დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 853-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 17/05/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/06/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 220020000.05.001.018468 |
|
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №003, 27.03.96, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ნებისმიერი გარიგების (მათ შორის, გარიგების დადების მცდელობის შემთხვევაში), ანგარიშის, ანგარიშიდან განხორციელებული ოპერაციისა და ანგარიშზე არსებული ნაშთის შესახებ ინფორმაცია შეიძლება მიეცეთ შესაბამისი გარიგების მონაწილე მხარეს, შესაბამისი ანგარიშის მფლობელს და მათ წარმომადგენლებს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს და იმ პირებს, რომლებიც უფლებამოსილი არიან, აღასრულონ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აღსრულების ქვემდებარე აქტები, მათი აღსრულების პროცესში, საგადასახადო ორგანოს − საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილებისა და „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების საფუძველზე, აგრეთვე „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს.“. 2. 37-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. კომერციული ბანკის ლიკვიდაციის დროს ფინანსური გირაოს მოგირავნეს აქვს ფინანსური გირაოთი უზრუნველყოფილი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება. კომერციული ბანკის ლიკვიდაციის დროს მოთხოვნები, რომელთა საფუძველია გირაო, დაკმაყოფილდება შესაბამისი შეთანხმების პირობების თანახმად (გირაოს ღირებულების ფარგლებში), ხოლო ყველა სხვა კანონიერი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი თანამიმდევრობით: ა) ეროვნული ბანკი; ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო; გ) სხვა კრედიტორები, რომელთა მიმართაც კომერციულ ბანკს წარმოეშვა ვალდებულება საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ; დ) ფიზიკურ პირთა ანგარიშებზე არსებული თანხები არაუმეტეს 1500 ლარისა; ე) ფიზიკურ პირთა ანგარიშებზე არსებული თანხები, რომლებიც არ არის გადახდილი ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად; ვ) იურიდიულ პირთა ანგარიშებზე არსებული თანხები; ზ) საბიუჯეტო დავალიანებები, მათ შორის, საგადასახადო გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნები; თ) კომერციული ბანკის მიმართ სხვა მოთხოვნები.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 17 მაისი 2017 წ. N853-IIს |
დოკუმენტის კომენტარები