დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილეის შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 609 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 25/12/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 152, 27/12/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.010.000.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №609
2004 წლის 25 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით (სსმ III, 2004წ., №38, მუხ. 308) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულებაში და დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი სტატუსი და ფუნქციები
1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი (შემდგომში – გენერალური შტაბი);
ბ) გენერალური ინსპექცია;
გ) სამინისტროს აპარატი;
დ) თავდაცვის პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი;
ე) ფინანსების მართვის დეპარტამენტი;
ვ) სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი.
2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ერთობლიობა, გარდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა, ქმნის თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისს (შემდგომში – ოფისი).
3. სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს აქვს შემდეგი ძირითადი ამოცანები:
ა) გენერალური შტაბი:
ა.ა) ხელმძღვანელობს საბრძოლო და სამობილიზაციო მომზადებას;
ა.ბ) ახორციელებს საქართველოს სამხედრო ძალების მართვას საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს;
ბ) გენერალური ინსპექცია ახორციელებს:
ბ.ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ფინანსურ კონტროლს;
ბ.ბ) სამინისტროს სისტემის ორგანოების ინსპექტირებასა და შემოწმებას კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში;
ბ.გ) სამსახურებრივ მოკვლევასა და შემდგომ რეაგირებას სამინისტროს სამხედრო და საჯარო მოსამსახურეების მიერ ჩადენილ კანონდარღვევებზე;
გ) სამინისტროს აპარატი:
გ.ა) ორგანიზებას უწევს მინისტრის ყოველდღიურ საქმიანობას;
გ.ბ) უზრუნველყოფს სამინისტროს ურთიერთობას საზოგადოებასა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან;
გ.გ) უზრუნველყოფს ოფისის ერთიან საქმისწარმოებას;
გ.დ) მართავს სამინისტროს არქივს;
გ.ე) სამართლებრივად უზრუნველყოფს სამინისტროს საქმიანობას;
გ.ვ) განსაზღვრავს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის სამართლებრივი უზრუნველყოფის ძირითად მიმართულებებს, სრულყოფს ნორმატიულ ბაზას;
გ.ზ) ახორციელებს სამინისტროში მომზადებული სამართლებრივი აქტების ექსპერტიზას, ვიზირებასა და სისტემატიზაციას;
გ.თ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარუდგენს თავდაცვის მინისტრის მიერ გამოცემულ ნორმატიული ხასიათის აქტებს სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციისათვის;
დ) თავდაცვის პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი:
დ.ა) წარმართავს სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებს;
დ.ბ) მონაწილეობს საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადებაში;
დ.გ) უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ ნატოსთან ინტეგრაციის პროცესის კოორდინირებას;
დ.დ) განსაზღვრავს მოკლე, საშუალო და გრძელვადიან მოთხოვნებს ეროვნული სამხედრო სტრატეგიით დასახული მიზნების შესრულებისათვის და შეიმუშავებს თანამიმდევრულ გეგმებს განსაზღვრული მოთხოვნების უზრუნველსაყოფად;
დ.ე) განსაზღვრავს თავდაცვის სტრატეგიას და მონაწილეობს ეროვნული უშიშროების კონცეფციის შემუშავებაში;
დ.ვ) აყალიბებს სამინისტროს ამოცანებს, რეფორმების მოკლე, საშუალო და გრძელვადიან გეგმებს;
დ.ზ) ხელს უწყობს საქართველოს შეიარაღებული ძალების პროგრამების განხორციელებას;
ე) ფინანსების მართვის დეპარტამენტი:
ე.ა) შეისწავლის სამინისტროს მიერ გასატარებელი საფინანსო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და შეიმუშავებს სამინისტროს საფინანსო პოლიტიკას;
ე.ბ) ახორციელებს საერთაშორისო პროგრამების ფინანსურ დაგეგმვასა და შესრულებას;
ე.გ) ახორციელებს დამტკიცებული ბიუჯეტის მიზნობრივ ხარჯვასა და შესრულების ანალიზს;
ე.დ) პასუხისმგებელია სამინისტროს სისიტემაში ბუღალტრული აღრიცხვის მოწესრიგებისა და ფინანსური დისციპლინის განმტკიცებისათვის;
ე.ე) თავდაცვის სამინისტროს ოფისისა და გენერალური შტაბის შესაბამისი მოთხოვნების საფუძველზე შეიმუშავებს თავდაცვის ბიუჯეტის პროექტს;
ვ) სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი:
ვ.ა) ახორციელებს საქონლის (მათ შორის სამხედრო აღჭურვილობის) მომსახურებისა და სამუშაოების შესყიდვას სამინისტროს საჭიროებისათვის;
ვ.ბ) ახორციელებს შესყიდული საქონლის (მათ შორის სამხედრო აღჭურვილობის) მომსახურების, სამუშაოების ხარისხის და საკონტრაქტო პირობების შესრულების კონტროლს.”.
2. ბრძანებულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები