„კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 14 იანვრის №40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 14 იანვრის №40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 172
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 03/04/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/04/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 23/06/2020
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016635
172
03/04/2017
ვებგვერდი, 04/04/2017
140130000.22.034.016635
„კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 14 იანვრის №40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №172

2017 წლის 3 აპრილი

ქ. თბილისი

 

„კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 14 იანვრის №40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 14 იანვრის №40 ბრძანებაში (სსმ III, 20.01.2010 წ., №6, მუხ. 55) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:“.

2. ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის:

ა) მე-2 და მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2

კერძო დაცვით საქმიანობაზე (შემდგომში – დაცვითი საქმიანობა) კონტროლს ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის – ინსპექტირების სამმართველოს (შემდგომში – სამმართველო) მეშვეობით.

მუხლი 3

1. დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების მიზნით სამმართველო უფლებამოსილია, „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით:

ა) შეამოწმოს დაცვითი ორგანიზაციისა და მცველის საქმიანობა „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად;

ბ) ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან გამოითხოვოს დაცვით საქმიანობასთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტები (ინფორმაცია) „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების შემოწმებისათვის;

გ) შეაგროვოს ცნობები და მტკიცებულებები;

დ) მოსთხოვოს დაცვითი საქმიანობის განმახორციელებელ ფიზიკურ პირს მცველის მოწმობა;

ე) შეამოწმოს „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-20 მუხლებით, ასევე 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულების მდგომარეობა;

ვ) შეამოწმოს მცველთა კარტოთეკისა და პირადი ბარათების წარმოების ვალდებულების შესრულების მდგომარეობა;

ზ) შეამოწმოს „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულების შესრულების მდგომარეობა;

თ) შეამოწმოს მცველის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის ვალდებულების შესრულების მდგომარეობა;

ი) მიიღოს და სათანადო წესით აღრიცხოს კერძო დაცვითი ორგანიზაციიდან მიღებული შეტყობინება;

კ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისთვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელება;

ლ) საჭიროების შემთხვევაში აწარმოოს სამართალდარღვევის აუდიო-ვიდეოჩაწერა და ფოტოგადაღება;

მ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს დეპარტამენტის დამატებითი ძალების გამოძახება;

ნ) შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და გამოსცეს ბრძანება დაჯარიმების შესახებ;

ო) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილება.

2. სამმართველოს წერილობითი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა დაცვითი საქმიანობის განმახორციელებელი ყველა პირისათვის.

3. სამმართველოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი უზრუნველყოფს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევას და „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს (შემდგომში – ოქმი), რომელიც იმავდროულად წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს, ამასთან, მინიჭებული აქვს ხარისხის დაცვის მეორე კატეგორია – „დაცული“. ოქმის ერთი ეგზემპლარი რჩება სამართალდამრღვევს, მეორე კი ეგზავნება დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის სამმართველოს უფლებამოსილ პირს.

4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევი ვალდებულია, კანონით დადგენილი წესით ითანამშრომლოს სამმართველოსთან და სამმართველოს უფლებამოსილ თანამდებობის პირთან.“;

ბ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ოქმი და მასზე თანდართული მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტს, დაუყოვნებლივ ეგზავნება განსახილველად სამმართველოს იმ უფლებამოსილ პირს (შემდგომში – უფლებამოსილი პირი), რომლის კომპეტენციაშიც შედის დაჯარიმების შესახებ ბრძანების გამოცემა.“;

) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8

უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული დაჯარიმების შესახებ ბრძანება მიღებიდან/გამოცემიდან 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში ინიციატორის (დეპარტამენტის შესაბამისი უფლებამოსილი თანამდებობის პირი) მიერ უნდა აისახოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემთა ბაზაში სათანადო პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით. აღნიშნულ პროგრამაზე წვდომა განხორციელდება ერთჯერადი რიცხვითი პაროლის გენერირების მოწყობილობით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 20 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი მღებრიშვილი