომელსაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, გარდა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისა, სასჯელის მოხდის დროს მისივე თანხმობით შეუცვალოს სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ კოდექსის 44-ე მუხლის (გარდა პირველი და მე-2 ნაწილებისა) მოთხოვნები. ამასთანავე, შესაძლებელია აღნიშნული მსჯავრდებული მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის (გარდა ქონების ჩამორთმევისა) მოხდისაგან.

31. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს შეუძლია მსჯავრდებულს, რომელსაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, გარდა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისა, მისივე თანხმობით შეუცვალოს სასჯელის მოუხდელი ნაწილი შინაპატიმრობით. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ კოდექსის 471 მუხლის მე-2, მე-4 და მე-6 ნაწილების მოთხოვნები. ამასთანავე, შესაძლებელია აღნიშნული მსჯავრდებული მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის (გარდა ქონების ჩამორთმევისა) მოხდისაგან.

4. ამ მუხლის მე-3 ან 31 ნაწილით გათვალისწინებულ მსჯავრდებულს სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით შეიძლება შეეცვალოს მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა:

ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი;

ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ნახევარი;

გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ორი მესამედი;

დ) ორი მესამედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელიც წინათ პირობით ვადამდე გათავისუფლდა, ხოლო პირობით ვადამდე გათავისუფლება გაუქმდა ამ კოდექსის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე;

ე) ორი მესამედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელსაც წინათ სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით და შეცვლილი სასჯელი გაუქმდა ამ მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე.“;

ბ) მე-7 და მე-8 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიძლება შეეცვალოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა თავისუფლების აღკვეთის თხუთმეტი წელი და თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ საჭირო აღარ არის მსჯავრდებულის მიერ ამ სასჯელის მოხდის გაგრძელება. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს დანაშაულის ხასიათის, მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილი ქცევის, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტის, ნასამართლობის, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკის, ოჯახური პირობებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით. მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა შინაპატიმრობით შეიძლება შეეცვალოს არანაკლებ ხუთი და არაუმეტეს ათი წლის ვადით, ხოლო საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით – იმავე ვადით, ამ კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გაანგარიშების შესაბამისად.

8. თუ ამ მუხლის მე-3 ან 31 ნაწილით გათვალისწინებულ მსჯავრდებულს სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ნაწილი ჩათვლილი აქვს პირობით, გამოსაცდელი ვადის დინება იწყება სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ან შინაპატიმრობის მოხდის მომენტიდან.“;

გ) მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. თუ ამ მუხლის მე-3 ან მე-7 ნაწილით გათვალისწინებულმა მსჯავრდებულმა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდისას:

ა) განზრახ თავი აარიდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ან თუ სხვა მიზეზით სასჯელის შემდგომი მოხდა მიზანშეუწონელია, სასამართლოს შეუძლია პრობაციის ბიუროს წარდგინებით დაადგინოს, რომ გაუქმდეს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა და აღსრულდეს სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის მოუხდელი ნაწილი;

ბ) გაუფრთხილებლობითი დანაშაული ჩაიდინა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გაუქმების ან ძალაში დატოვების საკითხს წყვეტს სასამართლო;

გ) განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო აუქმებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას და უნიშნავს მსჯავრდებულს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით დადგენილი წესით. იმავე წესით დაენიშნება მას სასჯელი გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ჩადენისათვის, თუ სასამართლო გააუქმებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას. გამონაკლის შემთხვევაში საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მხარეთა შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის შესაბამისად საპროცესო შეთანხმების დადებისას, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს მთავარ პროკურორთან ან მის მოადგილესთან.“;

დ) მე-12 და მე-13 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. თუ ამ მუხლის 31 ან მე-7 ნაწილით გათვალისწინებულმა მსჯავრდებულმა შინაპატიმრობის მოხდისას:

ა) განზრახ თავი აარიდა მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, ან თუ სხვა მიზეზით სასჯელის შემდგომი მოხდა მიზანშეუწონელია, სასამართლოს შეუძლია პრობაციის ბიუროს წარდგინებით დაადგინოს, რომ გაუქმდეს შინაპატიმრობა და აღსრულდეს სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის მოუხდელი ნაწილი;

ბ) გაუფრთხილებლობითი დანაშაული ჩაიდინა, შინაპატიმრობის გაუქმების ან ძალაში დატოვების საკითხს წყვეტს სასამართლო;

გ) განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო აუქმებს შინაპატიმრობას და უნიშნავს მსჯავრდებულს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით დადგენილი წესით. იმავე წესით დაენიშნება მას სასჯელი გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ჩადენისათვის, თუ სასამართლო გააუქმებს შინაპატიმრობას. გამონაკლის შემთხვევაში შინაპატიმრობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მხარეთა შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის შესაბამისად საპროცესო შეთანხმების დადებისას, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს მთავარ პროკურორთან ან მის მოადგილესთან.

13. ამ მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში დრო, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებული სასჯელს იხდიდა შინაპატიმრობის სახით, ჩაითვლება თავისუფლების აღკვეთის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: შინაპატიმრობის ერთი დღე – თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე.“.

17. 74-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 74. სასჯელისაგან გათავისუფლება ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის ასაკის გამო

1. სასამართლო უფლებამოსილია სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გაათავისუფლოს მსჯავრდებული, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუსაბამოა სასჯელის მოხდასთან და, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მსჯავრდებულის გამოჯანმრთელება ან/და ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესება მოსალოდნელი არ არის.

2. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისია უფლებამოსილია სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გაათავისუფლოს პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებული, თუ მას აქვს დაავადება ან დაავადებათა ერთობლიობა და მკურნალობის ფონზე მისი ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებლების შენარჩუნება გართულებულია, ამასთანავე, ექიმთა კონსილიუმის მიერ კონსენსუსის საფუძველზე განსაზღვრული ლეტალურობის პროგნოზი მაღალია.

3. ამ მუხლის საფუძველზე სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლებულ მსჯავრდებულს, გამოჯანმრთელების შემთხვევაში, შეიძლება კვლავ დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და დაენიშნოს სასჯელი, თუ არ გასულა ამ კოდექსის 71-ე და 76-ე მუხლებით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები.

4. სასამართლო უფლებამოსილია სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გაათავისუფლოს სასჯელის მოხდის პერიოდში ხანდაზმულობის ასაკს მიღწეული პირი (ქალი – 65 წლიდან, მამაკაცი – 70 წლიდან), თუ მას სასჯელის სახით დანიშნული არ აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა და მოხდილი აქვს სასჯელის არანაკლებ ნახევარი.

5. ამ მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული საკითხების განხილვისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის აღსრულების მიზანშეწონილობა, მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტი, დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი, მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილი ქცევა და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

6. სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების ამ მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები არ ვრცელდება ამ კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სასჯელზე.

7. ამ მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულის სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლებისას შესაძლებელია იგი დამატებითი სასჯელის მოხდისაგანაც გათავისუფლდეს.“.

18. 110-ე−116-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 110. მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით 

მკვლელობა მსხვერპლის დაჟინებული თხოვნით და მისი ნამდვილი ნების შესაბამისად, ჩადენილი მომაკვდავის ძლიერი ფიზიკური ტკივილისაგან გათავისუფლების მიზნით, –

ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

მუხლი 111. განზრახ მკვლელობა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში

1. განზრახ მკვლელობა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში, რაც გამოიწვია დამნაშავის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ მსხვერპლის მართლსაწინააღმდეგო ძალადობამ, მძიმე შეურაცხყოფამ ან სხვა მძიმე ამორალურმა ქმედებამ, აგრეთვე მსხვერპლის არაერთგზისი მართლსაწინააღმდეგო ან ამორალური ქცევით განპირობებულმა ფსიქიკურმა ტრავმამ, –

ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, –

ისჯება შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

მუხლი 112. დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა 

დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა მშობიარობისას ან მშობიარობის შემდეგ უმალვე, –

ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

მუხლი 113. მკვლელობა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით

მკვლელობა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, –

ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

მუხლი 114. მკვლელობა დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით

მკვლელობა დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით, –

ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

მუხლი 115. თვითმკვლელობამდე მიყვანა

თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარით ან სასტიკი მოპყრობით ანდა მისი პატივის ან ღირსების სისტემატური დამცირებით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

მუხლი 116. სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით

1. სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით, –

ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.“.

19. 118-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან, –

ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თვრამეტ თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.“.

20. 120-ე−123-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 120. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება 

ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

მუხლი 121. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში, რაც გამოიწვია დამნაშავის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ დაზარალებულის მართლსაწინააღმდეგო ძალადობამ, მძიმე შეურაცხყოფამ ან სხვა მძიმე ამორალურმა ქმედებამ, აგრეთვე დაზარალებულის არაერთგზისი მართლსაწინააღმდეგო ან ამორალური ქცევით განპირობებულმა ფსიქიკურმა ტრავმამ, –

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

მუხლი 122. ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით

ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

მუხლი 123. ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით

ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.“.

21. 126-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, –

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.“;

ბ) 12 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, –

ისჯება შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.“.

22. 127-ე−130-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 127. სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენება 

სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმის ჩაყენება, ვისაც შესაძლებლობა არა აქვს, მიიღოს ზომები თავის დასაცავად, –

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

მუხლი 128. განსაცდელში მიტოვება 

დაუხმარებლად იმის მიტოვება, ვინც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაძლებლობა არ ჰქონდა, მიეღო ზომები თავის დასაცავად, თუ მიმტოვებელს ევალებოდა მასზე ზრუნვა და შეეძლო მისი დახმარება, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას ორმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

მუხლი 129. დაუხმარებლობა 

სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისათვის აუცილებელი და აშკარად გადაუდებელი დახმარების გაუწევლობა, თუ დამნაშავეს შეეძლო მისი დახმარება თავისთვის ან სხვისთვის სერიოზული საფრთხის შექმნის გარეშე, აგრეთვე დახმარების საჭიროების შესახებ სათანადო დაწესებულებისათვის ან პირისათვის შეუტყობინებლობა, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

მუხლი 130. ავადმყოფის განსაცდელში მიტოვება

1. სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფისათვის მედიცინის მუშაკის მიერ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების არასაპატიო მიზეზით გაუწევლობა, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თხუთმეტ თვემდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ, ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე.

2. იგივე ქმედება, რამაც ავადმყოფის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე, ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე.“.

23. 132-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სხვისთვის განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრის საფრთხის შექმნა, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

2. სხვისთვის განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრა, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.“.

24. 133-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უკანონო აბორტი, −

ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან სამას საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ორ წლამდე.“.

25. 135-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 135. სისხლით ან სისხლის კომპონენტებით უკანონო ვაჭრობა 

სისხლით ან სისხლის კომპონენტებით უკანონო ვაჭრობა, ჩადენილი ანგარებით, –

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.“.

26. 1422 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისათვის კანონით ან/და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით მინიჭებული უფლების განხორციელებაზე უარის თქმა, რამაც არსებითად ხელყო მისი უფლება, −

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

2. იგივე ქმედება:

ა) ჩადენილი არაერთგზის;

ბ) ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;

გ) ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით;

დ) რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.“.

27. 1433 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წინასწარი შეცნობით ამ კოდექსის 1431 და 1432 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის მსხვერპლის ან დაზარალებულის ისეთი მომსახურებით სარგებლობა, რომელიც, ამავე კოდექსის 1431 მუხლის თანახმად, არის ექსპლუატაცია, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.“.

28. 1443 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირის დამცირება ან იძულება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე.“. 

29. 145-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„მუხლი 145. დანაშაულის პროვოკაცია

დანაშაულის პროვოკაცია, ესე იგი სხვისი დაყოლიება დანაშაულის ჩასადენად მისი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით, –

ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.“.

30. 147-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

1. განზრახ უკანონო დაკავება, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე ანდა თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.“.

31. 150-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.“.

32. 151-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 151. მუქარა

1. სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, –

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) ჯგუფურად;

ბ) არაერთგზის;

გ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან არასრულწლოვნის მიმართ, −

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.“.

33. 152-ე და 153-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 152. ადგილსამყოფლის თავისუფლად არჩევის უფლების ხელყოფა

1. საქართველოში კანონიერად მყოფისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების, საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის ან საქართველოდან თავისუფლად გასვლის უფლების, აგრეთვე საქართველოს მოქალაქისათვის საქართველოში თავისუფლად შემოსვლის უფლების განხორციელებაში უკანონოდ ხელის შეშლა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

მუხლი 153. სიტყვის თავისუფლების ხელყოფა

სიტყვის თავისუფლების ანდა ინფორმაციის მიღების ან გავრცელების უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ანდა ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.“.

34. 154-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან, –

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ორმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე.“.

35. 155-ე და 156-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 155. რელიგიური წესის აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა

1. ღვთისმსახურების ან სხვა რელიგიური წესისა თუ ჩვეულების აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, ანდა თუ მას ახლდა მორწმუნის ან ღვთისმსახურის რელიგიური გრძნობის შეურაცხყოფა, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

მუხლი 156. დევნა

1. ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, –

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

2. იგივე ქმედება:

ა) ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით;

ბ) ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;

გ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.“.

36. 157-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ა) ანგარებით;

ბ) არაერთგზის, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.“.

37. 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერა ან მიყურადება, აგრეთვე კომპიუტერულ სისტემაში ან სისტემიდან კერძო კომუნიკაციისას გადაცემული კომპიუტერული მონაცემის ან ამგვარი მონაცემის მატარებელი ელექტრომაგნიტური ტალღების უნებართვო მოპოვება ტექნიკური საშუალების გამოყენებით ან კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ შენახვა, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

2. კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.“.

38. 160-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, უკანონო ჩხრეკა ან სხვა ქმედება, რომელიც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

2. იგივე ქმედება:

ა) ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით;

ბ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.“.

39. 162-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. არჩევნებში, რეფერენდუმში ან პლებისციტში ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლა, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.“.

40. 165-ე და 166-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 165. გაფიცვის უფლების ხელყოფა

გაფიცვის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, ანდა მატერიალური, სამსახურებრივი ან სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით პირის იძულება, თავი შეიკავოს გაფიცვისაგან, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

მუხლი 166. პოლიტიკური, საზოგადოებრივი ან რელიგიური გაერთიანების შექმნისათვის ან მისი საქმიანობისათვის ხელის შეშლა

პოლიტიკური, საზოგადოებრივი ან რელიგიური გაერთიანების შექმნისათვის ან მისი საქმიანობისათვის უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.“.

41. 171-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. არასრულწლოვნის გამაბრუებელ ან სამკურნალწამლო საშუალებათა არასამედიცინო მოხმარებაში ჩაბმა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.“.

42. 175-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იგივე ქმედება:

ა) ჩადენილი იმის მიერ, ვინც ვალდებულია დაიცვას შვილად აყვანის ფაქტი, როგორც სამსახურებრივი ან პროფესიული საიდუმლოება;

ბ) რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, –

ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.“.

43. 177-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, –

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

2. იგივე ქმედება:

ა) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;

ბ) ჩადენილი სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით, –

ისჯება შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.“.

44. 178-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, –

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.“.

45. 180-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, –

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.“.

46. 182-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება ან გაფლანგვა, თუ ეს ნივთი ან ქონებრივი უფლება მიმთვისებლის ან გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში იმყოფებოდა, –

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.“.

47. 185-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქონების მესაკუთრის ან მფლობელის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, თუ არ არის ამ კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, –

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.“.

48. 186-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა ან გასაღება, –

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.“.

49. 187-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.“.

50. 188-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.“.

51. 189-ე მუხლის მე-2−მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, –

ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

3. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევით ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის რეპროდუცირება ან მათი ასლების უნებართვო შეძენა, იმპორტი, შენახვა, გაყიდვა, გაქირავება, გადაცემა, ან/და საავტორო, მომიჯნავე უფლების მფლობელის ან მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების სხვაგვარი ხელყოფა, ჩადენილი დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მიზნით, –

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მიზნით;

ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.“.

52. 1891 მუხლის მე-2−მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, –

ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

3. წინასწარი შეცნობით სხვისი გამოგონების, სასარგებლო მოდელის, დიზაინის, ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის, მცენარის ან ცხოველის ახალი ჯიშის შემოსავლის მიღების მიზნით უკანონოდ გამოყენება, –

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.“.

53. 192-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის, ნებართვის ან ლიცენზიის გარეშე ანდა სანებართვო ან სალიცენზიო პირობების დარღვევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ან რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, –

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.“.

54. 193-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 193. ცრუ მეწარმეობა

ცრუ მეწარმეობა, ესე იგი საწარმოს შექმნა სამეწარმეო საქმიანობის განზრახვის გარეშე, კრედიტის ან სხვაგვარი ქონებრივი სარგებლის მიღების ანდა აკრძალული საქმიანობის დაფარვის მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.“.

55. 1951 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პროცედურებში მონაწილეობისას შესყიდვებში მონაწილე სუბიექტების მიერ წინასწარი შეთანხმება ან სხვა გარიგება თავისთვის ან სხვისთვის მატერიალური გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც შემსყიდველი ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, –

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.“.

56. 196-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ა) არაერთგზის;

ბ) ასეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ;

გ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, –

ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.“.

57. 197-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფალსიფიკაცია, ესე იგი მოტყუებით ნივთის თვისებრიობის შეცვლა მწარმოებლის ან გამსაღებლის მიერ, ჩადენილი ანგარებით, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.“.

58. 197მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1971. ფალსიფიცირებული ნივთის უკანონო გადაზიდვა ან გასაღება

წინასწარი შეცნობით ფალსიფიცირებული ნივთის უკანონო გადაზიდვა ან გასაღება, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.“.

59. 198-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება, შემოტანა ან რეალიზაცია, ანდა ასეთ პროდუქციაზე ეტიკეტის უკანონოდ გამოყენება, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით სამ წლამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

2. იგივე ქმედება, რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.“.

60. 199-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 199. ეკომარკით უკანონოდ სარგებლობა

ეკომარკით უკანონოდ სარგებლობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე.“.

61. მე-200 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა, –

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.“.

62. 201-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 201. ყალბი რეკლამა

რეკლამის დამკვეთის, მწარმოებლის ან გამავრცელებლის მიერ მომხმარებლის განზრახ შეცდომაში შეყვანა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.“.

63. 202-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იგივე ქმედება:

ა) ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ;

ბ) ჩადენილი არაერთგზის;

გ) ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;

დ) ჩადენილი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით;

ე) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –

ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე ან უამისოდ.“.

64. 203-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.“.

65. 205-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 205. უკანონო ქმედება გადახდისუუნარობისას 

გადახდისუუნარობისას ქონების იმ ნაწილის განკარგვა ან დამალვა კრედიტორისათვის ხელმიუწვდომლობის მიზნით, რომელიც გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შემთხვევაში სამეურვეო ქონებაში მოექცეოდა, აგრეთვე მეურნეობის სწორად გაძღოლის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ მისი დაზიანება, გაუვარგისება ან განადგურება, –

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.“.

66. 208-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბანკისათვის ან სხვა კრედიტორისათვის სამეურნეო ან ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობის მიწოდება კრედიტის მიღების ან მისი ოდენობის გაზრდის ანდა შეღავათიანი კრედიტის მიღების მიზნით, აგრეთვე მიზნობრივი კრედიტის არადანიშნულებისამებრ გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.“.

67. 210-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის, სხვა საგადასახადო დოკუმენტის ან ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის დამზადება ან შეძენა გასაღების ან გამოყენების მიზნით, გასაღება ან გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.“.

68. 219-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

ბ) დიდი ოდენობით;

გ) ასეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ, –

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.“.

69. 220-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 220. უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება 

საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების გამოყენება ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, −

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.“.

70. 2201 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გულგრილობა, ესე იგი საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, –

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.“.

71. 221-ე მუხლის პირველი−მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იმ პირისათვის, რომელიც საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ახორციელებს ხელმძღვანელობით, წარმომადგენლობით ან სხვა სპეციალურ უფლებამოსილებას, ან რომელიც მუშაობს ამ ორგანიზაციაში, პირდაპირ ან არაპირდაპირ, მის ან სხვა პირის სასარგებლოდ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების ან ქონებრივი მომსახურების ან/და სხვა არამართლზომიერი უპირატესობის დაპირება, შეთავაზება, გადაცემა ან გაწევა, რათა მან განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან, თავისი სამსახურებრივი ვალდებულებების დარღვევით, მომსყიდველის ან სხვა პირის ინტერესებისათვის, –

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) ჯგუფურად;

ბ) არაერთგზის, –

ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

3. იმ პირის მიერ, რომელიც საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ახორციელებს ხელმძღვანელობით, წარმომადგენლობით ან სხვა სპეციალურ უფლებამოსილებას, ან რომელიც მუშაობს ამ ორგანიზაციაში, პირდაპირ ან არაპირდაპირ, თავის ან სხვა პირის სასარგებლოდ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების ან ქონებრივი მომსახურების ან/და სხვა არამართლზომიერი უპირატესობის დაპირების, შეთავაზების, გადაცემის ან გაწევის მოთხოვნა ან მიღება, რათა მან განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან, თავისი სამსახურებრივი ვალდებულებების დარღვევით, მომსყიდველის ან სხვა პირის ინტერესებისათვის, –

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.“.

72. 2221 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იგივე ქმედება:

ა) ჩადენილი არაერთგზის;

ბ) რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;

გ) რასაც თან სდევს ტვირთის, ბარგის ან დოკუმენტების უკანონო გასინჯვა და შემოწმება, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.“.

73. 226-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 226. ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიური მონაწილეობა

ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან ან რომელმაც ტრანსპორტის, საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება გამოიწვია, აგრეთვე ასეთ მოქმედებაში აქტიური მონაწილეობა, –

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.“.

74. 2291 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ელექტროენერგიით ან თბოენერგიით, გაზით, ნავთობით ან ნავთობპროდუქტებით სარგებლობის წესების დარღვევა, რასაც არსებითი ზიანი მოჰყვა, –

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე.“.

75. 236-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა, –

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.“.

76. 238-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 238. ცეცხლსასროლი იარაღის (მათ შორის, სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (თოფის)) დაუდევრად შენახვა

ცეცხლსასროლი იარაღის (მათ შორის, სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (თოფის)) დაუდევრად შენახვა, რითაც შექმნილი იყო პირობა მისი სხვა პირის მიერ გამოყენებისათვის, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.“.

77. 2381 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ცივი იარაღის ტარებისათვის განმეორებით ადმინისტრაციულსახდელდადებული, ნარკოტიკების მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული ან განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, –

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ექვსი თვის ვადით.“.

78. 239-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, –

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.“.

79. 240-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იგივე ქმედება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, –

ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.“.

80. 2401 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება ან რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.“.

81. 241-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ატომური ენერგეტიკის ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესის დარღვევა, რასაც გაუფრთხილებლობით შეეძლო გამოეწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან გარემოს რადიაქტიური დაბინძურება, –

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.“.

82. 242-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აფეთქებასაშიშ საწარმოში ან საამქროში საწარმოო-ტექნიკური უსაფრთხოების წესის დარღვევა, რასაც გაუფრთხილებლობით შეეძლო გამოეწვია მძიმე შედეგი, –

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

2. აფეთქებასაშიშ საწარმოში ან საამქროში საწარმოო-ტექნიკური უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.“.

83. 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია, –

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

2. იგივე ქმედება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.“.

84. 244-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 244. ფეთქებადი, ადვილად აალებადი, მწვავე ნივთიერების ან პიროტექნიკური ნაკეთობის აღრიცხვის, შენახვის, გადაზიდვის, გამოყენების ან გადაგზავნის წესის დარღვევა

ფეთქებადი, ადვილად აალებადი, მწვავე ნივთიერების ან პიროტექნიკური ნაკეთობის აღრიცხვის, შენახვის, გადაზიდვის ან გამოყენების წესის დარღვევა, აგრეთვე მისი უკანონო გადაგზავნა ფოსტით ან ბარგით, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, –

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.“.

85. 246-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 246. უკანონო საექიმო ან ფარმაცევტული საქმიანობა

1. უკანონო საექიმო ან ფარმაცევტული საქმიანობა, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

2. იგივე ქმედება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.“.

 86. 248-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 248. სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური წესის დარღვევა

1. სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური წესის დარღვევა, რამაც ადამიანთა მასობრივი დაავადება ან მოწამვლა გამოიწვია, –

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

2. იგივე ქმედება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.“.

87. 249-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გასაღების მიზნით შხამის უკანონოდ დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გასაღება, –

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.“.

88. 251-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უხარისხო საქონლის გამოშვება ან გაყიდვა ანდა უხარისხო სამუშაოს შესრულება ან უხარისხო მომსახურების გაწევა, რაც არ შეესაბამება მომხმარებლის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნებს, აგრეთვე ისეთი ოფიციალური დოკუმენტის უკანონოდ გაცემა ან გამოყენება, რომელიც ადასტურებს ამ საქონლის, სამუშაოს ან მომსახურების უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობას, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია, –

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

2. იგივე ქმედება, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ანდა ორი ან მეტი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია, –

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.“.

89. 2552 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2552. თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირისათვის შეხვედრის შეთავაზება სექსუალური მიზნებისათვის

სრულწლოვნის მიერ წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირისათვის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით შეხვედრის შეთავაზება მის მიმართ ამ კოდექსის 140-ე მუხლის ან/და 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის მიზნით, როდესაც შეთავაზებას მოჰყვა ასეთი შეხვედრისკენ მიმართული ქმედებები, −

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.“.

90. 256-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 256. ისეთი ნაწარმოების დამზადება ან გავრცელება, რომელიც პროპაგანდას უწევს ძალადობის ან სისასტიკის კულტს

ისეთი კინოფილმის, ვიდეოფილმის ან სხვა ნაწარმოების დამზადება, გავრცელება, ჩვენება ან შენახვა გავრცელებისა და ჩვენების მიზნით, რომელიც პროპაგანდას უწევს ძალადობის ან სისასტიკის კულტს, –

 ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.“.

 91. 258-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 258. მიცვალებულისადმი უპატივცემულობა

1. ცხედრის ან საფლავის წაბილწვა, აგრეთვე საფლავის ძეგლის ან მისი სხვა მიწისზედა ნაგებობის დანგრევა ან დაზიანება, –

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

2. საფლავში ჩატანებული ან საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, –

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

3. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) ჯგუფურად;

ბ) რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო;

გ) ძალადობით ან ძალადობის მუქარით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.“.

92. 267-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ნარკოტიკული საშუალების შესაძენად ყალბი რეცეპტის ან სხვა დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით ან გასაღება, –

 ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.“.

93. 275-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა სპეციალურად ევალება, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია, –

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.“.

94. 276-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, –

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.“;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია, –

ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.“.

95. 277-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სატრანსპორტო საშუალების, გზის, სიგნალიზაციის, კავშირგაბმულობის საშუალების ან სხვა სატრანსპორტო მოწყობილობის უხარისხო რემონტი, აგრეთვე ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვება, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია, –

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.“.

 96. 279-ე და 280-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 279. გემის კაპიტნის მიერ განსაცდელში მიტოვება 

გემის კაპიტნის მიერ განსაცდელში მიტოვება იმისა, ვინც ზღვაში ან სხვა წყალსავალ გზაზე იღუპებოდა, თუ კაპიტანს შეეძლო მისი დახმარება გემისთვის, ეკიპაჟისთვის ან მგზავრისთვის სერიოზული საფრთხის შექმნის გარეშე, –

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

მუხლი 280. ფრენის საერთაშორისო წესის დარღვევა 

1. ნებადართული მარშრუტის, მითითებული ფრენის სიმაღლის, დაჯდომის ადგილის, საჰაერო ჭიშკრის დაუცველობა ან ფრენის საერთაშორისო წესის სხვა დარღვევა, –

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

2. იგივე ქმედება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა დასახლებულ უბანს, –

ისჯება შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.“.

97. 281-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მგზავრის, ფეხით მოსიარულის ან მოძრაობის სხვა მონაწილის (გარდა ამ კოდექსის 275-ე ან 276-ე მუხლით გათვალისწინებული პირისა) მიერ ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია, –

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.“.

98. 283-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მაგისტრალური მილსადენის მშენებლობის, ექსპლუატაციის ან რემონტის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია, –

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.“.

99. 297-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იგივე ქმედება, ჩადენილი საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის დროს ან ეკოლოგიური უბედურების ზონაში, რამაც მიწის მნიშვნელოვანი ფართობის გაუვარგისება გამოიწვია, –

ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.“.

100. 302-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველის ან ველური მცენარის ბუნებრივი საბინადრო ან გამრავლების არეალის მოშლა ან იმ ადგილების სხვა დანიშნულებით გამოყენება, სადაც საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობა ბუნებრივად ბინადრობს ან ხარობს, რამაც გაუფრთხილებლობით ამ ადგილებში ცხოველის ან მცენარის სახეობის გადაშენების საფრთხე შექმნა, –

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.“.

101. 332-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, –

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.“.

102. 333-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, –

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.“.

103. 337-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 337. სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობა 

მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ პირადად ან სხვისი მეშვეობით საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის დაარსება სამეწარმეო საქმიანობის მიზნით ანდა, კანონით დადგენილი აკრძალვის მიუხედავად, მის მართვაში მონაწილეობა, თუ ეს დაკავშირებულია მისთვის უკანონო შეღავათის ან უპირატესობის დაწესებასთან ან მის სხვა ფორმით მფარველობასთან, –

ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.“.

104. 339-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოხელისათვის ან მასთან გათანაბრებული პირისათვის პირდაპირ ან არაპირდაპირ, მის ან სხვა პირის სასარგებლოდ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე არამართლზომიერი უპირატესობის დაპირება, შეთავაზება ან მინიჭება, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის ან სხვა პირის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან, ან გამოიყენოს თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, აგრეთვე განახორციელოს სამსახურებრივი მფარველობა, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.“.

105. 3391 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იმ პირისათვის, რომელიც ამტკიცებს ან ადასტურებს, რომ მას შეუძლია არამართლზომიერი ზეგავლენის მოხდენა მოხელის ან მოხელესთან გათანაბრებული პირის მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე პირდაპირ ან არაპირდაპირ, მის ან სხვა პირის სასარგებლოდ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე არამართლზომიერი უპირატესობის დაპირება, შეთავაზება ან მინიჭება იმ პირის მიერ, რომელიც მოქმედებს საკუთარი ან სხვა პირის ინტერესებისათვის, მიუხედავად იმისა, განხორციელდა თუ არა ასეთი ზეგავლენა ან/და მიღებულ იქნა თუ არა ამ ზეგავლენის სასურველი შედეგი, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.“.

106. 340-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ კანონით აკრძალული საჩუქრის მიღება, –

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ასიდან სამას საათამდე ან თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.“.

107. 341-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 341. სამსახურებრივი სიყალბე 

სამსახურებრივი სიყალბე, ესე იგი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ოფიციალურ დოკუმენტში ან დავთარში ყალბი ცნობის ან ჩანაწერის შეტანა, ანდა ყალბი დოკუმენტის შედგენა ან გაცემა, აგრეთვე საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის საქმეში არსებული ოფიციალური ან კერძო დოკუმენტის გაყალბება, ჩადენილი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით, –

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.“.

108. 342-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურებრივი გულგრილობა, ესე იგი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, –

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.“.

109. 3421 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურში დადგენილი წესის დარღვევა“;

ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რასაც შედეგად მოჰყვა პენიტენციური დაწესებულებიდან, გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაქცევა ან/და პენიტენციური დაწესებულების საქმიანობის დეზორგანიზაცია, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.“;

გ) შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისათვის სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურესთან გათანაბრებულ პირებად ითვლებიან: საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის თანამშრომელი, გენერალური ინსპექციის თანამშრომელი და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომელი, პენიტენციური დეპარტამენტის სოციალური სამსახურის მოსამსახურე, პენიტენციური დაწესებულების სოციალური სამსახურის მოსამსახურე, საჯარო მოსამსახურე, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში უშუალოდ ასრულებს ლოჯისტიკურ, საფინანსო, ორგანიზაციულ ან სამართლებრივ უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ ფუნქციას.“.

 110. 343-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 343. საქართველოს სახელმწიფო გერბის ან დროშის შებღალვა 

საქართველოს სახელმწიფო გერბის ან დროშის შებღალვა, –

ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.“.

111. 347-ე და 348-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 347. შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევა 

შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევა ამ აქციის ორგანიზატორის მიერ, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, –

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე.

მუხლი 348. გაფიცვის წესის დარღვევა 

გაფიცვის წესის დარღვევა ამ აქციის ორგანიზატორის მიერ, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, –

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე.“.

112. 352-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს სახალხო დამცველზე ზემოქმედება“;

ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს სახალხო დამცველზე ნებისმიერი ფორმით ზემოქმედება მისი სამსახურებრივი საქმიანობისათვის ხელის შეშლის მიზნით, –

 ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე.“.

113. 353-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, –

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.“.

114. 3531 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3531. პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა

1. პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა მის სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მისი ოჯახის წევრზე თავდასხმა პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, –

 ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

2. პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის, ანდა მისი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის ხელყოფა პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, −

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე.

3. პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის, ანდა მისი ოჯახის წევრის სიცოცხლის მოსპობა პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, −

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.“.

115. 360-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იგივე ქმედება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, –

ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.“.

116. 362-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იგივე ქმედება:

ა) ჩადენილი არაერთგზის;

ბ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.“.

117. 363-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება, გადამალვა, განადგურება ან დაზიანება, ჩადენილი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით, –

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე.“.

118. 367-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მოსამართლის, მსაჯულის ან სამართალწარმოების სხვა მონაწილის, აღმასრულებლის, დაზარალებულის, მოწმის ან სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილის ანდა მისი ახლო ნათესავის უსაფრთხოების დაცვის საიდუმლოების გახმაურება იმის მიერ, ვინც ასეთი საიდუმლოება იცოდა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო ან ვისაც ის გაანდეს, –

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ორ წლამდე.“.

119. 375-ე და 376-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 375. დანაშაულის დაფარვა

მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის, აგრეთვე ამ კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილით, 186-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1941 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 202-ე მუხლის პირველი ნაწილით, 221-ე მუხლის პირველი–მე-3 ნაწილებით, 332-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 339-ე მუხლის პირველი ნაწილით, 3391 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 365-ე მუხლის პირველი–მე-3 ნაწილებით და 372-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა, –

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

შენიშვნა: ამ მუხლითა და ამ კოდექსის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება:

ა) პირს, რომელმაც წინასწარ შეუპირებლად ახლო ნათესავის დანაშაული დაფარა;

ბ) „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (თავშესაფრის) პასუხისმგებელ პირს;

გ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მინიჭების საკითხის განმხილველ, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსთან შექმნილი მუდმივმოქმედი ჯგუფის წევრს;

დ) „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებული ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის წევრს;

ე) ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა/სავარაუდო მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (თავშესაფრის/კრიზისული ცენტრის) თანამშრომელს (გარდა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი დანაშაულისა);

ვ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის თანამშრომელს (გარდა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი დანაშაულისა);

ზ) პირისათვის კონსულტაციების გაწევის უზრუნველმყოფი უფასო სატელეფონო დახმარების ქსელის ოპერატორს.

მუხლი 376. დანაშაულის შეუტყობინებლობა

დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია მძიმე დანაშაული ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ან/და ამ კოდექსის 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 255-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 2551 ან 2552 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, –

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.“.

120. 378-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პენიტენციური დაწესებულების საქმიანობისათვის ხელის შეშლა ან/და ამ საქმიანობის დეზორგანიზაცია“;

ბ) პირველი−მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, რასაც თან ახლავს მისი ან/და მისი ახლო ნათესავის მიმართ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის ან ქონების დაზიანების მუქარა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ან ამ დაწესებულების საქმიანობისათვის ხელის სხვაგვარად შეშლა ან/და ამ საქმიანობის დეზორგანიზაცია, −

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

2. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირის იძულება ჩვენების შეცვლის ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიზნით, აგრეთვე მსჯავრდებულის იძულება მოქალაქეობრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლის მიზნით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

3. პენიტენციურ დაწესებულებაში ან მოთავსების სხვა ადგილას, აგრეთვე გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლის ან პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვაგვარი ძალადობა ან/და აღნიშნულ დაწესებულებაზე თავდასხმა ან/და ამავე მიზნით დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნა ან ასეთ დაჯგუფებაში აქტიური მონაწილეობა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდე.“.

121. 3781 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პენიტენციურ დაწესებულებაში ან მოთავსების სხვა ადგილას, გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას ბრალდებულისათვის/ მსჯავრდებულისათვის, აგრეთვე დროებითი ყოფნის იზოლატორში ან ჰაუპტვახტში მოთავსებული პირისათვის აკრძალული საგნის გადაცემა“;

ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პენიტენციურ დაწესებულებაში ან მოთავსების სხვა ადგილას, გაყვანისას/ გადაყვანისას ან ექსტრადიციისას ბრალდებულისათვის/ მსჯავრდებულისათვის, აგრეთვე დროებითი ყოფნის იზოლატორში ან ჰაუპტვახტში მოთავსებული პირისათვის აკრძალული საგნის გადაცემა, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.“;

გ) შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შენიშვნა: აკრძალულ საგნად ჩაითვლება ყველა საგანი (ნივთი), გარდა იმ საგნებისა (ნივთებისა), რომლებიც დასაშვებია, თან იქონიოს პენიტენციურ დაწესებულებაში, დროებითი ყოფნის იზოლატორში ან ჰაუპტვახტში მოთავსებულმა პირმა.“.

122. 3782 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პენიტენციურ დაწესებულებაში ან მოთავსების სხვა ადგილას, გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას ბრალდებულის/ მსჯავრდებულის მიერ, აგრეთვე დროებითი ყოფნის იზოლატორში ან ჰაუპტვახტში მოთავსებული პირის მიერ აკრძალული საგნის შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და ამ საგნით სარგებლობა“;

ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პენიტენციურ დაწესებულებაში ან მოთავსების სხვა ადგილას, გაყვანისას/ გადაყვანისას ან ექსტრადიციისას ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ, აგრეთვე დროებითი ყოფნის იზოლატორში ან ჰაუპტვახტში მოთავსებული პირის მიერ აკრძალული საგნის შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და ამ საგნით სარგებლობა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.“.

123. 379-ე და 380-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 379. დაკავების ადგილიდან, პენიტენციური დაწესებულებიდან ან მოთავსების სხვა ადგილიდან, გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას ბრალდებულის/ მსჯავრდებულის გაქცევა

1. დაკავების ადგილიდან, პენიტენციური დაწესებულებიდან ან მოთავსების სხვა ადგილიდან, გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას ბრალდებულის/ მსჯავრდებულის გაქცევა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) ჯგუფურად;

ბ) სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, –

 ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდე.

მუხლი 380. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის მოხდისათვის თავის არიდება

იმ მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისათვის თავის არიდება, რომელსაც პენიტენციური დაწესებულებიდან მოკლევადიანი გასვლის ნებართვა აქვს, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე.

შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის მოხდისათვის თავის არიდებად მიიჩნევა აგრეთვე მსჯავრდებულის მიერ პატიმრობის კოდექსის 716 მუხლის მე-4 ნაწილითა და 72-ე მუხლის 35 ნაწილით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობა.“.

124. 415-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2

1. 2017 წლის 1 დეკემბრამდე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს − სრულწლოვან მსჯავრდებულთა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების უფროსმა წარდგინებით მიმართოს სასამართლოს, ხოლო სასამართლომ 30 დღის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების ან მისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის შესახებ. ამასთანავე, დრო, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებული იხდიდა ამ სასჯელს, ჩაითვლება თავისუფლების აღკვეთის, შინაპატიმრობის ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: თავისუფლების შეზღუდვის ერთი დღე − თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე, შინაპატიმრობის ერთი დღე, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ხასიათს, მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილ ქცევას, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტს/ფაქტებს, ნასამართლობას, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკს, ოჯახურ პირობებს და მსჯავრდებულის პიროვნებას.

3. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა მსჯავრდებულმა სასჯელის მოუხდელ ვადაში:

ა) განზრახ თავი აარიდა პირობით ვადამდე გათავისუფლებისას ან სასჯელის შინაპატიმრობით/საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლისას მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, სასამართლო უფლებამოსილია პრობაციის ბიუროს წარდგინებით დაადგინოს, რომ გაუქმდეს პირობით ვადამდე გათავისუფლება/შინაპატიმრობა/საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა და აღსრულდეს სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთის სახით;

ბ) გაუფრთხილებლობითი დანაშაული ჩაიდინა, პირობით ვადამდე გათავისუფლების/შინაპატიმრობის/საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გაუქმების ან ძალაში დატოვების საკითხს წყვეტს სასამართლო;

გ) განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო უნიშნავს მას სასჯელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლით დადგენილი წესით. იმავე წესით დაენიშნება მსჯავრდებულს სასჯელი გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ჩადენისათვის, თუ სასამართლო გააუქმებს პირობით ვადამდე გათავისუფლებას/შინაპატიმრობას/საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას.

4. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დაიწყოს 2018 წლის 1 იანვრიდან.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი−113-ე და 115-ე−124-ე ნაწილებისა და მე-2 მუხლის მე-3 ნაწილისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-17 ნაწილი ამოქმედდეს 2017 წლის 1 სექტემბრიდან.

3. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი−მე-16, მე-18−113-ე და 115-ე−124-ე ნაწილები და მე-2 მუხლის მე-3 ნაწილი ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

1 ივნისი 2017 წ.

N944-IIს