„საქართველოს კიბერუსაფრთხოების 2017-2018 წლების ეროვნული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 იანვრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს კიბერუსაფრთხოების 2017-2018 წლების ეროვნული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 იანვრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 159
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/03/2017
ძალაში შესვლის თარიღი 30/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 130000000.10.003.019868
159
29/03/2017
ვებგვერდი, 30/03/2017
130000000.10.003.019868
„საქართველოს კიბერუსაფრთხოების 2017-2018 წლების ეროვნული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 იანვრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №159

2017 წლის 29 მარტი

   ქ. თბილისი

 

„საქართველოს კიბერუსაფრთხოების 2017-2018 წლების ეროვნული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 იანვრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს კიბერუსაფრთხოების 2017-2018 წლების ეროვნული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 იანვრის №14 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/01/2017, 130000000.10.003.019722) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კიბერუსაფრთხოების 2017-2018 წლების ეროვნული სტრატეგიის“ (დანართი №1) თავი IV (საქართველოს კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამართლებრივი ბაზის შემუშავება და სრულყოფა

2010 წლიდან დღემდე საქართველომ შეიმუშავა კიბერუსაფრთხოების უზრუნველმყოფი ძირითადი სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც მიზნად ისახავს ამ სფეროში უსაფრთხოების დაცვის ქმედით და ეფექტიან განხორციელებას, განსაზღვრავს საჯარო და კერძო სექტორების უფლება-მოვალეობებს ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვის სფეროში, არეგულირებს ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელების სახელმწიფო კონტროლის მექანიზმებს. გარდა ჩარჩო საკანონმდებლო აქტებისა, ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების დეტალური იმპლემენტაციის მიზნით შემუშავებულია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, რომლებიც კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტებისთვის კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში სახელმძღვანელო ნორმების შემცველია, ამასთანავე შემუშავებულია კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები და, ზოგადად, განსაზღვრულია სხვა უფლებამოსილი უწყებების კომპეტენციისა და საქმიანობის სამართლებრივი არეალი.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საქართველოს კიბერუსაფრთხოების უზრუნველმყოფი სამართლებრივი ჩარჩო საჭიროებს გაცილებით ფართო და სპეციალურ გადამუშავებასა და შეფასებას, იმისათვის რათა აღმოიფხვრას ყველა შესაძლო იურიდიული ხარვეზი და შეივსოს ამ სფეროში არსებული სამართლებრივი ვაკუუმი. შედეგად, მივიღებთ კიბერუსაფრთხოების დახვეწილ და თანამედროვე კიბერგამოწვევებთან ბრძოლის პროცესში ხელშემწყობ სამართლებრივ ბერკეტს.

ზემოაღნიშნული მიზეზების გამო, სათანადო რეგულირების მიღმაა დარჩენილი ინფორმაციული აქტივების კლასიფიცირების საკითხი, რომელიც ქვეყნის კიბერუსაფრთხოების ინტერესებს მნიშვნელოვან საფრთხეებს უქმნის.

ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს კერძო კრიტიკული ინფორმაციული სისტემების ბაზარზე ოპერირების მექანიზმების დახვეწა, ვინაიდან საქართველოს მოწინააღმდეგეების მიერ აღნიშნული სისტემების დაუფლება ქვეყნის საკომუნიკაციო სივრცეს აბსოლუტურად დაუცველს ტოვებს. ამრიგად, საჭიროა კიბერუსაფრთხოების სფეროში ისეთი რეგულაციების მიღება, რაც ხელს შეუწყობს კიბერუსაფრთხოების დაცვის ქმედითი და ეფექტიანი მექანიზმების შექმნას.

კიბერუსაფრთხოების სფეროში სამართლებრივი ბაზის სრულყოფისათვის აუცილებელია შემდეგი ღონისძიებების გატარება:

კრიტიკული ინფორმაციული ინფრასტრუქტურის განმსაზღვრელი და მისი კიბერუსაფრთხოების უზრუნველმყოფი ნორმატიული ბაზის შემდგომი დახვეწა, განვითარება;

კრიტიკული ინფორმაციული სისტემების კიბერუსაფრთხოების უზრუნველმყოფი სამართლებრივი ბაზის განახლება;

კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების საქმიანობისთვის საჭირო პროგრამული და ტექნიკური აღჭურვილობის მომწოდებლებთან თანამშრომლობის მექანიზმების დახვეწა;


ინფორმაციული უსაფრთხოების მარეგულირებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების აღსრულების მექანიზმების შემუშავება;

ევროპის საბჭოს 2001 წლის ,,კიბერდანაშაულის შესახებ“ კონვენციის რატიფიცირების შედეგად აღებული ვალდებულებების შესრულების გაგრძელება;

საგანგებო, საომარი და სხვა სახის კრიზისული სიტუაციების დროს კიბერინციდენტებთან დაკავშირებულ მოვლენათა სავარაუდო განვითარების სცენარების დამუშავება და შესაბამისი მოქმედების სარეზერვო გეგმების და პროცედურების გაწერა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 30 მარტიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი