სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები პროექტის ავტორი
მიღების თარიღი 09/06/2017
დოკუმენტის ტიპი ნორმატიული აქტების პროექტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016408
  • Word
0
09/06/2017
ვებგვერდი, 09/06/2017
000000000.00.00.016408
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
პროექტის ავტორი

პროექტი

საქართველოს კანონი

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

 

მუხლი 1. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.05.2012, სარეგისტრაციო კოდი: 240110000.05.001.016709) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) რომელსაც ამ კოდექსის შესაბამისად აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი და ახორციელებს პირველადი პროდუქტის პირდაპირ მიწოდებას საბოლოო მომხმარებლის ან იმ საცალო ვაჭრობის პუნქტისთვის, რომელიც უშუალოდ ამარაგებს საბოლოო მომხმარებელს;“.

2. მე-2 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ა1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა1) ცხოველური წარმოშობის სურსათი – ადამიანის საკვებად განკუთვნილი გადამუშავებული ან გადაუმუშავებელი პროდუქტი, ასევე გადამუშავებული პროდუქტის შემდგომი გადამუშავებით მიღებული პროდუქტი, რომელიც მიიღება სასურსათო დანიშნულების ცხოველისაგან;“;

ბ) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „კ1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ1) სასურსათო დანიშნულების ცხოველი − ცხოველი, რომელიც მოშენდა, გაიზარდა, შენახული ან მონადირებული იქნა, დაიკლა ან შეგროვდა სურსათად წარმოების/ გამოყენების მიზნით;“;

გ) „ჯ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ჯ1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჯ1) საცალო ვაჭრობა − სურსათის დამუშავება, გადამუშავება ან/და სურსათთან დაკავშირებული სხვა ქმედებები და სურსათის შენახვა რეალიზაციის ადგილზე ან საბოლოო მომხმარებლისთვის მიწოდება. საცალო ვაჭრობა მოიცავს სადისტრიბუციო ტერმინალებს, საზოგადოებრივი კვების ობიექტებს, საწარმოებში არსებულ სასადილოებს, ორგანიზაციებში კვების ობიექტებს, რესტორნებს, მაღაზიებს (მათ შორის, საბითუმო მაღაზიებს), სუპერმარკეტების სადისტრიბუციო ცენტრებს და სურსათთან დაკავშირებულ სხვა მსგავს მომსახურებას;“;

დ) „ჰ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ) ბაზარზე განთავსება – ბიზნესოპერატორის მიერ სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტის, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის ან/და აგროქიმიკატის განთავსება რეალიზაციის მიზნით, მათ შორის, გაყიდვის ან სხვა ფორმით მიწოდების შესახებ წინადადების შეთავაზება, სასყიდლით ან უსასყიდლოდ მიწოდება, აგრეთვე, რეალიზაცია, დისტრიბუცია და მიწოდების სხვა ფორმები;“;

ე) „ჰ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ1) საცალო ვაჭრობის პუნქტი - ობიექტი, სადაც ხორციელდება საცალო ვაჭრობა;“;

ვ) „ჰ4“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ4) რისკი – ადამიანის, ცხოველის ჯანმრთელობაზე, მცენარის სიჯანსაღეზე საფრთხის ზემოქმედებისას მისი გავლენის ალბათობა და სიმძიმე;“;

ზ) „ჰ5“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ5) ვეტერინარი − ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი ავტორიზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული სათანადო უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;“;

 თ) „ჰ9“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ9) ეტიკეტი − სურსათთან/ცხოველის საკვებთან, ცხოველურ და მცენარეულ პროდუქტთან, ვეტერინარულ პრეპარატთან, პესტიციდთან ან აგროქიმიკატთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია, სავაჭრო ნიშანი, დასახელება, ილუსტრაცია ან სიმბოლო, განთავსებული შეფუთვაზე ან დაფასოებაზე ან/და მასთან დაკავშირებულ თანდართულ დოკუმენტზე;“;

ი) „ჰ30“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ30) ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტი – მცენარე, მცენარეული პროდუქტი ან სხვა ორგანიზმი, დასაწყობების ადგილი, შეფუთვა, სატრანსპორტო საშუალება, კონტეინერი, ნიადაგი, სხვა მასალა ან/და არეალი, რომელშიც შესაძლებელია არსებობდეს მავნე ორგანიზმი ან/და რომელიც ხელს უწყობს მის გავრცელებას და რომლის მიმართ აუცილებელია ფიტოსანიტარიული ზომების გამოყენება, განსაკუთრებით საერთაშორისო გადაზიდვების შემთხვევაში;“;

კ) „ჰ38“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ38) ცხოველური ნარჩენი (ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტი) (შემდგომში ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტი)ცხოველის სხეული ან მისი სხეულის ნაწილი, ცხოველური წარმოშობის პროდუქტი ან ცხოველისგან მიღებული სხვა პროდუქტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ადამიანის მიერ მოხმარებისთვის, ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს 2009 წლის 21 ოქტომბრის (EC) no 1069/2009 რეგულაციის შესაბამისად;“;

ლ) „ჰ39“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ჰ40“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ40) განკარგვა − ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტის შეგროვება, ტრანსპორტირება, შენახვა, გადამუშავება და გამოყენება ან განადგურება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით;“.

3. მე-13 მუხლის:

 ა) მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ბ) იმ ცხოველის საკვების წარმოებასთან, გადამუშავებასთან ან/და ბაზარზე განთავსებასთან, რომელიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით;“;

 ბ) მე-3 ნაწილს დაემატოს „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „გ) ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტის მართვასთან, რომელიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით;

დ) მცენარეთა დაცვის სფეროსთან, რომელიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

4. მე-17 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მიკვლევადობის განსახორციელებლად სურსათი/ცხოველის საკვები, ცხოველი, მცენარე, ცხოველური და მცენარეული პროდუქტები, ვეტერინარული პრეპარატი, პესტიციდი და აგროქიმიკატი ეტიკეტირებული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის სხვა ალკოჰოლიანი სასმელები ეტიკეტირებული უნდა იყოს „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმი ან მისგან დამზადებული სურსათი/ცხოველის საკვები − „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

5. მე-18 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სარეალიზაციოდ განკუთვნილი სურსათი/ცხოველის საკვები, ცხოველი, მცენარე, ცხოველური და მცენარეული პროდუქტები, ვეტერინარული პრეპარატი, პესტიციდი და აგროქიმიკატი ეტიკეტირებული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის სხვა ალკოჰოლიანი სასმელები ეტიკეტირებული უნდა იყოს „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმი ან მისგან დამზადებული სურსათი/ცხოველის საკვები − „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

6. 182 მუხლის:

ა) პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დაკვლის შედეგად მიღებული ცხოველური პროდუქტის ბაზარზე განთავსების მიზნით ცხოველის დაკვლა განახორციელოს ვეტერინარული ზედამხედველობით;

გ) შეასრულოს სააგენტოს მითითებები ეპიზოოტიის საწინააღმდეგო, პრევენციული, სალიკვიდაციო და საიდენტიფიკაციო-სარეგისტრაციო ღონისძიებების განსახორციელებლად;“;

ბ) პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) უზრუნველყოს ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტის განკარგვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“.

გ) მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) უზრუნველყოს ცხოველური პროდუქტების გადაადგილება და რეალიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

7. 182 მუხლს დაემატოს „51“-„53“ ნაწილები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„51. თუ ბიზნესოპერატორს აქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ მის მიერ წარმოებული, იმპორტირებული ან ბაზარზე განთავსებული ვეტერინარული პრეპარატი არარეგისტრირებული, ფალსიფიცირებული, ვადაგასული ან გამოსაყენებლად უვარგისია ან დარღვეულია ვეტერინარული პრეპარატის ეტიკეტირების წესი, იგი ვალდებულია დაუყონებლივ მიიღოს ზომები ამ ვეტერინარული პრეპარატის ბაზარზე განთავსების აღსაკვეთად ან ბაზარზე უკვე განთავსებული ვეტერინარული პრეპარატის ამოსაღებად.

52. თუ სააგენტოს აქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ბიზნესოპერატორის მიერ წარმოებული, იმპორტირებული ან ბაზარზე განთავსებული ვეტერინარული პრეპარატი არარეგისტრირებული, ფალსიფიცირებული, ვადაგასული ან გამოსაყენებლად უვარგისია ან დარღვეულია ვეტერინარული პრეპარატის ეტიკეტირების წესი, ბიზნესოპერატორი ვალდებულია, სააგენტოს მითითების შესაბამისად, დაუყონებლივ მიიღოს ზომები ამ ვეტერინარული პრეპარატის ბაზარზე განთავსების აღსაკვეთად ან ბაზარზე უკვე განთავსებული ვეტერინარული პრეპარატის ამოსაღებად.

53. ბიზნესოპერატორი ვალდებულია ამ მუხლის 51 და 52 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გატარებული ზომების თაობაზე დაუყოვნებლივ წერილობით შეატყობინოს სააგენტოს.“.

8. 183 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) შეასრულოს სააგენტოს მითითებები იმ მავნე ორგანიზმის მასობრივი გავრცელების თავიდან ასაცილებლად, რომლიც რისკს უქმნის მცენარის სიჯანსაღეს.“.

9. 22-ე მუხლის:

ა) „ბ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ე) ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტის განკარგვის უზრუნველსაყოფად კონტროლის განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით;“;

ბ) „გ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ე) მავნე ორგანიზმის გავრცელებასა და განვითარებაზე დაკვირვება, მისი გამოვლენა და დიაგნოსტიკის უზრუნველყოფა;“;

გ) „გ.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ზ) მავნე ორგანიზმის მასობრივი გავრცელებისა და განვითარების პროგნოზირება.“.

10. 25-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის კონტროლი − ქმედება რომელიც ხორციელდება:

 ა.ა) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ეტიკეტირების, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად;

 ა.ბ) მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად;“.

11. 261 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მონიტორინგის ფარგლებში ხორციელდება:

ა) რისკის შეფასებისათვის სურსათის/ცხოველის საკვების მიკრობიოლოგიური მაჩვენებლის, ქიმიური დამაბინძურებლის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და მათში ფიზიკური საფრთხის არსებობის შესწავლა ნიმუშის აღებით და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლევების ჩატარებით;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან:

ბ.ა) ეტიკეტის, წარდგენისა და შენახვის პირობები შესაბამისობის შემოწმება;

ბ.ბ) მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების შესაბამისობის შემოწმება;

გ) დოკუმენტური შემოწმება.“.

12. 262 მუხლის:

 ა) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ინსპექტირება არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომლის დროსაც ხორციელდება:

 ა) ცხოველის, ცხოველური პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპების ცალკეული ასპექტების გამოკვლევა, ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის, ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი სხვა ბიზნესოპერატორების საქმიანობის შემოწმება, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან და წესებთან შესაბამისობის დასადგენად და რომელიც მოიცავს:

ა.ა) ბიზნესოპერატორის საქმიანობის შემოწმებას წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე, აგრეთვე ცხოველთა ჯანმრთელობის მდგომარეობის და კეთილდღეობის შესაფასებლად;

ა.ბ) დოკუმენტური შემოწმების განხორციელებას;

ა.გ) საჭიროების შესაბამისად სინჯის, ნიმუშის, პათოლოგიური მასალის აღებას და ლაბორატორიულ გამოკვლევას;

 ბ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან და წესებთან შესაბამისობის დასადგენად ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის, მათი სადგომის/დროებითი სადგომის, ასევე, ვეტერინარული სამსახურისა და ცხოველთა ჭერის საქმიანობისათვის საჭირო, საქართველოში სპეციალური კონტროლისადმი დაქვემდებარებული ნივთიერებების გამოყენებასთან დაკავშირებული მოთხოვნების და წესის დაცვის შემოწმება.

2. მონიტორინგი არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომლის დროსაც ხორციელდება წინასწარ დაგეგმილი დაკვირვებები და მონაცემების მოპოვება ცხოველთა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და კეთილდღეობის, ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტის და ვეტერინარული პრეპარატების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესაფასებლად და რომელიც მოიცავს:

ა) სინჯის, ნიმუშის, პათოლოგიური მასალის აღებას რისკის შესაფასებლად;

ბ) ვეტერინარული პრეპარატების ნიმუშების აღებას;

გ) ცხოველის, ცხოველური პროდუქტის, და ვეტერინარული პრეპარატის ეტიკეტის შემოწმებას;

დ) ცხოველთა საცხოვრებელი გარემოს დათვალიერებას და ინფორმაციის შეგროვებას;“;

ბ) მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტის განკარგვაზე;“;

გ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ვეტერინარულ კონტროლს ახორციელებს ვეტერინარი საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.“.

13. 263 მუხლის:

ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მონიტორინგი არის ფიტოსანიტარიული მდგომარეობის შემოწმების ხანგრძლივი პროცესი ან/და ხანგრძლივი კვლევა მავნე ორგანიზმის პოპულაციის მახასიათებლების შესამოწმებლად და მოიცავს:

ა) მავნე ორგანიზმების განვითარების პროგნოზირებას, მიწათმოსარგებლის დროულ გაფრთხილებას მათი გამოჩენისა და ფიტოსანიტარიული ღონისძიებების განხორციელების ვადების შესახებ;

ბ) ბაზარზე განთავსებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნიმუშების აღებას;

გ) სასოფლო-სამეურნეო, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების, ტყეების კვლევას მავნე ორგანიზმების გავრცელების არეალის განსაზღვრის, მათი მავნეობის დადგენის და საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელების მიზნით.“;

ბ) მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საკარანტინო მავნე ორგანიზმების ნუსხის კორექტირებისა და საკარანტინო მავნე ორგანიზმებისაგან თავისუფალი ზონების დაზუსტების მიზნით მოცემულ ზონაში კვლევებით, მონიტორინგის შედეგების საფუძველზე და სხვა პროცედურების საშუალებით მავნე ორგანიზმების არსებობის შესახებ მონაცემების შეგროვებისა და რეგისტრაციის ოფიციალურ პროცესს, რომლის დროსაც ხორციელდება:

ა.ა) სასოფლო-სამეურნეო, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე, ტყეებზე დაკვირვება;

ა.ბ) საკარანტინო მავნე ორგანიზმების არსებობის ან არარსებობის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად მონაცემთა შეკრება და გამოკითხვა;

ა.გ) ნიმუშის აღება;

ა.დ) მცენარის, მცენარეული პროდუქტის, სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტის (მათ შორის, ხის ტარის, შესაფუთი მასალის) დამუშავებასა და განადგურებაზე დაკვირვება;“.

14. 27-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტო სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს რისკზე დაფუძნებული სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის შესაბამისად, რომელიც მტკიცდება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.“.

15. 50-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) თუ ეს არის შუალედური ან/და დაუფასოებელი ვეტერინარული პრეპარატი, ასევე ვეტერინარული პრეპარატის დასამზადებლად გამოსაყენებელი სუბსტანცია ან/და ნედლეული;“.

16. 61-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აკრძალულია განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად მოპოვებული, სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნება უფლებამოსილი პირის მიერ, ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელის ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა. ეს წესი მოქმედებს უფლებამოსილი პირის სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგაც.“.

17. 63-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 63. პასუხისმგებლობის საფუძვლები

1. პირის პასუხისმგებლობა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში არსებული მოთხოვნების დარღვევისათვის განისაზღვრება ამ კოდექსით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. ამ კოდექსით დადგენილი მოთხოვნის დარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების უფლება აქვს სააგენტოს უფლებამოსილ პირს.

3. თუ პირმა ჩაიდინა რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელთა საქმეებს ერთდროულად განიხილავს სააგენტოს ერთი და იგივე უფლებამოსილი პირი, სახდელი დაედება იმ სანქციის ფარგლებში, რომლისთვისაც გათვალისწინებულია უფრო მაღალი ოდენობის ჯარიმა.

4. ამ კოდექსით დადგენილი მოთხოვნის დარღვევაზე სამართალდამრღვევის მიმართ სააგენტოს უფლებამოსილი პირი ადგენს საჯარიმო ქვითარს/ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი.

5. ამ კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის/ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმას, მისი შევსებისა და წარდგენის წესს ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი.

6. დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში მასალები დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს. სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შემთხვევაში, თუ დამრღვევის ქმედებაში არის ამ კოდექსის XV თავით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნები, სააგენტოს უფროსის ბრძანების საფუძველზე, სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ სამართალდამრღვევს ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს არაუგვიანეს ერთი თვისა სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან.”.

18. 65-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 65. ბიზნესოპერატორის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში

1. ამ კოდექსის 181 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ბიზნესოპერატორის მიერ მავნე სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსება, ან/და ბაზარზე უკვე განთავსებულის ამოღებასთან ან/და მომხმარებლისთვის მიწოდებული მავნე სურსათის/ცხოველის საკვების ბაზრიდან გამოთხოვასთან დაკავშირებული ვალდებულების შეუსრულებლობა –

გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით ერთი წლის განმავლობაში −

გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით.

3. ამ კოდექსის 181 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბიზნესოპერატორის მიერ ბაზარზე განთავსებული სურსათის/ცხოველის საკვების ბაზრიდან გამოთხოვისა და ამ მიზნით მიღებული ზომების თაობაზე სააგენტოსთვის სავალდებულო წერილობითი შეტყობინებისთვის თავის არიდება –

გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

4. საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამო სურსათის/ცხოველის საკვების (გარდა მავნე სურსათის/ცხოველის საკვების) ბაზარზე განთავსების აღკვეთასთან ან/და ბაზარზე უკვე განთავსებულის ამოღებასთან დაკავშირებული სააგენტოს მიერ გაცემული მითითების შეუსრულებლობა −

გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

5. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით ერთი წლის განმავლობაში,

გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

6. სურსათის/ცხოველის საკვების შენახვისას ტემპერატურული რეჟიმების დარღვევა −

გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო სხვა ბიზნესოპერატორისას − 500 ლარის ოდენობით.“.

19. 66-ე მუხლის:

ა) პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კოდექსის 182 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ცხოველის დაკვლა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე −

გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით და ხორცის ბაზარზე განთავსების აღკვეთას.

2. ამ კოდექსის 182 მუხლის პირველი ნაწილისქვეპუნქტით და 183 მუხლის პირველი ნაწილისქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ეპიზოოტიის საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად, აგრეთვე მავნე ორგანიზმის მასობრივი გავრცელების თავიდან ასაცილებლად სააგენტოს მითითებების შეუსრულებლობა

გამოიწვევს ოჯახური წარმოების სუბიექტის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო ბიზნესოპერატორისას − 500 ლარის ოდენობით.

3. ვეტერინარული ზედამხედველობის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე ხორცის ბაზარზე განთავსება −

გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით და ხორცის ბაზარზე განთავსების აღკვეთას ან/და ბაზარზე უკვე განთავსებული ხორცის გამოთხოვას;

 ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს 31 ნაწილი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით ერთი წლის განმავლობაში , −

გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით და ხორცის ბაზარზე განთავსების აღკვეთას ან/და ბაზარზე უკვე განთავსებული ხორცის გამოთხოვას.“;

გ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს 41 ნაწილი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„41. პროფილაქტიკური კარანტინის წესის დარღვევა −

 გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.“ .

20. 67-ე და 68-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 67. მიკვლევადობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შეუსრულებლობა

 ამ კოდექსის მე-17 მუხლით გათვალისწინებული მიკვლევადობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შეუსრულებლობა −

 გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

    მუხლი 68. ბიზნესოპერატორის პასუხისმგებლობა ინსპექტირების დროს გამოვლენილი შეუსაბამობებისთვის

1. ინსპექტირებისას ისეთი შეუსაბამობის გამომოვლენისას, რომელიც პირდაპირ საფრთხეს არ უქმნის ადამიანის ან/და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და რომლის სათანადო დონემდე შემცირება ან აღმოფხვრა შესაძლებელია კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებით შეჩერების გარეშე, უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მითითების შეუსრულებლობა −

გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მითითების ახალი გონივრული ვადის გასვლის შემდეგ შეუსრულებლობა −

გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1200 ლარის ოდენობით.

3. ინსპექტირებისას ისეთი შეუსაბამობის გამომოვლენა, რომელიც მაღალ რისკს უქმნის ადამიანისა ან/და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და რომლის სათანადო დონემდე შემცირება ან აღმოფხვრა შეუძლებელია კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებით შეჩერების გარეშე, −

 გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით და საწარმოო პროცესის შეჩერებას.“.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებული, სააგენტოს მიერ გაცემული მითითების შეუსრულებლობა −

გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.“.

21. 69-ე მუხლის შემდეგ დაემატოს 691 და 692 მუხლები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 691. ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესებით განსაზღვრული შემზღუდავი ღონისძიებებისა და ამ წესებით დადგენილი მფლობელის ვალდებულებების დარღვევა −

გამოიწვევს ოჯახური წარმოების სუბიექტის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო ბიზნესოპერატორისას − 500 ლარის ოდენობით.

    მუხლი 692. ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული საქმიანობის განმახორციებელი ბიზნესოპერატორის მიერ მის საქმიანობასთან დაკავშირებული წესების დარღვევა

1. ამ კოდექსის 182 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ბიზნესოპერატორების მიერ მათი საქმიანობის კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევა −

 გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2. ბიზნესოპერატორის მიერ ამ კოდექსის 183 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა −

გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“.

22. 71-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 71. ვეტერინარული პრეპარატის რეალიზაციის წესის ან/და შენახვის პირობების დარღვევა

1. ვეტერინარული პრეპარატის რეალიზაციის წესის ან/და შენახვის პირობების დარღვევა –

გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2. ბიზნესოპერატორის მიერ ამ კოდექსის 182 მუხლის 51, 52 ნაწილებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა −

გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

3. ამ კოდექსის 182 მუხლის 53 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა –

გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.”.

23. 741 და 742 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 741. სურსათის/ცხოველის საკვების, ვეტერინარული პრეპარატის ეტიკეტირების წესის დარღვევა

1. სურსათის/ცხოველის საკვების ეტიკეტირების წესის დარღვევა –

გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო სხვა ბიზნესოპერატორისას − 400 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით ერთი წლის განმავლობაში −

გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით.

 3. მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების შესახებ მოთხოვნების დარღვევა −

გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო სხვა ბიზნესოპერატორისას - 400 ლარის ოდენობით.

4. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით ერთი წლის განმავლობაში −

გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით.

5. ვეტერინარული პრეპარატის ეტიკეტირების წესის დარღვევა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

6. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით ერთი წლის განმავლობაში −

გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით.

    მუხლი 742 . ვადაგასული სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსება

1. ვადაგასული სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსება −

გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო სხვა ბიზნესოპერატორისას − 500 ლარის ოდენობით და ვადაგასული სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსების აღკვეთას ან/და ბაზარზე უკვე განთავსებულის ამოღებას.

2. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით ერთი წლის განმავლობაში-გამოიწვევს დაჯარიმებას 1200 ლარის ოდენობით.“.

24. 742 მუხლის შემდეგ დაემატოს 743 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 743 . სურსათის/ცხოველის საკვების განადგურება

1. სურსათის/ცხოველის საკვების განადგურებასთან დაკავშირებული მითითებების შეუსრულებლობა −

გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.“.

25. 75 -ე მუხლის:

ა) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს 31 ნაწილი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „31. საქართველოს მთავრობამ 2019 წლის პირველ იანვრამდე მიიღოს დადგენილება:

ა) „ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტის მართვის შესახებ“;

ბ) „იმ ბიზნესოპერატორის აღიარების წესი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია მცენარეთა დაცვის სფეროსთან“ .

ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ კოდექსის მე-13 მუხლის მე-3 ნაწილის:

 ა) „ბ“ ან/და „გ“ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბიზნესოპერატორის საქმიანობა აღიარების გარეშე არ გამოიწვევს ამ კოდექსის 64-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დაჯარიმებას 2020 წლის პირველ იანვრამდე;

ბ) „დ “ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბიზნესოპერატორის საქმიანობა აღიარების გარეშე არ გამოიწვევს ამ კოდექსის 64-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დაჯარიმებას 2018 წლის პირველ იანვრამდე.“.

    მუხლი 2

 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული 25-ე მუხლის „ა.ბ“ ქვეპუნქტის, მე-11 ნაწილით გათვალისწინებული 261 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის, მე-19 ნაწილით გათვალისწინებული 66-ე მუხლის 41 ნაწილის, 21-ე ნაწილით გათვალისწინებული 691-692 მუხლების, 22-ე ნაწილით გათვალისწინებული 71-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებისა და 23-ე ნაწილით გათვალისწინებული 741 მუხლის მე-3−მე-6 ნაწილებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-19 ნაწილით გათვალისწინებული 66-ე მუხლის 41 ნაწილი, 21-ე ნაწილით გათვალისწინებული 691-692 მუხლები და 22-ე ნაწილით გათვალისწინებული 71-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ამოქმედდეს 2018 წლის პირველი იანვრიდან.

3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული 25-ე მუხლის „ა.ბ“ ქვეპუნქტი, მე-11 ნაწილით გათვალისწინებული 261 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ.ბ ქვეპუნქტი, 23-ე ნაწილით გათვალისწინებული 741 მუხლის მე-3−მე-6 ნაწილები ამოქმედდეს 2018 წლის პირველი სექტემბრიდან.

    მუხლი 3

საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 2 წლის ვადაში უზრუნველყოს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტების ამ კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა.

 

საქართველოს პრეზიდენტი                        გიორგი მარგველაშვილი

 

 

 

განმარტებითი ბარათი

საქართველოს კანონის პროექტზე

„სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

 

 ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:

ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:

კანონპროექტის მიღების მიზეზია სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში გარკვეული საკითხების დაზუსტება და დარეგულირება.

ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:

კანონპროექტის მიზანია, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, მომხმარებელთა ინტერესების, ასევე ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის, მცენარეთა სიჯანსაღის დაცვასთან, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრასთან და სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული საკითხების დახვეწა და დაზუსტება, ასევე, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) შეთანხმებიდან („სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები“ (SPS) დანართი IV, ნაწ.2, მე-4 თავი, 50-65 მუხ.) გამომდინარე, ევროკავშირის კანონმდებლობასთან მიახლოება.

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:

ევროკომისიის EC 853/2004 და EC 178/2002 რეგულაციების შესაბამისად, ცვლილება შევიდა კანონის პირველი მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად განიმარტა, რომ ამ კოდექსის მოთხოვნებთან ერთად საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული გამარტივებული მოთხოვნები ვრცელდება არა იმ ბიზნესოპერატორებზე, რომელთაც კოდექსის შესაბამისად აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი და რომელიც ახორციელებს სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებას, გადამუშავებასა და დისტრიბუციას, არამედ მხოლოდ იმ ბიზნესოპერატორზე, რომელსაც ამ კოდექსის შესაბამისად აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი და ახორციელებს პირველადი პროდუქტის პირდაპირ მიწოდებას საბოლოო მომხმარებლის ან იმ საცალო ვაჭრობის პუნქტისთვის, რომელიც უშუალოდ ამარაგებს საბოლოო მომხმარებელს.

კანონპროექტის თანახმად, მე-2 მუხლს დაემატა „ა1“, „კ1 და „ჯ1“ ქვეპუნქტები, რომლის თანახმადაც განისაზღვრა ტერმინები ცხოველური წარმოშობის სურსათი, სასურსათო დანიშნულების ცხოველი და საცალო ვაჭრობა.

კერძოდ, ტერმინი ცხოველური წარმოშობის სურსათი განიმარტა ევროკომისიის EC №853/2004 რეგულაციის შესაბამისად, საცალო ვაჭრობა EC 0№178/2002 რეგულაციის და „სასურსათო დანიშნულების ცხოველი“ – EC № 470/2009 რეგულაციის შესაბამისად.

 კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შევიდა მე-2 მუხლის „ჰ“ ქვეპუნქტში, რითაც დაიხვეწა ტერმინი „ბაზარზე განთავსება“ ევროკომიის EC 178/2002 რეგულაციის შესაბამისად.

დაიხვეწა ტერმინი „ბაზარზე განთავსება“ და განიმარტა, როგორც ბიზნესოპერატორის მიერ სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის ან/და აგროქიმიკატის განთავსება რეალიზაციის მიზნით, მათ შორის გაყიდვის ან სხვა ფორმით მიწოდების შესახებ წინადადების შეთავაზება, სასყიდლით ან უსასყიდლოდ მიწოდება, აგრეთვე რეალიზაცია, დისტრიბუცია და მიწოდების სხვა ფორმები.

კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შევიდა მე-2 მუხლის „ჰ1“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად, დაიხვეწა აღნიშნული ტერმინის მოქმედი რედაქცია. აღნიშნული ცვლილება გამომდინარეობს მე-2 მუხლის „ჯ1“ ქვეპუნქტში შეტანილი ცვლილებით.

კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შევიდა მე-2 მუხლის „ჰ4“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად, ტერმინი „რისკი“ შესაბამისობაში მოვიდა ევროკომისიის EC №178/2002 რეგულაციასთან. შეცვლილი განმარტების შინაარსი გულისხმობს, რომ რისკი დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური საფრთხე არამარტო ზემოქმედებს ადამიანზე, ცხოველზე და მცენარეზე, არამედ იმის მიხედვით, თუ რა გავლენას ახდენს ეს ზემოქმედება ადამიანის, ცხოველის ჯანმრთელობაზე, მცენარის სიჯანსაღეზე, როგორია ამ საფრთხეების ზემოქმედების ალბათობა და რა სიმძიმის შედეგები დგება, ხდება რისკების კატეგორიზაცია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულია საფრთხის ზემოქმედების ალბათობის 4 ვარიანტი: I – პრაქტიკულად ნულის ტოლია; II – უმნიშვნელოა; III – მნიშვნელოვანია; IV – მაღალია. ასევე დადგენილია საფრთხის ზემოქმედებისას დამდგარი შედეგების სიმძიმის 4 ვარიანტი: I – მსუბუქი; II – საშუალო; III – მძიმე და IV – კრიტიკული. ამ ვარიაციების მიხედვით ხდება დაშვებული და დაუშვებელი რისკის დადგენა.

შესაბამისად, რისკის შეფასება არის რისკის ანალიზის ერთ-ერთი საფეხური, რომელიც სამეცნიერო-თეორიული თვალსაზრისით ადამიანის, ცხოველის ჯანმრთელობაზე, მცენარის სიჯანსაღეზე, საფრთხის ზემოქმედებისას დაშვებული ნორმების თანმიმდევრულ, სისტემურ შესწავლას და განხილვას გულისხმობს, ხოლო სამეცნიერო-პრაქტიკული თვალსაზრისით მისი ძირითადი ამოცანაა ფიზიკური, ბიოლოგიური და ქიმიური საფრთხეების ადამიანის, ცხოველის ჯანმრთელობაზე, მცენარის სიჯანსაღეზე ზემოქმედებისას, მათი გავლენის შესახებ ინფორმაციის მოპოვება და განზოგადება, რომელიც აუცილებელია რისკის მართვის ოპტიმალური გადაწყვეტილებების მისაღებად, რისკის აღმოფხვრის, თავიდან აცილების ან მისაღებ დონემდე შემცირებისათვის, ასევე რისკების რეგულირებისა და მონიტორინგის ოპტიმიზაციისათვის.

კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შევიდა მე-2 მუხლის „ჰ5“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად, ტერმინი „ვეტერინარი ექიმი“ შეიცვალა ტერმინით – „ვეტერინარი“, რითაც გათვალისწინებული იქნა „საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის № 120/ნ ბრძანება.

კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შევიდა მე-2 მუხლის „ჰ9“ ქვეპუნქტში, განიმარტა ტერმინი „ეტიკეტი“, რომლის თანახმად, სურსათთან/ცხოველის საკვებთან, ცხოველურ და მცენარეულ პროდუქტებთან, ვეტერინარულ პრეპარატთან, პესტიციდთან ან აგროქიმიკატთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია, სავაჭრო ნიშანი, დასახელება, ილუსტრაცია ან სიმბოლო განთავსებული უნდა იყოს შეფუთვაზე ან დაფასოებაზე ან/და მასთან დაკავშირებულ თანდართულ დოკუმენტზე. აღნიშნული ტერმინი განმარტებულ იქნა 2000/13 დირექტივის შესაბამისად, სადაც განსაზღვრულია „ეტიკეტირება“, რომლის ფარგლებშიც გამოყენებულია სიტყვა „დაფასოება“ (packaging). მოგვიანებით, ევროკომისიის EC №852/2004 რეგულაციამ ცალ-ცალлე განმარტა „შეფუთვა“ (wrapping) და „დაფასოება“ (მე-2 მუხლი).

კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შევიდა მე-2 მუხლის 30 ქვეპუნქტში, რომლის თანახმად, ტერმინი ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტი შესაბამისობაში მოვიდა მე-5 საერთაშორისო ფიტოსანიტარიულ სტანდარტთან.

კანონპროექტით მე-2 მუხლის 38 ქვეპუნქტით განსაზღვრული ტერმინიცხოველური ნარჩენი“ (ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტი) შესაბამისობაში მოვიდა ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტის №1069/2009 რეგულაციით განსაზღვრულ ტერმინთან და განიმარტა, როგორც ცხოველის სხეული ან მისი სხეულის ნაწილი, ცხოველური წარმოშობის პროდუქტი ან ცხოველისგან მიღებული სხვა პროდუქტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ადამიანის მიერ მოხმარებისთვის, ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს 2009 წლის 21 ოქტომბრის (EC) №o 1069/2009 რეგულაციის შესაბამისად.

 

კანონპროექტით მე-2 მუხლს დაემატა „ჰ40“ პუნქტი, რომელის თანახმად განისაზღვრა ტერმინი „განკარგვა“ №2005/94 ევროდირექტივის შესაბამისად. აღნიშნული ტერმინის შემოტანის საჭიროება განპირობებული იქნა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) შეთანხმების საკანონმდებლო მიახლოების პროგრამით გათვალისწინებული ევრორეგულაციებისა და დირექტივებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული ტერმინი გამოიყენება ,,ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №348 დადგენილებაში და დაგეგმილია მისი გამოყენება მიახლოების პროგრამით გათვალისწინებულ სხვა რეგულაციებისა და დირექტივების შესაბამისად შესამუშავებელ ნორმატიულ აქტებშიც.

კანონპროექტის თანახმად ცვლილება შედის მე-13 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა, რომ სავალდებულოა იმ ბიზნესოპერატორის აღიარებაც, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია იმ ცხოველის საკვების წარმოებასთან, გადამუშავებასთან ან/და ბაზარზე განთავსებასთან, რომელიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, რითაც შესაბამისობაში მოვა ევროკავშირის №183/2005 რეგულაციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) შეთანხმების საკანონმდებლო მიახლოების პროგრამიდან გამომდინარე, მიმდინარე წელს დასრულდება მუშაობა №1096/2009 და 142/2011 რეგულაციების მიხედვით მოსამზადებელ ,,ცხოველური ნარჩენების (ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტის) მართვის შესახებ“ კანონქვემდებარე აქტზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონპროექტის მე-13 მუხლის მე-3 ნაწილს „გ“ ქვეპუნქტით დაემატა იმ ბიზნესოპერატორის აღიარების ვალდებულებაც, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტის მართვასთან.

რაც შეეხება ამავე ნაწილით განსაზღვრულ „დ“ ქვეპუნქტს, განისაზღვრა, რომ სავალდებულოა იმ ბიზნესოპერატორის აღიარებაც, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია მცენარეთა დაცვის სფეროსთან, რომელიც ასევე − განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შედის მე-17 მუხლის მე-3 და მე-18 მუხლების პირველი ნაწილებში, რომლითაც სურსათის ეტიკეტირების არსებული წესისგან გაიმიჯნა ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ეტიკეტირების წესები, კერძოდ, აღნიშნული განხორციელდება „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

 მიუხედავად იმისა, რომ სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით, სურსათის ტერმინში მოიაზრება ყველა სახის სასმელი, მათ შორის ღვინო, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს განსახვავებულ რეგულაციებს ღვინის პროდუქციის ეტიკეტირებათან დაკავშირებით. შესაბამისად, აუცილებელია კოდექსში ეტიკეტირების სპეციალურ ნორმებთან დაკავშირებით შესაბამისი ჩანაწერის გაკეთება, იმისათვის, რომ გაიმიჯნოს და დაზუსტდეს სურსათი/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდისა და აგროქიმიკატის ეტიკეტირებასა და ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ეტიკეტირებასთან დაკავშირებული წესები. რაც განპირობებულია იმ გარემოებითაც, რომ „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონი ადაპტირებული იქნა მევენახეობა-მეღვინეობის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV), ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფისა (WWTG) და ევროკავშირის სტანდარტებზე (ევრორეგლამენტები 491/2009 და 110/2008), რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობასა და მომხმარებლისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფას.

კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შევიდა 182 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, „გ“ და „ზ“ ქვეპუნქტებში, კერძოდ, დაიხვეწა და შესაბამისობაში მოვიდა მე-2 მუხლის ჰ40 პუნქტით განმარტებულ ტერმინთან. ამასთან, გამოყენებული იქნა ევრორეგულაციებში გამოყენებული ტერმინები, რომლის მიხედვითაც ბიზნესოპერატორი, რომელიც ახორციელებს ცხოველთა მოშენებას, გადარეკვას, გადაზიდვას, რეალიზაციას ან/და დაკვლას, ვალდებულია დაკვლის შედეგად მიღებული ცხოველური პროდუქტის ბაზარზე განთავსების მიზნით ცხოველის დაკვლა განახორციელოს ვეტერინარული ზედამხედველობით, შეასრულოს სააგენტოს მითითებები ეპიზოოტიის საწინააღმდეგო, პრევენციული, სალიკვიდაციო და იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ღონისძიებების განსახორციელებლად და უზრუნველყოს ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტის განკარგვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შევიდა 182 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად განისაზღვრა, რომ ცხოველური პროდუქტის გადაადგილება და რეალიზაცია ბიზნესოპერატორმა უნდა უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული ცვლილება განპირობებულია საქართველოს კანონმდებლობაში ცხოველური პროდუქტის გადაადგილებისა და რეალიზაციისას გამოსაყენებელი დოკუმენტის სახელწოდების ცვლილებით. მაგალითად „ცხოველური წარმოშობის სურსათის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №55 დადგენილებაში ასეთი სახის დოკუმენტს წარმოადგენს ჯანმრთელობის სერტიფიკატი.

კანონპროექტის მიხედვით, კოდექსის 182 მუხლს დაემატა „51“, „52“ და „53“ ნაწლები, რომლის თანახმად განისაზღვრა დასაბუთებული ეჭვის არსებობის შემთხვევაში ბიზნესოპერატორის და სააგენტოს ვალდებულებები მის მიერ წარმოებული, იმპორტირებული ან ბაზარზე განთავსებული ვეტერინარული პრეპარატის ბაზარზე განთავსების აღკვეთისა და ბაზარზე განთავსებულის გამოთხოვის შესახებ, თუ აღნიშნული ვეტერინარული პრეპარატი არარეგისტრირებულია, ფალსიფიცირებულია, ვადაგასული ან გამოსაყენებლად უვარგისია ან დარღვეულია ვეტერინარული პრეპარატის ეტიკეტირების წესი. ამ ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებული ქმედებების განხორციელების შესახებ წერილობითი ინფორმაციის მიწოდება სავალდებულო ხდება ბიზნესოპერატორისათვის.

კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შევიდა 183 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად განისაზღვრა ბიზნესოპერატორის ვალდებულება შეასრულოს სააგენტოს მითითებები იმ მავნე ორგანიზმის მასობრივი გავრცელების თავიდან ასაცილებლად, რომლებიც რისკს უქმნის მცენარის სიჯანსაღეს. აღნიშნული ცვლილება განპირობებულია მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის თანახმად (კერძოდ ფიტოსანიტარიული ზომების საერთაშორისო სტანდარტის ISPM №5 შესაბამისად), კოდექსის რიგი მუხლებიდან ამოდის ტერმინი „განსაკუთრებით საშიში მავნე ორგანიზმი“, ვინაიდან, მავნე ორგანიზმი შეიძლება იყოს მხოლოდ საკარანტინო და არასაკარანტინო.

კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შევიდა 22-ე მუხლის „ბ.ე“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად განისაზღვრა, რომ ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტის განკარგვის უზრუნველსაყოფად კონტროლი განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. აღნიშნული ცვლილება განპირობებულია წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად მე-2 მუხლის 38 და „ჰ40“ ქვეპუნქტებში შესული ცვლილებებით.

კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შევიდა 22-ე მუხლის ,,გ.ე“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად განისაზღვრა, რომ სააგენტო ვალდებულია განახორციელოს მავნე ორგანიზმის გავრცელებასა და განვითარებაზე დაკვირვება, მისი გამოვლენა და დიაგნოსტიკის უზრუნველყოფა. აღნიშნული ცვლილება განპირობებულია იმით, რომ მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკა ხორციელდება აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ, დაკონკრეტდა, რომ სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტო ,,უზრუნველყოფს“ დიაგნოსტიკას, ამასთან 22-ე მუხლის „გ.ე“ და „გ.ზ“ ქვეპუნქტებში, გათვალისწინებული იქნა 183 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტში განხორციელებული ცვლილება.

კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შევიდა 25-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის კონტროლი ხორციელდება როგორც სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ეტიკეტირების, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის, ისე მომხმარებლებისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად.

კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შევიდა 261 მუხლის მე-3 ნაწილში, კერძოდ, მოქმედი რედაქციით სურსათის უვნებლობის მაჩვენებლების, ეტიკეტისა და წარდგენის მოთხოვნებთან შესაბამისობა მონიტორინგის ფარგლებში დგინდება ნიმუშის აღების და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლევის გზით. ცვლილების შესაბამისად, სურსათის/ცხოველის საკვების მიკრობიოლოგიური მაჩვენებლის, ქიმიური დამაბინძურებლის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და მათში ფიზიკური საფრთხის არსებობის შესწავლა ხდება ნიმუშის აღების და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლევის გზით. ხოლო, რაც შეეხება ეტიკეტის, წარდგენის და შენახვის პირობების, ასევე მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების შესაბამისობის შემოწმებას, აღნიშნული ხორციელდება ვიზუალური შემოწმებით და არ არის აუცილებელი ნიმუშის აღება და ლაბორატორიაში შემოწმება.

კანონპროექტის შესაბამისად, ცვლილება შევიდა 262 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებში, დაკორექტირდა ინსპექტირებისა და მონიტორინგის პროცედურები, რომლის შესაბამისად, 262 მუხლის პირველი ნაწილით, ვეტერინარული სამსახურისა და ცხოველთა ჭერის საქმიანობისათვის საჭირო, საქართველოში სპეციალური კონტროლისადმი დაქვემდებარებული ნივთიერებების გამოყენებასთან დაკავშირებული მოთხოვნების შემოწმება ხორციელდება ინსპექტირების გზით, ვინაიდან ინსპექტირება არის აღნიშნული მოთხოვნების შემოწმების ყველაზე ეფექტიანი მექანიზმი.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (საქართველოს მთავრობის №764,№228 და №548 დადგენილებები) განისაზღვრა მსხვილფეხა საქონლის, წვრილფეხა საქონლისა და ღორის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის წესები. შესაბამისად, კანონპროექტით დარეგულირდა, რომ ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის და მათი სადგომის/დროებითი სადგომის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან და წესებთან შესაბამისობის დადგენა განხორციელდება ინსპექტირებით.

262 მუხლის პირველ ნაწილში შეტანილი ცვლილებებიდან გამომდინარე, ცვლილება შევიდა 262 მუხლის მეორე ნაწილში, რომლის მიხედვით, სპეციალური კონტროლისადმი დაქვემდებარებული ნივთიერებების გამოყენებასთან დაკავშირებული მოთხოვნების შემოწმება განხორციელდება არა მონიტორინგის, არამედ ინსპექტირებით.

ცვლილება შევიდა ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტში, რომელიც განპირობებულია წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად მე-2 მუხლის 38 და „ჰ40“ ქვეპუნქტებში შესული ცვლილებებით (ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტის გადამუშავება და გამოყენება მოიცავს უტილიზაციასაც).

რაც შეეხება ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ცვლილებას, აღნიშნული გამომდინარეობს კოდექსის მე-2 მუხლის „ჰ5“ ქვეპუნქტში განხორციელებული ცვლილებიდან, რითაც განისაზღვრა ტერმინი „ვეტერინარი“.

 ცვლილება შედის 263 მუხლის მე-3 ნაწილში და მე-4 ნაწილის „ა“, რომელიც განსაზღვრავს, რომ მონიტორინგი არის ფიტოსანიტარიული მდგომარეობის შემოწმების ხანგრძლივი პროცესი ან/და ხანგრძლივი კვლევა მავნე ორგანიზმის პოპულაციის მახასიათებლების შესამოწმებლად და იგი მოიცავს მავნე ორგანიზმების განვითარების პროგნოზირებას, მიწათმოსარგებლის დროულ გაფრთხილებას მათი გამოჩენისა და ფიტოსანიტარიული ღონისძიებების განხორციელების ვადების შესახებ, ბაზარზე განთავსებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნიმუშების აღებას და სასოფლო-სამეურნეო, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების, ტყეების კვლევას მავნე ორგანიზმების გავრცელების არეალის განსაზღვრის, მათი მავნეობის დადგენის და საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელების მიზნით. ეს ცვლილება განპირობებულია 183 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით განხორციელებული ცვლილებით. მცენარეთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, მავნე ორგანიზმი შეიძლება იყოს მხოლოდ საკარანტინო და არასაკარანტინო.

კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შევიდა 27-ე მუხლის პირველ ნაწილში, რომლის შესაბამისად სააგენტო სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს რისკის საფუძველზე შემუშავებული სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის შესაბამისად. აღნიშნული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ევრორეგულაცია 882/2004-ის მე-3 მუხლის (ზოგადი ვალდებულებები სახელმწიფო კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით) პირველი პუნქტის თანახმად: „სახელმწიფო კონტროლი უნდა განხორციელდეს რეგულარულად და შესაბამისი სიხშირით რისკის და არა რისკის ანალიზის საფუძველზე“, ამავე რეგულაციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, არაცხოველური წარმოშობის ცხოველის საკვების და სურსათის სახელმწიფო კონტროლი უნდა განხორციელდეს რისკის ფაქტორების გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-5 პუნქტიც, რომლის თანახმადაც სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სურსათის/ცხოველის საკვების სია უნდა შემუშავდეს მოსალოდნელი რისკების საფუძველზე, რეგულაციის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო კონტროლის სიხშირე დამოკიდებულია სურსათის/ცხოველის საკვების სხვადასხვა ტიპთან დაკავშირებულ რისკებზე. რეგულაციის 42-ე მუხლის (მრავალწლიანი ეროვნული კონტროლოს გეგმები) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტიც ითვალისწინებს ღონისძიებების დაყოფას „რისკის“ კატეგორიზაციის მიხედვით. რისკზე დაფუძნებულ ინსტრუქციებს ითვალისწინებს კონტროლის გეგმებიც (მუხლი 43, პირველი პუქნტი, „ბ“ ქვეპუნქტი). აღნიშნულიდან გამომდინარე, მართებულია სახელმწიფო კონტროლის გეგმის შემუშავება განხორციელდეს „რისკის“ საფუძველზე, როდესაც უკვე შეფასებულია და ცნობილია რისკის კატეგორია.

კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შევიდა 50-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრაციის გარეშე შესაძლებელია შუალედური ან/და დაუფასოებელი ვეტერინარული პრეპარატის, ასევე ვეტერინარული პრეპარატის დასამზადებლად გამოსაყენებელი სუბსტანციის ან/და ნედლეულის შემოტანა, რაც იმის საშუალებას იძლევა, რომ ქვეყანაში რეგისტრაციის გარეშე შემოტანილ იქნეს როგორც შუალედური ან/და დაუფასოებელი ვეტერინარული პრეპარატი, ასევე ვეტერინარული პრეპარატის დასამზადებლად გამოსაყენებელი სუბსტანცია ან/და ნედლეული.

აღნიშნული ცლილება განპირობებულია იმით, რომ მზა ვეტერინარული პრეპარატის დასამზადებლად გამოსაყენებელი სუბსტანციის ან/და ნედლეულის რეგისტრაცია საჭირო არ არის, ვინაიდან რეგისტრაციას ექვემდებარება მზა ვეტერინალური პრეპარატი. (მაგალითად, ქვეყანაში შემოდის დაურეგისტრირებელი შუალედური პრეპარატი, მას ემატება სუბსტანცია ან/და ნედლეული და იგი ხდება სრულყოფილი ვეტერინალური პრეპარატი, რომლის შემდეგ ხდება მისი რეგისტრაცია). შესაბამისად, თუ შუალედური პრეპარატი არ საჭიროებს რეგისტრაციას, მიზანშეწონილია, რომ რეგისტრაციის გარეშე შემოტანილ იქნეს სუბსტანციაც ან/და ნედლეულიც.

კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შევიდა 61-ე მუხლის მე-3 ნაწილში. კერძოდ, იკრძალება განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად მოპოვებული, ბიზნესოპერატორთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნება უფლებამოსილი პირის მიერ, ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელის ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა. ეს წესი მოქმედებს უფლებამოსილი პირის სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგაც.

კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შევიდა 63-ე მუხლში. კერძოდ, განისაზღვრა პირის პასუხისმგებლობა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში არსებული მოთხოვნების დარღვევისათვის, როგორც ამ კოდექსითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ასევე, „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. გარდა ამისა, ჩამოყალიბდა პრინციპი, რომლის მიხედვით, თუ პირმა ჩაიდინა რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელთა საქმეებს ერთდროულად განიხილავს სააგენტოს ერთი და იგივე უფლებამოსილი პირი, სახდელი დაედება იმ სანქციის ფარგლებში, რომლისთვისაც გათვალისწინებულია უფრო მაღალი ოდენობის ჯარიმა.

მსგავსი პრინციპი გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 36-ე მუხლში, რომლის მიხედვით, თუ პირმა ჩაიდინა რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელთა საქმეებს ერთდროულად განიხილავს ერთი და იგივე ორგანო (თანამდებობის პირი), სახდელი დაედება იმ სანქციის ფარგლებში, რომელიც დაწესებულია უფრო სერიოზული დარღვევებისათვის. ამ შემთხვევაში ძირითად სახდელს შეიძლება დაემატოს ერთ-ერთი დამატებითი სახდელთაგანი, რომლებსაც ითვალისწინებენ რომელიმე ჩადენილი სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დამდგენი მუხლები.

მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტში ასახულია ზემოაღნიშნული პრინციპი, ტექსტი ჩამოყალიბდა განსხვავებული რედაქციით, ვინაიდან შეუძლებელია სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში გათვალისწინებული სამართალდარღვევების სერიოზულობის ხარისხის შეფასება, ამასთან, აღნიშნული კოდექსი არ იცნობს ძირითად და დამატებით სახდელებს. შესაბამისად, წარმოდგენილი რედაქციით, სამართალდამრღვევს სახდელი დაედება იმ სანქციის ფარგლებში, რომლისთვისაც გათვალისწინებულია უფრო მაღალი ოდენობის ჯარიმა.

ამასთან, პროექტით სააგენტოს უფლებამოსილი პირს შესაძლებლობა ექნება ამ კოდექსით დადგენილი მოთხოვნის დარღვევაზე სამართალდამრღვევის მიმართ შეადგინოს ელექტრონული საჯარიმო ქვითარიც, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, რომლის ფორმას, მისი შევსებისა და წარდგენის წესს ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი. აღნიშნული ნოვაციის თანახმად, უფრო მოქნილი, გამარტივებული და თანამედროვე გახდება სამართალდარღვევის აღმოჩენის დროს სამართალდარღვევის ქვითრების შევსება და მათთან დაკავშირებული პროცედურები. უპირველეს ყოვლისა, მოხდება საჯარიმო ქვითრის მარტივად და მოკლე დროში შევსება და საჯარიმო ქვითარში ფიზიკური/იურიდიული პირების შესახებ ზუსტი ინფორმაციის დატანა.

გარდა ამისა, დაემატა პუნქტი, რომლის მიხედვითაც დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, მასალები დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს. სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შემთხვევაში, თუ დამრღვევის ქმედებაში არის ამ კოდექსის XV თავით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნები, სააგენტოს უფროსის ბრძანების საფუძველზე, სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ სამართალდამრღვევს ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს არაუგვიანეს ერთი თვისა სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან.

კანონპროექტის თანახმად, ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა 65-ე მუხლი, რომლის მიხედვით, ამ კოდექსის 181 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ბიზნესოპერატორის მიერ მავნე სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსება, ან/და ბაზარზე უკვე განთავსებულის ამოღებასთან ან/და მომხმარებლისთვის მიწოდებული მავნე სურსათის/ცხოველის საკვების ბაზრიდან გამოთხოვასთან დაკავშირებული ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით ერთი წლის განმავლობაში − გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით. ამ შემთხვევაში დაცულია ის პრინციპი, რომელიც ითვალისწინებს განმეორებით ჩადენილი სამართალდარღვევისთვის და სააგენტოს მითითებების შეუსრულებლობისთვის უფრო მაღალი სანქციის დაწესებას.

ამ კოდექსის 181 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბიზნესოპერატორის მიერ ბაზარზე განთავსებული სურსათის/ცხოველის საკვების ბაზრიდან გამოთხოვისა და ამ მიზნით მიღებული ზომების თაობაზე სააგენტოსთვის სავალდებულო წერილობითი შეტყობინებისთვის თავის არიდება გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

 ამასთან, სახელმწიფო კონტროლის ნებისმიერი მექანიზმის განხორციელების დროს გამოვლენილი საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამო სურსათის/ცხოველის საკვების (გარდა მავნე სურსათის/ცხოველის საკვების) ბაზარზე განთავსების აღკვეთასთან ან/და ბაზარზე უკვე განთავსებულის ამოღებასთან დაკავშირებული სააგენტოს მიერ გაცემული მითითების შეუსრულებლობა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებით ერთი წლის განმავლობაში − 1000 ლარის ოდენობით.

ხოლო, პასუხისმგებლობა სურსათის/ცხოველის საკვების შენახვისას ტემპერატურული რეჟიმების დარღვევისთვის მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორისათვის განისაზღვრა 200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორისთვის 500 ლარის ოდენობით. ცვლილების დროს გათვალისწინებულია სამართლიანობის პრინციპი. ასევე, საგულისხმოა, რომ მოქმედი რედაქცია არ აწესებს პასუხისმგებლობას შენახვისას ტემპერატურული რეჟიმების დარღვევისათვის, მაშინ როდესაც, აღნიშნული დარღვევა თავისი არსიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობისაა და აღნიშნულ დარღვევაზე სათანადო რეაგირების გარეშე ვერ იქნება დაცული სურსათის უვნებლობის მოთხოვნები და მომხმარებელთა ინტერესები. აღნიშნული ცვლილების დროს გათვალისწინებულია ამ მუხლის პირველ ნაწილში სანქციების განსაზღვრის პრინციპი.

კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შევიდა 66-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებში, რომლის თანახმად, პირველი და მეორე (მავნე ორგანიზმის) ნაწილის ნორმატიული შინაარსი დაიხვეწა.

ხოლო 31 ნაწილის დამატებით, განისაზღვრა პასუხისმგებლობის ზომა აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენისათვის. აღნიშნული ცვლილების დროს გათვალისწინებულია პრინციპი, რომელიც ითვალისწინებს განმეორებით ჩადენილი სამართალდარღვევისთვის და სააგენტოს მითითებების შეუსრულებლობისთვის უფრო მაღალი სანქციის დაწესებას.

კანონპროექტის თანახმად, 66-ე მუხლს დაემატა 41 ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს პროფილაქტიკური კარანტინის წესის დარღვევისათვის პირის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით. ვინაიდან, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კერძოდ, „პროფილაქტიკური კარანტინის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 3 თებერვალის №59 დადგენილებით განსაზღვრულია, იმპორტირებული და ექსპორტისათვის განკუთვნილი ცხოველების პროფილაქტიკურ კარანტინში განთავსებისა და საკარანტინო ვეტერინარული ზედამხედველობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები, თუმცა, არ არის განსაზღვრული პასუხისმგებლობის ზომა პროფილაქტიკური კარანტინის წესის დარღვევისთვის. შესაბამისად, განისაზღვრა ჯარიმა − 5000 ლარი, რომლის მიზანია, ქვეყნის დაცვა ცხოველთა საშიში დაავადებების გავრცელებისაგან, ვინაიდან, საკარანტინო წესების დარღვევამ ქვეყანაში შეიძლება გამოიწვიოს ცხოველთა სხვადასხვა საშიში დაავადებების გავრცელება, რასაც შესაძლებელია მოჰყვეს ფატალური შედეგი.

კანონპროექტის თანახმად, 67-ე მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის მიხედვით, პასუხისმგებლობის ზომა დადგენილია სურსათის/ცხოველის საკვების, პირველადი წარმოების მიკვლევადობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერი სახელმწიფო კონტროლის მექანიზმის განხორციელების დროს და არა მხოლოდ მონიტორინგის დროს.

კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შევიდა 68-ე მუხლში, რომლის შესაბამისად დაკონკრეტდა, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამოვლენა ხდება ინსპექტირების დროს.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ვეტერინარიის სფეროში დადგენილია მოთხოვნები, თუმცა, არ არის განსაზღვრული პასუხისმგებლობის ზომა ამ მოთხოვნების დარღვევისათვის. შესაბამისად, კოდექსს ემატება 691 მუხლი, რომლითაც განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის წესის დარღვევისთვის.

კანონპროექტის თანახმად, კოდექსს ემატება 692 მუხლი, რომლითაც განსაზღვრულია პასუხისმგებლობა, ბიზნესოპერატორების მიერ ამ კოდექსის 182 მუხლის მე-6 ნაწილით და 183 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვეტერინარული და ფიტოსანიტარიულ საქმიანობასთან დაკავშირებული წესების დარღვევის გამო.

 კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შევიდა კოდექსის 71-ე მუხლში, რომლის თანახმად, არარეგისტრირებული, ფალსიფიცირებული, ვადაგასული, გამოსაყენებლად უვარგისად მიჩნეული ვეტერინარული პრეპარატის, პასუხისმგებლობის ზომა განისაზღვრა 500 ლარით. ამასთან, ბიზნესოპერატორის მიერ ამ კოდექსის 182 მუხლის 51, 52 ნაწილებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა − გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. ხოლო კოდექსის 182 მუხლის 53 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა – გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

 რაც შეეხება არარეგისტრირებულ, ფალსიფიცირებულ, ვადაგასულ და გამოსაყენებლად უვარგისად მიჩნეულ აგროქიმიკატებსა და პესტიციდებთან დაკავშირებულ სანქციას, აღნიშნული დარეგულირდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.

კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შევიდა კოდექსის 741 მუხლში, რომლის თანახმად, გაიმიჯნა პასუხისმგებლობის ზომა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორისათვის და სხვა ბიზნესოპერატორისათვის; განისაზღვრა პასუხისმგებლობის ზომები ვეტერინარული პრეპარატის ეტიკეტირების წესის დარღვევისათვის, ასევე, სურსათის/ ცხოველის საკვების, ვეტერინარული პრეპარატის ეტიკეტირების წესის დარღვევის შემთხვევაში, მათ ბაზარზე განთავსების აღკვეთასთან ან ბაზარზე უკვე განთავსებულის ამოღებასთან დაკავშირებული მითითებების შეუსრულებლობისათვის, ასევე მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების შესახებ მოთხოვნის დარღვევისათვის.

კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შევიდა კოდექსის 742 მუხლში, კერძოდ, განისაზღვრა პასუხისმგებლობის ზომა ვადაგასული სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსებისათვის, რომელიც გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო სხვა ბიზნესოპერატორისას − 500 ლარის ოდენობით და ვადაგასული სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსების აღკვეთას ან/და ბაზარზე უკვე განთავსებულის ამოღებას, ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით ერთი წლის განმავლობაში − დაჯარიმებას 1200 ლარის ოდენობით. ამ შემთხვევაში გამოყენებული იქნა სამართლიანობის დაცვის პრინციპი, რომელიც ითვალისწინებს განმეორებით ჩადენილი სამართალდარღვევისთვის უფრო მაღალი სანქციის დაწესებას.

 კანონპროექტს დაემატა 743 მუხლი − სურსათის/ცხოველის საკვების განადგურება, რომელიც განსაზღვრავს, სურსათის/ცხოველის საკვების განადგურებასთან დაკავშირებული მითითებების შეუსრულებლობა − გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, რომლის შემუშავებაც განპირობებულია დაავადების აღმოცენების, გავრცელების ან/და გარემოს დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით.

კანონპროექტით 75-ე მუხლს დაემატა 31 ნაწილი, რომლის თანახმად, საქართველოს მთავრობამ 2018 წლის პირველ იანვრამდე უნდა მიიღოს საქართველოს მთავრობის დადგენილება − იმ ბიზნესოპერატორის აღიარების წესი, რომლის საქმინობა დაკავშირებულია მცენარეთა დაცვის სფეროსთან, ხოლო 2020 წლის პირველ იანვრამდე − ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტის მართვის შესახებ.

 ასევე, 75-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით კერძოდ, ამ კოდექსის მე-13 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ან/და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბიზნესოპერატორის საქმიანობა აღიარების გარეშე არ გამოიწვევს ამ კოდექსის 64-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დაჯარიმებას 2020 წლის პირველ იანვრამდე, ხოლო „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობა 2018 წლის პირველ იანვრამდე. აღნიშნულის შესაბამისად, ბიზნესოპერატორებს მიეცემათ ვადა დააკმაყოფილონ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

კანონპროექტის შესაბამისად განისაზღვრა კანონის ამოქმედების კონკრეტული ვადები, კერძოდ: ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული 25-ე მუხლის „ა.ბ“ ქვეპუნქტის, მე-11 ნაწილით გათვალისწინებული 261 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის, მე-19 ნაწილით გათვალისწინებული 66-ე მუხლის 41 ნაწილის, 21-ე ნაწილით გათვალისწინებული 691-692 მუხლების, 22-ე ნაწილით გათვალისწინებული 71-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებისა და 23-ე ნაწილით გათვალისწინებული 741 მუხლის მე-3-მე-6 ნაწილებისა, ამოქმედდება გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, ამ კანონის პირველი მუხლის მე-19 ნაწილით გათვალისწინებული 66-ე მუხლის 41 ნაწილი, 21-ე ნაწილით გათვალისწინებული 691-692 მუხლები და 22-ე ნაწილით გათვალისწინებული 71-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ამოქმედდეს 2018 წლის პირველი იანვრიდან, ხოლო ამ კანონის პირველი მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული 25-ე მუხლის „ა.ბ“ ქვეპუნქტი, მე-11 ნაწილით გათვალისწინებული 261 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ.ბ ქვეპუნქტი, 23-ე ნაწილით გათვალისწინებული 741 მუხლის მე-3-მე-6 ნაწილები ამოქმედდება 2018 წლის პირველი სექტემბრიდან, რაც საშუალებას მისცემს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უზრუნველყონ თავისი საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.

გარდა ამისა, კანონპროექტის მე-3 მუხლის შესაბამისად, განისაზღვრა, რომ საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 2 წლის ვადაში უზრუნველყოს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტების ამ კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა.

ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:

კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან სახსრების გამოყოფას.

ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:

კანონპროექტი გარკვეულ გავლენას მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან, ზოგიერთ შემთხვევაში იზრდება პასუხისმგებლობის ზომები, ხოლო ზოგ შემთხვევაში კი გათვალისწინებულია ახალი სანქციები, შესაბამისად შესაძლებელია გაიზრდოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი, თუმცა ამ ეტაპზე იმის განსაზღვრა, თუ რა რაოდენობით მოახდენს პროექტის მიღება გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, შეუძლებელია.

ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:

კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.

ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:

კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებას.

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:

კანონპროექტი გამოიწვევს ფინანსურ შედეგს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გამოყენებული იქნება პასუხისმგებლობის ზომა სამართალდარღვევის შემთხვევაში, ვინაიდან, კანონპროექტის თანახმად, წესდება ახალი პასუხისმგებლობის ზომები, ასევე იზრდება არსებული სანქციების ოდენობაც.

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:

კანონპროექტი არ ადგენს გადასახადებს და მოსაკრებლებს.

კანონპროექტი ითვალისწინებს სამართალდარღვევისთვის პროექტით განსაზღვრულ პასუხისმგებლობის ზომებს და ადგენს გადასახდელის ოდენობებს, რომლის განსაზღვრისას გათვალისწინებულია, სხვა ანალოგიური სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული პრინციპი. ასევე, დაცულია ის პრინციპი, რომელიც ითვალისწინებს განმეორებით ჩადენილი სამართალდარღვევისთვის უფრო მაღალი სანქციის დაწესებას.

გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:

გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.

გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.

გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.

დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:

დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში:

კანონპროექტის შემუშავებაში არ მონაწილეობდა სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, მონაწილეობდა ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის საერთაშორისო ექსპერტი.

დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ:

ასეთი არ არსებობს.

ე) კანონპროექტის ავტორი:

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

ვ) კანონპროექტის ინიციატორი:

საქართველოს მთავრობა.

 

 

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება

 

    მუხლი 1. კოდექსის მიზანი და რეგულირების სფერო

1. ამ კოდექსის მიზანია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, მომხმარებელთა ინტერესების, ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის, მცენარეთა სიჯანსაღის დაცვა, აგრეთვე სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრა და სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება.

2. ეს კოდექსი ვრცელდება სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების წარმოებაზე, გადამუშავებასა და დისტრიბუციაზე, რომლებიც ხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე, პირველად წარმოებაზე, ცხოველთა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, მცენარეთა სიჯანსაღეზე, ვეტერინარულ პრეპარატებზე, პესტიციდებსა და აგროქიმიკატებზე, აგრეთვე გარემოს დაცვაზე ამ კოდექსის მიზნიდან გამომდინარე.

3. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის კონტროლი, ვეტერინარული კონტროლი და ფიტოსანიტარიული კონტროლი, რომლებიც უკავშირდება საქონლის საბაჟო საზღვარზე გადაადგილებას (იმპორტი, რეექსპორტი, ექსპორტი და ტრანზიტი), რეგულირდება ამ კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით.

4. ეს კოდექსი არეგულირებს და განსაზღვრავს:

ა) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის ძირითად პრინციპებსა და მოთხოვნებს;

ბ) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროების სახელმწიფო კონტროლის სახეებს;

გ) სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მიკვლევადობასთან დაკავშირებულ ზოგად მოთხოვნებს წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე;

დ) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში უფლებამოსილი ორგანოების კომპეტენციებს;

ე) ბიზნესოპერატორის ვალდებულებებს;

ვ) ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის, მცენარეთა დაცვისა და სიჯანსაღის ძირითად მოთხოვნებსა და პირობებს;

ზ) საქართველოს ტერიტორიაზე ვეტერინარულ კარანტინს და მცენარეთა კარანტინს;

თ) სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ექსპორტისა და იმპორტის მოთხოვნებს;

ი) ამ კოდექსის მოთხოვნათა დარღვევისათვის შესაბამის პასუხისმგებლობას.

5. ამ კოდექსის მოთხოვნებთან ერთად საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული გამარტივებული მოთხოვნები ვრცელდება იმ ბიზნესოპერატორზე:

ა) რომელსაც ამ კოდექსის შესაბამისად აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი და რომელიც ახორციელებს სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებას, გადამუშავებასა და დისტრიბუციას, ასევე პირველად წარმოებას;

ბ) რომელიც ტრადიციული მეთოდების გამოყენებით ახორციელებს სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებას, გადამუშავებას ან/და დისტრიბუციას, ასევე პირველად წარმოებას;

გ) რომელიც მაღალმთიან რეგიონში არაქარხნული წესით ახორციელებს სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებას, გადამუშავებას ან/და დისტრიბუციას, ასევე პირველად წარმოებას .

6. ამ კოდექსით გათვალისწინებული სურსათის/ცხოველის საკვების სახელმწიფო კონტროლი არ ვრცელდება ფიზიკური პირის მიერ სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებაზე, ასევე პირველად წარმოებაზე, რომლებიც ამ კოდექსის შესაბამისად არის ოჯახური წარმოების სუბიექტი (შემდგომ – ოჯახური წარმოების სუბიექტი).

7. ვეტერინარული კონტროლისა და ფიტოსანიტარიული კონტროლის ფარგლებში ოჯახური წარმოების სუბიექტზე ვრცელდება ამ კოდექსით გათვალისწინებული, ამ სუბიექტთან დაკავშირებული დებულებები.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ კოდექსის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სურსათი – ადამიანის საკვებად განკუთვნილი ნებისმიერი გადამუშავებული, ნაწილობრივ გადამუშავებული ან გადაუმუშავებელი პროდუქტი. სურსათი ასევე მოიცავს ყველა სახის სასმელს (მათ შორის, სასმელ წყალს), საღეჭ რეზინს და სურსათში გამოსაყენებელ ნებისმიერ ნივთიერებას (წყლის ჩათვლით), რომელიც გამოიყენება სურსათის შემადგენლობაში მისი წარმოებისა და გადამუშავების დროს. სურსათი არ მოიცავს: ცხოველის საკვებს, ცოცხალ ცხოველებს (გარდა იმ ცხოველებისა, რომლებიც გამზადებულია ბაზარზე განსათავსებლად, ადამიანის მიერ მოხმარებისათვის), მცენარეებს (მოსავლის აღებამდე), სამკურნალო და ჰომეოპათიურ საშუალებებს, თამბაქოს და თამბაქოს პროდუქტებს, ნარკოტიკულ საშუალებებს და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, კოსმეტიკურ საშუალებებს, ნარჩენებსა და დამაბინძურებლებს;

ბ) პირველადი წარმოება – პროცესი, რომელიც მოიცავს: მცენარის მოყვანას (მოსავლის აღების, ნაყოფის კრეფის ჩათვლით); ცხოველის გაზრდას, მოშენებას დაკვლამდე, აგრეთვე რძის წველას. პირველადი წარმოება ასევე მოიცავს ნადირობას, თევზჭერას და ველური მცენარეების შეგროვებას;

გ) ვეტერინარია (ვეტერინარული მედიცინა) – საქმიანობა, რომლის მიზანია ცხოველის (მათ შორის, შინაური ცხოველის) ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის დაავადებათა პროფილაქტიკა და მკურნალობა, უვნებელი ცხოველური პროდუქტის წარმოება, ზოონოზური დაავადებებისაგან მოსახლეობის დაცვა და ქვეყანაში ვეტერინარული კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფა;

დ) ბიოწარმოება – მეურნეობის მართვის ერთიანი სისტემა წარმოების ისეთი მეთოდების გამოყენებით, რომლებიც უზრუნველყოფს ბიომრავალფეროვნებისა და ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნებას, გარემოს დაცვას, ბუნებრივი რესურსების ეფექტიან გამოყენებას, შეესაბამება ბიოწარმოების წესით დადგენილ მოთხოვნებს წარმოების, გადამუშავების, შენახვის, შეფუთვის, ტრანსპორტირების, ეტიკეტირების/ნიშანდების, დისტრიბუციისა და რეალიზაციის ეტაპებზე და ეს შესაბამისობა დადასტურებულია შესაბამისობის სერტიფიკატით;

ე) გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმი − ნებისმიერი ორგანიზმი (ადამიანის გარდა), რომლის გენეტიკური მასალა შეცვლილია თანამედროვე ბიოტექნოლოგიური მეთოდების გამოყენებით. ეს მეთოდები არ განეკუთვნება ტრადიციულ სელექციურ და ჯიშთა გამოყვანის მეთოდებს;

ვ) პირველადი პროდუქტი − ადამიანის ან ცხოველის საკვებად განკუთვნილი პროდუქტი, რომელიც მიღებულია პირველადი წარმოებიდან გადამუშავებამდე (მათ შორის, ნიადაგიდან) ცხოველის მოშენების, ნადირობის ან თევზჭერის შედეგად;

ზ) ცხოველის საკვები – ცხოველის საკვებად გამოსაყენებელი ნებისმიერი გადამუშავებული, ნაწილობრივ გადამუშავებული ან გადაუმუშავებელი ნივთიერება ან პროდუქტი (საკვებდანამატის ჩათვლით);

თ) ცხოველური პროდუქტი − ცხოველური წარმოშობის სურსათი, აგრეთვე ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტი;

ი) მცენარეული პროდუქტი − მცენარეული წარმოშობის სურსათი, აგრეთვე მცენარეული წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტი, რომელიც, თავისი ბუნებიდან ან გადამუშავების თავისებურებიდან გამომდინარე, შესაძლოა მავნე ორგანიზმების გაჩენისა და გავრცელების რისკს ქმნიდეს;

კ) ცხოველი − ნებისმიერი ხერხემლიანი თუ უხერხემლო ცხოველი (ყველა სახეობის ცხოველი, ფრინველი, თევზი, ფუტკარი, წყალხმელეთა ძუძუმწოვარი, ამფიბია, კიბოსნაირი, მოლუსკი, საინკუბაციო კვერცხი, განაყოფიერებული ქვირითი);

ლ) შინაური ბინადარი ცხოველი − ნებისმიერი სახეობის ცხოველი, რომელიც ექვემდებარება ადამიანის მიერ მოვლას და რომელსაც არ იყენებენ სურსათის (მათ შორის, ხორცის, რძისა და კვერცხის), ბეწვის, ბუმბულის, ტყავის და სხვა ნებისმიერი ცხოველური პროდუქტის საწარმოებლად;

მ) ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია − ცხოველისათვის ან/და ცხოველთა ჯგუფისათვის ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება, მისი ნიშანდება და ერთიან რეესტრში შეტანა;

ნ) ცხოველის კეთილდღეობა − ცხოველის მოვლა-შენახვისა და ბუნებრივი ქცევისათვის საჭირო პირობების შექმნა, რომელიც მოიცავს ცხოველის საკვებისა და წყლის ხელმისაწვდომობას, დაავადებისაგან, ტკივილისაგან, შიშისა და სხვა სტრესისაგან მის დაცვას;

ო) მცენარე − ცოცხალი მცენარეები და მათი ნაწილები (თესლისა და გენეტიკური მასალის ჩათვლით);

პ) სახელმწიფო კონტროლი – უფლებამოსილი პირის ქმედება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში ბიზნესოპერატორის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად;

ჟ) კომპეტენტური ორგანო − სახელმწიფო ორგანო, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს სახელმწიფო კონტროლი;

რ) მაკონტროლებელი ორგანო − იურიდიული პირი, რომელსაც კომპეტენტური ორგანოს მიერ დელეგირებული აქვს სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული კონკრეტული ამოცანის შესრულება;

ს) უფლებამოსილი პირი – სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი პირი, რომელსაც უფლებამოსილებას კომპეტენტური ორგანო ანიჭებს;

ტ) გადამუშავება − ნებისმიერი პროცესი, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის პირველად პროდუქტს (მათ შორის, გაცხელება, შებოლვა, გახმობა, დამწიფება, გამოშრობა, დამარილება, გაწურვა, ექსტრაქცია, ექსტრუზია ან ამ პროცესთა ნებისმიერი კომბინაცია);

უ) გადაუმუშავებელი სურსათი/ცხოველის საკვები – პროდუქტი, რომელსაც არ გაუვლია გადამუშავება და რომელიც დაიკლა, გატყავდა, დანაწილდა, დაიჩეხა, დანაწევრდა, დაიჭრა ნაჭრებად, გამოეცალა ძვლები, დაიფქვა, დაქუცმაცდა, გაიწმინდა, მოიჭრა, მოსცილდა ხაოიანი ნაწილი, გაიფცქვნა, გაცივდა, გაიყინა, სწრაფად გაიყინა ან გალღვა;

ფ) გადამუშავებული სურსათი/ცხოველის საკვები – პროდუქტი, რომელიც მიიღება გადაუმუშავებელი სურსათის/ცხოველის საკვების გადამუშავების შედეგად. გადამუშავებული სურსათი/ცხოველის საკვები შეიძლება შეიცავდეს ინგრედიენტებს, რომლებიც აუცილებელია მის საწარმოებლად ან მისთვის სპეციფიკური თვისებების მისანიჭებლად;

ქ) საკვებდანამატი – ნივთიერება, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში არ გამოიყენება სურსათად/ცხოველის საკვებად, მაგრამ ემატება სურსათს/ცხოველის საკვებს წარმოების, გადამუშავების, შეფუთვისა და შენახვის დროს, რის შედეგადაც ეს ნივთიერება ან მისი გარდაქმნის პროდუქტი სურსათის/ცხოველის საკვების ინგრედიენტი ხდება;

ღ) მავნე სურსათი/ცხოველის საკვები − ისეთი სურსათი/ცხოველის საკვები, რომელიც არ შეესაბამება სურსათის/ცხოველის საკვების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უვნებლობის მოთხოვნებს;

ყ) ბიზნესოპერატორი – პირი, რომლის საქმიანობა უკავშირდება სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის, აგროქიმიკატის წარმოებას, პირველად წარმოებას, გადამუშავებას, დისტრიბუციას, აგრეთვე ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მომსახურებას და რომელიც პასუხისმგებელია თავისი საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობისთვის;

შ) მცირე ბიზნესი − იმ ბიზნესოპერატორის საქმიანობა, რომლის წლიური ბრუნვა არ აღემატება 200 000 ლარს;

ჩ) აღიარება − რეგისტრირებული ბიზნესოპერატორის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურება;

ც) წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპები – პროცესის ყოველი ეტაპი, სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის, აგროქიმიკატის იმპორტის, ექსპორტის, პირველადი წარმოების, გადამუშავების, შენახვის, შეგროვების, ტრანსპორტირების, რეალიზაციისა და საბოლოო მომხმარებლისათვის მიწოდების ჩათვლით;

ძ) ტრადიციული მეთოდი – სურსათის/ცხოველის საკვების წარმოება, გადამუშავება ან/და დისტრიბუცია, აგრეთვე პირველადი წარმოება ისტორიულად ჩამოყალიბებული, თაობიდან თაობისთვის გადაცემული მეთოდების გამოყენებით, ტრადიციული ადგილობრივი ფერმერული მეურნეობებისა და სხვა ტრადიციული სამეურნეო საქმიანობების ჩათვლით;

წ) მაღალმთიანი რეგიონი – „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მაღალმთიანი დასახლება;

ჭ) ოჯახური წარმოება – სურსათის/ცხოველის საკვების წარმოება ან/და პირველადი წარმოება არაორგანიზებულად ან/და პირადი მოხმარების მიზნით;

ხ) ოჯახური წარმოების სუბიექტი – ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებას ან/და პირველად წარმოებას არაორგანიზებულად ან/და პირადი მოხმარების მიზნით;

ჯ) მცენარის, მცენარეული პროდუქტის წარმოების ადგილი − ნაკვეთის ან ნაგებობის ერთეული ან ამ ერთეულთა ერთიანობა, რომელიც იმართება ფიტოსანიტარიული მოთხოვნების შესაბამისად;

ჰ) ბაზარზე განთავსება – ბიზნესოპერატორის მიერ სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის ან/და აგროქიმიკატის სასყიდლით ან უსასყიდლოდ მიწოდება, აგრეთვე გადაცემის სხვა ფორმები;

1) საცალო ვაჭრობის პუნქტი – ობიექტი, სადაც ხორციელდება სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის ან/და აგროქიმიკატის საბოლოო მომხმარებლისათვის მიწოდება;

2) საბოლოო მომხმარებელი – მომხმარებელი, რომელიც სურსათს/ცხოველის საკვებს, ცხოველს, მცენარეს, ცხოველურ და მცენარეულ პროდუქტებს, ვეტერინარულ პრეპარატს, პესტიციდს ან/და აგროქიმიკატს სარეალიზაციოდ არ იყენებს;

3) საფრთხე – სურსათში/ცხოველის საკვებში, ცხოველში, მცენარეში, ცხოველურ და მცენარეულ პროდუქტებში ისეთი ბიოლოგიური, ქიმიური ან ფიზიკური აგენტის არსებობა ან სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების ისეთი მდგომარეობა, რომელმაც შესაძლებელია ზიანი მიაყენოს ადამიანის, ცხოველის ჯანმრთელობას ან/და სიცოცხლეს, მცენარის სიჯანსაღეს;

4) რისკი – საფრთხიდან გამომდინარე, ადამიანის, ცხოველის ჯანმრთელობაზე, მცენარის სიჯანსაღეზე მავნე ზემოქმედების გამოვლენის ალბათობა და სიმძიმე;

5) ვეტერინარი ექიმი − ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული, სათანადო უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

6) ვეტერინარი ტექნიკოსი − პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიული დიპლომი ან სერტიფიკატი;

7) მიკვლევადობა – სურსათის/ცხოველის საკვების, მასში გამოსაყენებლად განკუთვნილი ნებისმიერი ნივთიერების, სურსათთან/ცხოველის საკვებთან დაკავშირებული ტარისა და შესაფუთი მასალის, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის ან აგროქიმიკატის შესახებ მონაცემებისა და ინფორმაციის დადგენის შესაძლებლობა მათი წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე;

8) პარტია – ერთი სახეობისა და დასახელების სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის ან აგროქიმიკატის იდენტიფიცირებადი რაოდენობა, გამოშვებული ერთი და იმავე ბიზნესოპერატორის მიერ ერთი და იმავე ცვლის დროს და გაფორმებული ერთნაირი ეტიკეტით;

9) ეტიკეტი – სურსათთან/ცხოველის საკვებთან, ცხოველურ და მცენარეულ პროდუქტებთან, ვეტერინარულ პრეპარატთან, პესტიციდთან ან აგროქიმიკატთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია, სავაჭრო ნიშანი, დასახელება, ილუსტრაცია ან სიმბოლო, განთავსებული შეფუთვაზე ან/და მასთან დაკავშირებულ თანდართულ დოკუმენტზე;

10) შეუსაბამობა − სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში ბიზნესოპერატორის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა;

11) აკრედიტებული ლაბორატორია – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად აკრედიტებული ლაბორატორია, რომელიც შეტანილია აკრედიტაციის სისტემის სახელმწიფო რეესტრში, ან საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორია;

12) დაავადება – ინფექციის კლინიკური ან/და პათოლოგიური გამოვლინება, აგრეთვე სხვადასხვა ზემოქმედების შედეგად ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირების (ცხოველმყოფელობის) დარღვევა;

13) ინფექცია – ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმში პათოგენური აგენტის შეჭრა, ადაპტაცია, გამრავლება და მასპინძელი ორგანიზმის საპასუხო რეაქცია;

14) დასნებოვნებული კერა – ზონა, რომელშიც დადასტურებულია გადამდები დაავადების ან მისი აღმძვრელის არსებობა;

15) ეპიზოოტია – დროის გარკვეულ მონაკვეთში, განსაზღვრულ ტერიტორიაზე გადამდები დაავადებით ერთდროულად მრავალი ცხოველის დასენიანება;

16) გადამდები დაავადება – ცხოველის ინფექციური ან ინვაზიური დაავადება, რომელიც დაავადებული ორგანიზმიდან ჯანმრთელ ორგანიზმს გადაედება;

17) ზოონოზური დაავადება – ცხოველის ისეთი გადამდები დაავადება, რომელიც ბუნებრივად გადაედება ცხოველიდან ადამიანს და ადამიანიდან ცხოველს;

18) ვეტერინარული კეთილსაიმედოობა − განსაზღვრულ ტერიტორიაზე დაავადებების არარსებობა;

19) კრიზისული მდგომარეობა − ბუნებრივად ან ადამიანის მიერ გამოწვეული მოულოდნელი და სახიფათო მდგომარეობა, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის, ცხოველის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, მცენარის სიჯანსაღეს, ინფრასტრუქტურას, გარემოს და დროულ რეაგირებას მოითხოვს;

20) ვეტერინარული პრეპარატი – ფარმაკოლოგიური, იმუნოლოგიური ან მეტაბოლური ეფექტის მქონე ნებისმიერი ნივთიერება ან ნივთიერებათა კომბინაცია, რომელიც გამოიყენება ცხოველთა დაავადების დიაგნოსტიკისათვის ან დაავადების სიმპტომების აღმოსაფხვრელად, სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის, აგრეთვე ცხოველთა სასიცოცხლო და ფიზიოლოგიური ფუნქციების აღსადგენად ან/და შესაცვლელად;

21) ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი − ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შეესაბამება მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციით დადგენილ სერტიფიკატის ფორმას და ადასტურებს, რომ ტვირთი აკმაყოფილებს ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებს;

22) ჰიგიენური სერტიფიკატი – სურსათის/სურსათთან დაკავშირებული ტარის უვნებლობის ჰიგიენურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

23) ვეტერინარული სერტიფიკატი – ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) კოდექსების შესაბამისად, წარმოშობის ქვეყნის ან/და ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული, ვეტერინარული კეთილსაიმედოობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

24) პესტიციდი − ქიმიური ან ბიოლოგიური პრეპარატი, რომელიც გამოიყენება მცენარეთა დაავადებებისა და მათი გადამტანების, მავნებლებისა და სარეველა მცენარეების, შენახული სოფლის მეურნეობის პროდუქციის დაავადებებისა და მავნებლების, მღრღნელების, ცხოველთა პარაზიტების წინააღმდეგ, აგრეთვე მცენარეთა ზრდის რეგულირებისათვის, მოსავლის აღების წინ მცენარეთათვის ფოთლების მოსაცილებლად (დეფოლიანტები) და მცენარეების შესახმობად (დესიკანტები), საცავების, საწყობების, სატრანსპორტო საშუალებების, სათბურების, ნიადაგის, მცენარეული პროდუქტებისა და ფიტოსანიტარიული კონტროლისადმი დაქვემდებარებული სხვა პროდუქციის გაუსნებოვნებისათვის;

25) აგროქიმიკატი – „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სასუქი ან/და ქიმიური მელიორანტი. ეს ტერმინი ვრცელდება ტორფზე, თუ ის სასოფლო-სამეურნეო კულტურებისათვის სასუქის სახით გამოიყენება;

26) საკარანტინო ზონა − გეოგრაფიული არეალი, რომელშიც იყო ან არის დაავადებული ცხოველი ან დაავადებაზე საეჭვო ცხოველი და ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები, აგრეთვე ზონა, რომელშიც არსებობს საკარანტინო მავნე ორგანიზმი და ხორციელდება სახელმწიფო კონტროლი;

27) მცენარეთა კარანტინი − ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც მიმართულია საკარანტინო მავნე ორგანიზმების შემოჭრის ან/და გავრცელების თავიდან ასაცილებლად ან მათი სახელმწიფო კონტროლის უზრუნველსაყოფად;

28) ვეტერინარული კარანტინი − ღონისძიება ან ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც მიმართულია გადამდები დაავადებების გამოსავლენად ან/და მათი გავრცელების თავიდან ასაცილებლად;

29) ფიტოსანიტარიული ზომა − პროცედურა, რომელიც გამოიყენება საკარანტინო მავნე ორგანიზმების შემოჭრის ან/და გავრცელების თავიდან ასაცილებლად ან არასაკარანტინო მავნე ორგანიზმების მიერ გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შესამცირებლად;

30) ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტი – მცენარე, მცენარეული პროდუქტი ან სხვა ორგანიზმი, დასაწყობების ადგილი, შეფუთვა, სატრანსპორტო საშუალება, კონტეინერი, ნიადაგი ან მასალა, რომელშიც შესაძლებელია არსებობდეს მავნე ორგანიზმი ან/და რომელიც ხელს უწყობს მის გავრცელებას და რომლის მიმართ აუცილებელია ფიტოსანიტარიული ზომების გამოყენება, განსაკუთრებით საერთაშორისო გადაზიდვების შემთხვევაში;

31) ცხოველთა საკარანტინო დაავადება – დაავადება, რომელიც ხასიათდება ფართო არეალზე სწრაფი გავრცელებით, ცხოველთა მაღალი ავადობით ან სიკვდილიანობით;

32) მავნე ორგანიზმი − მცენარეებისათვის ან მცენარეული პროდუქტებისათვის მავნე მცენარის, ცხოველის ან პათოგენური აგენტის ნებისმიერი სახეობა, სახესხვაობა ან ბიოტიპი. მავნე ორგანიზმი შეიძლება იყოს საკარანტინო ან არასაკარანტინო;

33) საკარანტინო მავნე ორგანიზმი − მავნე ორგანიზმი, რომელსაც პოტენციური ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს საფრთხისადმი დაქვემდებარებული იმ ზონისათვის, რომელშიც ის ჯერ არ არსებობს, ან არსებობს, მაგრამ შეზღუდულად არის გავრცელებული და სახელმწიფო კონტროლის ქვეშაა;

34) არასაკარანტინო მავნე ორგანიზმი − მავნე ორგანიზმი, რომელიც მოცემული ზონისათვის არ არის საკარანტინო მავნე ორგანიზმი;

35) ტვირთი − მცენარის ან მცენარეული პროდუქტის განსაზღვრული რაოდენობა, რომელიც გადაადგილდება შესაბამისი ფიტოსანიტარიული სერტიფიკატით. ტვირთი შეიძლება შედგებოდეს ერთი ან ერთზე მეტი პარტიისაგან;

36) სპეციალური კონტროლისადმი დაქვემდებარებული ნივთიერება − „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნივთიერება;

37) საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP – Hazzard Analysis and Critical Control Points) სისტემა − სისტემა, რომელიც საფრთხეების იდენტიფიცირებით და მათი კონტროლის განხორციელებით უვნებელი სურსათის წარმოების შესაძლებლობას იძლევა;

38) ცხოველური ნარჩენი − ცხოველის მოვლასთან და შენახვასთან დაკავშირებული ნარჩენი, ლეში, აბორტირებული ან მკვდრადშობილი ნაყოფი, ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტი;

39) სააგენტო − საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტო.

    მუხლი 13. ბიზნესოპერატორად რეგისტრაცია და აღიარება

1. ბიზნესოპერატორი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.

1 1 . ბიზნესოპერატორი ვალდებულია საქმიანობის დაწყების, შეწყვეტის ან/და საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი რეგისტრირებული მონაცემის ცვლილების შემთხვევაში, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში ცვლილების შეტანის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

2. რეგისტრაციის გარეშე ბიზნესოპერატორის საქმიანობა აკრძალულია.

3. სავალდებულოა იმ ბიზნესოპერატორის აღიარება, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია:

ა) ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებასთან ან/და გადამუშავებასთან, გარდა იმ ბიზნესოპერატორისა, რომელიც:

ა.ა) ახორციელებს ოჯახურ წარმოებას;

ა.ბ) ახორციელებს პირველად წარმოებას;

ა.გ) ტრადიციული მეთოდების გამოყენებით ახორციელებს ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას ან/და გადამუშავებას;

ა.დ) მაღალმთიან რეგიონში ახორციელებს ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას ან/და გადამუშავებას;

ა.ე) ახორციელებს პირველადი პროდუქტის პირდაპირ მიწოდებას საბოლოო მომხმარებლისათვის ან საცალო ვაჭრობის პუნქტისათვის, რომელიც უშუალოდ ამარაგებს საბოლოო მომხმარებელს და რომელსაც ამ კოდექსის შესაბამისად აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი;

ა.ვ) ახორციელებს ფერმაში დაკლული ფრინველის და ბოცვრისნაირების ხორცის, ნანადირევი გარეული ცხოველისა და ფრინველის ან ნანადირევის ხორცის პირდაპირ მიწოდებას საბოლოო მომხმარებლისათვის ან საცალო ვაჭრობის პუნქტისათვის, რომელიც უშუალოდ ამარაგებს საბოლოო მომხმარებელს და რომელსაც ამ კოდექსის შესაბამისად აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი;

ა.ზ) ახორციელებს ისეთი ცხოველური წარმოშობის სურსათის შენახვას, რომელიც არ საჭიროებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ტემპერატურის კონტროლს;

ა.თ) ახორციელებს საცალო ვაჭრობას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საცალო ვაჭრობა ხორციელდება ცხოველური წარმოშობის სურსათის სხვა საწარმოსთვის მიწოდების მიზნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც:

ა.თ.ა) საქმიანობა მოიცავს მხოლოდ ცხოველური წარმოშობის სურსათის შენახვას ან ტრანსპორტირებას;

ა.თ.ბ) ცხოველური წარმოშობის სურსათი მხოლოდ ერთი საცალო ვაჭრობის პუნქტიდან მეორე საცალო ვაჭრობის პუნქტს მიეწოდება ადგილობრივად;

ბ) იმ ცხოველის საკვების წარმოებასთან ან/და გადამუშავებასთან, რომელიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

4. ბიზნესოპერატორის აღიარებას ახორციელებს სააგენტო ინსპექტირების შედეგების მიხედვით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად.

5. აკრძალულია აღიარების გარეშე იმ ბიზნესოპერატორის საქმიანობა, რომელიც აღიარებას ექვემდებარება.

6. სააგენტო უფლებამოსილია, ბიზნესოპერატორის მოთხოვნის შემთხვევაში, აღიაროს ისეთი საქმიანობა, რომელიც ამ კოდექსის შესაბამისად არ ექვემდებარება სავალდებულო აღიარებას.

    მუხლი 17. მიკვლევადობის მოთხოვნები

1. სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდისა და აგროქიმიკატის მიკვლევადობა უზრუნველყოფილი უნდა იქნეს წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე.

2. მიკვლევადობის განსახორციელებლად აუცილებელია ბიზნესოპერატორს ჰქონდეს სათანადო ინფორმაცია, აწარმოებდეს შესაბამის დოკუმენტაციასა და ჩანაწერებს. ამისათვის ბიზნესოპერატორს შემოღებული უნდა ჰქონდეს სისტემები და პროცედურები, რომლებიც ამგვარი ინფორმაციით უზრუნველყოფს კომპეტენტურ ორგანოებს მოთხოვნისამებრ.

3. მიკვლევადობის განსახორციელებლად სურსათი/ცხოველის საკვები, ცხოველი, მცენარე, ცხოველური და მცენარეული პროდუქტები, ვეტერინარული პრეპარატი, პესტიციდი და აგროქიმიკატი ეტიკეტირებული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმი ან მისგან დამზადებული სურსათი/ცხოველის საკვები − „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

4. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მიკვლევადობის ზოგადი პრინციპები და მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

    მუხლი 18. ეტიკეტირების წესი

1. სარეალიზაციოდ განკუთვნილი სურსათი/ცხოველის საკვები, ცხოველი, მცენარე, ცხოველური და მცენარეული პროდუქტები, ვეტერინარული პრეპარატი, პესტიციდი და აგროქიმიკატი ეტიკეტირებული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმი ან მისგან დამზადებული სურსათი/ცხოველის საკვები − „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად .

2. ეტიკეტის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა დგინდება სახელმწიფო კონტროლის დროს.

3. დაუშვებელია სურსათის/ცხოველის საკვების ეტიკეტზე ან თანდართულ დოკუმენტში ტერმინების − „ბიოლოგიური“, „ეკოლოგიური“, „ეკო“, „ბიო“, „ორგანული“ − ნებისმიერი კომბინაციის მითითება, თუ იგი არ შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ბიოწარმოების წესს და ეს შესაბამისობა არ დასტურდება შესაბამისობის სერტიფიკატით.

4. დაუშვებელია ბაზარზე ისეთი სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდისა და აგროქიმიკატის განთავსება, რომლებიც არ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო ამ მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ბიზნესოპერატორმა უნდა უზრუნველყოს მათი ბაზარზე განთავსების აღკვეთა ან ბაზარზე უკვე განთავსებულის ამოღება.

    მუხლი 182. ბიზნესოპერატორის ვალდებულებები ვეტერინარიის სფეროში

1. ბიზნესოპერატორი, რომელიც ახორციელებს ცხოველთა მოშენებას, გადარეკვას, გადაზიდვას, რეალიზაციას ან/და დაკვლას, ვალდებულია დაიცვას შემდეგი მოთხოვნები:

ა) განახორციელოს ეპიზოოტიის საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებები, მათ შორის, ვაქცინაცია, დიაგნოსტიკური გამოკვლევები, მკურნალობა და გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო სხვა ღონისძიებები;

ბ) ცხოველის დაკვლა მისი რეალიზაციის მიზნით განახორციელოს ვეტერინარული ზედამხედველობით;

გ) შეასრულოს სააგენტოს მითითებები ეპიზოოტიის საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად;

დ) ითანამშრომლოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან ცხოველთა დაავადების საწინააღმდეგო სადიაგნოსტიკო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების და ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ღონისძიებების განხორციელებისას;

[ე) უზრუნველყოს ცხოველთა (მათ შორის, შინაურ ბინადარ ცხოველთა) კეთილდღეობა; (ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან)]

ვ) უზრუნველყოს ცხოველთა გადარეკვა, გადაზიდვა და რეალიზაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ზ) უზრუნველყოს ცხოველური ნარჩენების განადგურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

თ) გადამდები დაავადებების, აგრეთვე ცხოველთა მასობრივი მოწამვლა-მოშხამვის შემთხვევების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“−„თ“ ქვეპუნქტები ვრცელდება ოჯახური წარმოების სუბიექტზედაც.

3. ბიზნესოპერატორი, რომელიც ახორციელებს ცხოველური პროდუქტების წარმოებას, გადამუშავებასა და დისტრიბუციას, თავისი საქმიანობის ფარგლებში ვალდებულია დაიცვას შემდეგი მოთხოვნები:

ა) უზრუნველყოს, რომ ცხოველური პროდუქტები არ უნდა უქმნიდეს რისკს ადამიანის ან/და ცხოველის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს;

ბ) შეასრულოს სააგენტოს მითითებები ეპიზოოტიის საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად; ითანამშრომლოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან ცხოველთა დაავადების საწინააღმდეგო სადიაგნოსტიკო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებისას;

გ) უზრუნველყოს ცხოველური პროდუქტების გადაადგილება და რეალიზაცია შესაბამისი ვეტერინარული დოკუმენტის თანხლებით.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ვრცელდება ოჯახური წარმოების სუბიექტზედაც.

5. ბიზნესოპერატორი, რომელიც ახორციელებს ვეტერინარული პრეპარატის წარმოებასა და დისტრიბუციას, ვალდებულია დაიცვას შემდეგი მოთხოვნები:

ა) სარეალიზაციოდ განკუთვნილი ვეტერინარული პრეპარატი რეგისტრირებული უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) დაცული უნდა იქნეს ვეტერინარული პრეპარატის ხარისხთან/უსაფრთხოებასთან და რეალიზაციასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

6. ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი სხვა ბიზნესოპერატორები თავიანთ საქმიანობას უნდა ახორციელებდნენ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

    მუხლი 183. ბიზნესოპერატორის ვალდებულებები მცენარის დაცვის სფეროში

 1. ბიზნესოპერატორი, რომელიც ახორციელებს მცენარისა და მცენარეული პროდუქტის წარმოებას, გადამუშავებას ან/და დისტრიბუციას, ვალდებულია:

ა) დაიცვას მცენარე, მცენარეული პროდუქტი, აგრეთვე მცენარის, მცენარეული პროდუქტის წარმოების ადგილი საკარანტინო მავნე ორგანიზმებისაგან;

ბ) არ დაუშვას გამოყენებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მავნე ზემოქმედება ადამიანისა და ცხოველის ჯანმრთელობაზე და გარემოზე;

გ) შეასრულოს სააგენტოს მითითებები იმ განსაკუთრებით საშიში ან/და საკარანტინო მავნე ორგანიზმების მასობრივი გავრცელების თავიდან ასაცილებლად, რომლებიც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას ან მცენარის სიჯანსაღეს;

დ) ითანამშრომლოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან მავნე ორგანიზმების გავრცელების საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებისას;

ე) საკარანტინო მავნე ორგანიზმების გამოვლენის ან/და მათ შესახებ ეჭვის არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს;

ვ) აწარმოოს მცენარის, მცენარეული პროდუქტის წარმოების ადგილზე მავნე ორგანიზმების გავრცელების თავიდან ასაცილებლად ჩატარებული დაცვითი ღონისძიებების და გამოყენებული მცენარეთა დაცვის საშუალებების აღრიცხვა.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ვრცელდება ოჯახური წარმოების სუბიექტზედაც.

    მუხლი 22. სააგენტოს უფლებამოსილებები და ვალდებულებები სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში

სააგენტოს უფლებამოსილებები და ვალდებულებებია:

ა) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში:

ა.ა) წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე სურსათის/ცხოველის საკვების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;

ა.ბ) მიკვლევადობის მოთხოვნების შემოწმება მათი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად;

ა.გ) საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) პრინციპებზე დაფუძნებული სისტემის შემოწმება მისი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად;

ა.დ) გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად უვარგისად მიჩნეული სურსათის/ცხოველის საკვების განადგურებაზე ზედამხედველობა;

ა.ე) მოსახლეობის დროული ინფორმირება ბაზარზე განთავსებულ სურსათთან/ცხოველის საკვებთან დაკავშირებით, თუ დადასტურებულია, რომ ეს სურსათი/ცხოველის საკვები ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობისათვის მავნეა;

ბ) ვეტერინარიის სფეროში:

ბ.ა) ცხოველთა ჯანმრთელობისა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის უზრუნველსაყოფად კონტროლის განხორციელება;

ბ.ბ) გადამდები დაავადებების დიაგნოსტიკა, მათი საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების პროგრამების შემუშავება, ორგანიზება და განხორციელება;

[ბ.გ) ცხოველთა კეთილდღეობაზე კონტროლის განხორციელება; (ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან)]

ბ.დ) ვეტერინარული პრეპარატების რეგისტრაცია და კონტროლი, ფალსიფიცირებული, არარეგისტრირებული, ვადაგასული და გამოსაყენებლად უვარგისად მიჩნეული ვეტერინარული პრეპარატების განადგურებაზე ზედამხედველობა;

ბ.ე) ცხოველური ნარჩენების შეგროვებაზე, უტილიზაციასა და განადგურებაზე ზედამხედველობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ.ვ) ცხოველთა გადაყვანა-გადარეკვის (მათ შორის, სეზონურ საძოვრებზე) მიმდინარეობაზე ზედამხედველობა;

ბ.ზ) ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია;

ბ.თ) ზოონოზური დაავადების გამოვლენის შემთხვევაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ.ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვეტერინარული კარანტინის ორგანიზება;

ბ.კ) ვეტერინარიის სფეროში დასაქმებული ბიზნესოპერატორების საქმიანობის კოორდინაცია;

ბ.ლ) საშიში ინფექციური დაავადებების, ეპიდემიებისა და ეპიზოოტიების გავრცელების გამო არაკეთილსაიმედო ქვეყნების ნუსხის შემუშავება;

ბ.მ) მოსახლეობის დროული ინფორმირება ბაზარზე განთავსებულ ვეტერინარულ პრეპარატებთან დაკავშირებით, თუ დადასტურებულია მათი მავნე ზემოქმედება ცხოველთა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე;

ბ.ნ) ვეტერინარული სამსახურისა და ცხოველთა ჭერის საქმიანობისათვის საჭირო, საქართველოში სპეციალური კონტროლისადმი დაქვემდებარებული ნივთიერებების გამოყენებაზე კონტროლის განხორციელება;

გ) მცენარეთა დაცვის სფეროში:

გ.ა) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეგისტრაცია, მათი გამოყენებისა და მიმოქცევის კონტროლი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ.ბ) მცენარეთა დაცვის უზრუნველსაყოფად კონტროლის განხორციელება;

გ.გ) მავნე ორგანიზმების გავრცელების საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

გ.დ) მცენარეთა კარანტინის ორგანიზება;

გ.ე) განსაკუთრებით საშიში და საკარანტინო მავნე ორგანიზმების გავრცელებასა და განვითარებაზე დაკვირვება, მათი გამოვლენა და დიაგნოსტიკა;

გ.ვ) საკარანტინო მავნე ორგანიზმების ნუსხის შემუშავება;

გ.ზ) განსაკუთრებით საშიში და საკარანტინო მავნებლების, დაავადებებისა და სარეველების მასობრივი გავრცელებისა და განვითარების პროგნოზირება;

გ.თ) მავნე ორგანიზმების გავრცელების საწინააღმდეგო, პრევენციული და ლოკალიზაციის/სალიკვიდაციო ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება;

გ.ი) ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტების დამუშავებაზე ზედამხედველობა საერთაშორისო გადაზიდვების შემთხვევაში;

გ.კ) მოსახლეობის დროული ინფორმირება ბაზარზე განთავსებულ აგროქიმიკატებთან და პესტიციდებთან დაკავშირებით, თუ დადასტურებულია მათი მავნე ზემოქმედება ადამიანთა და ცხოველთა ჯანმრთელობაზე, მცენარეთა სიჯანსაღეზე და გარემოზე;

გ.ლ) მავნე ორგანიზმებისაგან თავისუფალი ტერიტორიის ან მავნე ორგანიზმების დაბალი გავრცელების ტერიტორიის სტატუსის მინიჭება;

გ.მ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დატოვებამდე, ტვირთის ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების შემდეგ, მისი ხელახალი ინვაზიისა და შემადგენლობის ჩანაცვლების თავიდან ასაცილებლად სათანადო პროცედურების განხორციელება;

დ) ბიზნესოპერატორთა აღიარება;

ე) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში რისკის მართვისა და რისკის კომუნიკაციის უზრუნველყოფა;

ვ) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში არსებული სამართლებრივი მოთხოვნების შესახებ ბიზნესოპერატორთა და მომხმარებელთა ინფორმირება;

ზ) უფლებამოსილ პირთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება;

თ) სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო, საგანმანათლებლო, სამეცნიერო და მომხმარებელთა ინტერესების დამცველ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

ი) ნებართვების, სერტიფიკატებისა და ლიცენზიების გაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

კ) ქვეყანაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის დროს კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმის შემუშავება და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის წარდგენა;

ლ) გარემოს დაბინძურების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების ინფორმირება;

მ) სახელმწიფო კონტროლის შედეგების საჯაროობის უზრუნველყოფა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კონფიდენციალური ინფორმაციისა.

    მუხლი 25. სახელმწიფო კონტროლის სახეები

 სახელმწიფო კონტროლის სახეებია:

ა) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის კონტროლი – ქმედება, რომელიც ხორციელდება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობისა და ეტიკეტირების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად;

ბ) ვეტერინარული კონტროლი – ქმედება, რომელიც ხორციელდება ვეტერინარიის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად;

გ) ფიტოსანიტარიული კონტროლი − ქმედება, რომელიც ხორციელდება მცენარეთა დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად.

    მუხლი 261. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმები

 1. ინსპექტირება არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომლის დროსაც ხორციელდება სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპების ცალკეული ასპექტების გამოკვლევა მათი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან და წესებთან შესაბამისობის დასადგენად, ბიზნესოპერატორის წინასწარი გაფრთხილების გარეშე და რომელიც მოიცავს:

ა) ბიზნესოპერატორის საქმიანობის შემოწმებას სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე;

ბ) დოკუმენტური შემოწმების განხორციელებას;

გ) დადგენილი წესით ნიმუშის აღებას და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლევების ჩატარებას.

2. მონიტორინგი არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომლის დროსაც ხორციელდება წინასწარ დაგეგმილი დაკვირვებები და გაზომვები სურსათის/ცხოველის საკვების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესაფასებლად, სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის ფარგლებში, რომლის შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი ფაქტორები:

ა) წინა წლებში მოსახლეობასა და ცხოველებში კვებითი მოშხამვების, სურსათით/ცხოველის საკვებით განპირობებული ნაწლავთა ინფექციების, ეპიდემიების, სხვა საკვებისმიერი მასობრივი დაავადებების გაჩენის შემთხვევები;

ბ) სურსათის/ცხოველის საკვების მიკრობიოლოგიური, ქიმიური ან ფიზიკური დაბინძურების შემთხვევები;

გ) გარემოს დაბინძურების შემთხვევები;

დ) მომხმარებელთა მოტყუებისა და შეცდომაში შეყვანის შემთხვევები;

ე) სააგენტოს მიერ საანგარიშო წელს და წინა წლებში განხორციელებული საქმიანობების შედარებითი ანალიზი.

3. მონიტორინგის ფარგლებში არსებული მდგომარეობა შეისწავლება ნიმუშის აღებისა და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლევების ჩატარების გზით, რისკის შეფასების განხორციელებისათვის, რომლის დროსაც:

ა) მოწმდება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის მაჩვენებლების, ეტიკეტისა და წარდგენის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა;

ბ) ხორციელდება დოკუმენტური შემოწმება.

4. ზედამხედველობა არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომლის დროსაც ხორციელდება სურსათის/ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორის საქმიანობაზე დაკვირვება. დაკვირვება ხორციელდება:

ა) სურსათის განადგურებაზე;

ბ) ბიზნესოპერატორის მიერ სურსათის ბაზარზე განთავსების აღკვეთაზე, ბაზრიდან და მომხმარებლისგან გამოთხოვაზე;

გ) ბიზნესოპერატორის მიერ სააგენტოს მითითებების შესრულებაზე.

5. დოკუმენტური შემოწმება არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომლის დროსაც დამოუკიდებლად ან სახელმწიფო კონტროლის სხვა მექანიზმებთან ერთად ხორციელდება სურსათის/ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების შემოწმება.

6. ნიმუშის აღება არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომელიც ხორციელდება ორგანოლეპტიკური, მიკრობიოლოგიური, პარაზიტოლოგიური, ტოქსიკოლოგიური, ფიზიკურ-ქიმიური, რადიოლოგიური, დაავადებების ან/და სხვა მაჩვენებლების გამოსაკვლევად, რათა განისაზღვროს ადამიანისა და ცხოველის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის მოსალოდნელი რისკი.

7. ნიმუშის აღება შეიძლება განხორციელდეს ინსპექტირების, ზედამხედველობის, მონიტორინგის დროს ან დამოუკიდებლად.

    მუხლი 262. ვეტერინარული სახელმწიფო კონტროლის მექანიზმები

1. ინსპექტირება არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომლის დროსაც ხორციელდება ცხოველის, ცხოველური პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპების, ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ცალკეული ასპექტების გამოკვლევა მათი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან და წესებთან შესაბამისობის დასადგენად და რომელიც მოიცავს:

ა) ბიზნესოპერატორის საქმიანობის შემოწმებას წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე, აგრეთვე ცხოველთა ჯანმრთელობის მდგომარეობის და კეთილდღეობის შესაფასებლად;

ბ) დოკუმენტური შემოწმების განხორციელებას;

გ) სინჯის, ნიმუშის, პათოლოგიური მასალის აღებას და ლაბორატორიულ გამოკვლევას ცხოველთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად.

2. მონიტორინგი არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომლის დროსაც ხორციელდება წინასწარ დაგეგმილი დაკვირვებები და მონაცემების მოპოვება ცხოველთა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და კეთილდღეობის, ცხოველური პროდუქტებისა და ვეტერინარული პრეპარატების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესაფასებლად და რომელიც მოიცავს:

ა) სინჯის, ნიმუშის, პათოლოგიური მასალის აღებას რისკის შესაფასებლად;

ბ) ვეტერინარული პრეპარატების ნიმუშების აღებას;

გ) ცხოველის, ცხოველური პროდუქტის, ვეტერინარული პრეპარატის ეტიკეტის შემოწმებას;

დ) ცხოველთა საცხოვრებელი გარემოს დათვალიერებას და ინფორმაციის შეგროვებას;

ე) ვეტერინარული სამსახურისა და ცხოველთა ჭერის საქმიანობისათვის საჭირო, საქართველოში სპეციალური კონტროლისადმი დაქვემდებარებული ნივთიერებების გამოყენების წესის დაცვის შემოწმებას.

3. ზედამხედველობა არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომლის დროსაც ხორციელდება ცხოველზე, ცხოველურ პროდუქტზე, ვეტერინარულ პრეპარატზე, ბიზნესოპერატორის საქმიანობაზე დაკვირვება. დაკვირვება ხორციელდება:

ა) ცხოველის დაკვლის, დაკვლისწინა და დაკვლისშემდგომ პროცესებზე;

ბ) საკარანტინო ღონისძიებების განხორციელებაზე;

გ) გადამდები დაავადებებისა და მასობრივი არაგადამდები დაავადებების საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაზე;

დ) ფალსიფიცირებული, არარეგისტრირებული, ვადაგასული, უხარისხო და გამოსაყენებლად უვარგისად მიჩნეული ვეტერინარული პრეპარატების განადგურებაზე;

ე) ცხოველური ნარჩენების შეგროვებაზე, უტილიზაციასა და განადგურებაზე;

ვ) ცხოველთა გადაყვანა-გადარეკვის (მათ შორის, სეზონურ საძოვრებზე) მიმდინარეობაზე;

ზ) ცხოველის საკვების განადგურებაზე;

თ) ბიზნესოპერატორის მიერ სააგენტოს მითითებების შესრულებაზე.

4. დოკუმენტური შემოწმება არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომლის დროსაც დამოუკიდებლად ან სახელმწიფო კონტროლის სხვა მექნიზმებთან ერთად ხორციელდება ვეტერინარიის სფეროში ბიზნესოპერატორის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების შემოწმება.

5. ვეტერინარულ კონტროლს ახორციელებს ვეტერინარი ექიმი საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

6. ნიმუშის აღება არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომელიც ხორციელდება ორგანოლეპტიკური, მიკრობიოლოგიური, პარაზიტოლოგიური, ტოქსიკოლოგიური, ფიზიკურ-ქიმიური, რადიოლოგიური, დაავადებების ან/და სხვა მაჩვენებლების გამოსაკვლევად, რათა განისაზღვროს ცხოველის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის მოსალოდნელი რისკი.

7. ნიმუშის აღება შეიძლება განხორციელდეს ინსპექტირების, ზედამხედველობის, მონიტორინგის დროს ან დამოუკიდებლად.

    მუხლი 263. ფიტოსანიტარიული სახელმწიფო კონტროლის მექანიზმები

 1. ინსპექტირება არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომელიც მოიცავს მცენარის, მცენარეული პროდუქტის, სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტის ვიზუალურ შემოწმებას (დახედვას) მავნე ორგანიზმების გამოვლენის ან/და ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, ექსპორტის, იმპორტის, ტრანზიტისა და რეექსპორტის დროს, აგრეთვე საკარანტინო ზონაში:

ა) მცენარესთან, მცენარეულ პროდუქტთან, სხვა ფიტოსანიტარიულ რეგულირებად ობიექტთან დაკავშირებული დოკუმენტების შემოწმებას;

ბ) ტვირთის იდენტურობისა და მთლიანობის შემოწმებას;

გ) დამუშავების ეფექტიანობის შემოწმებას;

დ) ფიზიკურ შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში − ნიმუშის აღებას.

2. ინსპექტირების დროს ხორციელდება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემოწმების სახეებიდან ერთ-ერთი ან რამდენიმე ერთად.

3. მონიტორინგი არის ფიტოსანიტარიული მდგომარეობის შემოწმების ხანგრძლივი პროცესი ან/და ხანგრძლივი კვლევა მავნე ორგანიზმის პოპულაციის მახასიათებლების შესამოწმებლად და იგი მოიცავს:

ა) საკარანტინო მავნე ორგანიზმების განვითარების პროგნოზირებას, მიწათმოსარგებლის დროულ გაფრთხილებას საკარანტინო მავნე ორგანიზმის გამოჩენისა და ფიტოსანიტარიული ღონისძიებების განხორციელების ვადების შესახებ;

ბ) ბაზარზე განთავსებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნიმუშების აღებას;

გ) სასოფლო-სამეურნეო, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების, ტყეების კვლევას საკარანტინო მავნე ორგანიზმების გავრცელების არეალის განსაზღვრის, მათი მავნეობის დადგენის და მათი საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელების მიზნით.

4. ზედამხედველობა არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომელიც მოიცავს:

ა) საკარანტინო მავნე ორგანიზმების ნუსხის კორექტირებისა და საკარანტინო მავნე ორგანიზმებისაგან თავისუფალი ზონების დაზუსტების მიზნით მოცემულ ზონაში კვლევებით, მონიტორინგის შედეგების საფუძველზე და სხვა პროცედურების საშუალებით საკარანტინო მავნე ორგანიზმების არსებობის ან არარსებობის შესახებ მონაცემების შეგროვებისა და რეგისტრაციის ოფიციალურ პროცესს, რომლის დროსაც ხორციელდება:

ა.ა) სასოფლო-სამეურნეო, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე, ტყეებზე დაკვირვება;

ა.ბ) საკარანტინო მავნე ორგანიზმების არსებობის ან არარსებობის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად მონაცემთა შეკრება და გამოკითხვა;

ა.გ) ნიმუშის აღება;

ა.დ) მცენარის, მცენარეული პროდუქტის, სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტის (მათ შორის, ხის ტარის, შესაფუთი მასალის) დამუშავებასა და განადგურებაზე დაკვირვება;

ბ) პესტიციდისა და აგროქიმიკატის შენახვის, ტრანსპორტირების, რეალიზაციის, შემოტანის, დაფასოების, გამოყენებისა და მარკირების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების შემოწმებას.

5. დოკუმენტური შემოწმება არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომლის დროსაც დამოუკიდებლად ან სახელმწიფო კონტროლის სხვა მექნიზმებთან ერთად ხორციელდება მცენარის დაცვის სფეროში ბიზნესოპერატორის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების შემოწმება.

6. ნიმუშის აღება არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომელიც ხორციელდება მავნე ორგანიზმების გამოვლენის, აგრეთვე პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მახასიათებლების სამომხმარებლო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

7. ნიმუშის აღება შეიძლება განხორციელდეს ინსპექტირების, ზედამხედველობის, მონიტორინგის დროს ან დამოუკიდებლად.

    მუხლი 27. სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამა და ანგარიში

 1. სააგენტო სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს რისკის ანალიზის საფუძველზე შემუშავებული სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის შესაბამისად, რომელიც მტკიცდება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.

2. სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამა მოიცავს წლის განმავლობაში განსახორციელებელი სახელმწიფო კონტროლის სახეებს, მექანიზმებს და რაოდენობას.

3. სააგენტო საქართველოს მთავრობასა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოველწლიურად წარუდგენს სახელმწიფო კონტროლის შედეგების წლიურ ანგარიშს, რომელიც შეიცავს:

ა) განხორციელებული კონტროლის სახეებს, მისი განხორციელების მექანიზმებს და რაოდენობას;

ბ) გამოვლენილი შეუსაბამობის რაოდენობას, დარღვევის ტიპის მითითებით;

გ) გამოვლენილი შეუსაბამობის საპასუხოდ მიღებულ ზომებს.

    მუხლი 50. ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდისა და აგროქიმიკატის საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრაციის გარეშე შემოტანა

 ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდისა და აგროქიმიკატის საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრაციის გარეშე შემოტანა შეიძლება:

ა) ექსპერიმენტული კვლევისათვის;

ბ) რეგისტრაციისათვის – ნიმუშის სახით;

გ) გამოფენის, სიმპოზიუმის, კონფერენციის, ფორუმისა და კონგრესისათვის – ნიმუშის სახით, რეალიზაციის უფლების გარეშე;

დ) რეექსპორტისათვის;

ე) საქონლის საწყობში/ტერმინალში შენახვის ან/და ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევისათვის;

ვ) განსაკუთრებულ პირობებში (სტიქიური უბედურება, მოსახლეობის მასობრივი დაზიანება, ეპიდემია, ეპიზოოტია, ეპიზოოტიის საშიშროება, ეგზოტიკური დაავადება) ჰუმანიტარული მიზნით, აგრეთვე სხვა სახელმწიფოებრივი ინტერესის არსებობისას, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანხმობით;

ზ) თუ ეს არის შუალედური ან/და დაუფასოებელი ვეტერინარული პრეპარატი;

თ) თუ ეს არის ვეტერინარიაში გამოსაყენებელი სადიაგნოსტიკო საშუალება.

    მუხლი 61. ინფორმაციის კონფიდენციალურობა

1. უფლებამოსილმა პირმა არ უნდა გაავრცელოს საეჭვო, გადაუმოწმებელი ან/და მცდარი ინფორმაცია.

 2. უფლებამოსილმა პირმა უნდა მიიღოს საჭირო ზომები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ინფორმაციის კონფიდენციალურობის უზრუნველსაყოფად.

3. აკრძალულია განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის ან რისკის ანალიზის შედეგად მოპოვებული, სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნება უფლებამოსილი პირის მიერ, ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელის ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა. ეს წესი მოქმედებს უფლებამოსილი პირის სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგაც.

4. ინფორმაციის საჯაროობის შეზღუდვასთან დაკავშირებით უფლებამოსილმა პირმა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კრიტერიუმებით უნდა იხელმძღვანელოს. აუცილებლობის შემთხვევაში მან დაუყოვნებლივ უნდა დასვას ამ ინფორმაციის საჯაროობის შეზღუდვის საკითხი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 63. პასუხისმგებლობის საფუძვლები

1. პირის პასუხისმგებლობა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში არსებული მოთხოვნების დარღვევისათვის განისაზღვრება ამ თავითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.

2. ამ კოდექსით დადგენილი მოთხოვნის დარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების უფლება აქვს სააგენტოს უფლებამოსილ პირს.

3. ამ კოდექსით დადგენილი მოთხოვნის დარღვევაზე სამართალდამრღვევს სააგენტოს უფლებამოსილი პირი გამოუწერს საჯარიმო ქვითარს, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი.

4. ამ კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის ფორმას, მისი შევსებისა და წარდგენის წესს ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი.

5. ინსპექტირებისას შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში ბიზნესოპერატორი ჯარიმდება ამ კოდექსის მხოლოდ 68-ე მუხლის საფუძველზე.

    მუხლი 65. ბიზნესოპერატორის მიერ სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსების აღკვეთასთან ან ბაზრიდან გამოთხოვასთან დაკავშირებული ვალდებულების შეუსრულებლობა

 1. ამ კოდექსის 18 1 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ბიზნესოპერატორის მიერ სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსება ან ბაზარზე უკვე განთავსებული ან მომხმარებლისთვის მიწოდებული მავნე სურსათის/ცხოველის საკვების ბაზრიდან გამოთხოვასთან დაკავშირებული ვალდებულების შეუსრულებლობა –

გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

2. ამ კოდექსის 18 1 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბიზნესოპერატორის მიერ ბაზარზე განთავსებული სურსათის/ცხოველის საკვების ბაზრიდან გამოთხოვისა და ამ მიზნით მიღებული ზომების თაობაზე სააგენტოსთვის სავალდებულო შეტყობინებისთვის თავის არიდება –

გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

3. მონიტორინგის ფარგლებში გამოვლენილი საფრთხის შემცველი პროდუქტის ბაზრიდან დაუყოვნებლივ გამოთხოვასთან დაკავშირებით სააგენტოს მოთხოვნის შეუსრულებლობა −

გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

მუხლი 66. ცხოველის ჯანმრთელობისა და მცენარის მავნე ორგანიზმებისაგან დაცვასთან დაკავშირებული მითითებების, ვალდებულებებისა და გადაწყვეტილებების შეუსრულებლობა

 1. ამ კოდექსის 182 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ცხოველის რეალიზაციის მიზნით მისი ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკვლა −

გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

2. ამ კოდექსის 182 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 18 3 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ეპიზოოტიის საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად, აგრეთვე განსაკუთრებით საშიში ან/და საკარანტინო მავნე ორგანიზმების მასობრივი გავრცელების თავიდან ასაცილებლად სააგენტოს მითითებების შეუსრულებლობა –

გამოიწვევს ოჯახური წარმოების სუბიექტის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო ბიზნესოპერატორისას − 500 ლარის ოდენობით.

3. ხორცის ვეტერინარული ზედამხედველობის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე რეალიზაცია –

გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით და ხორცის ბაზარზე განთავსების აღკვეთას ან/და ბაზარზე უკვე განთავსებული ხორცის გამოთხოვას.

4. ვეტერინარული კარანტინისა და მცენარეთა კარანტინის ფარგლებში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებებისა და მითითებების შეუსრულებლობა −

გამოიწვევს ოჯახური წარმოების სუბიექტის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო ბიზნესოპერატორისას – 500 ლარის ოდენობით.

[5. ცხოველთა კეთილდღეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შეუსრულებლობა –

გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით. (ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან)]

მუხლი 67. სურსათის/ცხოველის საკვების, პირველადი წარმოების მიკვლევადობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შეუსრულებლობა, გამოვლენილი მონიტორინგის დროს

 ამ კოდექსის მე-17 მუხლით გათვალისწინებული სურსათის/ცხოველის საკვების და პირველადი წარმოების მიკვლევადობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შეუსრულებლობა, გამოვლენილი მონიტორინგის დროს, −

გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

    მუხლი 68. ბიზნესოპერატორის პასუხისმგებლობა შეუსაბამობის არსებობისთვის ან შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში მითითების შეუსრულებლობისთვის

 1. ისეთი შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, რომელიც პირდაპირ საფრთხეს არ უქმნის ადამიანის ან/და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და რომლის სათანადო დონემდე შემცირება ან აღმოფხვრა შესაძლებელია კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებით შეჩერების გარეშე, უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მითითების შეუსრულებლობა −

გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მითითების ახალი გონივრული ვადის გასვლის შემდეგ შეუსრულებლობა −

გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1200 ლარის ოდენობით.

3. ისეთი შეუსაბამობის არსებობა, რომლის დროსაც აღმოჩენილია ადამიანის ან/და ცხოველის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მავნე სურსათი/ცხოველის საკვები და რომლის სათანადო დონემდე შემცირება ან აღმოფხვრა შეუძლებელია კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებით შეჩერების გარეშე, −

გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით და საწარმოო პროცესის შეჩერებას.

    მუხლი 71. არარეგისტრირებული, ფალსიფიცირებული, ვადაგასული, გამოსაყენებლად უვარგისად მიჩნეული ვეტერინარული პრეპარატის, აგროქიმიკატის ან პესტიციდის რეალიზაცია

 არარეგისტრირებული, ფალსიფიცირებული, ვადაგასული, გამოსაყენებლად უვარგისად მიჩნეული ვეტერინარული პრეპარატის, აგროქიმიკატის ან პესტიციდის რეალიზაცია –

გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

    მუხლი 741. სურსათის/ცხოველის საკვების ეტიკეტირების წესის დარღვევა

1. სურსათის/ცხოველის საკვების ეტიკეტირების წესის დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით 1 წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1200 ლარის ოდენობით.

3. ბიზნესოპერატორის მიერ ვეტერინარული პრეპარატის ეტიკეტირების წესის დარღვევა –

გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო დარღვევის განმეორების შემთხვევაში − 600 ლარის ოდენობით.

    მუხლი 742. ვადაგასული სურსათის/ცხოველის საკვების რეალიზაცია

 ვადაგასული სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსება საბოლოო მომხმარებლისთვის მისაწოდებლად −

გამოიწვევს მცირე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო სხვა ბიზნესოპერატორისას − 500 ლარის ოდენობით.

    მუხლი 75. გარდამავალი დებულებანი

 1. საქართველოს მთავრობამ ამ კოდექსის ამოქმედებიდან 3 წლის ვადაში უზრუნველყოს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში არსებული ნორმატიული აქტების ამ კოდექსთან შესაბამისობა.

2. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროების მარეგულირებელი ნორმატიული აქტები უნდა მიიღოს საქართველოს მთავრობამ.

3. ამ კოდექსის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში საქართველოს მთავრობამ მიიღოს:

ა) „ბიოწარმოების შესახებ“ დადგენილება;

ბ) (ამოღებულია − 17.04.2014, №2285).

31. (ამოღებულია − 24.06.2016, №5568).

4. ინსპექტირების დროს მიკვლევადობის და საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) პრინციპებზე დაფუძნებული სისტემის ამ კოდექსის მოთხოვნებთან შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში უფლებამოსილი პირი გასცემს მხოლოდ რეკომენდაციებს მისი გამოსწორებისათვის. აღნიშნული შეუსაბამობის აღმოჩენა არ იწვევს ამ კოდექსის 68-ე მუხლის თანახმად დაჯარიმებას 2015 წლის 1 იანვრამდე.

5. ამ კოდექსის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევა არ გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2015 წლის 1 იანვრამდე, გარდა იმ პირისა, რომლის საქმიანობა უკავშირდება სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებას, გადამუშავებასა და დისტრიბუციას.

6. ამ კოდექსის მე-13 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ან/და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბიზნესოპერატორის საქმიანობა აღიარების გარეშე 2017 წლის 1 იანვრამდე არ გამოიწვევს ამ კოდექსის 64-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დაჯარიმებას.

7. ამ კოდექსის მე-18 მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევა არ გამოიწვევს ამ კოდექსის 741 მუხლის თანახმად დაჯარიმებას 2014 წლის 1 აგვისტომდე.

8. საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს საკვებდანამატების გამოყენების წესებისა და ნორმების მარეგულირებელი საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტების ევროკავშირის (EC) no 1333/2008 რეგულაციასთან შესაბამისობა.