საქართველოს კანონის პროექტი - „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს კანონის პროექტი - „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები პროექტის ავტორი
მიღების თარიღი 20/03/2017
დოკუმენტის ტიპი ნორმატიული აქტების პროექტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016396
  • Word
0
20/03/2017
ვებგვერდი, 20/03/2017
000000000.00.00.016396
საქართველოს კანონის პროექტი - „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
პროექტის ავტორი

პროექტი

საქართველოს კანონი

„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №1(8), 1999 წელი, მუხ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.      91 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ანგარიშვალდებული საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოში იქმნება აუდიტის კომიტეტი, რომელმაც უნდა გააკონტროლოს ემიტენტის ფინანსური ანგარიშგების უტყუარობა, უზრუნველყოს შიდა კონტროლის სისტემის ეფექტიანობა და შიდა აუდიტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დამოუკიდებლობა, ასევე წარმართოს გარე აუდიტორთან ურთიერთობა. აუდიტის კომიტეტი წარმოადგენს სამეთვალყურეო საბჭოს ქვეკომიტეტს და იგი დაკომპლექტებულია მხოლოდ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისგან. აუდიტის კომიტეტს ხელმძღვანელობს სამეთვალყურეო საბჭოს ის წევრი, რომელიც არის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 131 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დამოუკიდებელი პირი.“.

2.      111 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 111. საანგარიშგებო მოთხოვნები დირექტორების შემოსავლების შესახებ

ანგარიშვალდებული საწარმოს ნებისმიერ აქციონერს უფლება აქვს, მიიღოს ინფორმაცია ანგარიშვალდებული საწარმოს დირექტორების ან დირექტორთა საბჭოს წევრების და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების მიერ საწარმოდან მიღებული ხელფასის და სხვა სახის შემოსავლების შესახებ.“.

3.      161 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. გარიგება, რომელშიც მონაწილეობენ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დაინტერესებული პირები და რომლის ღირებულებაც შეადგენს ანგარიშვალდებული საწარმოს აქტივების ღირებულების 10%-ს ან 10%-ზე მეტს ანდა მისი წესდებით გათვალისწინებულ უფრო მცირე ოდენობას, უნდა შემოწმდეს გარე აუდიტორის მიერ. გარე აუდიტორი ამოწმებს, იდება თუ არა გარიგება არსებითად იმავე პირობებით, როგორითაც დაიდებოდა დაინტერესების არმქონე პირებს შორის. გარე აუდიტორის მიერ გაცემული დასკვნა გარიგების დამტკიცებამდე ეგზავნება სამეთვალყურეო საბჭოს ან საერთო კრებას, იმის მიხედვით თუ ვინ უნდა დაამტკიცოს ეს გარიგება.“.

მუხლი 2. ანგარიშვალდებულმა საწარმოებმა ამ კანონის ამოქმედებამდე შექმნილი აუდიტის კომიტეტის ამ კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტთან შესაბამისობა უზრუნველყონ ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 1 წლისა.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიგ. მარგველაშვილი

განმარტებითი ბარათი

„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე

ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ

ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:

კანონპროექტის მიღების მიზეზია ის გარემოება, რომ „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის ცალკეული ნორმები შესაბამისობაშია მოსაყვანი საერთაშორისო სტანდარტებთან. კერძოდ, საერთაშორისოდ დამკვიდრებული პრაქტიკაა, რომ აუდიტის კომიტეტი უნდა შედგებოდეს მხოლოდ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისგან და მას უნდა ხელმძღვანელობდეს დამოუკიდებელი პირი. ასევე, ინტერესთა კონფლიქტის შემცველ ისეთ გარიგებას, რომლის ღირებულებაც შეადგენს ანგარიშვალდებული საწარმოს აქტივების ღირებულების 10%-ს ან 10%-ზე მეტს ანდა მისი წესდებით გათვალისწინებულ უფრო მცირე ოდენობას, უნდა ამტკიცებდეს გარე აუდიტორი. კანონპროექტის მიღების მიზეზია, ასევე, ნებისმიერი აქციონერისთვის შესაძლებლობის მიცემა, მიიღოს ინფორმაცია დირექტორთა შემოსავლების შესახებ.

ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:

კანონპროექტის მიზანია აუდიტის კომიტეტთან და ინტერესთა კონფლიქტის შემცველ გარიგებათა მარეგულირებელი ნორმების საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანა და მცირე აქციონერთა უფლებების გაუმჯობესება.

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:

კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შედის „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლში და განისაზღვრება, რომ აუდიტის კომიტეტი წარმოადგენს სამეთვალყურეო საბჭოს ქვეკომიტეტს და იგი დაკომპლექტებულია მხოლოდ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისგან. ამასთან, აუდიტის კომიტეტს უნდა ხელმძღვანელობდეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 131 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დამოუკიდებელი პირი.

„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 111 მუხლის დღეს მოქმედი რედაქციით, აქციების 5%-ის ან 5%-ზე მეტის მფლობელ აქციონერს ან აქციონერთა ჯგუფს უფლება აქვს, მიიღოს ინფორმაცია ანგარიშვალდებული საწარმოს დირექტორების ან დირექტორთა საბჭოს წევრების და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების მიერ საწარმოდან მიღებული ხელფასის და სხვა სახის შემოსავლების შესახებ. მიგვაჩნია, რომ მოცემული ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი აქციონერისთვის, შესაბამისად, აღნიშნულის უზრუნველსაყოფად პროექტით ცვლილება ხორციელდება 111 მუხლში.

კანონპროექტით 161 მუხლს ემატება 51 პუნქტი და დგინდება, რომ გარიგება, რომელშიც მონაწილეობენ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დაინტერესებული პირები და რომლის ღირებულებაც შეადგენს ანგარიშვალდებული საწარმოს აქტივების ღირებულების 10%-ს ან 10%-ზე მეტს ანდა მისი წესდებით გათვალისწინებულ უფრო მცირე ოდენობას, უნდა შემოწმდეს გარე აუდიტორის მიერ. გარე აუდიტორი ამოწმებს, იდება თუ არა გარიგება არსებითად იმავე პირობებით, როგორითაც დაიდებოდა დაინტერესების არმქონე პირებს შორის. გარე აუდიტორის მიერ გაცემული დასკვნა გარიგების დამტკიცებამდე ეგზავნება სამეთვალყურეო საბჭოს ან საერთო კრებას, იმის მიხედვით, თუ ვინ უნდა დაამტკიცოს ეს გარიგება.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს გარდამავaლ დებულებას, რომელიც განსაზღვრავს ვადას ანგარიშვალდებული საწარმოებისთვის, უკვე შექმნილი აუდიტის კომიტეტების ამ კანონპროექტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:

კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.

ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:

კანონპროექტის მიღებას გავლენა არ ქნება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.

ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:

კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს.

ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:

კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას.

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:

კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:

კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას.

გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან

გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.

გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.

გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს.

დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:

დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

კანონპროექტის მომზადებისას კონსულტაციები მიმდინარეობდა ინვესტორთა საბჭოსთან, საქართველოს ბიზნესასოციაციასთან, საქართველოს საფონდო ბირჟასთან, დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანებასა და საქართველოს ეროვნულ ბანკთან.

დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

ასეთი არ არსებობს.

ე) კანონპროექტის ავტორი:

კანონპროექტის ავტორია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

ვ) კანონპროექტის ინიციატორი:                       

 კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.

„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება

მუხლი 91. აუდიტის კომიტეტი

1. ანგარიშვალდებული საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოში იქმნება აუდიტის კომიტეტი, რომელმაც უნდა გააკონტროლოს ემიტენტის ფინანსური ანგარიშგების უტყუარობა, უზრუნველყოს შიდა კონტროლის სისტემის ეფექტიანობა და შიდა აუდიტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დამოუკიდებლობა, ასევე წარმართოს გარე აუდიტორთან ურთიერთობა. აუდიტის კომიტეტის წევრი შეიძლება იყოს როგორც ანგარიშვალდებული საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ისე სხვა პირი (მათ შორის, საწარმოს თანამშრომელი); ამასთანავე, აუდიტის კომიტეტის ერთი წევრი მაინც უნდა იყოს ანგარიშვალდებული საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის 22 პუნქტით გათვალისწინებული დამოუკიდებელი პირი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ვრცელდება კომერციულ ბანკებზე, რომელთა საქმიანობა რეგულირდება „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით.

მუხლი 111. საანგარიშგებო მოთხოვნები დირექტორების შემოსავლების შესახებ

ანგარიშვალდებული საწარმოს აქციების 5%-ის ან 5%-ზე მეტის მფლობელ აქციონერს ან აქციონერთა ჯგუფს უფლება აქვს, მიიღოს ინფორმაცია ანგარიშვალდებული საწარმოს დირექტორების ან დირექტორთა საბჭოს წევრების და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების მიერ საწარმოდან მიღებული ხელფასის და სხვა სახის შემოსავლების შესახებ.

მუხლი 161. ინტერესთა კონფლიქტი და ინფორმაციის განცხადება

1. ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ განსახორციელებელი გარიგებები უნდა დაიდოს ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, თუ დაინტერესებული პირი არის ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრი ანდა ხმათა საერთო რაოდენობის 20%-ის ან მეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელი აქციონერი. ამ მუხლის მოთხოვნები, გარდა მე-7 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, არ ვრცელდება გარიგებებზე, რომლებიც იდება ანგარიშვალდებულ საწარმოსა და მის 100%-იან შვილობილ საწარმოს ან 100%-იან აქციონერს შორის.

2. ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრი ანდა ხმათა საერთო რაოდენობის 20%-ის ან მეტის მფლობელი აქციონერი დაინტერესებულ პირად მიიჩნევა, თუ ის ან მასთან დაკავშირებული პირი ამ ანგარიშვალდებული საწარმოს ან მისი შვილობილი საწარმოს (საწარმო, რომელშიც ეს ანგარიშვალდებული საწარმო ფლობს 50%-ზე მეტ წილს) მიერ გარიგების დადების შემთხვევაში აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას :

ა) არის გარიგების მეორე მხარე;

ბ) პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს იმ იურიდიული პირის ხმათა საერთო რაოდენობის 20%-ს ან მეტს, რომელიც გარიგების მეორე მხარეა;

გ) არის გარიგების მეორე მხარის მმართველი ორგანოს წევრი;

დ) დანიშნულია / არჩეულია ამ ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრად გარიგების მეორე მხარის ანდა გარიგების მეორე მხარის ხმათა საერთო რაოდენობის 20%-ის ან მეტის მფლობელის (მფლობელების) წარდგინებით;

ე) გარიგების საფუძველზე იღებს ფულად ან სხვა სახის სარგებელს, რომელიც არ არის დაკავშირებული ამ ანგარიშვალდებული საწარმოს წილის ფლობასთან ან მმართველი ორგანოს წევრობასთან;

ვ) ასეთად განისაზღვრება ამ ანგარიშვალდებული საწარმოს წესდებით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დაინტერესებული პირი ვალდებულია, დასადებ გარიგებაში თავისი დაინტერესების ფაქტის, გარიგების ხასიათისა და მოცულობის თაობაზე დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს ანგარიშვალდებული საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს, ხოლო თუ ამავე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად გარიგებას ამტკიცებს საერთო კრება, – განუცხადოს მასაც.

4. თუ პირმა არ იცოდა, რომ დადებულ გარიგებაში თვითონ იყო ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დაინტერესებული პირი, იგი ვალდებულია ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა შეასრულოს დაუყოვნებლივ, თავისი დაინტერესების ფაქტის შეტყობისთანავე.

41. ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრი ვალდებულია დასადებ გარიგებაში ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ შეტყობისთანავე წერილობით აცნობოს ანგარიშვალდებული საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს, ხოლო თუ ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად გარიგებას საერთო კრება ამტკიცებს – მასაც განუცხადოს.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ დაინტერესებულ პირებს ეკრძალებათ ხმის უფლების გამოყენება საზოგადოების ყველა შესაბამის ორგანოში იმ გარიგებებთან დაკავშირებით, რომლებშიც მათ აქვთ დაინტერესება. ამ შემთხვევაში დარჩენილი ხმები განიხილება, როგორც ხმათა სრული ოდენობა, და გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა ხორციელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თუ საზოგადოების წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

6. გარიგება, რომელშიც მონაწილეობენ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დაინტერესებული პირები ან რომლის ღირებულებაც შეადგენს ანგარიშვალდებული საწარმოს აქტივების ღირებულების 10%-ს ან 10%-ზე მეტს ანდა მისი წესდებით გათვალისწინებულ უფრო მცირე ოდენობას, უნდა დაამტკიცოს საწარმოს სამეთვალყურეო საბჭომ ან საერთო კრებამ, ხოლო თუ გარიგების ღირებულება აღემატება ანგარიშვალდებული საწარმოს აქტივების ღირებულების 50%-ს – საერთო კრებამ, ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად.

 61. გარიგება, რომელშიც მონაწილეობენ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დაინტერესებული პირები და რომლის ღირებულებაც შეადგენს ანგარიშვალდებული საწარმოს აქტივების ღირებულების 10%-ს ან 10%-ზე მეტს ანდა მისი წესდებით გათვალისწინებულ უფრო მცირე ოდენობას, უნდა დაამტკიცოს საერთო კრებამ, ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად.

7. ანგარიშვალდებულმა საწარმომ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს სააგენტოს შეტყობინება იმ გარიგების დამტკიცების შესახებ, რომელშიც მონაწილეობენ დაინტერესებული პირები. შეტყობინებაში უნდა მიეთითოს გარიგების მოცულობა და ხასიათი, აგრეთვე სხვა ძირითადი პირობები. ანგარიშვალდებულმა საწარმომ უნდა უზრუნველყოს ამ პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნება საკუთარ ან საფონდო ბირჟის ვებგვერდზე ანდა სააგენტოს მიერ განსაზღვრული მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, სააგენტოსთვის შეტყობინების გაგზავნიდან 5 დღის ვადაში. ინფორმაცია ყოველი ასეთი გარიგებისა და ანგარიშვალდებულ საწარმოსა და მის 100%-იან შვილობილ საწარმოს ან 100%-იან აქციონერს შორის დადებული გარიგების თაობაზე, რომლის ღირებულება შეადგენს ანგარიშვალდებული საწარმოს აქტივების ღირებულების 10%-ს ან მეტს ანდა წესდებით გათვალისწინებულ უფრო მცირე ოდენობას, უნდა აისახოს ანგარიშვალდებული საწარმოს მიმდინარე და წლიურ ანგარიშებში.

8. პირი, რომელმაც იცოდა ან უნდა სცოდნოდა და არ განაცხადა გარიგებაში თავისი დაინტერესების შესახებ ან/და გამოიყენა ხმის უფლება ამ მუხლით დადგენილი აკრძალვის მიუხედავად, ვალდებულია აანაზღაუროს საზოგადოებისთვის ამ გარიგების შედეგად მიყენებული ზიანი და დააბრუნოს გარიგების დადებით მიღებული პირადი სარგებელი, თუ დამტკიცდება, რომ ინტერესთა კონფლიქტის გამო გარიგების შედეგად საზოგადოებას მიადგა ზიანი და დაინტერესების არარსებობისას გარიგება უკეთესი პირობებით დაიდებოდა.

81. ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრები, რომლებმაც იცოდნენ ან უნდა სცოდნოდათ და არ განაცხადეს გარიგებაში ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ან/და მხარი დაუჭირეს გარიგების ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევით დადებას, რამაც საზოგადოებას ზიანი მიაყენა, ვალდებული არიან დაინტერესებულ პირთან ერთად სოლიდარულად აანაზღაურონ საზოგადოებისთვის ამ გარიგების შედეგად მიყენებული ზიანი და დააბრუნონ გარიგების დადებით მიღებული პირადი სარგებელი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ ინტერესთა კონფლიქტის გამო გარიგების შედეგად საზოგადოებას მიადგა ზიანი და დაინტერესების არარსებობისას გარიგება უკეთესი პირობებით დაიდებოდა.

9. გარიგების ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევით დადების შემთხვევაში, მისი დადებიდან 18 თვის განმავლობაში, ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრს ან/და ანგარიშვალდებული საწარმოს 5%-ის ან 5%-ზე მეტის მფლობელ აქციონერს ან აქციონერთა ჯგუფს, თუ საწარმო სააქციო საზოგადოებაა, ხოლო სხვა სამართლებრივი ფორმის ანგარიშვალდებულ საწარმოში – თითოეულ პარტნიორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ასეთი გარიგების ბათილობა ან/და ამავე მუხლის მე-8 და 81 პუნქტებით განსაზღვრული პირების მიერ ზიანის ანაზღაურება და ასეთი გარიგების დადებით მიღებული პირადი სარგებლის დაბრუნება, ასეთის არსებობის შემთხვევაში.