ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრების კომუნიკაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგიის 2017-2020 წლებისთვის დამტკიცების თაობაზე

  • Word
ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრების კომუნიკაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგიის 2017-2020 წლებისთვის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 765
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/04/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/04/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023559
  • Word
765
13/04/2017
ვებგვერდი, 28/04/2017
000000000.00.003.023559
ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრების კომუნიკაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგიის 2017-2020 წლებისთვის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №765

2017 წლის 13 აპრილი

ქ. თბილისი

ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრების კომუნიკაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგიის 2017-2020 წლებისთვის

დამტკიცების თაობაზე

 

    1. ევროკავშირსა და ნატოში გაწევრებისადმი საქართველოს მოსახლეობის მაღალი და გაცნობიერებული მხარდაჭერის ხელშეწყობის, ასევე საქართველოს გაწევრების მიმართ ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნების მხარდაჭერის გაზრდის მიზნით, დამტკიცდეს ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრების კომუნიკაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგია 2017-2020 წლებისთვის (შემდგომში − სტრატეგია).

    2. დაევალოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს, დამტკიცებული სტრატეგიის შესაბამისად, სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობის საფუძველზე, ყოველწლიური სამოქმედო გეგმის მომზადება.

    3. დაევალოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს სტრატეგიისა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმის განხორციელების კოორდინაცია.

    4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგიის 2014-2017 წლებისთვის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 6 სექტემბრის №1237 განკარგულება.

    5. განკარგულება ძალაშია 2017 წლის 1 იანვრიდან.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                             გიორგი კვირიკაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი

ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრების კომუნიკაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგია 2017-2020 წლებისთვის

შესავალი

 

ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრება წარმოადგენს ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტს, რასაც მტკიცედ უჭერს მხარს ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა. საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნებაა, ქვეყანამ დაიმკვიდროს სრულფასოვანი ადგილი საერთო ცივილიზაციისა და ღირებულებების მქონე ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში, მოქალაქეებმა იცხოვრონ გარე საფრთხეებისგან დაცულ, განვითარებულ, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებზე დაფუძნებულ სახელმწიფოში.

„საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 29 დეკემბრის რეზოლუციის თანახმად, საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრება ქვეყნის უალტერნატივო პრიორიტეტია. საგარეო პოლიტიკური ამოცანების განხორციელებისას განსაკუთრებული ძალისხმევა მიმართული იქნება ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტიური სტრატეგიული კომუნიკაციის წარმართვისკენ, რაც უზრუნველყოფს საზოგადოებაში ქვეყნის დასავლური კურსის მიმართ მაღალი და გაცნობიერებული მხარდაჭერის შენარჩუნებას.

საქართველოს საგარეო პოლიტიკური ამოცანების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, ასევე საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის შესაბამისად, შემუშავდა ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრების კომუნიკაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგია. ამ დოკუმენტში გაწერილია ევროკავშირსა და ნატოში გაწევრების პროცესისადმი ქვეყნის მოქალაქეების მაღალი მხარდაჭერის უზრუნველყოფის ხელშეწყობისთვის აუცილებელი გზები და საშუალებები, ასევე მათ განხორციელებაზე პასუხისმგებელი შესაბამისი სახელმწიფო უწყებების როლი და ფუნქციები. ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრების საკითხებზე სტრატეგიული კომუნიკაცია ხორციელდება ამ სტრატეგიისა და მის მიხედვით შემუშავებული სამოქმედო გეგმის საფუძველზე.

თავი 1. სტრატეგიული გარემო

2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დროს აქტიურად იქნა გამოყენებული ჰიბრიდული ომის სხვადასხვა ელემენტი, მათ შორის, პროპაგანდისტული საინფორმაციო კამპანია და კიბერშეტევები. 2014 წელს რუსეთის ფედერაციამ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისას კიდევ უფრო გააძლიერა პროპაგანდა და დეზინფორმაცია.

რუსეთი განაგრძობს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ მიმართულ ქმედებებს და აქტიურად ეწევა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრების ხელისშემშლელ პროპაგანდას. ამის გარდა, რუსეთის ფედერაციის მიერ გრძელდება საინფორმაციო ომი საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა სახელმწიფოებში, ასევე ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებში, რითაც საფრთხე ექმნება ევროპულ და ევროატლანტიკურ ერთიანობას. რუსეთის ფედერაციის პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული კამპანია მიზნად ისახავს აღნიშნულ ქვეყნებში საზოგადოების ერთიანობის შესუსტებას, დასავლური ღირებულებების დისკრედიტაციას და ევროკავშირისა და ნატოსადმი მხარდაჭერის შემცირებას.

რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულმა აგრესიულმა ქმედებამ დასავლეთის ქვეყნები საპასუხო ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობის წინაშე დააყენა. დღის წესრიგში დადგა აქტიური სტრატეგიული კომუნიკაციის განხორციელება, რისთვისაც მოხდა როგორც საკანონმდებლო ბაზის დახვეწა შესაბამისი კანონებისა და რეზოლუციების მიღებით, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების სტრატეგიული კომუნიკაციის შესაძლებლობის განვითარება.

2014 წელს ქალაქ რიგაში დაარსდა ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრი. 2015 წელს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ალიანსმა ჰიბრიდულ ომზე ახალი სტრატეგია დაამტკიცა. 2015 წელს ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში შეიქმნა აღმოსავლეთის სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალური ჯგუფი და დამტკიცდა ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციის სამოქმედო გეგმა. 2016 წლის ნოემბერში ევროპული პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა რეზოლუცია პროპაგანდის საწინააღმდეგო სტრატეგიული კომუნიკაციის შესახებ, რომელშიც ხაზგასმულია რუსული პროპაგანდის ძლიერი გავლენა ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნებზე.

საქართველოს მთავრობამ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე სტრატეგიული კომუნიკაცია ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადა. 2013 წელს დამტკიცდა საქართველოს მთავრობის 2014-2017 წლების სტრატეგია ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესახებ. 2015 წლიდან სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში შეიქმნა სტრატეგიული კომუნიკაციის სტრუქტურული ერთეულები და გაძლიერდა სსიპ − საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ შესაძლებლობები.

თავი 2. მიზნები, ამოცანები და მიდგომები

სტრატეგიის მიზნებია:

ევროკავშირსა და ნატოში გაწევრებისადმი საქართველოს მოსახლეობის მაღალი და გაცნობიერებული მხარდაჭერის ხელშეწყობა. ასევე საქართველოს გაწევრების მიმართ ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნების მხარდაჭერის გაზრდა.

სტრატეგიის ამოცანებია:

1. საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრების უპირატესობის, სარგებლისა და შესაძლებლობის წარმოჩენა ქვეყნის მოსახლეობისთვის მარტივად გასაგები, ობიექტური ინფორმაციის რეგულარული მიწოდებით და მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით.

2. საერთო დასავლური ღირებულებების შესახებ საქართველოს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.

3. სახელმწიფოს მიერ მოსახლეობისთვის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში გატარებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ობიექტური და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება.

4. საზოგადოებაში ევროკავშირსა და ნატოში გაწევრებასთან დაკავშირებული მოლოდინის მართვა.

5. მოსახლეობაზე ანტიდასავლური პროპაგანდის ზეგავლენის პრევენცია და შემცირება.

6. ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებში საქართველოს, როგორც ევროპული, დემოკრატიული ქვეყნის წარმოჩენა, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

7. ევროკავშირისა და ნატოს ინსტიტუტებსა და წევრ ქვეყნებში საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

სტრატეგიის მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე გამოიყენება შემდეგი მიდგომები:

1. სტრატეგიის აქტივობების შემუშავება-დაგეგმვა, განხორციელება, მონიტორინგი და კორექტირება ხდება ერთიანი სამთავრობო მიდგომის საფუძველზე.

2. სტრატეგიის მიზნების მიღწევა და ამოცანების შესრულება ხორციელდება ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებში საქართველოს გაწევრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე კვლევების შედეგების, ძირითადი არასწორი აღქმებისა და საზოგადოებაში არსებული ინფორმაციის ნაკლებობის ანალიზის საფუძველზე.

3. სამიზნე ჯგუფებისა და ქვეყნების იდენტიფიცირება და პრიორიტეტიზაცია ხდება საზოგადოებრივი აზრის კვლევების, ექვსთვიანი და წლიური ანგარიშების ანალიზის საფუძველზე.

4. ევროკავშირსა და ნატოში გაწევრების საკითხებზე სტრატეგიული კომუნიკაციის პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა.

5. სტრატეგიის ეფექტიანი განხორციელების უზრუნველსაყოფად, საჭიროებისამებრ ხდება ლობისტური ჯგუფების, კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მომსახურების გამოყენება.

6. სტრატეგიის მიზნებისა და ამოცანების განხორციელების ეფექტიანობა ფასდება ექვსთვიანი და წლიური ანგარიშებისა და საზოგადოებრივი აზრის კვლევ ების ანალიზის საფუძველზე.

7. სახელმწიფო უწყებებში სტრატეგიის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლების შესაძლებლობების გაძლიერების უზრუნველყოფა ხდება რეგულარულად.

 

თავი 3. ძირითადი გზავნილები

ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე შესაბამისი გზავნილების შემუშავება როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე ხორციელდება: საზოგადოებრივი აზრის კვლევების შედეგების, სამიზნე ჯგუფების ანალიზის, ძირითადი არასწორი აღქმისა და საზოგადოებაში არსებული ინფორმაციის ნაკლებობის, ასევე სამოქმედო გეგმის ანგარიშის ანალიზის საფუძველზე.

სტრატეგიული კომუნიკაცია ხორციელდება შემდეგი ძირითადი გზავნილების საფუძველზე:

ეროვნულ დონეზე:

      ევროკავშირსა და ნატოში გაწევრების პროცესში მიმდინარე, განხორციელებული და დაგეგმილი კომპლექსური და ფართომასშტაბიანი რეფორმები აძლიერებს საქართველოს სახელმწიფოებრიობასა და თავდაცვისუნარიანობას;

საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრების პროცესი ხელს უწყობს ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის საჭირო უსაფრთხო და კონკურენტული გარემოს შექმნას;

საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრების პროცესი უზრუნველყოფს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, საერთო ღირებულებებისა და კულტურული მრავალფეროვნების დაცვას, მოქალაქეთა თავისუფალ გადაადგილებას;

საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრების პროცესი ხელს უწყობს უცხოური ინვესტიციების ზრდას, უმუშევრობის შემცირებასა და საქართველოს თითოეული მოქალაქის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.

 

საერთაშორისო დონეზე:

საქართველოს, როგორც ევროპული კულტურისა და ღირებულებების მატარებელ ერთ-ერთ უძველეს ქრისტიანულ და ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყანას, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში;

საქართველო წარმოადგენს დემოკრატიული განვითარების წარმატებულ მაგალითს ევროკავშირისა და ნატოს აღმოსავლეთ სამეზობლოში;

 ევროკავშირსა და ნატოში გაწევრება ხელს შეუწყობს საქართველოში დემოკრატიის სწრაფ კონსოლიდაციას და რეგიონში დემოკრატიული პროცესების განვითარებისკენ სწრაფვას;

საქართველო სანდო პარტნიორია, წარმოადგენს მნიშვნელოვან სატრანზიტო დერეფანს, რომელიც, მათ შორის, ხელს უწყობს ევროპის ენერგოუსაფრთხოებას.

თავი 4. განხორციელების მექანიზმები

ინსტიტუციური ჩარჩო

ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე სტრატეგიული კომუნიკაციის ზოგად კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.

ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრების საკითხზე სტრატეგიული კომუნიკაციის პოლიტიკის მაკოორდინირებელი უმაღლესი სამთავრობო ორგანოებია საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კომისია და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისია.

2017-2020 წლების ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრების კომუნიკაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგიის განხორციელებას საერთო კოორდინაციას უწევს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი (შემდგომში − სახელმწიფო მინისტრის აპარატი).

სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში საერთაშორისო დონეზე გათვალისწინებულ აქტივობებს კოორდინაციას უწევს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში თავდაცვის საკითხებზე გათვალისწინებულ აქტივობებს კოორდინაციას უწევს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

სახელმწიფო მინისტრის აპარატი პასუხისმგებელია სტრატეგიის ყოველწლიური სამოქმედო გეგმებისა და მისი შესრულების ექვსთვიანი და წლიური ანგარიშების შემუშავებაზე. სახელმწიფო მინისტრის აპარატი სამოქმედო გეგმის პროექტთან, ექვსთვიან და წლიურ ანგარიშებთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან არსებულ სამოქალაქო საზოგადოების ექსპერტთა ჯგუფთან, რომელიც შედგება ევროკავშირსა და ნატოს საკითხებზე შესაბამისი კომპეტენციის მქონე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან. სახელმწიფო მინისტრის აპარატი დოკუმენტს დასამტკიცებლად წარუდგენს ნატოში ინტეგრაციის კომისიასა და ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიას.

საქართველოს პარლამენტი მონიტორინგს უწევს სტრატეგიის განხორციელებას ექვსთვიანი და წლიური ანგარიშების საფუძველზე.

სტრატეგიის სამოქმედო გეგმის აქტივობების ეფექტიანი შემუშავება-დაგეგმვის, მონიტორინგისა და კორექტირებისთვის სახელმწიფო მინისტრის აპარატი პასუხისმგებელია, წელიწადში 2-ჯერ ეროვნულ დონეზე საზოგადოებრივი აზრის კვლევების ჩატარებაზე. კვლევების შედეგების საფუძველზე სახელმწიფო მინისტრის აპარატი შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს და წარუდგენს სტრატეგიული კომუნიკაციის უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფს. სამუშაო ჯგუფი შედგება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის კომუნიკაციის დეპარტამენტის, სამთავრობო უწყებების შესაბამისი სამსახურების, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის, სსიპ − საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ და პარლამენტის წარმომადგენლებისგან.

სახელმწიფო მინისტრის აპარატი განსაზღვრავს სტრატეგიის განხორციელების ყოველწლიური სამოქმედო გეგმის სტრუქტურას, რომელიც უზრუნველყოფს სტრატეგიის მიზნებისა და პრიორიტეტების ეფექტიან დაგეგმვასა და განხორციელებას.

სტრატეგიის წლიური სამოქმედო გეგმა, ასევე ექვსთვიანი და წლიური ანგარიშები საჯაროა, გარდა იმ ღონისძიებებისა, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის მიზნით მიჩნეულია სახელმწიფო საიდუმლოებად.

 

კომუნიკაციის არხები და ფორმები

სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ეფექტიანი განხორციელების კომუნიკაციის არხები და ფორმებია: ტელევიზია, რადიო, ინტერნეტი, ბეჭდური მედია, სოციალური ქსელები, საზოგადოებრივი ღონისძიებები, სემინარები და კონფერენციები, საწვრთნელი მოდულები, საინფორმაციო შეხვედრები, ოფიციალური შეხვედრები, პირადი კონტაქტები და სხვა.

თავი 5. ძირითადი სამიზნე აუდიტორიები

სტრატეგია მიმართულია შიდა და საერთაშორისო აუდიტორიის დაფარვაზე. შიდა აუდიტორიაში იგულისხმება საქართველოს მოსახლეობა, ხოლო საერთაშორისო აუდიტორია მოიცავს ევროკავშირის/ნატოს წევრი ქვეყნების მოსახლეობას.

სტრატეგიის სამოქმედო გეგმის სამიზნე ჯგუფების იდენტიფიცირება და პრიორიტეტულობის განსაზღვრა ხდება ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ყოველწლიური საზოგადოებრივი აზრის კვლევების შედეგების, ძირითადი არასწორი აღქმისა და საზოგადოებაში არსებული ინფორმაციის ნაკლებობის, სამოქმედო გეგმის ექვსთვიანი და წლიური ანგარიშების ანალიზის საფუძველზე.

თავი 6. პარტნიორები

სტარეტეგიის განხორციელების პროცესში, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე პარტნიორებად მოიაზრებიან:

ეროვნული დონე − პარლამენტი, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები, კერძო სექტორის წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოება, შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისი, ნატოსა და ევროკავშირის წევრი და კანდიდატი/ასპირანტი ქვეყნების დიპლომატიური მისიები, საერთაშორისო ორგანიზაციები, მედია და სხვა.

საერთაშორისო დონე − ნატოსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობები და პარლამენტები, ნატოსა და ევროკავშირის ინსტიტუტები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ფონდები, ქართული დიასპორული და სტუდენტური ორგანიზაციები საზღვარგარეთ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და სხვა.

თავი 7. დაფინანსება

სტრატეგიის განსახორციელებლად საჭირო ფინანსური რესურსების მოცულობა განისაზღვრება ყოველწლიური სამოქმედო გეგმის საფუძველზე და დაიფარება შემდეგი წყაროებიდან: სახელმწიფო ბიუჯეტი, ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა წყაროები.

სტრატეგიის განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყებების წლიურ ბიუჯეტში გათვალისწინებულია სამოქმედო გეგმის ფარგლებში ჩასატარებელი აქტივობების სათანადო დაფინანსება.

დასკვნა

სტრატეგია წარმოადგენს 4 წელზე გათვლილ საჯარო დოკუმენტს, რომელიც ემსახურება ევროკავშირსა და ნატოში გაწევრებისადმი საქართველოს მოსახლეობის მაღალი და გაცნობიერებული მხარდაჭერის ხელშეწყობას. ასევე საქართველოს გაწევრების მიმართ ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხარდაჭერის გაზრდას. სტრატეგია განსაზღვრავს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრების საკითხებზე სამთავრობო სტრატეგიული კომუნიკაციის პოლიტიკას როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.

სტრატეგიაში განსაზღვრულია მიზნები, ამოცანები, მიდგომები, ასევე ძირითადი გზავნილები ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, განხორციელების მექანიზმები, პარტნიორები და დაფინანსების წყაროები.