დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის დაწესების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 22 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/05/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/06/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010330000.32.061.016211 |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №6
2017 წლის 25 მაისი
ქ. თბილისი
„გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის დაწესების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 22 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის დაწესების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 22 იანვრის №1 დადგენილებაში („აფხაზეთის საკანონმდებლო მაცნე“ №2. 10.02.2009, მუხლი 2) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დაწესდეს გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია შემდეგ დარგებში: ლიტერატურა, ხელოვნება და პუბლიცისტიკა.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პრემიის მოსაპოვებლად კომისია კონკურსს გამოაცხადებს საკონკურსო წლის ივნისში, ხოლო მასალებსა და დოკუმენტებს მიიღებს საკონკურსო წლის 1 სექტემბრამდე.“;
ბ) მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. პრემიის მოსაპოვებლად კანდიდატთა წარდგენის უფლება აქვთ სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებს, შემოქმედებით და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც საქმიანობენ ლიტერატურის, ხელოვნებისა და პუბლიცისტიკის დარგებში.“;
გ) მე-2 მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
დ) მე-2 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. გარდაცვალების შემდეგ პირს პრემია შეიძლება მიენიჭოს იმ შემთხვევაში, თუ იგი პრემიაზე წარდგენილი იყო გარდაცვალებამდე, ან გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა მისი ახალი, მანამდე უცნობი ნაწარმოები (ნაშრომი).“;
ე) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 და მე-14 პუნქტები:
„13. საკონკურსოდ წარმოდგენილი ნაწარმოები (ნაშრომი) ძირითადად უნდა მოიცავდეს აფხაზეთის თემატიკის და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების პოპულარიზაციას.
14. საკონკურსო მასალები წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ან აფხაზურ ენებზე, ასევე, შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს უცხო ენაზე ქართული თარგმანის თანხლებით (სრული თარგმანი ან ვრცელი რეფერატი ან/და ანოტაცია).“.
ვ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია გაიცემა არაუმეტეს ოთხისა, თითოეული - 3000 ლარის ოდენობით. პრემია ენიჭება ლიტერატურის, ხელოვნებისა და პუბლიცისტიკის დარგებში შექმნილ ნაწარმოებს (ნაშრომს), რომელმაც, მხატვრული და სხვა ღირსებათა გამო, საერთო ეროვნული აღიარება მოიპოვა, გამსჭვალულია თავისუფლების, ჰუმანიზმის, პატრიოტიზმის მაღალი იდეალებით და წარმოადგენს შენაძენს ქართული და აფხაზური ლიტერატურის, ხელოვნებისა და პუბლიცისტიკის დარგებში.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები