სს „საქართველოს ნავთობსადენების კომპანიის“ გაკოტრების წარმოების დაწყების და გაკოტრების მმართველის დანიშვნის შესახებ

  • Word
სს „საქართველოს ნავთობსადენების კომპანიის“ გაკოტრების წარმოების დაწყების და გაკოტრების მმართველის დანიშვნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/25846-16
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 10/04/2017
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/04/2017
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/25846-16
10/04/2017
ვებგვერდი, 25/04/2017
სს „საქართველოს ნავთობსადენების კომპანიის“ გაკოტრების წარმოების დაწყების და გაკოტრების მმართველის დანიშვნის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე №2/25846-16

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

გაკოტრების წარმოების დაწყების და გაკოტრების მმართველის

დანიშვნის შესახებ

2017 წლის 10 აპრილი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

 

განმცხადებელი შემოსავლების სამსახური

დავების დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე შალვა კოპალეიშვილი

მოვალე სს ,,საქართველოს ნავთობსადენების კომპანია“

მეურვე − აღსრულების ეროვნული ბიურო

მოთხოვნა − გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება და გაკოტრების მმართველის დანიშვნა

სასამართლომ კრედიტორთა კრებაზე განიხილა გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება და გაკოტრების მმართველის დანიშვნის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

    2016 წლის 29 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსის პირველმა მოადგილემ შალვა კოპალეიშვილმა და მოითხოვა სს „საქართველოს ნავთობსადენების კომპანიის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.

    თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ განცხადება მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო), კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნა 2017 წლის 24 იანვარს და გაგრძელდა 2017 წლის 10 აპრილს.

    კრედიტორთა კრებაზე არ გამოცხადდა მოვალე სს ,,საქართველოს ნავთობსადენების კომპანიის" წარმომადგენელი, არც გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ შეუტყობინებია სასამართლოსთვის.

    სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი მასალები, მოუსმინა მეურვეს, კრედიტორს და მიიჩნია, რომ სააქციო საზოგადოების მიმართ უნდა დაიწყოს გაკოტრების საქმის წარმოება და დაინიშნოს გაკოტრების მმართველი. ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში მოვალის არასაპატიო მიზეზით ორჯერ გამოუცხადებლობის შემთხვევაში კრედიტორთა კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი და იწყება გაკოტრების საქმის წარმოება ამ კანონით დადგენილი წესით.

    ამავე კანონის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას, მაშინ კრედიტორთა კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი და იწყება გაკოტრების საქმის წარმოება ამ კანონით დადგენილი წესით. ამავე კანონის 27-ე მუხლის 21-ე ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ამ კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების საქმის წარმოების მოთხოვნის შემთხვევაში, კრედიტორთა პირველ კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი.

    37-ე მუხლის მეორე ნაწილით, თუ გაკოტრების მმართველი კრედიტორთა კრებაზე ვერ აირჩევა, ან კრედიტორები არ წარადგენენ გაკოტრების მმართველის კანდიდატურას, გაკოტრების მმართველად სასამართლო ნიშნავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

    მოცემულ შემთხვევაში კრედიტორთა მიერ არ იქნა წარმოდგენილი მმართველის კანდიდატურა, სასამართლომ ზემო აღნიშნული მუხლებიდან გამომდინარე გაკოტრების მმართველად დანიშნა აღსრულების ეროვნული ბიურო და დაიწყო გაკოტრების საქმის წარმოება.

    სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-17, 23-ე, 27-ე 37-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს ,,საქართველოს ნავთობსადენების კომპანიის“ მიმართ დაიწყოს გაკოტრების საქმის წარმოება.

2. გაკოტრების მმართველად დაინიშნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო)

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და სასამართლოს ვებგვერდზე − www.tcc.gov.ge.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

  მოსამართლე                                                                                           თამარ ჭუნიაშვილი