დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სამოქალაქო აეროპორტებში მგზავრთა გადაყვანისა და ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ავიარეისების ორგანიზებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 776 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/04/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/05/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023582 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №776
2017 წლის 19 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს სამოქალაქო აეროპორტებში მგზავრთა გადაყვანისა და ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ავიარეისების ორგანიზებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
1. თბილისის, ბათუმის, მესტიის, ამბროლაურის, ქუთაისისა და ნებისმიერი სხვა ადგილობრივი დანიშნულების ადგილის მიმართულებით და პირიქით, მგზავრთა საჰაერო გადაყვანის ორგანიზების უზრუნველსაყოფად, ასევე ქვეყანაში ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, ეთხოვოს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“, უზრუნველყოს შესაბამისი ავიარეისების ორგანიზება, რისთვისაც განახორციელოს ავიარეისების შესრულების მომსახურების შესყიდვა ტენდერის მეშვეობით, შემდეგი ძირითადი პირობების დაცვით:
ა) საფრენი აპარატის ტიპი:
მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს 2 საჰაერო ხომალდით:
საშუალო ზომის (არანაკლებ 30-ადგილიანი) საჰაერო ხომალდით;
მცირე ზომის (არანაკლებ 15-ადგილიანი) საჰაერო ხომალდით;
საჰაერო ხომალდი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი აეროპორტების საექსპლუატაციო პირობებს ნებისმიერ საფრენოსნო სეზონზე/წლის ნებისმიერ დროს;
ბ) გარანტირებულად შესყიდული ფრენა-საათების ოდენობა:
მცირე ზომის საჰაერო ხომალდისთვის 3 წლის მანძილზე არაუმეტეს 2808 ფრენა-საათისა;
საშუალო ზომის საჰაერო ხომალდისთვის 3 წლის მანძილზე არაუმეტეს 1692 ფრენა-საათისა;
გ) ყოველთვიური მომსახურების ღირებულება:
არაუმეტეს 125 000 აშშ დოლარისა, დღგ-ის გარეშე;
დ) ხელშეკრულების ვადა:
3 წელი;
ე) წინასწარი ანგარიშსწორება:
წინასწარი ანგარიშსწორება უნდა იყოს არა უმეტეს ყოველთვიური გადასახადის ექვსმაგი ოდენობისა, საიდანაც არაუმეტეს ნახევარი ჩაითვლება პირველი თვეების მომსახურების ღირებულებაში, ხოლო დარჩენილი კი ბოლო თვეების ღირებულებაში.
2. პრეტენდენტი შეიძლება იყოს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მოწმობის მქონე რეზიდენტი ან არარეზიდენტი პირი.
3. ხელშეკრულებით განსაზღვრული ფასის ნაწილი დაფარულ იქნეს ავიაბილეთების რეალიზაციით მიღებული შემოსავლით, ხოლო დანარჩენი თანხის დაფინანსება უზრუნველყოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისთვის“ თანხის გამოყოფის გზით, სუბსიდიის მიზნით.
4. ამ განკარგულების მე-3 პუნქტით განსაზღვრული, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისთვის“ გათვალისწინებული სუბსიდიის უზრუნველყოფა დაევალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში (პროგრამული კოდი: 24 01 05).
5. ეთხოვოს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“, ამ განკარგულების პირველ პუნქტში მოცემული პირობების ფარგლებში ტენდერისათვის შეიმუშაოს დეტალური ტექნიკური დავალება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით.
6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები