დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სადაზვერვო თანამეგობრობის გაფართოებული საბჭოს შექმნის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 491 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 05/11/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 126, 05/11/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №491
2004 წლის 5 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სადაზვერვო თანამეგობრობის გაფართოებული საბჭოს შექმნის შესახებ
„სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, იმ სახელმწიფო სტრუქტურების, რომლებსაც კანონმდებლობით მინიჭებული აქვთ უფლება აწარმოონ სადაზვერვო საქმიანობა ან რომლებისთვისაც თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას ცნობილი ხდება სადაზვერვო ინფორმაცია, საქმიანობის კოორდინაციის მიზნით:
1. შეიქმნას საქართველოს სადაზვერვო თანამეგობრობის გაფართოებული საბჭო აღმასრულებელი ხელისუფლების ქვემოთ ჩამოთვლილ დაწესებულებათა ხელმძღვანელების შემადგენლობით:
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო;
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური;
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
2. საქართველოს სადაზვერვო თანამეგობრობის გაფართოებულ საბჭოს ხელმძღვანელობს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი.
3. ბრძანებულების პირველ პუნქტში ჩამოთვლილი აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების ხელმძღვანელებს უფლება აქვთ საბჭოს წევრად წარადგინონ თავისი ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო საქართველოს თავდაცვის მინისტრმა – სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
4. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსმა შეასრულოს საბჭოს აღმასრულებელი მდივნის ფუნქციები, რომელსაც დაევალება საბჭოს წევრ უწყებათა ხელთ არსებული სადაზვერვო ინფორმაციის ურთიერთგაცვლის კოორდინაცია, სხდომების მომზადება და საბჭოს საქმიანობის ორგანიზება.
5. საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ.
6. საბჭოს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, მიმართოს ქვეყნის სამთავრობო დაწესებულებებსა და სხვა ორგანიზაციებს მათ ხელთ არსებული გარკვეული ინფორმაციების გაცნობის მოთხოვნით ან სხდომაზე მოიწვიოს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი პირები.
7. ბრძანებულების პირველ პუნქტში ჩამოთვლილი საქართველოს სადაზვერვო თანამეგობრობის გაფართოებული საბჭოს შემადგენლობაში შემავალი დაწესებულებების ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან ყოველდღიურად მიაწოდონ საბჭოს ხელმძღვანელს მათ ხელთ არსებული ოპერატიული სადაზვერვო ინფორმაცია.
8. სადაზვერვო ინფორმაციის ხარისხიდან გამომდინარე, საბჭოს ხელმძღვანელი იღებს გადაწყვეტილებას მისი საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნისათვის მიწოდების შესახებ, საქართველოს პრეზიდენტისათვის მოსახსენებლად.
9. სადაზვერვო თანამეგობრობის გაფართოებული საბჭოს სხდომები მოეწყოს თვეში ერთხელ მაინც.
10. განსაკუთრებულ შემთხვევებში საბჭოს რიგგარეშე სხდომა შესაძლოა მოწვეულ იქნეს საბჭოს ნებისმიერი წევრის ინიციატივით, საბჭოს ხელმძღვანელთან წინასწარი შეთანხმებით.
11. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 19 ივნისის №246 ბრძანებულება „საქართველოს სადაზვერვო სისტემის გაფართოებული საბჭოს შექმნის შესახებ“.
12. ბრძანებულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები