დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ყაზბეგურისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1036 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/05/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/06/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023795 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1036
2017 წლის 25 მაისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ყაზბეგურისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტისა და „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის“ მე-7 და 28-ე მუხლების შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ არშაში მდებარე 2150.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: №1, №2, №3, №4 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №74.03.13.963) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „ყაზბეგურს“ (ს/კ: 441485215).
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა ამ განკარგულების გამოცემიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;
ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე პირუტყვის სასაკლაოს მოწყობა და ფუნქციონირების დაწყება ამ განკარგულების გამოცემიდან არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადაში;
გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, 368 396 (სამას სამოცდარვა ათას სამას ოთხმოცდათექვსმეტი) ლარის ინვესტიციის განხორციელება შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
გ.ა) ინვესტიციის არანაკლებ 25% - ამ განკარგულების გამოცემიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში;
გ.ბ) ინვესტიციის დარჩენილი ნაწილი – ამ განკარგულების გამოცემიდან მეორე წლის განმავლობაში;
დ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წარმოების დაწყებიდან არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში წარმოების პროფილის შენარჩუნება და ამ განკარგულების გამოცემამდე შეთავაზებული არანაკლებ 70 000 (სამოცდაათი ათასი) კილოგრამი პირუტყვის ხორცის მიღება-გატარება შემდეგი პირობებით:
დ.ა) წარმოების დაწყებიდან პირველი წლის განმავლობაში – წარმოების შეთავაზებული წლიური მოცულობის არანაკლებ 25%-ის წარმოება;
დ.ბ) წარმოების დაწყებიდან მეორე წლის განმავლობაში – წარმოების შეთავაზებული წლიური მოცულობის 50%-ის წარმოება.
3. შპს „ყაზბეგურის“ მიერ წარდგენილი, განსახორციელებელი ინვესტიციის 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უზრუნველყოფს ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებასა და ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა-გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულებას (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდას).
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები