დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 482 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 04/11/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 126, 05/11/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №482
2004 წლის 4 ნოემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ
სასამართლო ექსპერტიზის სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. 2004 წლის 10 დეკემბრამდე რეორგანიზებულ იქნენ საჯარო სამართლის იურიდიული პირები – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრი და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრი და მათ ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო (შემდგომში – ბიურო).
2. ბიუროს სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (გ. პაპუაშვილი).
3. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (გ. პაპუაშვილი) და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ლ. ჭიპაშვილი) უზრუნველყონ საჯარო სამართლის იურიდიული პირების რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
4. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (გ. პაპუაშვილი) ერთ თვეში უზრუნველყოს:
ა) ბიუროს დებულების დამტკიცება და მასში ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა ფუნქციების ასახვა;
ბ) ბიუროს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.
5. საქართველოს მთავრობამ (ზ. ჟვანია) უზრუნველყოს:
ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულებებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირების – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრისა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრის საბიუჯეტო ასიგნებათა კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა ბიუროსათვის და შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინება „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში.
6. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (კ. ბენდუქიძე) ერთ თვეში უზრუნველყოს ბიუროს ფუნქციონირებისათვის აუცილებელი (მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიული პირების – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრისა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრის ბალანსზე რიცხული) ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით ბიუროსათვის გადაცემა.
7. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემაში საჯარო სამართლის იურიდიული პირების ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 8 აპრილის №136 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 სექტემბრის №378 ბრძანებულება.
8. შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემაში საჯარო სამართლის იურიდიული პირების ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 8 აპრილის №136 ბრძანებულებაში (სსმ III, 2000 წ., №31, მუხ. 302) და ამოღებულ იქნეს ბრძანებულების პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი.
9. ამ ბრძანებულების მე-7 პუნქტი ამოქმედდეს ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების ძალაში შესვლისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები