„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №5 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №5 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 30/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/03/2017
ძალაში შესვლის თარიღი 30/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 130000000.63.075.016049
30
30/03/2017
ვებგვერდი, 30/03/2017
130000000.63.075.016049
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №5 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის

ბრძანება №30

2017 წლის 30 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №5 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის  „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №5 ბრძანებით დამტკიცებულ (www.matsne.gov.ge; 03/08/2015; 130000000.63.075.016005) ეთიკის კოდექსში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.7.7. პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 7.8. პუნქტი:

„7.8. დროებითი მოთავსების იზოლატორის შესაბამის ადგილას უნდა ხდებოდეს აუდიო-ვიდეო დაკვირვება, აგრეთვე დროებითი მოთავსების იზოლატორში უნდა განხორციელდეს ჩანაწერების შენახვა.“.

2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თავი VII1“:

„თავი VII1. დროებითი მოთავსების იზოლატორის (დმი)თანამშრომლის ქცევის ინსტრუქცია

7.9. გახსოვდეთ:

ა) უკანონო ბრძანების შესრულების შემთხვევაში არ თავისუფლდებით პასუხისმგებლობისაგან;

ბ) თქვენი აგრესიულობა იწვევს დაკავებულთა საპასუხო აგრესიას;

გ) თქვენი მონაწილეობა ნებისმიერ კორუფციულ გარიგებაში დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით;

დ) დაკავებულ პირს უნდა მოეპყროთ ჰუმანურად, მის მიმართ გამოყენებული შეზღუდვები არ უნდა იყოს იმაზე უფრო მკაცრი, რაც საჭიროა მისი გაქცევის ან სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისთვის ხელის შეშლის თავიდან ასაცილებლად;

ე) დაუშვებელია დისკრიმინაცია პირის მოქალაქეობრივი, სოციალური, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, რასობრივი, ეროვნული და ეთნიკური კუთვნილების, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, ასაკის, განათლების, პოლიტიკური და სხვა შეხედულების, დაბადების ან სხვა სტატუსის მიხედვით;

ვ) იზოლატორში მოთავსებულ პირს უფლება აქვს გაასაჩივროს იზოლატორის მოსამსახურეთა ქმედებები;

ზ) იზოლატორში მოთავსებულ უცხოელ მოქალაქეს უფლება აქვს დაამყაროს კონტაქტი თავისი სახელმწიფოს დიპლომატიურ ან საკონსულო წარმომადგენლობასთან.

7.10. გევალებათ:

ა) დაკავებული პირის რელიგიური და მორალური ფასეულობების პატივისცემა;

ბ) იზოლატორში მოთავსებულ ქალთა, არასრულწლოვანთა და ხანდაზმულთა უფლებებისა და განსაკუთრებული სტატუსის პატივისცემა;

გ) სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას სამკერდე ნიშნის გამოსაჩენ ადგილას ტარება;

დ) დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფ პირთა რეგულარული შემოწმება მათი  უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;

ე) დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფი პირის მიმართ არასათანადო მოპყრობის ეჭვის არსებობის შემთხვევაში შესაბამისი უფლებამოსილი პირის ან ორგანოს ინფორმირება;

ვ) იზოლატორში მოთავსებული პირის დათვალიერებისა და შემოწმებისთვის,  იმავე სქესის თანამშრომლის გამოყოფა;

ზ) დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებისას დაკავებულთა ექიმის მიერ შემოწმების, ადვოკატის ხელმისაწვდომობისა და  მესამე მხარისთვის დაკავების ფაქტის შესახებ შეტყობინების უფლების უზრუნველყოფა;

თ) იზოლატორში განთავსებისთანავე პირისათვის იზოლატორის შინაგანაწესის განმარტება;

ი) მცირე დისციპლინურ დარღვევებზე ფრთხილი და ადეკვატური რეაგირება;

კ) მძიმე დისციპლინურ დარღვევებზე რეაგირება იმ წინასწარ დადგენილი წესების საფუძველზე, რომლებიც დისციპლინის დამრღვევ პირს იზოლატორში განთავსებისთანავე განემარტა;

ლ) დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფი პირებისათვის ბეჭდური მასალებისა და საწერი საშუალებების გამოყენების ხელშეწყობა;

მ) ქრთამის შემოთავაზების შემთხვევაში ზემდგომი თანამდებობის პირის ინფორმირება;

ნ) თქვენი კოლეგის არამართლზომიერი ქცევის შესახებ ზემდგომი თანამდებობის პირის ინფორმირება;

ო) ძალის გამოყენებამდე მიმართოთ პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაჭრის ყველა საშუალებას;

პ) საკუთარი თავისა და უწყების რეპუტაციის პატივისცემა;

ჟ) გამოიყურებოდეთ მოწესრიგებულად, გეცვათ ფორმა სათანადო განმასხვავებელი ნიშნებით (სამხრეები, ჟეტონი და ა.შ.);

რ) ატაროთ მოწესრიგებული ვარცხნილობა და იყოთ წვერგაპარსული.

7.11 გეკრძალებათ:

ა) დისციპლინისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც არ არის გათვალისწინებული კანონითა და ინსტრუქციებით, აღემატება იზოლატორში მოთავსების უსაფრთხოების სტანდარტებს და არის არაკანონიერი;

ბ) დროებითი მოთავსების იზოლატორში იარაღის ტარება, გარდა დროებით მოთავსებული პირის სხვა დაწესებულებაში გადაყვანისათვის კანონით გათვალისწინებული  შემთხვევებისა;

გ) დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფ პირთა მიმართ ძალისმიერი მეთოდების გამოყენება, გარდა დაკავებულის გაქცევის მცდელობის აღკვეთის, სამედიცინო დასკვნის არსებობის და იმ შემთხვევებისა, როდესაც არაძალისმიერი მეთოდები საკმარისი არ არის დაკავებული პიროვნების, სხვა პირების ან/და იზოლატორის შენობის დაზიანების  თავიდან ასაცილებლად;

დ) მამაკაც თანამშრომლებს იზოლატორის იმ საკნებში შესვლა, სადაც ქალები არიან განთავსებული (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა);

ე) დაკავებულ პირთან ურთიერთობისას ქედმაღლური ტონი, მუქარა, ირონია და ჟარგონებით საუბარი/ლანძღვა;

ვ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა;

ზ) ხელფასის ან/და სამსახურებრივი წახალისების გარდა, ნებისმიერი თანხის, საჩუქრის ან/და სარგებლის მიღება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების სანაცვლოდ;

თ) პირადი სარგებლის მისაღებად, ასევე პირადი მიზნებისათვის სამსახურებრივი მდგომარეობისა და უწყების სახელის გამოყენება;

ი) პოლიტიკური საქმიანობა, გაფიცვებში, შეკრებებსა და მანიფესტაციებში მონაწილეობა;

კ) საგუშაგოზე ყოფნისას საგუშაგოს მიტოვება, კითხვა, ძილი, ტელეფონის ქონა და სიგარეტის მოწევა.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 30 მარტიდან.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსივახტანგ გომელაური