„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 16 აგვისტოს N94/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 16 აგვისტოს N94/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 54/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 20/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017308
54/ნ
20/03/2017
ვებგვერდი, 22/03/2017
430210000.22.022.017308
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 16 აგვისტოს N94/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №54/ნ

2017 წლის 20 მარტი

ქ. თბილისი

,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 16 აგვისტოს №94/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის  საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 16 აგვისტოს №94/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 19.08.2016; სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.017168) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შინაგანაწესი ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა



დანართი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შინაგანაწესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში სამინისტრო) შინაგანაწესი (შემდგომში შინაგანაწესი) შემუშავებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს  კანონის შესაბამისად.

2. შინაგანაწესი ვრცელდება სამინისტროს საჯარო მოსამსახურეებზე (შემდგომში მოსამსახურე).

3. სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო (შემდგომში ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო) ვალდებულია სამსახურში მიღებისას შინაგანაწესი გააცნოს  მოსამსახურეს, რომელმაც ხელმოწერით უნდა დაადასტუროს მისი გაცნობა დანართი №1-ით გათვალისწინებული ფორმის შესაბამისად. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველომ უნდა უზრუნველყოს მოსამსახურისათვის შინაგანაწესის ნებისმიერ დროს გაცნობის ხელმისაწვდომობა.

4. შინაგანაწესის მიზანია:

ა)  სამსახურებრივი ქცევის მარეგულირებელი ზოგადი პრინციპების დამკვიდრება;

ბ) სამინისტროსათვის დაკისრებული ფუნქციების სრულყოფილად განხორციელებისათვის ხელის შეწყობა;

გ)  სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების ეფექტიანობის გაზრდა;

დ) მოსამსახურეთა მიერ შრომისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების დამკვიდრება;

ე)  შრომის დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა;

ვ) სამუშაო დროის რაციონალური გამოყენება;

ზ) მოსამსახურეთა კვალიფიკაციის დონისა და პროფესიული უნარ-ჩვევების გამოვლენის ხელშეწყობა.

5. შინაგანაწესით განისაზღვრება:

ა) სამუშაო დრო და შესვენების დრო;

ბ) დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებში, აგრეთვე, ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ, სამინისტროში ყოფნის წესი;

გ) სამსახურებრივ საკითხებზე განკარგულებების მოსამსახურეებისთვის მიწოდების წესი;

დ) მოსამსახურის თანამდებობრივი სარგოს გაცემის დრო და ადგილი;

ე) შვებულების გამოყენების წესი;

ვ) მოსამსახურის მივლინების წესი;

ზ) წახალისების ფორმებისა და პასუხისმგებლობის ზომების  გამოყენების წესი;  

თ) შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები;

ი) გარეგნული იერსახე;

კ) სამსახურში არყოფნის შესახებ შეტყობინების წესი;

ლ) მოსამსახურის მატერიალური პასუხისმგებლობა;

მ) გათავისუფლებული მოსამსახურის ვალდებულებანი.

6. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველომ თითოეულ მოსამსახურეს უნდა გააცნოს სამინისტროს მიერ დადგენილი ორგანიზაციული ქცევის წესები და საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობის სამუშაოს აღწერილობა, ხოლო მოსამსახურე ვალდებულია, იხელმძღვანელოს აღნიშნული დოკუმენტებით.


მუხლი 2. სამუშაო დრო და შესვენების დრო
1. მოსამსახურის სამუშაო დრო წარმოადგენს კალენდარული დროის ნაწილს, რომლის განმავლობაშიც იგი ვალდებულია განახორციელოს თავისი სამსახურებრივი უფლება-მოვალეობანი.

2. მოსამსახურისათვის განსაზღვრულია 5-დღიანი სამუშაო კვირა (სამუშაო კვირაა  ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით). სამუშაო დროის ხანგრძლივობა შეადგენს 40 საათს კვირაში, რაც გულისხმობს 8-საათიან 5 სამუშაო დღეს.

3. სამუშაო დღის დასაწყისია 09:00 საათი, ხოლო დასასრული 18:00 საათი.

4. სამუშაო დღის განმავლობაში შესვენების დროა 13:00 საათიდან 14:00 საათამდე.

5. სამუშაო დროში არ შედის  შესვენების პერიოდი, დასვენებისა (შაბათ-კვირა) და უქმე დღეები.

6. მოსამსახურეს, რომელსაც ჰყავს სკოლამდელი ან სასკოლო ასაკის ბავშვი, ასევე, თუ არსებობს სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოება, უფლება აქვს, უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით, სამსახურში გამოცხადდეს დადგენილზე ნახევარი საათით გვიან, რაც მოსამსახურის მიერ უნდა ანაზღაურდეს სამუშაო დღის დადგენილ დროზე  ნახევარი საათით გვიან დასრულების ფორმით ან შესვენების ნახევარი საათით გვიან დაწყების პერიოდით.

7. სამინისტრო არ მუშაობს საქართველოს ორგანული კანონით ,,საქართველოს შრომის კოდექსით“ განსაზღვრულ უქმე დღეებსა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

8. მოსამსახურეს, რომელიც მეძუძური დედაა და კვებავს ერთ წლამდე ასაკის ბავშვს, მისი მოთხოვნის საფუძველზე, ეძლევა დამატებითი შესვენება დღეში არანაკლებ 1 (ერთი) საათისა, რომელიც შეუძლია გამოიყენოს სამუშაო დღის ნებისმიერ მონაკვეთში.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი შესვენება ითვლება სამუშაო დროში და ექვემდებარება ანაზღაურებას.

10. შაბათ-კვირას, სამუშაო დღის დამთავრების შემდეგ ან/და უქმე დღეებში სამინისტროში მოსამსახურის მუშაობა ნებაყოფლობითია.


მუხლი 3. სამუშაო დღის აღრიცხვა
1. მოსამსახურის მიერ ნამუშევარი დრო აღირიცხება ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს მიერ, სპეციალური ტექნიკური საშუალებით, მოსამსახურისათვის გადაცემული ელექტრონული ბარათის (შემდგომში ელექტრონული ბარათი) მეშვეობით.

2. მოსამსახურე ვალდებულია სამუშაო ადგილზე მისვლისას, სამუშაო ადგილის დატოვებისას და შენობიდან ნებისმიერი გასვლა-შემოსვლისას გასაღებად გამოიყენოს  ელექტრონული ბარათი.

3. სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის (შემდგომში შიდა აუდიტის დეპარტამენტი) საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, აღნიშნული დეპარტამენტის მოსამსახურეების სამუშაო ადგილზე გამოცხადებისა და სამუშაო ადგილის დატოვების აღრიცხვას აწარმოებს სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი.

4. ელექტრონული ბარათის დაკარგვის შემთხვევაში მოსამსახურემ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს, სამსახურებრივ ელექტრონულ ფოსტაზე (HRMDivision@mes.gov.ge).


მუხლი 4. სამუშაოზე დაგვიანებით გამოცხადება. სამუშაოს გაცდენა
1. სამსახურში მოსამსახურე უნდა გამოცხადდეს შინაგანაწესის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ დროს. 

2. მოსამსახურე, სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით, სამსახურში შესაძლებელია გამოცხადდეს შინაგანაწესის მე-2 მუხლით განსაზღვრული სამუშაო გრაფიკისგან განსხვავებული დროით,  უშუალო ხელმძღვანელთან/ხელმძღვანელთან შეთანხმებით, ხოლო შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის/ხელმძღვანელის წარდგინებით მოსამსახურეზე შესაძლებელია გავრცელდეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები.

3. იმ შემთხვევაში, თუ მოსამსახურე სამუშაო ადგილზე გამოცხადდება ელექტრონული ბარათის გარეშე, იგი ვალდებულია ამის შესახებ შეატყობინოს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს  სამსახურებრივ ელექტრონულ ფოსტაზე (HRMDivision@mes.gov.ge).

4. თუ მოსამსახურეს არ შეუძლია გამოცხადდეს სამსახურში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, იგი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს მის უშუალო ხელმძღვანელს/ხელმძღვანელს, რის შემდეგაც მისი უშუალო ხელმძღვანელი/ხელმძღვანელი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ შეატყობინოს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს სამსახურებრივ ელექტრონულ ფოსტაზე (HRMDivision@mes.gov.ge).

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამსახურემ, სამსახურში დაბრუნებისთანავე, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის (eflow) მეშვეობით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს (შემდგომში მინისტრი) საავადმყოფო ფურცელთან ერთად უნდა წარუდგინოს განცხადება გაცდენილი დღის/დღეების საპატიოდ ჩათვლის თაობაზე, ხოლო საავადმყოფო ფურცელი, მატერიალური სახით, წარედგინება სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველოს.

6. წინასწარ უცნობი, მაგრამ საპატიო მიზეზით (ოჯახის წევრის გარდაცვალება, უბედური/გაუთვალისწინებელი შემთხვევა) მოსამსახურის სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოსამსახურე ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მის უშუალო ხელმძღვანელს/ხელმძღვანელს, რის შემდეგაც მისი უშუალო ხელმძღვანელი/ხელმძღვანელი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ შეატყობინოს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს სამსახურებრივ ელექტრონულ ფოსტაზე (HRMDivision@mes.gov.ge). სამსახურში დაბრუნებულმა მოსამსახურემ დაუყოვნებლივ უნდა წარუდგინოს მოხსენებითი ბარათი მინისტრს,  გაცდენილი დღის/დღეების საპატიოდ ჩათვლის თაობაზე.

7. მოსამსახურეს უფლება აქვს, ხელმძღვანელთან შეთანხმებით, კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულების ფარგლებში, წლის განმავლობაში, ისარგებლოს  4 (ოთხი) სამუშაო დღით, შინაგანაწესის მე-8 მუხლით განსაზღვრული პროცედურების გარეშე, მაგრამ კვარატლის განმავლობაში არაუმეტეს ერთი სამუშაო დღისა, რის შემდეგაც მისი უშუალო ხელმძღვანელი/ხელმძღვანელი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ შეატყობინოს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს სამსახურებრივ ელექტრონულ ფოსტაზე (HRMDivision@mes.gov.ge).

8. მოსამსახურეს შესაძლებელია დაევალოს კონკრეტული დავალების შესრულება სამუშაო ადგილის ფარგლებს გარეთ, სრული სამუშაო დღის განმავლობაში, რომლის შესახებაც უნდა ეცნობოს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს (HRMDivision@mes.gov.ge), სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. აღნიშნული მოსამსახურეს არ ჩაეთვლება სამსახურში გამოუცხადებლობად.

9. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ მოსამსახურე არ გამოცხადდა სამსახურში და აღნიშნულის შესახებ ინფორმირებული არ იყო ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო, ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო უფლებამოსილია, მოხსენებითი ბარათი წარუდგინოს მინისტრს შემდგომი რეაგირების განხორციელების მიზნით.


მუხლი 5. დასვენების და სადღესასწაულო დღეებში, აგრეთვე, ყოველი სამუშაო დღის დამთავრების შემდეგ დაწესებულებაში ყოფნის წესი
1. შინაგანაწესის მე-2 მუხლით განსაზღვრული სამუშაო დროის გარდა, მოსამსახურის მიერ შესრულებული სამუშაო (შემდგომში – ზეგანაკვეთური სამუშაო) ექვემდებარება ანაზღაურებას, ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. მოსამსახურის მიერ უშუალო ხელმძღვანელის/ხელმძღვანელის დავალებით, შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაოს შემდეგ, უშუალო ხელმძღვანელი/ხელმძღვანელი უფლებამოსილია, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის (eflow) მეშვეობით, მოხსენებითი ბარათით, წარუდგინოს მინისტრს შესრულებული სამუშაოს აღწერა, სამუშაო საათების მითითებით და ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურების ან დამატებითი დასვენების დროის მიცემის მოთხოვნით.

3. წარდგენილი მოხსენებითი ბარათი, მინისტრის მიერ რეზოლუციის დადების (თანახმა ვარ) შემთხვევაში, ეგზავნება სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტს (ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურების მოთხოვნის შემთხვევაში) ან ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს (დამატებითი დასვენების დროის მიცემის მოთხოვნის შემთხვევაში) შემდგომი ღონისძიებების განხორციელების მიზნით.

4. ზეგანაკვეთური სამუშაოს საათობრივი ანაზღაურება მოხდება ხელფასის საშუალო საათობრივი განაკვეთის  1.5-ის ოდენობით.


მუხლი 6. სამსახურებრივ საკითხებზე განკარგულებების მოსამსახურეებისათვის მიწოდების წესი
1. სამსახურებრივ საკითხებზე მოსამსახურეებზე განკარგულებები შესაძლებელია გაიცეს:

ა)  ზეპირად;

ბ) მითითებით;

გ) ინსტრუქციით;

დ) ოქმით;

ე) მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. განკარგულება, რომელიც არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, შესაძლებელია გაიცეს ხელმძღვანელის (მინისტრის, მინისტრის მოადგილის ან უშუალო ხელმძღვანელის/ხელმძღვანელის) მიერ ზეპირსიტყვიერად ან სამუშაო მასალებზე  ელექტრონულად დადებული რეზოლუციით.

3. განკარგულების ადრესატი ვალდებულია, შეუდგეს დავალების შესრულებას განკარგულების გაცემის ან/და განკარგულების გამცემის მიერ განსაზღვრული მომენტიდან.

4. ამ მუხლის შესაბამისად გაცემული განკარგულებების შესრულება სავალდებულოა ყველა მოსამსახურისათვის.


მუხლი 7. მოსამსახურის თანამდებობრივი სარგოს გაცემის დრო და ადგილი
მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო გაიცემა ყოველთვიურად, არაუგვიანეს მომდევნო თვის პირველი რიცხვისა, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.

მუხლი 8. შვებულების გამოყენების წესი
1. მოსამსახურე სარგებლობს ყოველწლიური ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ხანგრძლივობით.

2. შვებულების მოთხოვნის შესახებ განცხადება უნდა შეთანხმდეს შესაბამის უშუალო ხელმძღვანელთან ან/და ხელმძღვანელთან. ხელმძღვანელი ან/და უშუალო ხელმძღვანელი უფლებამოსილია, უარი განაცხადოს თანხმობის გაცემაზე, თუ მოცემულ პერიოდში, სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი არ არის მოსამსახურის მიერ შვებულებით სარგებლობა.

3. მოსამსახურე შვებულების შესახებ განცხადებით მიმართავს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსს/უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის (eflow) მეშვეობით, გარდა შინაგანაწესის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

4. მოსამსახურე უფლებამოსილია, სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის ან/და უშუალო ხელმძღვანელის თანხმობით, ნაწილ-ნაწილ გამოიყენოს კუთვნილი შვებულება.


მუხლი 9. მოსამსახურის მივლინების წესი
1. მოსამსახურის მივლინება ფორმდება ბრძანებით.

2. ქვეყნის ფარგლებში მივლინების შესახებ მიმართვა წარდგენილი უნდა იქნეს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსის/უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ხოლო, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მინისტრის წინაშე, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის (eflow) მეშვეობით.

3. ქვეყნის ფარგლებში მივლინების შესახებ ბრძანების საფუძველზე, ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო მოსამსახურეს უფორმებს სამივლინებო მოწმობას (დანართი №2).

4. ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინების პერიოდის დასრულების შემდეგ, არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა, მოსამსახურე მინისტრს, მოხსენებითი ბარათით, უშუალო ხელმძღვანელის/ხელმძღვანელის ვიზირებით, წარუდგენს მივლინების ანგარიშს (დანართი №3).


მუხლი 10. წახალისების ფორმებისა და პასუხიმგებლობის ზომების  გამოყენების წესი
1. მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის გამოიყენება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალიწინებული წახალისების ფორმა.

2. შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში, საჯარო მოსამსახურის მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები.

3. ყველა სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა და წახალისების ფორმა ფორმდება მინისტრის ბრძანებით და ინახება მოსამსახურის პირად საქმეში. ასევე, აისახება ადამიანური რესურსების მართვის ავტორიზებულ სისტემაში (eHRMS).

4. მოსამსახურის მიერ შრომის დისციპლინის დაცვის კონტროლს ახორციელებს და შრომითი დისციპლინის დარღვევის შესახებ მინისტრს ინფორმაციას წარუდგენს შიდა აუდიტის დეპარტამენტი და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო, კომპეტენციების შესაბამისად. 


მუხლი 11. სამუშაოს შეფასება
სამინისტროს თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასება ხორციელდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული  სამინისტროს სისტემაში დასაქმებულთა მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემის (შეფასების სახელმძღვანელო) შესაბამისად.

მუხლი 12. შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო  უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები
1. სამინისტრო უზრუნველყოფს მოსამსახურის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და შრომითი საქმიანობისათვის უსაფრთხო და ჯანსაღი პირობებისა და გარემოს შექმნას.

2. მოსამსახურის მიერ უსაფრთხოების წესების/ნორმების დარღვევის შემთხვევაში, მის მიმართ გამოყენებულ იქნება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ერთ-ერთი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.


მუხლი 13. ინფორმირება და შიდა კომუნიკაცია
1. მოსამსახურეთა ინფორმირება ხორციელდება სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.  მოსამსახურეს ევალება ყოველდღიურად თვალყური ადევნოს ელექტრონულ ფოსტას, რათა ფლობდეს შესაბამის ინფორმაციას.

2. მოსამსახურეთა შორის შიდა სამსახურებრივი/საქმიანი კომუნიკაცია, შუალედური საკითხების გარკვევა/შეთანხმება და მის საფუძველზე ოფიციალური დოკუმენტების მომზადება ხორციელდება სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.


მუხლი 14. კონფიდენციალური ინფორმაცია
1. სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს მიღებული ინფორმაცია, რაც უკავშირდება სამინისტროს მუშაობას და რომლის გავრცელებას, მთლიანობის ან ხელმისაწვდომობის ხელყოფას შესაძლებელია მოჰყვეს მნიშვნელოვანი ზიანი, არის კონფიდენციალური და თითოეული მოსამსახურე ვალდებულია, მკაცრად დაიცვას ამ ინფორმაციის კონფიდენციალურობა და არ გაუმჟღავნოს ის სხვა პირებს. ამ ვალდებულების დარღვევა იწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას.

2.  მოსამსახურეს კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მოვალეობა ეკისრება სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგაც. ასეთი ინფორმაციის გამჟღავნების შემთხვევაში, მას დაეკისრება ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 


მუხლი 15. მოსამსახურის მატერიალური პასუხისმგებლობა
1. სამინისტროს ბალანსზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობათა გამოყენებაზე ზედამხედველობას ახორციელებს სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტი (შემდგომში ეკონომიკური დეპარტამენტი).

2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი ვალდებულია:

ა) განახორციელოს კონტროლი იმ ქონების სათანადო გამოყენებასა და დაცვაზე, რომელიც გადაცემული აქვს მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფს;

ბ) დაუყოვნებლივ შეატყობინოს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსს მისი კონტროლის ქვეშ მყოფი ქონების ნებისმიერი სახის გადაადგილების, დაზიანების, განადგურებისა თუ დაკარგვის თაობაზე;

3. მოსამსახურე პასუხისმგებელია მისთვის გადაცემული ქონების სათანადო გამოყენებასა და დაცვაზე. მოსამსახურე ვალდებულია:

ა) ქონება გამოიყენოს მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისათვის;

ბ) ქონების ნებისმიერი სახის გადაადგილების, დაზიანების, განადგურებისა თუ დაკარგვის შესახებ აცნობოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს;

გ) არ გადასცეს თავის მფლობელობაში არსებული ქონება სხვა მოსამსახურეს ეკონომიკური დეპარტამენტის და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე.

4. სამინისტროსათვის მიყენებული ზიანის გამო მოსამსახურეს, რომლის ბრალეულობით გამოწვეულია ზიანი, ეკისრება პასუხისმგებლობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად. 


მუხლი 16. გარეგნული იერსახე
1. მოსამსახურე ვალდებულია ჰქონდეს მოწესრიგებული იერსახე და სამუშაო დღეებში ატაროს საქმიანი გარემოსათვის შესაფერისი სამოსი, სამსახურებრივი უფლებამოსილება განახორციელოს მოწესრიგებული ჩაცმულობით, ზნეობრივ-ეთიკური ნორმების შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, მოსამსახურის მიმართ, მინისტრის წინაშე, ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს წარდგინების საფუძველზე, შესაძლებელია გავრცელდეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები.


მუხლი 17. მოხელის გამოსაცდელი ვადა
1. მოხელე თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს გამოსაცდელი ვადით, არაუმეტეს 6 (ექვსი) თვისა, გარდა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა („საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტი).

2. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მოწმდება მოხელის პროფესიული უნარ-ჩვევების, შესაძლებლობების და პიროვნული თვისებების შესაბამისობა დაკავებულ თანამდებობასთან.

3. გამოსაცდელ ვადაში არ ითვლება დროებითი შრომისუუნარობის და სხვა საპატიო მიზეზის გამო გაცდენილი დრო. გამოსაცდელი ვადა ჩაითვლება შრომით სტაჟში.

4. მოხელის საქმიანობის შეფასება ხორციელდება გამოსაცდელი პერიოდის დასრულებამდე 5 (ხუთი) სამუშაო დღით ადრე, უშუალო ხელმძღვანელის მიერ.

5. გამოსაცდელი ვადის პერიოდში მოსამსახურის საქმიანობის შეფასების ფორმა (დანართი №4) წარედგინება ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს.

6. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო პირის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ბრძანების პროექტს ამზადებს შეფასების ფორმაში მითითებული დადებითი შედეგის შემთხვევაში (დადებით შედეგად ითვლება შეფასება  9-დან 18 ქულის ჩათვლით.).

7. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მოხელე თანამდებობიდან შეიძლება გათავისუფლდეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.


მუხლი 18. გათავისუფლებული მოსამსახურის ვალდებულებანი
სამსახურიდან გათავისუფლებისას მოსამსახურე ვალდებულია გათავისუფლების თარიღის მითითებით დანართ №5-ში განსაზღვრულ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში წარადგინოს დოკუმენტი – შემოვლის ფურცელი (დანართი №5), სამინისტროს ბალანსზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობათა ჩაბარების თაობაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების ხელმოწერით. აღნიშნული მოთხოვნის შესრულების შემდეგ მოსამსახურესთან უნდა მოხდეს საბოლოო ანგარიშსწორება. სამსახურიდან გათავისუფლებისას მოსამსახურე ვალდებულია, აგრეთვე, შეავსოს „თანამდებობიდან გათავისუფლებული მოსამსახურის კითხვარი“ (დანართი №6).

მუხლი 19. დასკვნითი დებულებები
1. შინაგანაწესი სავალდებულოა შესასრულებლად სამინისტროს თითოეული მოსამსახურისათვის.

2. შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში მოსამსახურეს შესაძლებელია დაეკისროს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები.

3. შინაგანაწესის გაცნობის ფორმა ინახება მოსამსახურის პირად საქმეში.

4. შინაგანაწესში ცვლილების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.