„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები პროექტის ავტორი
მიღების თარიღი 02/05/2017
დოკუმენტის ტიპი ნორმატიული აქტების პროექტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016404
  • Word
0
02/05/2017
ვებგვერდი, 02/05/2017
000000000.00.00.016404
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
პროექტის ავტორი

 პროექტი

 

საქართველოს კანონი

 

„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში

ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №1(8), 1999 წელი, მუხ. 1) პირველი მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სახელმწიფო ორგანოებს ან/და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებს, სადაც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა აღემატება 50%-ს, ეკრძალებათ ფინანსურ ინსტიტუტებში წილის ფლობა, გარდა „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 და 21 პუნქტებით დადგენილი გამონაკლისისა.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტიგ. მარგველაშვილი

 

 

 

 

 

განმარტებითი ბარათი

„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში

ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე

 

ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ

ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:

კანონპროექტის მიღების მიზეზია „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი, რომლის თანახმად, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სს საპარტნიორო ფონდი უფლებამოსილი იქნება დააფუძნოს ფინანსური ინსტიტუტი-ექსპორტის საკრედიტო სააგენტო.

ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:

კანონპროექტის მიზანია „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა რომ არ გავრცელდეს ექსპორტის საკრედიტო სააგენტოზე.

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:

„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სახელმწიფო ორგანოებს ან/და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებს, სადაც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა აღემატება 50%-ს, ეკრძალებათ ფინანსურ ინსტიტუტებში წილის ფლობა, რაც გადაულახავ ბარიერს ქმნის სს საპარტნიორო ფონდისთვის ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს დასაფუძნებლად.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, წინამდებარე კანონპროექტი, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონზე მითითებით ადგენს სს საპარტნიორო ფონდის საგამონაკლისო უფლებას, დააფუძნოს სადაზღვევო ორგანიზაცია - საქართველოს ექსპორტის საკრედიტო სააგენტო.

ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:

კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.

ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:

კანონპროექტის მიღებას გავლენა არ ქნება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.

ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:

კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს.

ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:

კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას.

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:

კანონპროექტს ფინანსური გავლენა არ ექნება იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:

კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას.

გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან 

გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.

გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.

გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს.

დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:

დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

ასეთი არ არსებობს

დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

ასეთი არ არსებობს.

ე) კანონპროექტის ავტორი:

კანონპროექტის ავტორია სს „საპარტნიორო ფონდი“ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

ვ) კანონპროექტის ინიციატორი:              

 კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.

 

 

„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება

 

მუხლი 1. გამოყენების სფერო

1. ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს აწესრიგებს ეს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები .

2. ამ კანონით არ განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფოს სახელით სამთავრობო ფასიანი ქაღალდების ემისიისა და საჯარო შეთავაზების, აგრეთვე ამ ფასიანი ქაღალდებით საფონდო ბირჟის გარეთ საბანკო ვაჭრობის წესები.

3. სახელმწიფო საკუთრების გასხვისების წესები განსაზღვრულია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით.

4. ეს კანონი აწესრიგებს ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებასა და მიმოქცევასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე საფონდო ბირჟების, ცენტრალური დეპოზიტარების, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების, საბროკერო კომპანიების, ბროკერებისა და საინვესტიციო ფონდების საქმიანობის წესებსა და პასუხისმგებლობას, აგრეთვე დამატებით მოთხოვნებს იმ საწარმოთა საქმიანობის წესისა და პასუხისმგებლობის მიმართ, რომელთა ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება და გაყიდვაც ხორციელდება.

5. საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებანი განისაზღვრება ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით.

6. ფინანსური ინსტიტუტები (გარდა კომერციული ბანკებისა) უფლებამოსილი არიან, განვითარებული ქვეყნების შესაბამისი ორგანოების მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, საქართველოს ტერიტორიაზე დამატებითი უფლებამოსილების მინიჭების გარეშე განახორციელონ თავიანთი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

7. საფონდო ბირჟებისა და ცენტრალური დეპოზიტარების საქმიანობა ეფუძნება თვითრეგულირების პრინციპს, რომლის მიხედვითაც, ისინი თვითონ არეგულირებენ თავიანთ საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

8. სახელმწიფო ორგანოებს ან/და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებს, სადაც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა აღემატება 50%-ს, ეკრძალებათ ფინანსურ ინსტიტუტებში წილის ფლობა.