დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| `საქართველოს საინსტიტუციო მშენებლობის განვითარების პროექტის განმახორციელებელი რგოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 15 აგვისტოს №331 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 547 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 29/11/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 141, 03/12/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/01/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №547
2004 წლის 29 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს საინსტიტუციო მშენებლობის განვითარების პროექტის განმახორციელებელი რგოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 15 აგვისტოს №331 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
განვითარების საერთაშორისო ასოციაციისა და სხვა დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების შეუფერხებელი განხორციელების უზრუნველსაყოფად „საქართველოს საინსტიტუციო მშენებლობის განვითარების პროექტის განმახორციელებელი რგოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 15 აგვისტოს №331 ბრძანებულებაში (სსმ III, 2001 წ., №86, მუხლი 633) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ამოღებულ იქნეს ბრძანებულების მე-3 პუნქტი;
ბ) საქართველოს საინსტიტუციო მშენებლობის განვითარების პროექტების განმახორციელებელი რგოლის (შემდგომში – პგრ) დებულების მე-3 და მე-4 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. პგრ-ს მართვა და სახელმწიფო კონტროლი
1. პგრ-ს მართავს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
2. დირექტორი წარმოადგენს პგრ-ს. იგი ერთპიროვნულად უძღვება პგრ-ს ყველა საქმეს, გარდა იმისა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით ან ამ დებულებით განეკუთვნება სხვა ორგანოს ან პირის კომპეტენციას.
3. პგრ-ს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
4. პგრ-ს კოორდინაციისა და ზედამხედველობის მიზნით იქმნება პგრ-ს სამეთვალყურეო საბჭო (შემდგომში – საბჭო), რომლის საქმიანობას ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელსაც საბჭო ირჩევს თავისი შემადგენლობიდან.
5. პგრ-ს დირექტორი გაწეული საქმიანობის კვარტალურ ანგარიშს დასამტკიცებლად წარუდგენს საბჭოს.
6. საბჭო შედგება 5 წევრისაგან თავმჯდომარის ჩათვლით. წევრებს ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
7. საბჭოს სხდომებს უძღვება საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს რიგგარეშე სხდომა შეიძლება მოწვეულ იქნეს პგრ-ს დირექტორის, საბჭოს, სულ ცოტა, 2 წევრის ან თავმჯდომარის ინიციატივით. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, სხდომაზე დამსწრეთა ვინაობა, განხილული საკითხების შესახებ გამოთქმული წინადადებები და მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება საბჭოს სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებზე გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში თავმჯდომარის ხმა ჩაითვლება გადამწყვეტად.
8. საბჭო ამტკიცებს:
ა) პროექტის ფარგლებში დასაფინანსებელ სამუშაოებს;
ბ) პგრ-ს სამუშაო გეგმებს და წლიურ ბიუჯეტს და/ან მათში შესატან ცვლილებებს;
გ) პგრ-ს დირექტორის მიერ წარდგენილ კვარტალურ და წლიურ ანგარიშებს;
დ) ახორციელებს პგრ-ს საქმიანობასთან დაკავშირებულ, კანონმდებლობითა და დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 4. ანგარიშგება
პგრ ანგარიშვალდებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინაშე.“.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები