საქართველოს მოქალაქეები - ლაშა ჩალაძე, გივი კაპანაძე და მარიკა თოდუა საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ

  • Word
საქართველოს მოქალაქეები - ლაშა ჩალაძე, გივი კაპანაძე და მარიკა თოდუა საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 1-3/1/858
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 19/04/2017
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/04/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016177
  • Word
1-3/1/858
19/04/2017
ვებგვერდი, 26/04/2017
000000000.00.000.016177
საქართველოს მოქალაქეები - ლაშა ჩალაძე, გივი კაპანაძე და მარიკა თოდუა საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

პირველი კოლეგიის

განჩინება №1-3/1/858

2017 წლის 19 აპრილი

ქ. ბათუმი

 

კოლეგიის შემადგენლობა:

ლალი ფაფიაშვილი - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;

გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი;

მაია კოპალეიშვილი - წევრი;

მერაბ ტურავა - წევრი.

 

სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.

 

საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები - ლაშა ჩალაძე, გივი კაპანაძე და მარიკა თოდუა საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ.

 

დავის საგანი: ა) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 27-ე მუხლის პირველი პუნქტის, 28-ე, 29-ე მუხლების, „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს №231/ნ ბრძანების 1 დანართის მე-6 მუხლის პირველი წინადადების, მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის, „დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №281/ნ ბრძანების 1 დანართის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით;

ბ) საქართველოს მოქალაქეების - გივი კაპანაძისა და ლაშა ჩალაძის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, ასევე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 27-ე მუხლის პირველი პუნქტის, 29-ე მუხლის, „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს №231/ნ ბრძანების 1 დანართის მე-6 მუხლის პირველი წინადადების, მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის, „დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №281/ნ ბრძანების 1 დანართის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან, 36-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.

 

I

აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 1 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №858) მიმართეს საქართველოს მოქალაქეებმა ლაშა ჩალაძემ, გივი კაპანაძემ და მარიკა თოდუამ. №858 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2016 წლის 21 დეკემბერს.

2. №858 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.

3. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება 730 კალენდარული დღის ოდენობით“, ამავე კოდექსის 28-ე მუხლი განსაზღვრავს ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებას, რომლის თანახმადაც „დასაქმებულს, რომელმაც იშვილა ერთ წლამდე ასაკის ბავშვი, თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე.“ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 29-ე მუხლის თანახმად, „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობაა არაუმეტეს 1000 ლარისა. დამსაქმებელი და დასაქმებული შეიძლება შეთანხმდნენ დამატებით ანაზღაურებაზე.“

4. „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს №231/ნ ბრძანების 1 დანართის (შემდგომში ! №231/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესი) მე-6 მუხლის პირველი წინადადების თანახმად, „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარების გაცემის საფუძველს წარმოადგენს დასაქმებულზე/მოსამსახურეზე შევსებული საავადმყოფო ფურცელი ან ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება.“ ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება და, შესაბამისად, ანაზღაურება ორსული (მშობიარე) ქალის ოჯახის წევრებს არ მიეცემათ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მშობიარე ქალის გარდაცვალების გამო ცოცხალი ბავშვის დაბადების შემთხვევაში დახმარებას ღებულობს ბავშვის მამა ან მეურვე პირი.“

5. „დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №281/ნ ბრძანების 1 დანართის (შემდგომში - №281/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესი) მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, „მშობიარობის შემდეგ დედის სიკვდილის შემთხვევაში საავადმყოფო ფურცელი მიეცემა მამას ან ბავშვის უშუალოდ სხვა მომვლელს 183 კალენდარული დღით, გამოყენებული დღეების გამოკლებით.“.

6. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი განამტკიცებს კანონის წინაშე ყველას თანასწორობის პრინციპს, 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად „შრომა თავისუფალია“, ამავე მუხლის მე-4 პუნქტი ადგენს, რომ „შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვნისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით“. საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას“, ხოლო მე-2 პუნქტი განსაზღვრავს, რომ „სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას“.

7. №858 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე გივი კაპანაძე მუშობს საჯარო სკოლაში, რომელსაც 2014 წლის 11 აპრილს შეეძინა მეორე შვილი. მოსარჩელემ მხარის განმარტებით, მას ბავშვის მოვლის გამო შვებულების ანაზღაურების მიღების უფლება შეეზღუდა სწორედ სადავო ნორმების მოქმედებით.

8. მოსარჩელე ლაშა ჩალაძე იმყოფება სამოქალაქო ქორწინებაში. ამასთან, იგი არის დასაქმებული კერძო სექტორში. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე ლაშა ჩალაძე წარმოადგენს უფლებამოსილ სუბიექტს, იდავოს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობაზე, ვინაიდან შვილის ყოლის შემთხვევაში მოსარჩელე ვერ შეძლებს საკუთარი კონსტიტუციური უფლებების რეალიზებას.

9. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე მარიკა თოდუას შეეძინა შვილი, რის გამოც მან ისარგებლა საქართველოს შრომის კოდექსის 27-ე მუხლით გათვალისწინებული ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებით და, აგრეთვე, მისი ანაზღაურების უფლებით. მიუხედავად აღნიშნულისა, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ბავშვის მამასთან შედარებით, შეეზღუდა კანონის წინაშე თანასწორობის უფლება, ვინაიდან კანონმდებლობით, მხოლოდ დედისთვის არის გათვალისწინებული ბავშვის მოვლის გამო შვებულების მიღებისა და მისი ანაზღაურების უფლება.

10. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 27-ე მუხლის პირველი პუნქტი ფორმალურად ნეიტრალური შინაარსისაა და „დასაქმებულს“ ანიჭებს ბავშვის მოვლის გამო შვებულების უფლებას, თუმცა მიუხედავად ამგვარი ფორმულირებისა, ის მისი მოქმედების სფეროდან ბუნებრივად გამორიცხავს ადამიანების კონკრეტულ ჯგუფს, ვინაიდან შვებულება ორსულობის, აგრეთვე მშობიარობის გამო, შესაძლებელია გავრცელდეს მხოლოდ ქალზე. მისი მოსაზრებით, დასახელებული სადავო ნორმა ასევე არის ბუნდოვანი, რომელიც იძლევა მისი არაკონსტიტუციურად განმარტების შესაძლებლობას და ვერ აკმაყოფილებს კანონის განჭვრეტადობის მოთხოვნებს.

11. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, პრობლემას ქმნის ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების ხანგრძლივობის ერთიანად (730 დღე) განსაზღვრა, რადგან ხდება ბავშვის მოვლის გამო შვებულების მიბმა ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებაზე. მოსარჩელეთა განმარტებით, შრომის კოდექსით არ ხდება იმის განსაზღვრა, შესაძლებელია თუ არა თითოეული კომპონენტით დამოუკიდებლად სარგებლობა, კოდექსი არ განსაზღვრავს ცალკე ბავშვის მოვლის გამო შვებულების უფლებას და მის ხანგრძლივობას.

12. მოსარჩელე მხარის პოზიციით, ტექნიკური და პროცესუალური თვალსაზრისითაც არ არსებობს კაცებისთვის შესაძლებლობა ბავშვის მოვლის გამო შვებულების უფლების მოთხოვნისათვის. მათი განმარტებით, ამ მხრივ დამატებით პრობლემას ქმნის მინისტრის ბრძანებით ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო დახმარების გაცემის საფუძველად, დასაქმებულზე/მოსამსახურეზე შევსებული საავადმყოფო ფურცელის განსაზღვრა, რომლის გაცემა მხოლოდ დედაზეა შესაძლებელი. ასევე განმარტავს, რომ სადავო ნორმებიდან გამომდინარე ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო შვებულების ანაზღაურება ბავშვის მამისათვის შესაძლებელია მხოლოდ იმ გამონაკლის შემთხვევაში, თუკი ბავშვის დედა მშობიარობისას გარდაიცვლება.

13. სადავო ნორმების საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან შეუსაბამობაზე მსჯელობისას, მოსარჩელე მხარე შესადარებელ ჯგუფებად გამოყობს ქალებს და კაცებს, ვინაიდან მოსარჩელე მხარის პოზიციით, სწორედ ქალებს აქვთ მინიჭებული შვებულებით სარგებლობისა და შესაბამისი ანაზღაურებით სარგებლობის უფლება, ხოლო დასახელებულ უფლებებათა სფეროდან გამორიცხულნი არიან კაცები. გარდა სქესის მიხედვით დიფერენცირებისა, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ბავშვის ბიოლოგიური მამა ასევე არათანაბარ მდგომარეობაში არის ჩაყენებული ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში მშვილებელ მამასთან მიმართებით. ვინაიდან ახალშობილის შვილად აყვანისას შვებულებით სარგებლობის საფუძვლად კანონმდებლობით, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებაა განსაზღვრული, რაც ორივე სქესის მშვილებელს აძლევს როგორც შვებულების, ისე შესაბამისი ანაზღაურების უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას, განსხვავებით ბიოლოგიური მამისაგან.

14. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, ბავშვზე ზრუნვის, მისი მოვლის ვალდებულებასა და უფლებასთან მიმართებით, გაუმართლებელია მამის გამორიცხვა, რაც იმავდროულად ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება. ამასთან, ანაზღაურების გარეშე არსებული შვებულება, თავად მატერიალური უფლების რეალიზაციას აყენებს საფრთხის ქვეშ, რადგან შესაძლებელია სწორედ ანაზღაურება გახდეს მამებისაგან არაანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის უფლებაზე უარის თქმის საფუძველი.

15. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 28-ე მუხლის ფარგლებში არსებულ დიფერენცირებაზე მსჯელობისას, მოსარაჩელე მხარე აღნიშნავს, რომ ბიოლოგიურ და მშვილებელ მამებთან მიმართებით არსებობს თანაბარი საჭიროება ბავშვის მოვლის მიზნებისათვის, ისევე როგორც მისი ანაზღაურებისთვის, რაც მიუთითებს წარმოდგენილ შესადარებელ პირთა არსებითად თანასწორობაზე.

16. მოსარჩელე მარიკა თოდუას განმარტებით, იმისთვის, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ბავშვის მოვლისთვის საჭირო დრო მოხმარდეს ბავშვზე ზრუნვას და არ დარჩეს მშობლის მოვლისა და მზრუნველობის გარეშე, ქალი იძულებულია მშობიარობისა და ორსულობის გამო, შვებულებასთან ერთად, გამოიყენოს ასევე ბავშვის მოვლის გამო შვებულება. ამდენად, აღნიშნული რეგულირება ზეგავლენას ახდენს ადრესატის თავისუფალ ნებაზე, ისარგებლოს ბავშვის მოვლის გამო შვებულებით და დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს მას კაცებთან შედარებით.

17. მოსარჩელე მხარის მოსაზრებით, კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების მიზანს წარმოადგენს, დასაქმებულის უზრუნველყოფა - დააბალანსოს საკუთარი კარიერა, სამუშაოს შესრულება და, მეორე მხრივ, საკუთარი პირადი, სოციალური, ასევე ოჯახური ცხოვრება და შეძლოს ღირსეულად მათი წარმართვა. მისი განმარტებით, კონსტიტუციის დასახელებული დებულება საკუთარ დაცულ სფეროში მოიაზრებს ბავშვის მოვლის გამო შვებულებაზე მატერიალურ უფლებას, რაც შრომის სამართლიანი პირობების ნაწილს წარმოადგენს.

18. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, არსებული რეგულაცია, რომელიც ერთი კონკრეტული გამონაკლისის გარდა, სრულიად გამორიცხავს ბიოლოგიური მამისთვის შესაძლებლობას, ისარგებლოს ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა და შესაბამისი ანაზღაურების უფლებით, არ წარმოადგენს უფლების ყველაზე ნაკლებად მზღუდავ საშუალებას, დაუსაბუთებელია და ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების მოთხოვნებს.

19. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლება ვრცელდება არა მხოლოდ ქორწინების სამოქალაქო წესით ოფიციალური რეგისტრაციის ეტაპზე, არამედ ქორწინების მთელ პერიოდზე, ისევე როგორც განქორწინების ეტაპზე. ქორწინების განმავლობაში ამ კავშირის მონაწილე პირები უზრუნველყოფილნი არიან ნების თავისუფლებით და თანასწორობით. ქორწინების შედეგად შექმნილი მეუღლეთა კავშირი წარმოადგენს გარკვეულ ავტონომიას, სადაც მისი მონაწილე პირები სარგებლობენ სრული თავისუფლებით, თავად მიიღონ გადაწყვეტილებები და წარმართონ საკუთარი ცხოვრება საკუთარი სურვილისა და შეხედულებების თანახმად. თუმცა მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმებით განსაზღვრული ხისტად ჩამოყალიბებული რეგულაციით, სახელმწიფო მეუღლეთათვის არ ტოვებს შესაძლებლობას, ქორწინების ფარგლებში სრულად განახორციელონ თანასწორობისა და ნებაყოფლობითობის უფლება.

20. მოსარჩელე მხარის მტკიცებით რეგულაციას, რომელიც ზღუდავს მეუღლეთა თავისუფალი ნების საფუძველზე მათ ქმედებებსა და არღვევს მათი უფლებრივი თანასწორობის პრინციპს, არ გააჩნია ლეგიტიმური მიზანი და ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველ პუნქტს.

21. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, იზრუნოს ოჯახის კეთილდღეობაზე, თუმცა სახელმწიფოს ასევე ეკისრება ნეგატიური ვალდებულება, საკუთარი ქმედებებით არ მოახდინოს ოჯახის კეთილდღეობასა და მის განვითარებაში ჩარევა. არ შეუშალოს ხელი საკუთარი რეგულაციებით მის ჯანსაღი ფორმით არსებობას და ამგვარად არ შეიჭრას ადამიანების პირად სივრცეში.

22. მოსარჩელე მხარის მოსაზრებით, სადავო ნორმები მამას მეტწილად გამორიცხავს ბავშვის დაბადების პერიოდიდანვე მასთან მუდმივი კონტაქტის, მასზე ზრუნვის, მის აღზრდში სრულფასოვანი მონაწილეობის მიღებისაგან, რაც შესაძლოა უარყოფითად აისახოს მამასა და შვილს შორის შემდგომში ჩამოყალიბებულ ურთიერთობებზე, რაც მისი პოზიციით ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტს.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-14, 30-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან, ასევე 36-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.

24. მოსარჩელე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს და საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტს.

 

II

სამოტივაციო ნაწილი

1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ორგანული კანონის ნორმის კონსტიტუციურობის საკითხს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი. ვინაიდან ამ კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ ნორმების კონსტიტუციურობა, №858 კონსტიტუციური სარჩელის განხილვა და გადაწყვეტა წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის კომპეტენციას.

 

III

სარეზოლუციო ნაწილი

 

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 43-ე მუხლის მე-7, მე-8 და მე-10 პუნქტების საფუძველზე,

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ა დ გ ე ნ ს:

1. №858 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქეები - ლაშა ჩალაძე, გივი კაპანაძე და მარიკა თოდუა საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“) განსახილველად გადაეცეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს.

2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

 

კოლეგიის წევრები:

ლალი ფაფიაშვილი

გიორგი კვერენჩხილაძე

მაია კოპალეიშვილი

მერაბ ტურავა