აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 35-უ.ს.გ.ს.
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 16/03/2017
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 010240080.31.056.016052
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს

დადგენილება
 

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

„გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის 121 მუხლის მე-2 პუნქტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 1421 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:


1. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გენდერულ საკითხებზე სისტემური და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად შეიქმნას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭო.
2. დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თანდართული დებულება.
3. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2014 წლის 16 მაისის №106-უ.ს.გ.ს. დადგენილება „გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი (www.matsne.gov.ge), 23.05.2014 წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010240080.31.056.016043).
4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედავით გაბაიძე

 

ჩაქვი,

16 მარტი 2017 წ.

N35-უ.ს.გ.ს.





აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს

გენდერული თანასწორობის საბჭოს

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის შესაბამისად, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გენდერულ საკითხებზე სისტემური და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად ქმნის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს (შემდგომ – საბჭო).

2. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.

3. საბჭოს ფუნქციები, უფლებამოსილებები, სტრუქტურა, შემადგენლობა და მუშაობის წესი განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტითა და ამ დებულებით.

თავი II

საბჭოს ფუნქციები და უფლებამოსილებები

მუხლი 2

საბჭო ხელს უწყობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ გენდერულ სფეროში ძირითადი მიმართულებების განსაზღვრას, გენდერული თანასწორობის სფეროში საკანონმდებლო ბაზის შექმნისა და განვითარების უზრუნველყოფას, შესაბამისი სამოქმედო გეგმის განხილვასა და დამტკიცებას, გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ქალთა გაძლიერების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელებას.

მუხლი 3 

 საბჭოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის ანალიზის განხორციელება და კანონმდებლობაში არსებული გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება;

ბ) გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განსახორციელებელი სამოქმედო გეგმის შემუშავება და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსათვის დასამტკიცებლად წარდგენა; დამტკიცებული სამოქმედო გეგმის შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი;

გ) საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი საკანონმდებლო აქტების პროექტების ექსპერტიზის უზრუნველყოფა გენდერული თანასწორობის შეფასების თვალსაზრისით;

დ) საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან ერთად  სხვადასხვა სახის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

ე) გენდერული თანასწორობის მიღწევისათვის, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის ცალკეული ღონისძიებების შემუშავება და დაგეგმვა;

ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების გენდერულ საკითხებთან დაკავშირებული საქმიანობის ზედამხედველობა;

ზ) საჭიროების შემთხვევაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში დაბარება და მათგან ინფორმაციის მიღება;

თ) გენდერული თანასწორობის საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვა და მიღება, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფიდენციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ი) გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებების, დოკუმენტაციის და სხვა ინფორმაციის განხილვა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მათზე რეაგირების მოხდენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

კ) გენდერულ თანასწორობის საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს  შესაბამის დარგში მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების ან/და ექსპერტების მოწვევა; თემატური ჯგუფების შექმნა;

ლ) მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

მუხლი 4

გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა გაძლიერების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელების მიზნით საბჭო:

ა) საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი წყაროებით ავრცელებს ინფორმაციას საბჭოს მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ;

ბ) საჭიროების შემთხვევაში ამზადებს და ავრცელებს განცხადებებს ქალთა უფლებების დარღვევასთან და გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებული თემებისა და ტენდენციების შესახებ;

გ) კოორდინაციას უწევს გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიმდინარე კამპანიებს მათში საზოგადოების ფართო ფენების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად;

დ) თანამშრომლობს საქართველოს პარლამენტისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოებთან, მუნიციპალიტეტებში არსებულ გენდერული თანასწორობის საბჭოებთან და გენდერულ საკითხებში მრჩევლებთან.

მუხლი 5

საბჭო წელიწადში ერთხელ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს  ანგარიშს გაწეული საქმიანობისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესახებ.

მუხლი 6

საბჭო უფლებამოსილია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო სხვადასხვა სახის ურთიერთობებში.

თავი III

საბჭოს სტრუქტურა და შემადგენლობა

მუხლი 7

1. საბჭოს თავმჯდომარეობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარე.

2. საბჭოს წევრთა რაოდენობას და პერსონალურ შემადგენლობას საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით განსაზღვრავს და ბრძანებით ამტკიცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

3. საბჭოს წევრის შერჩევისას გაითვალისწინება გენდერულ თემებზე საბჭოს წევრობის კანდიდატის ინფორმირებულობა ან/და მუშაობის გამოცდილება.

4. საბჭოს თავმჯდომარის მოწვევით, საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა შეიძლება  მიიღონ საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა, სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელებმა, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

თავი IV

საბჭოს მუშაობის წესი

მუხლი 8

1. საბჭოს სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე.

2. საბჭოს სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე.

3. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ:

ა) საბჭოს თავმჯდომარეს;

ბ) საბჭოს წევრებს.

4. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა.

5. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

მუხლი 9

საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს შესაბამისად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტი ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის სამდივნო ან შესაბამისი კომისიის აპარატი. საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ან/და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის დავალების საფუძველზე, ასევე შესაძლებელია განახორციელოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის ცალკეულმა საჯარო მოსამსახურემ.

თავი V

დებულებაში ცვლილების შეტანის წესი

მუხლი 10

ამ დებულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილებით.


totop
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.