ევროპული შეთანხმება სამართლებრივი დახმარების თაობაზე გაკეთებული მიმართვების გადაცემის შესახებ

ევროპული შეთანხმება სამართლებრივი დახმარების თაობაზე გაკეთებული მიმართვების გადაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 27/01/1977
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 25/08/2006
ძალაში შესვლის თარიღი 18/08/2006
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000611
-
27/01/1977
გაურკვეველი, -, 25/08/2006
480610000.03.030.000611
ევროპული შეთანხმება სამართლებრივი დახმარების თაობაზე გაკეთებული მიმართვების გადაცემის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ევროპული შეთანხმება სამართლებრივი დახმარების თაობაზე გაკეთებული მიმართვების გადაცემის შესახებ

სტრასბურგი, 1977 წლის 27 იანვარი

ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოები, ქვემორე ხელმომწერნი,

ითვალისწინებენ, რომ ევროპის საბჭოს მიზანია მის წევრებს შორის უფრო მყარი ერთიანობის მიღწევა;

ითვალისწინებენ, რომ სასურველია აღმოიფხვრას სამოქალაქო სამართალწარმოებაში არსებული ეკონომიკური დაბრკოლებები და ეკონომიკურად სუსტ მდგომარეობაში მყოფ პირებს მიეცეთ საკუთარ უფლებათა უფრო მარტივად განხორციელების საშუალება წევრ სახელმწიფოებში;

სწამთ, რომ სამართლებრივი დახმარების თაობაზე გაკეთებული მიმართვების გადაცემის შესაბამისი სისტემის შექმნა ხელს შეუწყობს ამ მიზნის მიღწევას,

და შეთანხმდნენ შემდეგზე:

მუხლი 1

ყველა პირს, რომელსაც მუდმივი საცხოვრებელი ადგილი აქვს ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე და სურს სამოქალაქო, კომერციულ ან ადმინისტრაციულ საკითხებზე სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართოს სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, შეუძლია წარადგინოს მიმართვა იმ სახელმწიფოში, სადაც აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ეს სახელმწიფო მიმართვას გადასცემს სხვა სახელმწიფოს.

მუხლი 2

1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე განსაზღვრავს ერთ ან მეტ გადამცემ ორგანოს სამართლებრივი დახმარების თაობაზე გაკეთებული მიმართვების ქვემოთ მითითებული უცხოური ორგანოსთვის პირდაპირ გადაგზავნის მიზნით.

2. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ასევე განსაზღვრავს ცენტრალურ მიმღებ ორგანოს სხვა ხელშემკვრელი მხარეებისაგან მომდინარე სამართლებრივი დახმარების თაობაზე გაკეთებული მიმართვების მისაღებად და შესაბამისი ქმედებების განსახორციელებლად.

ფედერალური სახელმწიფოები და ერთზე მეტი სამართლებრივი სისტემის მქონე სახელმწიფოები უფლებამოსილნი არიან განსაზღვრონ ერთზე მეტი ორგანო.

მუხლი 3

1. გადამცემი ორგანო დაეხმარება განმცხადებელს იმის უზრუნველყოფაში, რომ მიმართვას დართული ჰქონდეს ყველა საჭირო დოკუმენტი, რათა შესაძლებელი გახდეს მიმართვის შესრულება. იგი ასევე დაეხმარება განმცხადებელს დოკუმენტების ნებისმიერი აუცილებელი თარგმანის უზრუნველყოფაში.

გადამცემ ორგანოს შეუძლია უარი თქვას მიმართვის გადაცემაზე, თუ იგი აშკარად არაკეთილსინდისიერად არის შესრულებული.

2. ცენტრალური მიმღები ორგანო მიმართვას გადასცემს ორგანოს, რომელიც კომპეტენტურია მის შესრულებაზე. იგი შეატყობინებს გადამცემ ორგანოს მიმართვის განხილვასთან დაკავშირებული ნებისმიერი სირთულისა და კომპეტენტური ორგანოს მიერ მიმართვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე.

მუხლი 4

წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად გადაგზავნილი ყველა დოკუმენტი გათავისუფლებული იქნება ლეგალიზაციისაგან ან ნებისმიერი სათანადო ფორმალობისაგან.

მუხლი 5

ხელშემკვრელი მხარეები არ დააწესებენ გადასახადებს ამ შეთანხმების საფუძველზე გაწეული მომსახურებისათვის.

მუხლი 6

1. ხელშემკვრელ მხარეთა სათანადო ორგანოებს შორის ცალკეული შეთანხმებების არარსებობის შემთხვევაში და მე-13 და მე-14 მუხლების დებულებათა შესაბამისად:

a. სამართლებრივი დახმარების თაობაზე გაკეთებული მიმართვა და თანდართული დოკუმენტები და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია შედგენილი უნდა იყოს მიმღები ორგანოს ოფიციალურ ენაზე ან ერთ-ერთ ოფიციალურ ენაზე ან მათ თან უნდა ახლდეს თარგმანი ამ ენაზე;

b. თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ ყველა შემთხვევაში უნდა მიიღოს სამართლებრივი დახმარების თაობაზე მიმართვა და თანდართული დოკუმენტები და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, როდესაც ისინი შედგენილია ინგლისურად ან ფრანგულად ან მათ თან ახლავს თარგმანი ერთ-ერთ ამ ენაზე.

2. ინფორმაცია, რომელიც მიმღები ორგანოს სახელმწიფოსაგან მომდინარეობს, შეიძლება შედგენილი იყოს ამ სახელმწიფოს ოფიციალურ ენაზე ან ერთ-ერთ ოფიციალურ ენაზე ინგლისურად ან ფრანგულად.

მუხლი 7

ამ შეთანხმების გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, ხელშემკვრელ მხარეთა ცენტრალური ორგანოები თანხმდებიან მიაწოდონ ერთმანეთს სამართლებრივი დახმარების შესახებ ინფორმაციას მათი კანონმდებლობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

მუხლი 8

მე-2 მუხლში მოხსენიებული ორგანოები განსაზღვრული უნდა იყოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისათვის გაგზავნილ განცხადებაში, როდესაც სათანადო სახელმწიფო ხდება კონვენციის მხარე მე-9 და მე-11 მუხლების დებულებათა შესაბამისად. ორგანოთა უფლებამოსილების ნებისმიერი ცვლილება ამგვარადვე უნდა ეცნობოს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს.

მუხლი 9

1. ეს შეთანხმება ღიაა ხელმოსაწერად ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოებისათვის, რომლებსაც შეუძლიათ გახდნენ მხარეები:

a. ხელმოწერით, რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების შესახებ დათქმის გარეშე;

b. ხელმოწერით, რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების შესახებ დათქმით, რომელსაც მოჰყვება რატიფიკაცია, მიღება ან დამტკიცება.

2. რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების დოკუმენტები დეპონირებული იქნება ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან.

მუხლი 10

1. ეს შეთანხმება ძალაში შევა მე-9 მუხლის დებულებათა შესაბამისად ევროპის საბჭოს ორი წევრი სახელმწიფოს შეთანხმების მხარეებად გახდომის თარიღიდან ერთი თვის შემდეგ.

2. რაც შეეხება ნებისმიერ წევრ სახელმწიფოს, რომელიც შემდგომში ხელს მოაწერს შეთანხმების რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების შესახებ დათქმის გარეშე ან რომელიც მოახდენს მის რატიფიცირებას, მიიღებს ან დაამტკიცებს მას, შეთანხმება ძალაში შევა ამგვარი ხელმოწერის ან რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების დოკუმენტის დეპონირების თარიღიდან ერთი თვის შემდეგ.

მუხლი 11

1. ამ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს შეუძლია მოიწვიოს ნებისმიერი არაწევრი სახელმწიფო მასთან მისაერთებლად.

2. ამგვარი მიერთება განხორციელდება ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან მიერთების დოკუმენტის დეპონირებით, რომელიც ძალაში შევა დეპონირების თარიღიდან ერთი თვის შემდეგ.

მუხლი 12

1. ნებისმიერ სახელმწიფოს ხელმოწერის ან რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან მიერთების დოკუმენტის დეპონირების დროს შეუძლია განსაზღვროს ტერიტორია ან ტერიტორიები, რომელთა მიმართაც გამოყენებული იქნება ეს შეთანხმება.

2. ნებისმიერ სახელმწიფოს რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან მიერთების დოკუმენტის დეპონირებისას ან მოგვიანებით, ნებისმიერ დროს, შეუძლია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისათვის გაგზავნილი განცხადებით გაავრცელოს ამ შეთანხმების მოქმედება განცხადებაში განსაზღვრულ ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე ან ტერიტორიებზე, რომელთა საერთაშორისო ურთიერთობებზეც ის არის პასუხისმგებელი ან რომელთა სახელითაც უფლებამოსილია იმოქმედოს. ნებისმიერი გავრცელება ძალაში შევა განცხადების მიღებიდან ერთი თვის ვადაში.

3. წინა პუნქტის შესაბამისად გაკეთებული ნებისმიერი განცხადება ამგვარ განცხადებაში აღნიშნული ნებისმიერი ტერიტორიის მიმართ შეიძლება გამოთხოვილი იქნეს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისათვის შეტყობინების გაგზავნით. ამგვარი გამოთხოვა ძალაში შევა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ შეტყობინების მიღების თარიღიდან ექვსი თვის შემდეგ.

მუხლი 13

1. ნებისმიერ სახელმწიფოს ხელმოწერის ან რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან მიერთების დოკუმენტის დეპონირების დროს შეუძლია განაცხადოს, რომ იგი მთლიანად ან ნაწილობრივ გამორიცხავს მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის b ქვეპუნქტის დებულებათა მოქმედებას. ამ შეთანხმების მიმართ სხვა სახის დათქმის გაკეთება დაუშვებელია.

2. ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გამოითხოვოს გაკეთებული დათქმა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისათვის გაგზავნილი განცხადებით. დათქმა მოქმედებას შეწყვეტს განცხადების მიღების დღიდან.

3. როდესაც ხელშემკვრელი მხარე გააკეთებს დათქმას, სხვა ნებისმიერ მხარეს შეუძლია გამოიყენოს იგივე დათქმა ამ მხარესთან მიმართებით.

მუხლი 14

1. ხელშემკვრელ მხარეს, რომელსაც ერთზე მეტი ოფიციალური ენა აქვს, შეუძლია მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის a ქვეპუნქტის გამოყენების მიზნით განცხადების მეშვეობით განსაზღვროს ენა, რომელზეც მიმართვა და თანდართული დოკუმენტები ან თარგმანი იქნება შესრულებული, რათა შესაძლებელი გახდეს მათი გადაცემა მისი ტერიტორიის გარკვეულ ნაწილებში.

2. წინა პუნქტით გათვალისწინებული განცხადება უნდა გაეგზავნოს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს დაინტერესებული სახელმწიფოს მიერ შეთანხმების ხელმოწერის ან რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან მიერთების დოკუმენტის დეპონირების დროს. განცხადება შეიძლება გამოთხოვილ იქნეს ან შეიცვალოს იმავე პროცედურის შესაბამისად.

მუხლი 15

1. ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს, მისი დაინტერესების შესაბამისად, შეუძლია მოახდინოს ამ შეთანხმების დენონსაცია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისათვის შეტყობინების გაგზავნით.

2. ამგვარი დენონსაცია ძალაში შევა გენერალური მდივნის მიერ ასეთი შეტყობინების მიღების თარიღიდან ექვსი თვის შემდეგ.

მუხლი 16

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი შეატყობინებს საბჭოს წევრ სახელმწიფოებს და ამ შეთანხმებასთან მიერთებულ ნებისმიერ სახელმწიფოს:

a. ნებისმიერ ხელმოწერას რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების შესახებ დათქმის გარეშე;

b. ნებისმიერ ხელმოწერას რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების შესახებ დათქმით;

c. რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან მიერთების დოკუმენტის ნებისმიერ დეპონირებას;

d. მე-8 მუხლის დებულებათა შესაბამისად გაკეთებულ ნებისმიერ განცხადებას;

e. მე-10 მუხლის შესაბამისად ამ შეთანხმების ძალაში შესვლის ნებისმიერ თარიღს;

f. მე-12 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების დებულებათა შესაბამისად მიღებულ ნებისმიერ განცხადებას;

g. მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტის დებულებათა შესაბამისად გაკეთებულ ნებისმიერ დათქმას;

h. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის დებულებათა შესაბამისად გამოთხოვილ ნებისმიერ დათქმას;

i. მე-14 მუხლის დებულებათა შესაბამისად მიღებულ ნებისმიერ განცხადებას;

j. მე-15 მუხლის დებულებათა შესაბამისად მიღებულ ნებისმიერ შეტყობინებას და დენონსაციის ძალაში შესვლის თარიღს.

რის დასტურადაც, სათანადო უფლებამოსილების მქონე ქვემორე ხელმომწერებმა ხელი მოაწერეს ამ შეთანხმებას.

შესრულებულია სტრასბურგში, 1977 წლის 27 იანვარს, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, თანაბარი ძალის მქონე ტექსტებად, ერთ ეგზემპლარად, რომელიც დეპონირებულ იქნება ევროპის საბჭოს არქივებში. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი დამოწმებულ ასლებს გადასცემს თითოეულ ხელმომწერ და მიერთებულ სახელმწიფოს.