საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 157
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.019866
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
157
29/03/2017
ვებგვერდი, 30/03/2017
040030000.10.003.019866
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/03/2017 - 30/03/2021)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №157

2017 წლის 29 მარტი

   ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დებულება.  
მუხლი 2
1. დადგენილება, გარდა ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის „ა.დ“, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“, „გ“, „დ“ და მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს 2017 წლის 30 მარტიდან.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2017 წლის 1 ოქტომბრიდან.

3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის „ა.დ“ და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2020 წლის 30 მარტიდან.


პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს

ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დებულება


მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო (შემდგომში სააგენტო) არის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (შემდგომში სამსახური) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ფარული მეთვალყურეობის ღონისძიებების განხორციელებას და სახელმწიფო უწყებებისა და დაწესებულებების საინფორმაციო-ტექნოლოგიურ უზრუნველყოფას.

2. სააგენტო თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და  საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა კანონების, ამ დებულების, სააგენტოს უფროსისა და სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტების, ასევე სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტების შესაბამისად.

3. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

4. სააგენტოს  იურიდიული   მისამართია:  ქ. თბილისი,  ვაჟა-ფშაველას ქ.  №72.

მუხლი 2. სააგენტოს ამოცანები

სააგენტოს ამოცანებია:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილი ორგანოს მიმართვის საფუძველზე, სპეციალური ტექნოლოგიური საშუალებებით, ფარული მეთოდებით საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის, თავდაცვისუნარიანობის, ტერიტორიული მთლიანობის, მართლწესრიგისა და სამხედრო პოტენციალის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებათა შესახებ ინფორმაციის მოპოვება, აგრეთვე სისხლის სამართლის საქმეზე ფაქტობრივი მონაცემების მოპოვება და ამ მიზნით ისეთ ღონისძიებათა განხორციელება, რომლებიც დაკავშირებულია:

ა.ა) სატელეფონო კომუნიკაციის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერასთან;

ა.ბ) კავშირგაბმულობის არხიდან ინფორმაციის მოპოვებასთან;

ა.გ) კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის მოპოვებასთან;

ა.დ) გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრასთან;

ა.ე) საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის კონტროლთან;

ა.ვ) ფარულ ვიდეოჩაწერასთან ან/და აუდიოჩაწერასთან, ფოტოგადაღებასთან;

ბ) სახელმწიფო უწყებებისა და დაწესებულებების საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა.

მუხლი 3. სააგენტოს უფლებამოსილებანი

1. ამ დებულების მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად სააგენტო უფლებამოსილია:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილი ორგანოს მიმართვის საფუძველზე, საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელოს:

ა.ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებები;

ა.ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედება;

ა.გ) „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიება და იმავე მუხლის მე-3 პუნქტით  გათვალისწინებული ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებები;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვოს და გასცეს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები;

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიება;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს ინდივიდუალური მონიტორინგის ღონისძიება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად სააგენტო უფლებამოსილია:

ა) ჰქონდეს კომუნიკაციის შინაარსისა და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობა კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) ჰქონდეს გეოლოკაციის მონაცემების რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობა კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) შექმნას ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალური ბანკი კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) შეიძინოს, შექმნას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს შესაბამის ღონისძიებათა განხორციელებისთვის აუცილებელი ტექნიკური, აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები;

ე) სასყიდლით ან უსასყიდლოდ, წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, გამოიყენოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა, აგრეთვე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება;

ვ) კონსპირაციის მიზნით, მოამზადოს და გამოიყენოს დოკუმენტები, რომლებშიც შენიღბულია სააგენტოს მოსამსახურის ვინაობა, სტრუქტურული ქვედანაყოფის დასახელება, ქონება;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილი ორგანოს მიმართვის საფუძველზე, ფარული მეთვალყურეობის ღონისძიებების განხორციელების უზრუნველსაყოფად, ჩაატაროს „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.

3. სააგენტო უფლებამოსილია, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის მიერ ელექტრონული კომუნიკაციისა და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების, გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის, მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის დაფიქსირების ტექნიკური შესაძლებლობების, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ტექნიკური მახასიათებლების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, შეამოწმოს ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა.

4. სააგენტო უფლებამოსილია, სახელმწიფო უწყებებისა და დაწესებულებების საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფის მიზნით:

ა) განახორციელოს სამსახურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ტექნოლოგიური მომსახურება და შიდაუწყებრივი საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფა;

ბ) შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო სისტემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შეამოწმოს ინფორმაციული ტექნოლოგიები (სისტემები);

გ) უზრუნველყოს სასაზღვრო ტექნოლოგიების განვითარება და სასაზღვრო გამტარი პუნქტების საინფორმაციო-ტექნოლოგიური მომსახურება;

დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით უზრუნველყოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე ბირთვული, რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური უსაფრთხოება, ამ მიზნით შექმნას სათანადო ტექნიკური და პროგრამული სისტემები და უზრუნველყოს მათი ფუნქციონირება, მომსახურება და მონიტორინგი;

ე) უფლებამოსილ ორგანოებთან კოორდინაციით უზრუნველყოს ბირთვული, რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური უსაფრთხოება, ამ მიზნით შექმნას სათანადო ტექნიკური და პროგრამული სისტემები და უზრუნველყოს მათი ფუნქციონირება, მომსახურება და მონიტორინგი საქართველოს ტერიტორიაზე;

ვ) უზრუნველყოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მისთვის მინიჭებული რადიოსიხშირეების კონტროლი და უსაფრთხოება ამ რადიოსიხშირეების ფარგლებში და გარე ხელშეშლის გამოვლენის შემთხვევაში, ხელშემშლელ პირს მიმართოს აღნიშნული გარემოების აღმოფხვრის თაობაზე, ხოლო ხელშეშლის გაგრძელების შემთხვევაში – ამის შესახებ აცნობოს კომისიას, შესაბამისი საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების მიზნით;

ზ) განახორციელოს კომპიუტერულ მონაცემთა ექსპერტიზა, აგრეთვე შეიმუშაოს და ნორმატიული აქტით დაამტკიცოს საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისას კომპიუტერულ მონაცემებთან პირველადი მოპყრობისა  და მათი საექსპერტო კვლევის წესები;

თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცეს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული კომუნიკაციის გადაჭერის სისტემების დამზადების, იმპორტის ან ექსპორტის ლიცენზია და ამ მიზნით ნორმატიული აქტით განსაზღვროს ლიცენზიის მოპოვების წესი და პირობები;

ი) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით  გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.

მუხლი 4. სააგენტოს ძირითადი სტრუქტურა და სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენცია

სააგენტოს ძირითადი სტრუქტურა და სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენცია განისაზღვრება სამსახურის უფროსის შესაბამისი სამართლებრივი აქტით.

მუხლი 5. სააგენტოს მართვა

1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2. სააგენტოს უფროსი, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, პასუხისმგებელია სააგენტოს საქმიანობის კანონიერებასა და მიზნობრიობაზე, ფინანსური რესურსების მართლზომიერ განკარგვაზე.

3. სააგენტოს უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საააგენტოს უფროსი. სააგენტოს უფროსის არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, სააგენტოს უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრული სააგენტოს უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.

4. სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებით, სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.

მუხლი 6. სააგენტოს უფროსის უფლებამოსილებანი

სააგენტოს უფროსი:

ა) აწესრიგებს სააგენტოს კომპეტენციის სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს ბრძანებას, მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბრძანებას;

დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს;

ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს მოსამსახურეებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;

ვ) შეიმუშავებს წინადადებებს სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და დაფინანსების (მათ შორის, სააგენტოს ბიუჯეტის) შესახებ და შესაბამის პროექტებს წარუდგენს სამსახურის უფროსს;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, განკარგავს სააგენტოს სახსრებსა და ქონებას;  

თ) ქმნის კომისიებსა და სამუშაო ჯგუფებს;

ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, წარმოადგენს სააგენტოს საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობებში;

კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს მოსამსახურეებს ანიჭებს სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს;

ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს სააგენტოს მოსამსახურეებს; სააგენტოს მოსამსახურის სახელმწიფო ჯილდოზე წარსადგენად შუამდგომლობით მიმართავს სამსახურის უფროსს; 

მ) სამსახურის უფროსის თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამტკიცებს სააგენტოს შიდა სტრუქტურას, საშტატო ნუსხასა და სააგენტოს მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებს;

ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 7. სააგენტოს დაფინანსება

1. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები; 

ბ) სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევისთვის დადგენილი საფასური;

გ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები;

დ) ხელშეკრულების საფუძველზე, სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი;

ე) საჩუქრისა და შემოწირულების სახით მიღებული შემოსავლები;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები სრულად ხმარდება სააგენტოს ამოცანების შესრულებას და უფლებამოსილებების განხორციელებას. ისინი შეიძლება მოხმარდეს სამსახურის სისტემის განვითარებას. სააგენტოს სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.

3. სააგენტოს ხარჯები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებულ უნდა იქნეს ცალკე პროგრამული კოდით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. სააგენტოს წარმომადგენლობითი ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. სააგენტო ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამსახურის უფროსს.      

მუხლი 8. სააგენტოს საქმიანობის კონტროლი

1. სააგენტოს საქმიანობა კონტროლდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სააგენტოს საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამსახურის უფროსი.

მუხლი 9. სააგენტოს დებულებაში ცვლილების შეტანა, სააგენტოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია

1. სააგენტოს დებულებაში ცვლილების შეტანა, მისი რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სააგენტოს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადაეცემა სახელმწიფოს, კანონმდებლობით დადგენილი წესით.