დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 38/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/03/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/03/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/07/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430030000.22.022.017292 |
|
„პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 30/09/2013, სარეგისტრაციო კოდი: 430030000.22.022.016672) პირველი მუხლით დამტკიცებული „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების“:
1. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12. დაწესებულების მიერ აპლიკანტების მიღების გამოცხადება 1. დაწესებულება სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში აცხადებს აპლიკანტთა მიღებას პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად და შემდგომ საფეხურებზე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სპეციალური პროგრამის (შემდგომში – სპეციალური პროგრამა) გამოყენებით.
2. დაწესებულება ვალდებულია დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით თითოეული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად და შემდგომ საფეხურებზე მისაღებ აპლიკანტთა რაოდენობის არანაკლებ 10% განსაზღვროს სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთათვის. 4. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად და შემდგომ საფეხურებზე აპლიკანტთა მიღების მიზნით, სპეციალურ პროგრამაში მითითებული უნდა იყოს: ა) დაწესებულების სამართლებრივი ფორმა და სრული დასახელება; ბ) დაწესებულების საფოსტო მისამართი; გ) დაწესებულების ტელეფონი (ელ. ფოსტის მისამართი); დ) დაწესებულების ხელმძღვანელი პირების ვინაობა მათი საკონტაქტო ტელეფონების მითითებით; ე) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი და შემდგომი საფეხური/ საფეხურები, რომლებზეც მოხდება აპლიკანტების მიღება და თითოეულ მათგანზე ადგილების რაოდენობა (არანაკლებ 5-ისა); ვ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად და შემდგომ საფეხურზე ჩარიცხვისათვის დადგენილი დამატებითი მოთხოვნები, რომლებიც პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე განსაზღვრულია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი პროფესიული სტანდარტით; ზ) ინფორმაცია კონკურსისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების თავისებურებების შესახებ იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე ჩარიცხვისთვის, რომლის სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში; თ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ განსაზღვრული სხვა ინფორმაცია. 5. დაწესებულება პირველად/შემდგომ საფეხურზე შესაბამის წელს ვერ მიიღებს აპლიკანტებს, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში არ შეავსებს სპეციალურ პროგრამას. 6. იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულების მიერ მისაღებ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის შესახებ წარმოდგენილი მონაცემები არ შეესაბამება ავტორიზაციის შესაბამისი საბჭოს მიერ დადგენილ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობას, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აღნიშნულის თაობაზე აცნობებს შესაბამის დაწესებულებას. 7. მისაღებ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაანგარიშება ხდება დაწესებულების პროფესიულ სტუდენტთა ფაქტობრივი, მიმდინარე წელს მისაღებ/მიღებულ და დამამთავრებელ პროფესიულ სტუდენტთა რაოდენობის გათვალისწინებით. 8. სპეციალური პროგრამის საფუძველზე, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ამუშავებს დაწესებულებების მონაცემებს ელექტრონულად და უზრუნველყოფს მონაცემთა ბაზების ფორმირებას. 9. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა სპეციალურ პროგრამაში გათვალისწინებულ ელექტრონულად დამუშავებულ ინფორმაციას განათავსებს პროფესიული განათლების საინფორმაციო პორტალზე. განთავსებულ ელექტრონულ ინფორმაციაში აისახება საქართველოში არსებული ის დაწესებულებები და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველადი და შემდგომი საფეხურები, რომლებზეც ტესტირების საფუძველზე იწარმოებს აპლიკანტთა მიღება.“. 2. 141 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დაწესებულება/რესურსცენტრი/საინფორმაციო ცენტრი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ რეგისტრაციას უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში ელექტრონული ფორმით, სპეციალური პროგრამის გამოყენებით. 3. დაწესებულებას/რესურსცენტრს/საინფორმაციო ცენტრს, პირის მიმართვის შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის დროს სპეციალურ პროგრამაში შეაქვს შემდეგი მონაცემები: ა) აპლიკანტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და დაბადების თარიღი; ბ) აპლიკანტის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი/ელექტრონული ფოსტის მისამართი; გ) აპლიკანტის მიერ დაძლეული ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხური; დ) აპლიკანტის მიერ მიღებული პროფესიული კვალიფიკაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ე) იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების შემდგომი საფეხურის/საფეხურების საიდენტიფიკაციო კოდი/კოდები, სადაც აპლიკანტს სურს სწავლის გაგრძელება.“. 3. 301 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყლიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დაწესებულება/რესურსცენტრი/საინფორმაციო ცენტრი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ რეგისტრაციას უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში ელექტრონული ფორმით, სპეციალური პროგრამის გამოყენებით.“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. დაწესებულების/რესურსცენტრის/საინფორმაციო ცენტრის მიერ განხორციელებული რეგისტრაცია დასტურდება სპეციალური პროგრამიდან ამონაბეჭდით, რომელშიც მიეთითება ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია და რომელიც სარეგისტრაციო ცენტრის რეგისტრაციის განმახორციელებელი თანამშრომლის ხელმოწერით დადასტურებული გადაეცემა აპლიკანტს.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები