დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
შეთანხმება შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის (BSEC-ის) წევრი ქვეყნების მთავრობებს შორის ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის კატასტროფების შემთხვევებში სასწრაფო დახმარების აღმოჩენაში და სასწრაფო საპასუხო ზომების მიღებაში თანამშრომლობის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | - |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 15/04/1998 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გაურკვეველი, -, 25/01/2005 |
ძალაში შესვლის თარიღი | 29/09/2004 |
სარეგისტრაციო კოდი | 480210000.03.030.000522 |
შეთანხმება
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის (BSEC-ის) წევრი ქვეყნების მთავრობებს შორის ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის კატასტროფების შემთხვევებში სასწრაფო დახმარების აღმოჩენაში და სასწრაფო საპასუხო ზომების მიღებაში თანამშრომლობის შესახებ
მთავრობები, წინამდებარე შეთანხმების წევრები, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი,
ითვალისწინებენ რა უბედური შემთხვევების შესაძლებლობას, რომლებსაც მხარეები ვერ აღმოფხვრიან საკუთარი ძალებით და საშუალებებით, აგრეთვე აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით წარმოშობილ მოთხოვნას მხარეთა იმ კოორდინირებული მოქმედებების თაობაზე, რომლებიც მიმართულია უბედური შემთხვევების თავიდან აცილებასა და სასწრაფო საპასუხო ზომების მიღებისკენ;
სურთ რა შემდგომში გააფართოვონ რეგიონული თანამშრომლობა უბედური შემთხვევების დროს დახმარების აღმოჩენის მიზნით და მიმართონ რა ერთობლივ ძალისხმევას დაზარალებული მოსახლეობისათვის კოორდინირებული დახმარების უზრუნველყოფის მიზნით;
მხარს უჭერენ რა გაეროს ძალისხმევას საერთაშორისო სასწრაფო დახმარების სფეროში, პატივს სცემენ და აცნობიერებენ რა საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებსა და წესებს, არსებულს სხვადასხვა საერთაშორისო, რეგიონული და სუბრეგიონული ორგანიზაციებისა და შესაბამისი საერთაშორისო კონვენციებისა და შეთანხმებების ფარგლებში, აგრეთვე, მიზნად ისახავენ რა თავიანთი წვლილი შეიტანონ სათანადო სახელმწიფო კანონმდებლობის შემუშავებაში;
წაახალისებენ რა შემდგომ თანამშრომლობას საერთაშორისო სასწრაფო დახმარების სფეროში, შავი ზღვის წევრი-ქვეყნების წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციების პირველი კონფერენციის მიერ (1997) მიღებული ინიციატივის საფუძველზე;
გამოხატავენ რა თავიანთ მხარდაჭერას შავი ზღვის წევრი-ქვეყნების გადარჩენის საერთაშორისო ცენტრის დაარსების იდეას, BSEC-ისა და სხვა მსგავსი საერთაშორისო ცენტრების მიერ შეძენილი გამოცდილების საფუძველზე;
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1
შეთანხმების გავრცელების სფერო
1. წინამდებარე შეთანხმება დააწესებს მხარეთა კოორდინირებული ღონისძიებების პრინციპებსა და ჩარჩოებს ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის კატასტროფების შემთხვევებში.
2. წინამდებარე შეთანხმება ვრცელდება იმ ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის კატასტროფებზე, რომლებიც არ შეიძლება აღმოფხვრილ იქნეს მხარეთა საკუთარი ძალებით.
მუხლი 2
განმარტებანი
წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის, ქვემომოყვანილ ტერმინებს ექნებათ შემდეგი მნიშვნელობა:
„დახმარება“ – დამხმარე მხარეების მიერ უზრუნველყოფილი ტვირთი, მასალები, პერსონალი და მომსახურება, მთხოვნელი მხარეების მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით;
„დამხმარე მხარე“ – მხარე, რომელიც დახმარებას უწევს;
„დახმარების ჯგუფი“ – დამხმარე მხარის სპეციალისტთა ჯგუფი, რომელიც დანიშნულია დახმარების აღმოჩენის მიზნით და აღჭურვილია ყველა აუცილებელი საშუალებით;
„კომპეტენტური ორგანო“ – სააგენტო, რომელიც დანიშნულია თითოეული მხარის მიერ წინამდებარე შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებული ღონისძიებების მართვისა და კოორდინირების მიზნით;
„კატასტროფა“ – გარკვეულ ზონაში მომხდარი მოვლენა, რომელიც წარმოიშვა უბედური შემთხვევის, სახიფათო ბუნებრივი მოვლენის, ბუნებრივი ან ტექნოგენური ხასიათის კატასტროფის შედეგად, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ან გამოიწვია ადამიანთა და გარემოს მნიშვნელოვანი ფიზიკური, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული ზარალი;
„უბედური შემთხვევა“ – მდგომარეობა, ხშირად სახიფათო, რომელიც წარმოიქმნება მოულოდნელად და მოითხოვს სასწრაფო მოქმედებებს;
„უბედური შემთხვევის ზონა“ – ტერიტორია, რომელზეც ადგილი ჰქონდა უბედურ შემთხვევას;
„უბედური შემთხვევის დროს სასწრაფო საპასუხო ზომები“ – საძებნი, საშველი და სხვა გადაუდებელი აღდგენითი ზომები, რომლებსაც მიიღებენ უბედური შემთხვევის დროს და რომლებიც მიმართულია ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაცვისაკენ, აგრეთვე გარემოს, კულტურული და მატერიალური ზარალისა და უბედური შემთხვევის ზონაში გარეშე სახიფათო ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანისკენ;
„აღჭურვილობა“ – მასალები, ტექნიკური და სატრანსპორტო საშუალებები, დახმარების ჯგუფის სამხედრო უზრუნველყოფის საგნები და ჯგუფის წევრთა ინდივიდუალური აღჭურვილობა;
„დახმარების ტვირთი“ – უფასო და საგადასახადო დაბეგვრისგან თავისუფალი მატერიალური რესურსები, რომლებიც განაწილდება უბედური შემთხვევისგან დაზარალებული მოსახლეობის შორის;
„პირადი მონაცემები“ – ნებისმიერი ხასიათის ინფორმაცია იმ ფიზიკური პირების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულნი არიან წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ გარკვეულ უბედურ შემთხვევასთან;
„მომთხოვნი მხარე“ – მხარე, რომელიც მიმართავს დახმარებისთვის;
„საძებნო და საშველი ზომები“ – კომპეტენტური საერთაშორისო ორგანოების მიერ განსაზღვრული ზომები, რომლებიც მიმართულია უბედური შემთხვევის ზონაში მყოფ ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენისა და მატერიალური და კულტურული ღირებულებებისა და გარემოს დაცვისაკენ;
„სატრანზიტო ქვეყანა“ – ნებისმიერი სახელმწიფო, რომლის მთავრობაც წარმოადგენს შეთანხმების მონაწილე მხარეს, გარდა მომთხოვნი მხარისა და დამხმარე მხარისა, რომლის ტერიტორიის გავლითაც, საჰაერო სივრცისა და/ან ტერიტორიული წყლების ჩათვლით, ხდება დამხმარე ჯგუფის, აღჭურვილობისა და დახმარების ტვირთის ტრანსპორტირება.
მუხლი 3
პრინციპები
1. მხარეები თანამშრომლობენ წინამდებარე შეთანხმების დებულებების, აგრეთვე აღიარებული საერთაშორისო ნორმებისა და პრინციპების შესაბამისად, სასწრაფო ინფორმაციის მიწოდებისა და ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის კატასტროფებისა ან/და მათი წარმოქმნის შესაძლებლობის შემთხვევებში დახმარების აღმოჩენის მიზნით.
2. თუ ერთ-ერთ მხარეს ბუნებრივი ან ტექნოგენური ხასიათის კატასტროფების შემთხვევებში სჭირდება დახმარება თავისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ამ მხარეს შეუძლია მოითხოვოს დახმარება მეორე მხარისგან (მხარეებისგან) სახელმწიფო მიმართვის მიწოდების გზით. დამხმარე მხარე (მხარეები) დახმარებას აღმოუჩენენ მომთხოვნ მხარეს იმ მეთოდებისა და ზომების საშუალებით, რომლებიც მიმართულია კატასტროფების შედეგების თავიდან აცილებისა და/ან აღმოფხვრისაკენ.
3. მხარეები აღმოუჩენენ ერთმანეთს დახმარებას თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში. დახმარება გაწეული იქნება უსასყიდლოდ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მხარეთა შორის არსებობს სხვაგვარი შეთანხმება.
4. მომთხოვნი მხარე უზრუნველყოფს დახმარების ტვირთის შეუფერხებელ მიღებასა და განაწილებას მხოლოდ და მხოლოდ დაზარალებულ მოსახლეობას შორის. დახმარების ტვირთი განაწილდება რასობრივი, რელიგიური, ენობრივი, პოლიტიკური და სხვა დისკრიმინაციის გარეშე.
მუხლი 4
მოთხოვნა დახმარების აღმოჩენისა და ინფორმაციის გაცვლის შესახებ
1. მხარეები იქნებიან ორგანოები, რომლებიც უფლებამოსილნი არიან მოითხოვონ დახმარება უბედური შემთხვევის დროს.
2. დახმარება აღმოჩენილი იქნება მოთხოვნისთანავე, როდესაც მომთხოვნი მხარე ადგენს:
- კატასტროფის ადგილს, დროს, ხასიათსა და მასშტაბს, აგრეთვე მიმდინარე მდგომარეობას დაზარალებულ ზონაში;
- უკვე ჩატარებულ ღონისძიებებს, აუცილებელი დახმარების სპეციფიკაციას, რათა განისაზღვროს მოთხოვნილი დახმარების პრიორიტეტები.
3. დამხმარე მხარე დაუყოვნებლივ მიიღებს გადაწყვეტილებას აღმოუჩინოს მომთხოვნ მხარეს დახმარება და მიაწოდოს ინფორმაცია დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობის, ოდენობისა და პირობების შესახებ.
4. წინამდებარე შეთანხმების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია შეიცვლება მდგომარეობის განვითარების მიხედვით.
მუხლი 5
ტრანზიტი
მომთხოვნი მხარის მოთხოვნისთანავე, სატრანზიტო სახელმწიფოს მთავრობა უზრუნველყოფს ყოველნაირ მხარდაჭერას, აუცილებელს ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე დახმარების ტვირთის გადატანის დროს, მისი სახელმწიფო კანონმდებლობის, საერთაშორისო კანონებისა და პრაქტიკის შესაბამისად.
მუხლი 6
კომპეტენტური ორგანოები და ძირითადი პუნქტები
1. თითოეული მხარე დანიშნავს (ან დაარსებს) ერთ ან რამდენიმე კომპეტენტურ ორგანოს, შემდგომში კომპეტენტურ ორგანოებად წოდებულნი, წინამდებარე შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებული სამუშაოს კოორდინირების მიზნით.
2. სხვა მოქმედი ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებების დაურღვევლად, თითოეული მხარე დანიშნავს (ან დაარსებს) ერთ ან რამდენიმე კომპეტენტურ ძირითად პუნქტს უბედური შემთხვევების დროს ცნობათა მიწოდებისა და დახმარების აღმოჩენის მიზნით.
3. მხარეები დიპლომატიური არხების მეშვეობით წერილობით შეატყობინებენ ერთმანეთს კომპეტენტური ორგანოს (ორგანოების), აგრეთვე ძირითადი პუნქტის (პუნქტების) დანიშვნის ან ამ ორგანოებთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ.
4. თითოეული მხარე უზრუნველყოფს კომპეტენტური ორგანოს (ორგანოების) და ძირითადი პუნქტის (პუნქტების) უწყვეტ ფუნქციონირებას.
მუხლი 7
უბედურ შემთხვევებზე მომუშავე ჯგუფი (კომიტეტი)
წინამდებარე შეთანხმების განხორციელების მიზნით კომპეტენტური სახელმწიფო ხელისუფლება დანიშნავს თავის წარმომადგენლებს შესაბამის საერთო ორგანოში (უბედურ შემთხვევებზე მომუშავე ჯგუფში (კომიტეტში)), რომელიც დაარსდა BSEC-ის ფარგლებში.
მუხლი 8
უბედურ შემთხვევებში დახმარების კოორდინაცია და მართვა
1. მომთხოვნი მხარის კომპეტენტური ორგანო განახორციელებს დახმარების ჯგუფების ღონისძიებების კოორდინირებას, მართვასა და კონტროლს, ამ ჯგუფების ხელმძღვანელობის მეშვეობით.
2. მომთხოვნი მხარე შეატყობინებს დამხმარე მხარის ჯგუფის ხელმძღვანელებს უბედური შემთხვევის ზონაში მდგომარეობის განვითარებისა და ღონისძიებების ჩატარების ადგილების შესახებ, აგრეთვე, საჭიროებისამებრ, უზრუნველყოფს ამ ჯგუფებს თარჯიმნებით და იმ შტაბ-ბინებთან კავშირის საშუალებებით, რომლებიც აწარმოებენ საძებნო და მაშველი და სხვა აუცილებელი ღონისძიებების მართვას.
3. დახმარების ჯგუფები ისარგებლებენ საკუთარი აღჭურვილობით, უბედური შემთხვევის ზონაში ჩამოსვლიდან სულ მცირე 72 საათის განმავლობაში მოქმედების მიზნით. მომთხოვნი მხარე მოცემული ვადის ამოწურვის შემდეგ უზრუნველყოფს აღნიშნულ ჯგუფებს, მათი მოთხოვნის თანახმად, ყველა აუცილებელი ტვირთით.
4. მომთხოვნი მხარე უზრუნველყოფს დახმარების ჯგუფის წევრებს უსაფრთხოებით, უფასო სამედიცინო დახმარებით, კვებით და საცხოვრებელი ადგილით, აგრეთვე პირველადი დანიშნულების საგნებით, თუ ჯგუფის წევრებს დაუმთავრდათ საკუთარი მარაგი.
მუხლი 9
დახმარების ჯგუფის მიერ საზღვრის გადაკვეთის პროცედურა და ტერიტორიაზე გაჩერების წესები
1. დახმარების ჯგუფების წევრთა მიერ მომთხოვნი მხარის ან სატრანზიტო სახელმწიფოს საზღვრის გადაკვეთის პროცედურა განისაზღვრება მომთხოვნი მხარის ან სატრანზიტო ქვეყნის სახელმწიფო კანონმდებლობის, საერთაშორისო კანონმდებლობისა და ორმხრივი შეთანხმებების თანახმად.
2. მაძებარი ძაღლების ჯგუფების მიერ მომთხოვნი მხარის სახელმწიფო საზღვრების გადაკვეთის პროცედურის წესი და მათი ყოფნა მომთხოვნი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე განისაზღვრება კარანტინის იმ წესების შესაბამისად, რომლებიც ძალაშია მომთხოვნი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე.
3. დახმარების ჯგუფის წევრები ვალდებულნი არიან დაიცვან მომთხოვნი მხარის ან სატრანზიტო ქვეყნის სახელმწიფო კანონმდებლობა და ნორმატიული აქტები. ამავე დროს ისინი ექვემდებარებიან დამხმარე მხარის იურისდიქციას შრომისა და სხვა შესაბამის კანონმდებლობასთან დაკავშირებით.
იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ჯგუფების შემადგენლობაში შედიან სამოქალაქო თავდაცვის/დაცვის ნახევრადსამხედრო პერსონალი, მათი გაჩერება, როგორც წინასწარ იქნა შეთანხმებული, და საქმიანობა განხორციელდება დამხმარე მხარის იმ კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც არეგულირებს მსგავსი პერსონალის სტატუსს.
4. დახმარების ჯგუფების, მათი დახმარების აღჭურვილობისა და სასურსათო პროდუქტის ტრანსპორტირებისათვის გამოიყენება ნებისმიერი ვარგისი სატრანსპორტო საშუალება რაც შეიძლება მოკლე ვადებში დანიშნულების ადგილამდე მიღწევის მიზნით.
დახმარების აღმოჩენის მიზნით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების გამოყენების წესი დადგინდება მხარეთა კომპეტენტური ორგანოების მიერ.
მუხლი 10
დახმარების აღჭურვილობისა და სასურსათო პროდუქტის ექსპორტი, იმპორტი და ტრანზიტი
1. წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად დახმარებისათვის ექსპორტირებული და იმპორტირებული დახმარების აღჭურვილობა და სასურსათო პროდუქტი გათავისუფლდება საბაჟო გადასახადისაგან, ანაკრებისა და შესატანებისაგან.
2. დახმარების აღჭურვილობისა და სასურსათო პროდუქტის საბაჟო ინსპექტირება და კონტროლი განხორციელდება გამარტივებული წესით უპირატესობის საფუძველზე, მხარეთა კომპეტენტური ორგანოების იმ შეტყობინებების დაცვით, რომლებშიც მოცემულია დახმარების ჯგუფების სტრუქტურა და ექსპორტირებული და იმპორტირებული დახმარების აღჭურვილობისა და სასურსათო პროდუქტის ჩამონათვალი.
3. ნარკოტიკული საშუალებანი და ფსიქოტროპული ნივთიერებანი შეიძლება იმპორტირებულ იქნეს მხოლოდ იმ რაოდენობით, რომელიც საჭიროა სამედიცინო დახმარებისთვის და გამოყენებულ იქნეს მხოლოდ კვალიფიცირებული სამედიცინო პერსონალის მიერ. ამ შემთხვევაში, დახმარების ჯგუფის ხელმძღვანელი წარუდგენს საბაჟო კონტროლის ორგანოებს დეკლარაციას ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ, მათი ნომენკლატურისა და რაოდენობის მითითებით.
მომთხოვნი მხარის შესაბამის ხელისუფლებას შეუძლია განახორციელოს ზემოაღნიშნული საშუალებებისა და ნივთიერებების გამოყენებასა და შენახვაზე კონტროლი.
მისიის განმავლობაში გამოუყენებელი ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები გატანილი იქნება მომთხოვნი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიიდან. მომთხოვნი მხარის კომპეტენტური ორგანოს წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი სერტიფიკატი გამოყენებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს მომთხოვნი მხარის საბაჟო კონტროლის ორგანოებისათვის მისიის დასრულების შემდეგ.
მუხლი 11
საჰაერო ტრანსპორტი
1. დახმარების ჯგუფების, აღჭურვილობისა და სასურსათო პროდუქტების ტრანსპორტირება შეიძლება განხორციელდეს საჰაერო ტრანსპორტით.
2. დამხმარე მხარის კომპეტენტური ორგანო მიაწოდებს მომთხოვნი მხარის კომპეტენტურ ორგანოს ინფორმაციას თავისი გადაწყვეტილების შესახებ, გამოიყენოს საჰაერო ტრანსპორტი დახმარების აღმოჩენის მიზნით, დახმარების ტვირთის ჩამოყრის ზონის, ფრენის მარშრუტის, საჰაერო ტრანსპორტის ტიპისა და სასიგნალო ნიშნების, ეკიპაჟის წევრთა რაოდენობის, ტვირთის დახასიათების, ფრენის განრიგისა და მგზავრთა (პერსონალის, ტექნიკური პერსონალის, ჟურნალისტების, ა.შ. ) სიის მითითებით.
3. სამოქალაქო ან სახელმწიფო საჰაერო ტრანსპორტის ფრენა განხორციელდება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO-ოს) და მხარეთა წესების შესაბამისად. სახელმწიფო საჰაერო ტრანსპორტზე ასევე უნდა ვრცელდებოდეს დიპლომატიური განბაჟების წესები.
4. დამხმარე მხარე გათავისუფლებულია როიალტის გადასახადისაგან, გათვალისწინებულს იმ საჰაერო ტრანსპორტის ფრენის, დაჯდომის, სადგომის, აფრენისა და მართვის მომსახურებისათვის, რომელიც წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად ახორციელებს სასწრაფო დახმარებას.
5. დამხმარე მხარის საჰაერო ტრანსპორტის საწვავის და ტექნიკური მომსახურების ხარჯებს აანაზღაურებს შეთანხმების მონაწილე მხარეთა ხელისუფლება.
მუხლი 12
დახმარება
დახმარების გაწევა განხორციელდება მოცემული შეთანხმების მე-3 მუხლით გათვალისწინებული პრინციპების შესაბამისად.
მუხლი 13
ანაზღაურებად საფუძველზე აღმოჩენილი სასწრაფო დახმარებისათვის გაწეული ხარჯების დაფარვა
1. მომთხოვნ მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია გააუქმოს მოთხოვნა დახმარების შესახებ. მომთხოვნი მხარე დაუყოვნებლივ შეატყობინებს დამხმარე მხარეს თავისი გადაწყვეტილების შესახებ და დამხმარე მხარეს შეუძლია მოითხოვოს იმ მომენტისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება.
2. დამხმარე მხარე უზრუნველყოფს დამხმარე ჯგუფების წევრთა დაზღვევას და ეს ხარჯები შეიტანება დახმარების ერთიან ანგარიშში.
3. ოპერაციის დასასრულს დამხმარე მხარის კომპეტენტური ორგანო დაუყოვნებლივ წერილობით შეატყობინებს მომთხოვნი მხარის კომპეტენტურ ორგანოს გაწეული დახმარების მოცულობის შესახებ.
4. მომთხოვნი მხარის კომპეტენტური ორგანოს მიაწვდის დამხმარე მხარის კომპეტენტურ ორგანოს საბოლოო ინფორმაციას უბედური შემთხვევის დახასიათებისა და მიზეზების, დახმარების ფორმისა და მთლიანი მოცულობის, აგრეთვე შესრულებული სამუშაოს შედეგების შესახებ.
მუხლი 14
ზარალის ანაზღაურება
1. მომთხოვნი მხარე დაფარავს ყველა ხარჯს, რომლებიც დაკავშირებულია დახმარების ჯგუფების წევრთა მიერ მიღებულ ტრავმებისა ან მათი დაღუპვის ფაქტებთან, რასაც ადგილი ჰქონდა წინამდებარე შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებული ღონისძიებების დროს. დაინტერესებული მხარეები შეთანხმდებიან იმ თანხაზე, რომელიც ანაზღაურებული უნდა იქნეს.
2. თუ დახმარების ჯგუფის წევრი მომთხოვნი მხარის ტერიტორიაზე მიაყენებს ზარალს იურიდიულ ან ფიზიკურ პირს წინამდებარე შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებული ღონისძიების დროს, აღნიშნული ზარალი ანაზღაურდება მომთხოვნი მხარის მიერ მოქმედი იურიდიული წესების შესაბამისად.
3. დახმარების ჯგუფის წევრის მიერ განგებ უხეში დაუდევრობით მიყენებული ზარალი ანაზღაურდება დამხმარე მხარის მიერ, თუ ზარალის ფაქტი დამტკიცებულია მომთხოვნი მხარის სახელმწიფო სასამართლოს მიერ.
მუხლი 15
პირადი მონაცემების გადაცემა
პირადი მონაცემების გადაცემა სხვა მხარეებისათვის წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში განხორციელდება I-ლი დანართის შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს მოცემული შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 16
საერთაშორისო და სახელმწიფო ორგანიზაციებთან/ინსტიტუტებთან თანამშრომლობა
ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, შესაბამის მხარეებს შეუძლიათ მოიწვიონ დაინტერესებული საერთაშორისო და სახელმწიფო ორგანიზაციები/ინსტიტუტები, რათა მონაწილეობა მიიღონ წინამდებარე შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში.
მუხლი 17
ხელის მოწერა
წინამდებარე შეთანხმება ღიაა BSEC-ის ნებისმიერი წევრი-ქვეყნის მიერ ხელმოწერისათვის.
მუხლი 18
რატიფიცირება, მიღება, დამოწმება, დამტკიცება ან მიერთება
1. შეთანხმება ექვემდებარება რატიფიცირებას, მიღებას, დამოწმებას, დამტკიცებას ან შეერთებას, სარატიფიკაციო სიგელი და მიღების, დამოწმების, დამტკიცების ან შეერთების აქტები დეპონირებული იქნება წინამდებარე შეთანხმების დეპოზიტართან.
2. მოცემული შეთანხმების დეპოზიტარი იქნება რუსეთის ფედერაციის მთავრობა, რომელიც მიაწოდებს მხარეებს ზემოაღნიშნული დოკუმენტების დამოწმებულ ასლებს.
მუხლი 19
ძალაში შესვლა და მოქმედების ვადა
1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა სულ მცირე ექვსი სახელმწიფოს მიერ სარატიფიკაციო სიგელისა და მიღების, დამოწმების, დამტკიცების ან შეერთების აქტების დეპონირებისთანავე და დარჩება ძალაში განუსაზღვრელი ვადით.
2. თითოეული სახელმწიფოსათვის, რომელიც ახდენს მოცემული შეთანხმების რატიფიცირებას, მიღებას, დამოწმებას ან დამტკიცებას ან უერთდება ამ შეთანხმებას რატიფიკაციის, მიღების, დამოწმების, დამტკიცების ან შეერთების მეექვსე სიგელის დეპონირების შემდეგ, წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა ამ სახელმწიფოს მიერ რატიფიკაციის, მიღების, დამოწმების, დამტკიცების ან შეერთების საკუთარი სიგელების დეპონირების დღეს.
მუხლი 20
შეთანხმებიდან გამოსვლა
1. თითოეულ მხარეს შეუძლია გამოვიდეს წინამდებარე შეთანხმებიდან დეპოზიტორისათვის წერილობითი შეტყობინების მიწოდების გზით, რომელიც თავის მხრივ ამის შესახებ შეატყობინებს სხვა მხარეებს.
2. შეთანხმებიდან გამოსვლა განხორციელდება დეპოზიტორის მიერ მსგავსი შეტყობინების მიღების დღიდან ოთხმოცდამეათე დღეს.
3. ნებისმიერი მხარე, რომელსაც სურს გააუქმოს ამ შეთანხმებიდან გამოსვლის ადრინდელი განცხადება, მიაწოდებს დეპოზიტორს წერილობით შეტყობინებას. შეტყობინება განხორციელდება არაუგვიანეს ოცდაათი დღისა გამოსვლის შესახებ განცხადების წარდგენის შემდეგ.
მუხლი 21
შეთანხმებაში შესწორებების შეტანა
1. ნებისმიერ მხარეს შეუძლია შესთავაზოს წინამდებარე შეთანხმებაში შესწორებების შეტანა.
2. შესწორებების შეტანის შესახებ წინადადება წერილობით მიეწოდება მოცემული შეთანხმების მე-7 მუხლით გათვალისწინებულ უბედურ შემთხვევებზე მომუშავე ჯგუფს (კომიტეტს), რომელიც თავის მხრივ შეატყობინებს ამის შესახებ სხვა მხარეებს. ამასთან დაკავშირებული შემდეგი მისაღები ზომები დაზუსტდება უბედურ შემთხვევებზე მომუშავე ჯგუფის (კომიტეტის) მიერ, მხარეთა მიერ განსაზღვრული მანდატის შესაბამისად.
მუხლი 22
სხვა საერთაშორისო შეთანხმებებთან კავშირი
წინამდებარე შეთანხმება არ შეზღუდავს სხვა საერთაშორისო შეთანხმებებით გათვალისწინებულ მხარეთა უფლებებსა და ვალდებულებებს.
მუხლი 23
უთანხმოების დარეგულირება
ორ ან მეტი მხარეს შორის უთანხმოების შემთხვევაში წინამდებარე შეთანხმების ინტერპრეტაციასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით, დაინტერესებული მხარეები დაარეგულირებენ უთანხმოებას მოლაპარაკების გზით და, საჭიროებისამებრ, დიპლომატიური არხების მეშვეობით.
მუხლი 24
შეთანხმების ენა
წინამდებარე შეთანხმების ორიგინალის ტექსტი შესრულებულია ინგლისურ ენაზე.
ხელმოწერილია სოჩი, 1998 წლის 15 აპრილი.
ამის დასტურად, შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა ხელი მოვაწერეთ წინამდებარე შეთანხმებას.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობის სახელით |
ალბანეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით |
სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით |
ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით |
საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით |
საქართველოს მთავრობის სახელით |
მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობის სახელით |
რუსეთის ფედერაციის მთავრობის სახელით |
რუმინეთის მთავრობის სახელით |
უკრაინის მთავრობის სახელით |
დანართი I
პირადი მონაცემების გაცვლა
წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში და მხარეთა სახელმწიფოებში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პირადი მონაცემების გაცვლა მიმდინარეობს შემდეგი წესების თანახმად:
1. ადგილსამყოფელი მხარის მიერ მონაცემების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ წარმდგენი მხარის მიერ განსაზღვრული პირობებისა და მიზნების შესაბამისად.
2. ადგილსამყოფელი მხარე შეატყობინებს წარმდგენ მხარეს, მისი მოთხოვნისამებრ, ამ უკანასკნელის მიერ აღნიშნული პირადი მონაცემების გამოყენების წესებისა და მიღწეული შედეგების შესახებ.
3. პირადი მონაცემების მიმღები იქნება მხოლოდ კომპეტენტური ორგანო. პირადი მონაცემების ხელმეორე გაცვლა შესაძლებელია მხოლოდ წარმდგენი მხარის წერილობითი ნებართვის შემთხვევაში.
4. წარმდგენი მხარე ვალდებულია გადასცეს სწორი მონაცემები, რომლებიც შეესაბამება მისი გადაცემის მიზნებს, სათანადო სახელმწიფო წესების გათვალისწინებით. ადგილსამყოფელი მხარე, არასწორი ან საიდუმლო გრიფის მქონე მონაცემების გადაცემის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, ასწორებს უზუსტობას ან მთლიანად აუქმებს მონაცემებს.
5. ნებისმიერი პირი, რომელმა განიცადა ზარალი მის შესახებ პირადი მონაცემების გამო, სარგებლობს უფლებით მოითხოვოს სერტიფიკატი ამის შესახებ, მონაცემების გამოყენების მიზეზის წარდგენის შემდეგ. თუ საზოგადოებრივი ინტერესი პრევალირებს დაზარალებული პირის ინტერესს, იგი კარგავს ზემოაღნიშნულ უფლებას. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში ეს პირი სარგებლობს უფლებით მიიღოს სერტიფიკატი იმ ქვეყნის მოქმედი სახელმწიფო კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც განხორციელდა მოთხოვნა.
6. თუ წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში ინფორმაციის გადაცემა იწვევს რომელიმე პირის ფიზიკურ ან მორალურ ზარალს, ადგილსამყოფელი მხარე პასუხს აგებს თავისი სახელმწიფო კანონმდებლობის შესაბამისად. ფიზიკურად ან მორალურად დაზარალებულ პირთან (პირებთან) მიმართებაში, ადგილსამყოფელ მხარეს არა აქვს უფლება თავი აარიდოს პასუხისმგებლობას და გადასცეს პასუხისმგებლობა წარმდგენ მხარეს.
7. პირადი მონაცემების მოქმედების ვადის შესახებ შეატყობინებს წარმდგენი მხარე თავისი სახელმწიფო კანონმდებლობის თანახმად.
8. მხარეები ვალდებულნი არიან აწარმოონ შესული და გასული პირადი მონაცემების, როგორც ოფიციალური დოკუმენტების რეგისტრაცია.
9. მხარეები ვალდებული არიან დაიცვან პირადი მონაცემები, მათი სახელმწიფო კლასიფიკაციის შესაბამისად, ნებადაურთველი მისაწვდომობისაგან, ცვლილებების შეტანისა და გახმაურებისაგან.
დოკუმენტის კომენტარები