„საქართველოს სამოქალაქო აეროდრომებზე ველური ბუნების წარმომადგენლების მიერ შექმნილი საფრთხეების შემცირებისა და მართვის წესის“ დამტკიცების შესახებ

„საქართველოს სამოქალაქო აეროდრომებზე ველური ბუნების წარმომადგენლების მიერ შექმნილი საფრთხეების შემცირებისა და მართვის წესის“ დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 56
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 01/05/2017
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/05/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 24/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 310050020.54.066.016112
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
56
01/05/2017
ვებგვერდი, 02/05/2017
310050020.54.066.016112
„საქართველოს სამოქალაქო აეროდრომებზე ველური ბუნების წარმომადგენლების მიერ შექმნილი საფრთხეების შემცირებისა და მართვის წესის“ დამტკიცების შესახებ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (02/05/2017 - 23/12/2021)

 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №56

2017 წლის 1 მაისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სამოქალაქო აეროდრომებზე ველური ბუნების წარმომადგენლების მიერ შექმნილი საფრთხეების შემცირებისა და მართვის წესის“ დამტკიცების შესახებ

საქართველოს საჰაერო კოდექსის მე-9 მუხლის, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-14 დანართის, ICAO-ს ოფიციალური გამოცემის DOC-9137 („სააეროპორტო სამსახურების სახელმძღვანელო“) მოთხოვნების შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს სამოქალაქო აეროდრომებზე ველური ბუნების წარმომადგენლების მიერ შექმნილი საფრთხეების შემცირებისა და მართვის წესი“.
მუხლი 2
„საქართველოს სამოქალაქო აეროდრომებზე ველური ბუნების წარმომადგენლების მიერ შექმნილი საფრთხეების შემცირებისა და მართვის წესი“ ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, გარდა მე-3 მუხლის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებისა.
მუხლი 3
„საქართველოს სამოქალაქო აეროდრომებზე ველური ბუნების წარმომადგენლების მიერ შექმნილი საფრთხეების შემცირებისა და მართვის წესის“ მე-3 მუხლის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2017 წლის 1 სექტემბრიდან.  

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგურამ ჯალაღონია



საქართველოს სამოქალაქო აეროდრომებზე ველური ბუნების წარმომადგენლების

მიერ შექმნილი საფრთხეების შემცირებისა და მართვის წესი


მუხლი 1. წესის მიზანი და მოქმედების სფერო
1. „საქართველოს სამოქალაქო აეროდრომებზე ველური ბუნების წარმომადგენლების მიერ შექმნილი საფრთხეების შემცირებისა და მართვის წესის“ (შემდგომ – წესი) მიზანია, უზრუნველყოს საქართველოს სამოქალაქო აეროდრომებზე ფრენის უსაფრთხოება, აეროდრომის ტერიტორიაზე და მის შემოგარენში ველური ბუნების წარმომადგენლების მიერ შექმნილი საფრთხეების და მასთან დაკავშირებული რისკების შემცირებით.

2. წესი ვრცელდება სერტიფიცირებული სამოქალაქო აეროდრომების ექსპლუატანტებზე.


მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
წესში გამოყენებულ ტერმინებს, ამ  წესის მიზნებისათვის, აქვს შემდეგი მნიშვნელობა:  

ა) აეროდრომის შემოგარენი – აეროდრომის საკონტროლო წერტილიდან მიმდებარე ტერიტორია 13 კმ. რადიუსის ფარგლებში;

ბ) ველური ბუნების წარმომადგენლები – ფრინველები, ძუძუმწოვრები, მათ შორის ღამურები, მღრღნელები, რომლებმაც შეიძლება პოტენციური საფრთხე შეუქმნან საჰაერო ხომალდის ფრენის უსაფრთხოებას;

გ) ველური ბუნების წარმომადგენლების მნიშვნელოვანი აქტიურობა – აეროდრომზე და აეროდრომის შემოგარენში, საჰაერო ხომალდთან ველური ბუნების წარმომადგენლების ხუთი და მეტი შეჯახება კალენდარული წლის განმავლობაში;

დ) ნოტამი – შეტყობინება მომსახურების, წესების, საფრთხის, აგრეთვე სააერნაოსნო საშუალებების მდგომარეობის, ცვლილებებისა და მწყობრში შეყვანის შესახებ;

ე) რისკი – ველური ბუნების წარმომადგენლების საჰაერო ხომალდთან შეჯახების ალბათობით გამოწვეული  შედეგები;

ვ) საფრთხე – ველური ბუნების წარმომადგენლების მიერ გამოწვეული ნებისმიერი მდგომარეობა, მოვლენა ან გარემოება, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს საავიაციო შემთხვევამ;

ზ) უსაფრთხოების მართვის სისტემა – „უსაფრთხოების მართვის სისტემის ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 29 დეკემბრის №206 ბრძანებით განსაზღვრული სისტემა;

თ) შეჯახება – ველური ბუნების წარმომადგენლ(ებ)ის შეჯახება მოძრაობაში მყოფ საჰაერო ხომალდთან.


მუხლი 3. აეროდრომის ექსპლუატანტის ვალდებულებები
აეროდრომის ექსპლუატანტი ვალდებულია:  

ა) იმ აეროდრომებზე, სადაც დადგენილია ველური ბუნების წარმომადგენლების მნიშვნელოვანი აქტიურობა:

ა.ა) საწარმოს უსაფრთხოების მართვის სისტემის ფარგლებში შეიმუშაოს, დანერგოს და განახორციელოს ველური ბუნებით გამოწვეული რისკების მართვის პროგრამა;

ა.ბ) შექმნას ველური ბუნების მართვის კომიტეტი (შემდგომ – კომიტეტი);

ბ) უზრუნველყოს ველური ბუნების წარმომადგენლების მიერ გამოწვეული საფრთხეებისა და რისკების მართვის პროცესში ჩართული პერსონალის მომზადება ამ წესის შესაბამისად, შესაბამისი პროგრამის მიხედვით;

გ) იქონიოს ველური ბუნების მართვისათვის საჭირო აღჭურვილობა და შესაბამისი აღჭურვილობის ეფექტურობის დასადგენად ყოველწლიურად განახორციელოს მათი სრული შემოწმება;

დ) დანიშნოს ველური ბუნების წარმომადგენლების მიერ შექმნილი რისკების შემცირებისა და მართვის საკითხებში შესაბამისი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონე პასუხისგებელი პირი – კოორდინატორი;

ე)  უზრუნველყოს აეროდრომზე და მის შემოგარენში რისკების შეფასება და შეიმუშაოს რისკების შემცირების ღონისძიებები;

ვ) განახორციელოს:

ვ.ა) საფრთხეების ამოცნობა;

ვ.ბ) შეჯახების ჩანაწერების ანალიზი, რათა განისაზღვროს, სეზონურად დროის რომელ პერიოდში, რა რაოდენობის და რომელი სახეობის ველური ბუნების წარმომადგენელი  შეეჯახა საჰაერო ხომალდს;

ვ.გ) ველური ბუნების წარმომადგენლების იმ სახეობების შესწავლა, რომელიც მეტ ზიანს  აყენებს საჰაერო ხომალდს შეჯახებისას (მაგ, ფრინველთა მცირე და დიდი ზომის გუნდები, შედარებით დიდი ზომისა და წონის სახეობები, განსაკუთრებით წყლის ფრინველები);

ვ.დ) რისკის შეფასების მეთოდოლოგიის გადახედვა და მუდმივი გაუმჯობესება.

ზ) შეისწავლოს აეროდრომსა და მის შემოგარენში ველური ბუნების წარმომადგენლების ადგილსამყოფელისა და გადაადგილების ზუსტი ტრაექტორია, გააკეთოს შესაბამისი ჩანაწერები, გამოიყენოს ყველა ხელმისაწვდომი რესურსი ეფექტური შედეგის მისაღწევად და მხოლოდ ამის შემდეგ განახორციელოს რისკის შეფასება;

თ) აწარმოოს ველური ბუნების წარმომადგენლებზე ყოველდღიური დაკვირვების ჩანაწერთა სისტემა;

ი) საჭიროებიდან გამომდინარე, პროცედურებით განსაზღვროს, ველური ბუნების აქტიურობაზე დაკვირვების პერიოდი და შუალედები, აგრეთვე, ის მინიმალური ინფორმაცია, რომელიც უნდა შეაგროვოს ველური ბუნების აქტიურობის დაკვირვებაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა.

კ) უზრუნველყოს აეროდროდრომზე და მის შემოგარენში ველური ბუნების წარმომადგენლების თავშეყრის, მიგრაციისა და მგრძნობიარე ფაუნის არეების შესახებ სათანადო ინფორმაციის მიწოდება სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურისათვის ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში გამოქვეყნების მიზნით; 

ლ) იმ აეროდრომებზე, სადაც ველური ბუნების წარმომადგენლები, შეფასების ან/და საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე საფრთხეს წარმოადგენენ საჰაერო ხომალდებისათვის, აგრეთვე აეროდრომის შემოგარენში ველური ბუნების წარმომადგენლების აქტიურობის მნიშვნელოვანი ზრდის ან თავშეყრის შემთხვევაში, სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურს მიაწოდოს განაცხადი გამაფრთხილებელი მითითებებით (საჭიროების შემთხვევაში) – ნოტამის გამოცემის მიზნით;

მ) ყოველი მომდევნო წლის დასაწყისში, კოორდინატორის მიერ მომზადებული ინფორმაცია – ველური ბუნების წარმომადგენლების მიერ გამოწვეული საფრთხეების შესახებ,  წარუდგინოს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო), ინფორმირების მიზნით.


მუხლი 4. ველური ბუნების მართვის კომიტეტი და კოორდინატორი
1. ველური ბუნების მართვის კომიტეტი იქმნება იმ აეროდრომებზე, სადაც დადგენილია ველური ბუნების წარმომადგენლების მნიშვნელოვანი აქტიურობა.

2. ველური ბუნების მართვის კომიტეტი იქმნება დაინტერესებულ მხარეებთან კოორდინაციის გაძლიერებისა და კვალიფიციური პერსონალის ჩართულობის მიზნით. ველური ბუნების მართვის კომიტეტში მოწვეულნი უნდა იქნწნ საჰაერო მოძრაობის მართვის სამსახურის, საქართველოში რეგისტრირებული ავიაკომპანიების, საავიაციო უშიშროების სამსახურების წარმომადგენლები და სხვა იმ უწყებების/ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელთა ჩართულობასაც მიზანშეწონილად მიიჩნევს აეროდრომის ექსპლუატანტი.

3. ველური ბუნების მართვის კომიტეტი აანალიზებს შეჯახების შესახებ მიღებულ ინფორმაციას, ველურ ბუნებაზე დაკვირვების მონაცემებს, აფასებს ველურ ბუნებასთან დაკავშირებულ რისკებს და ადგენს რეკომენდაციებს, ეფექტური კონტროლის მიზნით.

4. კოორდინატორი არის ველური ბუნების წარმომადგენლების მიერ შექმნილი რისკების შემცირებისა და მართვის საკითხებში შესაბამისი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონე პასუხისგებელი პირი.

5. კოორდინატორი ვალდებულია:

ა) შეაგროვოს და გაანალიზოს ინფორმაცია ველური ბუნების წარმომადგენლების მიერ გამოწვეული საფრთხეების შესახებ და ყოველი მომდევნო წლის დასაწყისში წარუდგინოს აეროდრომზე ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირებს;

ბ) აეროდრომზე და მის შემოგარენში ველური ბუნების წარმომადგენლების გააქტიურების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გადასცეს ინფორმაცია სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს შესაბამის სამსახურს;

გ) მუდმივად ადევნოს თვალყური ველური ბუნების წარმომადგენლების აქტიურობაზე გაკეთებულ ჩანაწერებს, მომავალი ქმედებების განსაზღვრის მიზნით. 


მუხლი 5. ველური ბუნებით გამოწვეული რისკების მართვის პროგრამა  
1. ველური ბუნებით გამოწვეული რისკების მართვის პროგრამა (შემდგომ – პროგრამა) არის აეროდრომის ექსპლუატაციის სახელმძღვანელოს ნაწილი, რომელშიც აღწერილია აეროდრომზე და მის შემოგარენში ველური ბუნების წარმომადგენლების მიერ გამოწვეული რისკების მართვის პროცედურები, ღონისძიებები, გეგმები, სქემები, ურთიერთქმედებების მექანიზმები შეჯახების შემცირების მიზნით.

2. პროგრამა უნდა მოიცავდეს:

ა) დეტალურ მონაცემებს პროგრამის დანერგვაზე პასუხისმგებელი პირების შესახებ;

ბ) დეტალურ ინფორმაციას რისკების შეფასების მეთოდებზე და რისკების შემცირების ზომებზე;

გ) რისკების შემცირების პროცედურებს;

დ) აეროდრომზე ველური ბუნების ეფექტურად მართვის პროცესებს;

ე) ინფორმაციას კონტროლის ზომების გამოყენების თაობაზე;

ვ) ინფორმაციას ჩანაწერების წარმოების შესახებ;

ზ) შეჯახების შესახებ შეტყობინების ჩაწერისა და ანალიზის შესახებ ინფორმაციას;

თ) ველური ბუნების წარმომადგენლების სახეობების რეგისტრაციის, მათზე დაკვირვებისა და შემდგომი მონაცემების ანალიზის შესახებ ინფორმაციას;

ი) შებინდებისას და ცუდი ხილვადობის პირობებში ველური ბუნების კონტროლის პოლიტიკის შესახებ ინფორმაციას;

კ) აეროდრომის საკონტროლო წერტილიდან 13 კმ-ის რადიუსში ველური ბუნების წარმომადგენლების აქტიურობაზე დაკვირვების/მონიტორინგის მეთოდებს.

3. პროგრამაში მკაფიოდ უნდა განისაზღვროს კოორდინატორის და აეროდრომის უსაფრთხო ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი ხელმძღვანელი პირ(ებ)ის ვალდებულებები.

4. პროგრამა, აგრეთვე მასში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება და დამატება ექვემდებარება   სააგენტოსთან შეთანხმებას.

5. პროგრამა დაუყოვნებლივ ექვემდებარება გადახედვას შემდეგ შემთხვევებში:

ა) ერთ საჰაერო ხომალდზე ერთი კონკრეტული ფრენის დროს, დაფიქსირდა ველური ბუნების წარმომადგენლის რამდენიმე შეჯახება;

ბ) საჰაერო ხომალდმა, ველური ბუნების წარმომადგენლებთან შეჯახებისას მიიღო მნიშვნელოვანი დაზიანებები;  

გ) ველური ბუნების წარმომადგენლების რაოდენობის მატების, პერიოდული მიგრაციის და სხვა  ფაქტობრივი გარემოებების ცვლილებების შემთხვევაში. 


მუხლი 6. პროგრამის ინტეგრაცია უსაფრთხოების მართვის სისტემაში
1. საფრთხეების ამოცნობისა და რისკების მართვის სათანადოდ განხორციელების მიზნით, პროგრამა ინტეგრირებული უნდა იქნეს აეროდრომის უსაფრთხოების მართვის სისტემაში.

2. შეჯახება, აგრეთვე,  ველური ბუნების წარმომადგენლების მიერ გამოწვეული ნებისმიერი სხვა საავიაციო მოვლენა, უნდა განიხილებოდეს როგორც ველური ბუნების წარმომადგენლების მიერ გამოწვეული რისკი და შეფასდეს უსაფრთხოების მართვის სისტემის ფარგლებში.

3. შეჯახების მოკვლევა უნდა წარიმართოს საწარმოს უსაფრთხოების მართვის სისტემის შესაბამისად.


მუხლი 7. რისკის შეფასება და რისკის შემცირების ღონისძიებები 
1. აეროდრომზე და მის შემოგარენში, რისკის  შემცირების ღონისძიებები, პირველ რიგში, უნდა დაინერგოს და განხორციელდეს ველური ბუნების წარმომადგენლების იმ სახეობების მიმართ, რომლებიც მიღებული ინფორმაციის ანალიზიდან გამომდინარე, მეტ საფრთხეს უქმნის საჰაერო ხომალდების ფრენის უსაფრთხოებას.

2. რისკის შეფასება, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს ველური ბუნების წარმომადგენლების შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას, კერძოდ, მათი სახეობების დადგენას, ზომას, რაოდენობას, ბუდობის ადგილებს, პირობებს, რომლებიც გავლენას ახდენენ მათ რაოდენობასა და ქმედებებზე, და შეჯახების შემთხვევაში რა ზიანის მიყენება შეუძლიათ.

3. რისკის შეფასება შეიძლება განხორციელდეს მოკლევადიანი ან გრძელვადიანი პერიოდისათვის, რაც დამოკიდებულია ველური ბუნების წარმომადგენლების პოპულაციაზე და სეზონურ ცვლილებებზე, სერიოზული მრავლობითი შეჯახებების სიხშირის შეფასების ჩათვლით.

4. პოტენციური და მიმდინარე რისკები უნდა შეფასდეს შედარების გზით.

5. რისკების მისაღები დონე განისაზღვრება ორგანიზაციის უსაფრთხოების მართვის სისტემის სახელმძღვანელოში ასახული ალბათობისა და სიმძიმის შეფასების გზით, ალბათობისა და სიმძიმის შეფასების მატრიცის გამოყენებით.

6. რისკის შემცირების ღონისძიებები შეიძლება იყოს პრევენციული და აქტიური.

7. პრევენციული ღონისძიებები, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს:

ა) აეროდრომის პერიმეტრის გასწვრივ შესაბამისი სიმაღლის და სიმტკიცის შემოღობვის მოწყობას;

ბ) საკვების ღია წყაროსთან და ველური ბუნების წარმომადგენლების ღამისთევის პოტენციურ ადგილებთან ველური ბუნების წარმომადგენლების წვდომის შეზღუდვას;

გ) შესაძლებლობის ფარგლებში, ღია კანალიზაციების, წყალსაცავებისა და ნაგავსაყრელების მოწყობის აღკვეთას/გადახურვას, რომლებმაც შესაძლებელია გამოიწვიონ ფრინველების მოზიდვა;

დ) აეროდრომის ტერიტორიაზე ბუდობის ადგილების აღსაკვეთად ეკლიანი მავთულბადის და სხვა საშუალებების გამოყენებას;

ე) აეროდრომის ტერიტორიაზე ბალახის საფარის სათანადო სიმაღლის შენარჩუნებას;

ვ) იმ მცენარეული კულტურის შერჩევას, რომელიც არ იზიდავს ველური ბუნების წარმომადგენლებს;

ზ) სხვა ნებისმიერ ღონისძიებას, რომელიც მიმართული იქნება ველური ბუნების წარმომადგენლების აქტივობების კონტროლისა და რისკების შემცირებისათვის.

8. ველური ბუნების წარმომადგენლების იმ სახეობების მიმართ, რომლებიც აეროდრომის რაიონში საჰაერო ხომალდების ექსპლუტაციას უქმნიან  საფრთხეს, გამოიყენება აქტიური ღონისძიებები, რომელიც, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს:  

ა) ველური ბუნების წარმომადგენლების დაფრთხობის ტაქტიკის გამოყენებას (მაგალითად: ხმოვანი სასიგნალო მოწყობილობა, მტაცებლის ჭყივილის იმიტაცია, პიროტექნიკა, აირის ქვემეხი და ა.შ.);

ბ) ველური ბუნების წარმომადგენლების დაფრთხობის საშუალებების მოდელირებას (მაგალითად: სატყუარა, მტაცებელი, სპეციალურად მომზადებული ძაღლები, ულტრაბგერითი საშუალებები და ა.შ.);

გ) ველური ბუნების წარმომადგენლების დაჭერას/გაძევებას. 


მუხლი 8. ველური ბუნების მართვასთან დაკავშირებული პერსონალის მომზადება-გადამზადების პროგრამა
1. ველური ბუნების მართვასთან დაკავშირებული პერსონალის მომზადება-გადამზადების პროგრამა უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს:

ა) ველური ბუნების წარმომადგენლების საჰაერო ხომალდებთან შეჯახების საფრთხეებს;

ბ) აეროდრომის ტერიტორიის გაცნობას;

გ) ამ სფეროში მოქმედ საერთაშორისო მოთხოვნებს;

დ) ამ სფეროში მოქმედ ეროვნულ კანონმდებლობას;

ე) გარემოს დაცვის მოთხოვნებს;

ვ) ველურ ბუნებასთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ ინფორმაციის გავრცელების სისტემას და მეთოდებს;

ზ) ჯანმრთელობისა და შრომითი უსაფრთხოების დაცვას;

თ) ველური ბუნების აქტივობის გამომწვევი ადგილობრივი ბიო-ეკოლოგიური თავისებურებების განსაზღვრას და გრუნტის საფარზე არსებული ბალახის საფარის სიმაღლის რეკომენდებულ დონეზე შენარჩუნების მნიშვნელობის გაანალიზებას;

ი) ველური ბუნების მართვასთან დაკავშირებულ, საწარმოს შიდა პროცედურებს, პასუხისმგებელი პირების ფუნქციებს და პასუხისმგებლობებს;

კ) ველური ბუნების აქტივობაზე  დაკვირვებასა და მათი წარმომადგენლების იდენტიფიცირებას;

ლ) რისკის ფაქტორების შეფასებას;

მ) ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე არასანქცირებული შესვლის აღმკვეთ სწავლებებს;

ნ) აეროდრომზე დაფიქსირებული  საავიაციო მოვლენების შეტყობინების მიწოდების მეთოდებს და საშუალებებს;

ო) ველური ბუნების წარმომადგენლების დაფრთხობის საშუალებებს;

პ) ველური ბუნების წარმომადგენლების აქტივობების შესახებ ჩანაწერების წარმოებას.

2. სწავლება უნდა ჩაატაროს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირ(ებ)მა, რომელსაც გავლილი აქვს ინსტრუქტორის კურსები და გააჩნია ამ წესით დადგენილი თეორიული და პრაქტიკული საკითხების ცოდნა.

3. ველური ბუნების მართვასთან დაკავშირებული პერსონალის მომზადება-გადამზადების პროგრამა უნდა დამტკიცდეს საწარმოს ხელმძღვანელის მიერ.

4. აეროდრომის ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს კვალიფიკაციის შესანარჩუნებელი  სწავლებები იმ პირთათვის, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ველური ბუნების მართვის საკითხებში, არანაკლებ სამ წელიწადში ერთხელ. 


მუხლი 9. ჩანაწერების წარმოება 
1. აეროდრომის ექსპლუატანტი ვალდებულია აწარმოოს ველური ბუნების წარმომადგენლებზე ყოველდღიური დაკვირვების ჩანაწერთა სისტემა, რომელიც გამოყენებული იქნება:

ა) ველური ბუნებით გამოწვეული რისკების მართვის პროგრამის ეფექტურობის შესაფასებლად;

ბ) იმ ტერიტორიების იდენტიფიცირებისათვის, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს;

გ) ძირითადი რისკების გამოსავლენად;

დ) საავიაციო მოვლენების მოკვლევის დროს. 

2. ყოველდღიურად შეგროვებული დეტალური ინფორმაცია, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს:

ა) ველური ბუნების მართვაზე პასუხისმგებელი სპეციალისტის სახელსა და გვარს;

ბ) მოვალეობის შესრულების დაწყების და დასრულების დროს;

გ) ველური ბუნების აქტიურობაზე დაკვირვების ყოველი ჩანაწერის გაკეთების დროს;

დ) ველური ბუნების წარმომადგენლების აქტივობის ადგილს;

ე) ინფორმაციას იმ ველური ბუნების წარმომადგენლების სახეობების შესახებ, რომელთა მიმართაც განხორციელდა დაკვირვება/დაფრთხობა;

ვ)  ველური ბუნების წარმომადგენლების დაფიქსირებული სახეობების რაოდენობას;

ზ) ველური ბუნების წარმომადგენლების დაფრთხობის მიზნით გატარებულ ღონისძიებებს;

თ) ველური ბუნების წარმომადგენლების რეაქციას დასაფრთხობ საშუალებებზე;

ი) დაფრთხობის შედეგად ველური ბუნების წარმომადგენლების განდევნის მიმართულებას. 


მუხლი 10. ინფორმაციის გამოქვეყნება ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში 
ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა აისახოს ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულის ქვემოთ მითითებულ შესაბამის პუნქტებში და უნდა მოიცავდეს:

ა) აეროდრომის შესახებ დამატებით ინფორმაციას (AD 2.23 Additional information) – აეროდრომის შესახებ დამატებით ინფორმაციას, ველური ბუნების წარმომადგენლების თავშეყრის ადგილების, ყოველდღიურად კვებისა და დასვენების არეებს შორის გადაადგილების მითითებით, რამდენადაც ეს შესაძლებელია;

ბ) აეროდრომთან დაკავშირებულ სქემებს (AD 2.24 Charts related to an aerodrome) – აეროდრომის მიდამოებში ველური ბუნების წარმომადგენლების თავშეყრის ადგილებს;

გ) ვერტოდრომის შესახებ დამატებით ინფორმაციას (AD 3.23 Additional information) – ვერტოდრომის შესახებ დამატებითი ინფორმაციას, ველური ბუნების წარმომადგენლების თავშეყრის ადგილების, ყოველდღიურად კვებისა და დასვენების არეებს შორის გადაადგილების მითითებით, რამდენადაც ეს შესაძლებელია;

დ) ვერტოდრომთან დაკავშირებულ სქემებს (AD 3.23 Charts related to a heliport) – ვერტოდრომის მიდამოებში ფრინველთა თავშეყრის ადგილებს. 


მუხლი 11. ინფორმაციის გამოქვეყნება ნოტამის საშუალებით
1. ნოტამი გამოიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც აეროდრომზე ან მის შემოგარენში მნიშვნელოვნად მატულობს ველური ბუნების წარმომადგენლების მიერ შექმნილი საფრთხე.

2. ნოტამი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) ველური ბუნების წარმომადგენლების სახეობას;

ბ) ველური ბუნების წარმომადგენლების აქტივობის პერიოდს;

გ) ველური ბუნების წარმომადგენლების სავარაუდო ადგილმდებარეობას და გადაფრენის მარშრუტს. 


მუხლი 12. პასუხისმგებლობა ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობაზე
1. პასუხისმგებლობა ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობაზე განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.  

2. ამ წესით დადგენილ მოთხოვნათა შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტო.