პროფესიული საჯარო მოხელის წახალისების წესის დამტკიცების შესახებ

პროფესიული საჯარო მოხელის წახალისების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 203
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/04/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/04/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010320000.10.003.019912
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
203
21/04/2017
ვებგვერდი, 24/04/2017
010320000.10.003.019912
პროფესიული საჯარო მოხელის წახალისების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (24/04/2017 - 01/02/2023)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №203

2017 წლის 21 აპრილი

   ქ. თბილისი

 

პროფესიული საჯარო მოხელის წახალისების წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული პროფესიული საჯარო მოხელის წახალისების წესი.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



პროფესიული საჯარო მოხელის წახალისების წესი

მუხლი 1.  გამოყენების სფერო

პროფესიული საჯარო მოხელის წახალისების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს პროფესიულ საჯარო მოხელეთა და გამოსაცდელი ვადით მიღებულ მოხელეთა (შემდგომში – მოხელე) წახალისების საფუძვლებს, წახალისების ფორმებს, მოხელეთა წახალისებაზე წარდგენისა და წახალისების წესს.

მუხლი 2. მოხელის წახალისება და წახალისების ფორმები

1. მოხელის შეფასების შედეგების შესაბამისად წესდება მოხელის წახალისების შემდეგი ფორმები:

ა) მადლობის გამოცხადება;

ბ) ფულადი ჯილდოს მიცემა;

გ) ფასიანი საჩუქრის მიცემა.

2. პირს, რომლის მიმართაც წახალისების ფორმად გამოყენებულ იქნა მადლობის გამოცხადება, გადაეცემა მადლობის სიგელი, რომლის ფორმაც მტკიცდება საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. მოხელის ფულადი ჯილდოს ზედა ზღვარი განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით.

4. ფასიანი საჩუქარი გაიცემა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობების ფარგლებში.

5. ერთდროულად შეიძლება გამოყენებულ იქნეს მოხელის წახალისების რამდენიმე ფორმა.

მუხლი 3. მოხელის წახალისების წესი

1. მოხელის შეფასების შედეგების შესაბამისად მოხელის წახალისება ხორციელდება შემდეგი წესით:

ა) მადლობის გამოცხადება ან/და ფასიანი საჩუქარი, როგორც წახალისების ფორმა, შეიძლება გამოყენებულ იქნეს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, შესაფასებელი პერიოდის განმავლობაში „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის  მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეფასების შედეგების შესაბამისად;

ბ) ფულადი ჯილდო შეიძლება მიეცეს მოლოდ იმ მოხელეს, რომელმაც მოხელის შეფასების შედეგად მიიღო „საუკეთესო“ ან „კარგი“ შეფასება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობების ფარგლებში.

2. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შესაძლებელია დაწესდეს მოხელის არამატერიალური წახალისების განსხვავებული ფორმები.

მუხლი 4. გამოსაცდელი ვადით მიღებული მოხელის წახალისების წესი

გამოსაცდელი ვადით მიღებული მოხელე შეიძლება წახალისდეს ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული წესით.

მუხლი 5. მოხელის წახალისებაზე წარდგენა და წახალისება 

1. მოხელის წახალისება ხდება უშუალო ხელმძღვანელის ან ზემდგომი თანამდებობის პირის წარდგინებით.

2. წარდგინებას უნდა ერთოდეს მოხელის შეფასების შედეგების შესახებ ინფორმაცია და დასაბუთება, რომლის საფუძველზეც მას შეიძლება განესაზღვროს წახალისების ერთი ან რამდენიმე  ფორმა.

3.  წახალისების შესახებ  წარდგინება გადაეგზავნება ადამიანური რესურსების მართვის ერთეულს, რომელიც მასალებს ამზადებს 2 კვირის ვადაში.

4. წახალისების უფლება აქვს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს ან საამისოდ უფლებამოსილ სხვა პირს.

5. წახალისების ნებისმიერი ფორმის გამოყენება შემდგომში არ ზღუდავს დისციპლინური გადაცდომისას მოხელის პასუხისმგებლობის საკითხის განხილვას.

6. მოხელის მიმართ წახალისების ფორმების გამოყენების შესახებ ინფორმაცია უნდა აისახოს ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში.