|
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 112-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სასამართლოს განჩინებაში აღნიშნული უნდა იყოს: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; მოსამართლის გვარი; პირი, რომელმაც მას შუამდგომლობით მიმართა; განკარგულება საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ, იმის ზუსტი მითითებით, თუ რა არის მისი არსი და ვისზე ვრცელდება ის; განჩინების მოქმედების ვადა; პირი ან ორგანო, რომელმაც უნდა შეასრულოს განჩინება; მოსამართლის ხელმოწერა.“. 2. 206-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ განჩინებაში უნდა აღინიშნოს: განჩინების შედგენის თარიღი და ადგილი, მოსამართლის, პროკურორის, ბრალდებულისა და მისი ადვოკატის ვინაობა, წარდგენილი ბრალდების არსი, მითითება აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან მასზე უარის თქმის შესახებ. ამასთანავე, განჩინებაში ზუსტად უნდა მიეთითოს: რა არის განჩინების არსი და ვისზე ვრცელდება განჩინება; მტკიცებულებები, რომლებზე დაყრდნობითაც მოსამართლე დარწმუნდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების აუცილებლობაში; რომელი თანამდებობის პირი ან ორგანოა ვალდებული, შეასრულოს განჩინება; განჩინების გასაჩივრების წესი; მოსამართლის ხელმოწერა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 21 აპრილი 2017 წ. N665-IIს |
დოკუმენტის კომენტარები