დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქუთაისის შემოვლითი გზის სამტრედიის მონაკვეთზე „საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის №1389 განკარგულებით დამტკიცებული საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პროექტის - „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“ ფარგლებში განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 884 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/05/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/05/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023659 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №884
2017 წლის 4 მაისი
ქ. თბილისი
ქუთაისის შემოვლითი გზის სამტრედიის მონაკვეთზე „საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის №1389 განკარგულებით დამტკიცებული საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პროექტის - „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“ ფარგლებში განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ
ქუთაისის შემოვლითი გზის სამტრედიის მონაკვეთზე „საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის №1389 განკარგულებით დამტკიცებული საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პროექტის „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“ განხორციელების მიზნით:
1. 2017 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებულ ადგილებზე ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მოწყობის მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (შემდგომში– დეპარტამენტი) განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ მიწოდებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე, უზრუნველყოს ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის, მისი მოწყობის სამუშაოებისა და ფუნქციონირებისათვის საჭირო მოწყობილობების სახელმწიფო შესყიდვები;
ბ) უზრუნველყოს კონსტრუქციული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საპროექტო და საზედამხედველო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვები;
გ) უზრუნველყოს ელექტროენერგიის დისტრიბუტორ კომპანიებთან ელექტროენერგიის ქსელის მონტაჟისათვის საჭირო ხელშეკრულებ(ებ)ის გაფორმება;
დ) დეპარტამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ შერჩეულ ადგილებზე ვიდეოსამეთვალყურეო კამერების განლაგების შესაბამისად, თვალსაჩინო ადგილას განათავსოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნები და აღნიშნულის უზრუნველსაყოფად განახორციელოს შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვები;
ე) საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს ელექტროენერგიის ქსელის გაყვანის სამუშაოებისა და სამუშაოების განხორციელებისათვის საჭირო საპროექტო და საზედამხედველო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვები.
2. ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მოწყობა განხორციელდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, სააგენტოსა და დეპარტამენტს შორის ურთიერთთანამშრომლობით.
3. ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების ზედამხედველობა და შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და მოცულობის დადასტურება უზრუნველყოს სააგენტომ.
4. ვიდეოსამეთვალყურეო კამერების განთავსების ზედამხედველობა და შესრულებული სამუშაოს ხარისხის დადასტურება უზრუნველყოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურულმა ქვედანაყოფმა.
5. ვიდეოსამეთვალყურეო კამერების მოწყობის დასრულებული სამუშაოების მიღება დეპარტამენტმა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა ქვედანაყოფმა განახორციელონ ერთობლივად, კომისიური წესით.
6. ვიდეოსამეთვალყურეო სისტემისათვის საჭირო სერვერების მოწყობის სამუშაოების ზედამხედველობა და შესრულებული სამუშაოს ხარისხის დადასტურება უზრუნველყონ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურულმა ქვედანაყოფმა და სააგენტომ.
7. ვიდეოსამეთვალყურეო სისტემისათვის საჭირო სერვერების მოწყობის დასრულებული სამუშაოების მიღება დეპარტამენტმა, სააგენტომ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა ქვედანაყოფმა განახორციელონ ერთობლივად, კომისიური წესით.
8. დეპარტამენტმა ვიდეოსამეთვალყურეო კამერები და მისთვის საჭირო სერვერები მოწყობის შემდგომ უსასყიდლოდ, არსებობის ვადით გადასცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
9. ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დასრულებული სამუშაოების მიღება დეპარტამენტმა და სააგენტომ განახორციელონ ერთობლივად, კომისიური წესით.
10. დეპარტამენტმა ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელი და მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო მოწყობილობები, კონსტრუქციული ინფრასტრუქტურა და ელექტროენერგიის ქსელი მოწყობის შემდგომ უსასყიდლოდ, არსებობის ვადით გადასცეს სააგენტოს.
11. დეპარტამენტს, საქმიანობის საჭიროებიდან გამომდინარე, მიენიჭოს უფლებამოსილება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფსა და სააგენტოსთან შეთანხმებით, უსასყიდლოდ გამოიყენოს ამ განკარგულების საფუძველზე მოწყობილი ინფრასტრუქტურა.
12. დეპარტამენტმა ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებებისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვები 2017 წელს განახორციელოს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით დეპარტამენტისათვის განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები