საქართველოს კანონის პროექტი - „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს კანონის პროექტი - „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები პროექტის ავტორი
მიღების თარიღი 05/05/2017
დოკუმენტის ტიპი ნორმატიული აქტების პროექტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016405
  • Word
0
05/05/2017
ვებგვერდი, 05/05/2017
000000000.00.00.016405
საქართველოს კანონის პროექტი - „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
პროექტის ავტორი

პროექტი

 საქართველოს კანონი

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21–22, მუხ. 455) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამეწარმეო საქმიანობად არ ითვლება ფიზიკური პირების სახელოვნებო, სამეცნიერო, სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო (მათ შორის, საგადასახადო კონსულტანტთა), სასოფლო-სამეურნეო ან სატყეო-სამეურნეო საქმიანობა, ასევე, ფიზიკური ან იურიდიული პირების ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების მიერ ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობა შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით. სასოფლო-სამეურნეო და სატყეო-სამეურნეო წარმოებები შეიძლება არსებობდეს ამ კანონის მე-2 მუხლით  გათვალისწინებული სამართლებრივი ფორმით, თუ მოხდება მათი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია. რეგისტრაცია სავალდებულოა, თუ წარმოებაში მუდმივად დასაქმებულია მფლობელის ოჯახის არაწევრი ხუთი პირი მაინც.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 58 მუხლი:

     „მუხლი 5 8 . ერთი პირის სამეწარმეო საზოგადოება

1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და სააქციო საზოგადოების დაფუძნება შესაძლებელია ერთი პირის მიერ.

2. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და სააქციო საზოგადოების რეგისტრაციის შემდეგ ყველა წილის/აქციების ერთი პარტნიორის საკუთრებაში გადასვლის შემთხვევაში, საზოგადოება ხდება ერთი პირის სამეწარმეო საზოგადოება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია და პარტნიორის საიდენტიფიკაციო მონაცემები შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში უნდა აისახოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში, ხოლო სააქციო საზოგადოების შემთხვევაში – აქციათა რეესტრში და იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი.

3. თუ სამეწარმეო საზოგადოებას მხოლოდ ერთი პარტნიორი ჰყავს, საერთო კრების უფლებამოსილებას ახორციელებს ამ სამეწარმეო საზოგადოების ერთადერთი პარტნიორი. ამგვარი უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება წერილობით ფორმდება.

4. სამეწარმეო საზოგადოებასა და მის ერთადერთ პარტნიორს შორის ნებისმიერი ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხელშეკრულება იდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებში.“.

3. 44-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით.“.

4. 69-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. იმ სამეწარმეო საზოგადოებების მიმართ, რომელთა წლიური ბრუნვაც, გასული საგადასახადო წლისათვის, არ აღემატება 1 000 000 (ერთი მილიონი) ევროს ეკვივალენტს ლარში (შესაბამისი საგადასახადო წლის ბოლოსთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით), ამ კანონის 58 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2018 წლის 1 სექტემბრიდან.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი            გიორგი მარგველაშვილი

 

 

 

განმარტებითი ბარათი

საქართველოს კანონის პროექტზე

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

 

ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ

ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:

 დღეს მოქმედი კანონმდებლობის სიტყვასიტყვითი განმარტებით, არსებობს საფრთხე, რომ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობა ჩაითვალოს სამეწარმეო საქმიანობად. მაშინ როდესაც, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური თავისი არსით ემსახურება მისი მფლობელი საცალო მომხმარებლის ენერგოდამოუკიდებლობას, საკანონმდებლო რეგულაციების მიხედვით, მისი სიმძლავრეები შეზღუდულია მისი მფლობელი საცალო მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მისაერთებელი სიმძლავრეებით მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობა, თავისი არსით ვერ იქნება სამეწარმეო საქმიანობა. ის გამოიყენება არა მოგების მიღებისა და ელექტროენერგიის გამომუშავებაში სხვა პირებისთვის კონკურენციის გასაწევად, არამედ საკუთარი მოხმარების დაკმაყოფილებისათვის, ხოლო წლის ბოლო ანგარიშსწორების ქვითარზე ასახულ ჭარბ ელექტროენერგიაზე (კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ) ანგარიშსწორება წარმოადგენს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობის თანმდევ შედეგს და ნაკარნახევია იმ აუცილებლობით, რაც ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის მიერ მიღებული და რეალიზებული ელექტროენერგიის ბალანსის შედგენიდან გამომდინარეობს. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობა შესაძლებელია გამანაწილებელ ქსელში ჩართვის გარეშეც, მაგრამ ქსელში ჩართვა აუცილებელია სისტემიდან სტაბილურობისა და მომხმარებლის დატვირთვის პიკების მისაღებად და არა ჭარბი ელექტროენერგიის მისაწოდებლად. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობა არ უნდა ჩაითვალოს სამეწარმეო საქმიანობად. განახლებადი ენერგიის წყაროს მუშაობის თავისებურებიდან, ასევე ამ ელექტროსადგურების მომხმარებელთა მისაერთებელი სიმძლავრით შეზღუდვიდან გამომდინარე, ელექტროენერგიის სტაბილურ რეჟიმში, ელექტროენერგეტიკული სისტემის მაღალი საიმედოობის ხარისხითა და პიკური დატვირთვისთვის საჭირო სიმძლავრით მიღება ფაქტობრივად შეუძლებელია. სწორედ ამიტომ წახალისებულია განახლებად ენერგიაზე მომუშავე მიკროელექტროსადგურების გამანაწილებელ ქსელთან მიერთება საერთაშორისო საზოგადოების მიერ , ხოლო ნეტო ანგარიშსწორება (რაც გათვალისწინებულია „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 235 მუხლითა და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილების 252 მუხლით) მომხმარებელს საშუალებას აძლევს, რომ, მაგალითად, მზიან ამინდში გამომუშავებული ელექტროენერგიის ის ოდენობა, რომელიც მან ვერ მოიხმარა, გადავიდეს ქსელში და ქსელიდან მიიღოს ელექტროენერგია, როცა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურიდან მისი მიღება შეუძლებელია (მაგ. , მზის პანელის შემთხვევაში – ღამე, და არ მოუწიოს მზის ბატარეების მოწყობა ელექტროენერგიის უწყვეტ რეჟიმში მისაღებად), შემდეგ კი გაქვითოს ქსელში გადადინებული და ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის ოდენობები. ქსელში ჭარბი ელექტროენერგიის მიწოდება კი არის ამ პროცესის თანმდევი შედეგი და არა მისი მიზანი.

მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობის სამეწარმეო საქმიანობად განხილვა ასევე ქმნის არაგონივრულ ვითარებას იმ მხრივ, რომ საჯარო მოსამსახურეს არ ეძლევა მზის პანელებით სრულფასოვანი სარგებლობის საშუალება, იმ გარემოში, როდესაც განახლებადი ენერგიის გამოყენება წარმოადგენს საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის, საქართველოს განსაკუთრებული ინტერესის საგანს, ვინაიდან მისი წახალისება პირდაპირ არის დაკავშირებული გარემოს დაცვასთან და საზოგადოების კეთილდღეობასთან. საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის და 72-ე მუხლის, აგრეთვე, 812 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის წევრს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობის წევრს უფლება არ აქვს ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლით, მოხელეს ასევე არ აქვს სამეწარმეო საქმიანობის უფლება. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, „სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად“. აღნიშნული ჩანაწერიდან გამომდინარე არსებობს საფრთხე, რომ საჯარო მოსამსახურეებმა ვერ მიაერთონ მზის პანელები და განახლებადი ენერგიის სხვა წყაროები ელექტროენერგეტიკულ სისტემასთან.

აღსანიშნავია, რომ საჯარო მოსამსახურეების მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების აკრძალვა ემსახურება სრულიად განსხვავებულ მიზნებს, ვიდრე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობის შემთხვევაშია. ეს მოქმედება განსხვავდება ისეთი საქმიანობისგან, რომლის საჯარო მოსამსახურის მიერ განხორციელების შემთხვევაში წარმოიშობა ინტერესთა შეუთავსებლობის პრობლემები და კორუფციის რისკები. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობის შემთხვევაში არ არსებობს სხვა პირებისთვის სამეწარმეო საქმიანობის შეფერხებისა და ამისთვის საკუთარი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების რისკი, ვინაიდან აღნიშნული მოქმედება ხორციელდება მხოლოდ საკუთარი ენერგოდამოუკიდებლობის ასამაღლებლად.

გარდა მომხმარებლის ენერგოდამოუკიდებლობის მაღალი ხარისხისა, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობა საბოლოო ჯამში ასევე უზრუნველყოფს უფრო ძლიერ ელექტროენერგეტიკულ სისტემას და ამცირებს საქართველოს სახელმწიფოს სხვა ქვეყნების ძვირადღირებული ენერგიის წყაროებზე დამოკიდებულების ხარისხს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურებთან დაკავშირებულ ურთიერთობებში სახელმწიფოს მაქსიმალური ხელშეწყობა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ „განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების წახალისების“ შესახებ ევროკავშირის დირექტივა [1] ითვალისწინებს განახლებადი ენერგიის წახალისებისათვის საერთო ჩარჩოს, რომელიც გამოყენებული ენერგიის საერთო რაოდენობაში განახლებადი ენერგიის წილის გასაზრდელად ადგენს სავალდებულო ეროვნულ მიზნებს. ენერგეტიკული გაერთიანების დამაარსებელი ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად კი, ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი მიზანია განახლებადი ენერგიის გამოყენების წახალისება. ენერგეტიკული გაერთიანების მინისტრთა საბჭომ 2016 წლის 14 ოქტომბერს მხარი დაუჭირა აღნიშნულ ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანებას, რის გამოც, საქართველოს მიერ ზემოხსენებული ხელშეკრულების პრინციპების გათვალისწინება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ 2014 წლის შეთანხმებით, თანამშრომლობის ერთ-ერთ სფეროდ გათვალისწინებულია განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება და ხელშეწყობა. შესაბამისად, განახლებადი ენერგიის წყაროთი სარგებლობისთვის სასურველია ადმინისტრაციული ბარიერებისგან მაქსიმალურად თავისუფალი გარემოს არსებობა და დაუშვებელია მისი შეზღუდვა მიზანშეუწონელი და მიზნის მიღწევისთვის არაპროპორციული საფუძვლების გამო. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ნებისმიერი პირის მიერ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობა, როგორც სამეწარმეო საქმიანობა ეწინააღმდეგება საერთაშორისო საზოგადოების საერთო ინტერესებს გარემოს დაცვასთან დაკავშირებით, ასევე, საქართველოს მისწრაფებას ევროპულ საზოგადოებაში ინტეგრაციისკენ. შესაბამისად, აუცილებელია ცვლილება, რომელიც ცალსახად განმარტავს, რომ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობა არ არის სამეწარმეო საქმიანობა.

პროექტის მომზადება ასევე განპირობებულია „ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის დადებული ასოცირების შესახებ“ შეთანხმებით აღებული ვალდებულების შესრულების აუცილებლობით. პროექტი შემუშავებულია „კორპორაციული სამართლის სფეროში ერთწევრიანი შეზღუდული პასუხისმგებლობის კერძო კომპანიების შესახებ“ 2009 წლის 16 სექტემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009/102/EC დირექტივის შესაბამისად. ამასთან, ასოცირების შესახებ შეთანხმების XXVIII დანართის თანახმად, 1 მილიონ ევროზე მეტი ბრუნვის მქონე ერთწევრიანი შეზღუდული პასუხისმგებლობის კერძო კომპანიებისთვის ამავე დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს ამავე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ორი წლის განმავლობაში.

ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:

კანონპროექტის მიღების მიზანია, რომ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობა არ მიიჩნეოდეს სამეწარმეო საქმიანობად.

ასევე, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ერთი პირის სამეწარმეო საზოგადოებასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება „კორპორაციული სამართლის სფეროში ერთწევრიანი შეზღუდული პასუხისმგებლობის კერძო კომპანიების შესახებ“ 2009 წლის 16 სექტემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009/102/EC დირექტივის მოთხოვნათა შესაბამისად. შემოთავაზებული ცვლილებები ხელს შეუწყობს საზოგადოებაში გადაწყვეტილების მიღების გამჭირვალობას და მესამე პირების ინტერესების დაცვას. ამ მიზნის მისაღწევად კანონპროექტი აწესებს ისეთ ვალდებულებებს, როგორიცაა პარტნიორის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების წერილობით გაფორმება, ერთადერთ პარტნიორსა და საზოგადოებას შორის ხელშეკრულების წერილობითი ფორმით დადება და ამ ტიპის სამეწარმეო საზოგადოებების შესახებ ინფორმაციის შეტანა პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში, ხოლო სააქციო საზოგადოების შემთხვევაში – აქციათა რეესტრში.

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:

კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ სამეწარმეო საქმიანობად არ ჩაითვალოს ფიზიკური ან იურიდიული პირების ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების მიერ ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული განახლებადი ენერგიის მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობა.

ასევე, „კორპორაციული სამართლის სფეროში ერთწევრიანი შეზღუდული პასუხისმგებლობის კერძო კომპანიების შესახებ“ 2009 წლის 16 სექტემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009/102/EC დირექტივა განმარტავს, რომ ერთწევრიანი კომპანია გულისხმობს საზოგადოებას, რომელიც დაფუძნებულია ერთი პირის მიერ. ერთწევრიან კომპანიად ასევე შეიძლება იქცეს ნებისმიერი კომპანია, რომლის დაფუძნების შემდეგ ყველა წილი ერთი პირის ხელში აღმოჩნდება. დირექტივის თანახმად, ყველა წილის ერთ პირის ხელში აღმოჩენის ფაქტი დაუყოვნებლივ უნდა გახდეს საჯაროდ ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისათვის. დირექტივა ასევე არეგულირებს საწარმოს ერთადერთი პარტნიორის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გაფორმების წესს.

ზემოაღნიშნული დირექტივის მოთხოვნათა შესაბამისად, კანონპროექტით „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება 58 მუხლი, რომლის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და სააქციო საზოგადოების დაფუძნება შესაძლებელია ერთი პირის მიერ. ამასთან, განისაზღვრება, რომ რეგისტრაციის შემდეგ ყველა წილის ერთი პარტნიორის საკუთრებაში გადასვლის შედეგად, საზოგადოება ხდება ერთი პირის სამეწარმეო საზოგადოება; ეს ინფორმაცია კი აუცილებელია აისახოს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში, ხოლო სააქციო საზოგადოების შემთხვევაში – აქციათა რეესტრში. ამასთან, აღნიშნული ინფორმაცია უნდა იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი.

კანონპროექტი მიუთითებს, რომ თუ სამეწარმეო საზოგადოებას მხოლოდ ერთი პარტნიორი ჰყავს, საერთო კრების უფლებამოსილებას ახორციელებს ამ სამეწარმეო საზოგადოების ერთადერთი პარტნიორი. ამგვარი უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება წერილობით ფორმდება. წერილობით უნდა გაფორმდეს აგრეთვე ყველა ხელშეკრულება, რომელიც დაიდება საზოგადოებასა და მის ერთადერთ პარტნიორს შორის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხელშეკრულება საწარმოს ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებში იდება.

კანონპროექტით განისაზღვრება, რომ იმ სამეწარმეო საზოგადოებების მიმართ, რომელთა წლიური ბრუნვაც, გასული საგადასახადო წლისათვის, არ აღემატება 1 000 000 (ერთი მილიონი) ევროს ეკვივალენტს ლარში (შესაბამისი საგადასახადო წლის ბოლოსთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით), საზოგადოების ერთადერთი პარტნიორის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, ასევე, აღნიშნულ პარტნიორსა და საზოგადოებას შორის დასადები ხელშეკრულებების წერილობით გაფორმების ვალდებულება 2018 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება.

ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:

კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.

ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:

კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.

ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:

კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.

 ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:

კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას.

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:

კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:

კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას.

გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან

გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. კანონპროექტი შემუშავებულია განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების წახალისების შესახებ ევროკავშირის დირექტივის მხედველობაში მიღებით.

კანონპროექტი სრულად შეესაბამება „კორპორაციული სამართლის სფეროში ერთწევრიანი შეზღუდული პასუხისმგებლობის კერძო კომპანიების შესახებ“ 2009 წლის 16 სექტემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009/102/EC დირექტივას.

გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.

გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.

დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:

დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობდა სსიპ – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია.

დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

ასეთი არ არსებობს.

ე) კანონპროექტის ავტორი:

საქართველოს იუსტიციის და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროები.

ვ) კანონპროექტის ინიციატორი:    

საქართველოს მთავრობა.

 

 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება

მუხლი 1. კანონის გამოყენების სფერო

 1. ეს კანონი აწესრიგებს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტთა სამართლებრივ ფორმებს.

 2. სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად.

 3. სამეწარმეო საქმიანობად არ ითვლება ფიზიკური პირების სახელოვნებო, სამეცნიერო, სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო (მათ შორის, საგადასახადო კონსულტანტთა), სასოფლო-სამეურნეო ან სატყეო-სამეურნეო საქმიანობა; სასოფლო-სამეურნეო და სატყეო-სამეურნეო წარმოებები შეიძლება არსებობდეს ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი ფორმით, თუ მოხდება მათი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია. რეგისტრაცია სავალდებულოა, თუ წარმოებაში მუდმივად დასაქმებულია მფლობელის ოჯახის არაწევრი ხუთი პირი მაინც.

    მუხლი 44. ცნება

1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. ასეთი საზოგადოების დაფუძნება შეუძლია ერთ პირსაც.

2. საწარმოს პარტნიორთა შეთანხმება პასუხისმგებლობის შემცირებაზე ბათილია მესამე პირებისათვის.

3. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალი დაყოფილია წილებად. წილი არის მიმოქცევადი უფლება.

    მუხლი 69. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

1. 2008 წლის 15 აპრილამდე მოქმედი საწარმოები აგრძელებენ საქმიანობას და მათი ხელახალი რეგისტრაცია ამ კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით არ მოითხოვება.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ შეიმუშაოს ამ კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ფორმები და უზრუნველყოს მათი ხელმისაწვდომობა, მათ შორის, ელექტრონული ფორმით.

3. იმ საწარმოებზე, რომელთა მიმართაც 2008 წლის 15 აპრილისათვის დაწყებულია ლიკვიდაციის პროცესი, არ ვრცელდება ამ კანონის მე-14 მუხლით დადგენილი წესები.

4. საწარმოთა იმ წილების მიმართ, რომლებზედაც 2008 წლის 10 მაისამდე არსებული წესით იქნა დარეგისტრირებული გირავნობა სამეწარმეო რეესტრში, გირავნობა გავრცელდება 2008 წლის 10 მაისამდე არსებული წესით მანამ, სანამ არ მოხდება გირავნობის გაუქმება ან მოგირავნესთან შეთანხმებული წესით გირავნობის ხელახალი რეგისტრაცია ამ კანონის შესაბამისად.

5. საქართველოს მთავრობამ განსაზღვროს რედომიცილებისათვის საჭირო წესები და პროცედურები.

6. საქართველოს კანონმდებლობაში ტერმინი „საწესდებო კაპიტალი“ შეიძლება გამოყენებული იყოს საზოგადოების დაფუძნებისას მისი კაპიტალის (შენატანების ჯამი), საზოგადოების საკუთარი კაპიტალის, საზოგადოების აქციების ნომინალური ღირებულების აქციების რაოდენობაზე ნამრავლის, საწარმოს პარტნიორთა ხმების სრული რაოდენობის მნიშვნელობით. საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის მიზნით საქართველოს მთავრობამ 2008 წლის 10 აგვისტომდე საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს კანონპროექტები შესაბამის კანონებში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელთა საფუძველზედაც ტერმინი „საწესდებო კაპიტალი“ ჩანაცვლდება სათანადო ტერმინით.

7. ის სუბიექტები, რომლებიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ აღრიცხული არიან, როგორც გადასახადის გადამხდელები, და რომელთა მიერ საგადასახადო აღრიცხვის დროისათვის შესაბამისი ორგანოსთვის წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციით დასტურდება, რომ უფლებამოსილი პირის მიერ მოთხოვნილი იყო მეწარმე იურიდიული პირის, ასევე უცხო ქვეყნის მეწარმე იურიდიული პირის ფილიალის (მუდმივი დაწესებულების) რეგისტრაცია, ჩაითვალონ ასეთად რეგისტრირებულად საგადასახადო აღრიცხვის მომენტიდან.

8. იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან ან/და შრომით მოწყობაში დახმარებასთან, ვალდებულია ამ კანონის მე -5 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ცვლილება 2016 წლის 1 მაისამდე შეიტანოს თავის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში.

 



[1] „განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების წახალისების“ შესახებ ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 23 აპრილის დირექტივა №2009/28/EC, მუხლი 1.