შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და ოფიციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და ოფიციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 187-1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 22/09/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/02/2017
ძალაში შესვლის თარიღი 14/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016463
187-1
22/09/2016
ვებგვერდი, 27/02/2017
480610000.03.030.016463
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და ოფიციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და ოფიციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ


საქართველოს მთავრობა და შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „ხელშემკვრელ მხარეებად” წოდებულნი,

გამოთქვამენ რა სურვილს ხელი შეუწყონ თავიანთი სახელმწიფოს მოქალაქეთა შესვლას მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე და გამოსვლას ამ ტერიტორიიდან და მიმოსვლას ორ ქვეყანას შორის,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

 


მუხლი 1

თითოეული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ და ოფიციალურ/სამსახურებრივ პასპორტებს უფლება აქვთ ვიზის გარეშე შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ და იმყოფებოდნენ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, არაუმეტეს ოთხმოცდაათი (90) დღისა ნებისმიერ ას ოთხმოც (180) დღიან პერიოდში.

მუხლი 2

თითოეული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს დიპლომატიური და ოფიციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი მოქალაქეები, რომლებიც მივლინებულნი არიან მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე განთავსებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, საკონსულო დაწესებულებებსა ან საერთაშორისო ორგანიზაციებში სამუშაოდ, პირველადი შესვლისათვის საჭიროებენ ვიზას.ზემოაღნიშნულმა პირებმა და მათმა ოჯახის წევრებმა, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ და ოფიციალურ/სამსახურებრივ პასპორტებს ვალდებულნი არიან წინასწარ მიიღონ ვიზა მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 3

თითოეული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ და ოფიციალურ/სამსახურებრივ პასპორტებს, უფლებამოსილნი არიან შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორია და დატოვონ ეს ტერიტორია საერთაშორისო მიმოსვლისთვის ნებადართული ნებისმიერი სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით.

მუხლი 4

1. ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ და ოფიციალურ/სამსახურებრივ პასპორტებს, მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდში დაიცავენ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოში მოქმედ კანონმდებლობას.

2. წინამდებარე შეთანხმება არ ზღუდავს ხელშემკვრელ მხარეთა უფლებას უარი უთხრან შესვლაზე ან აღკვეთონ მათ სახელმწიფოს ტერიტორიაზე იმ მოქალაქეების ყოფნა, რომლებსაც ისინი მიუღებლად მიიჩნევენ.

მუხლი 5

1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, წესრიგის ან მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს ამ შეთანხმების მოქმედება.

2. ამ შეთანხმების მოქმედების ამგვარი შეჩერების და ამ შეჩერების გაუქმების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება მეორე ხელშემკვრელ მხარეს დიპლომატიური არხების მეშვეობით.

მუხლი 6

1.  ხელშემკვრელი მხარეები დიპლომატიური არხების მეშვეობით გაცვლიან თავიანთი მოქმედი დიპლომატიური და ოფიციალური/სამსახურებრივი პასპორტების ნიმუშებს, წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერის თარიღიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში.

2. ხელშემკვრელი მხარეები დიპლომატიური არხების მეშვეობით ერთმანეთს მიაწვდიან, მათი ახალი ან შეცვლილი დიპლომატიური და ოფიციალური/სამსახურებრივი პასპორტების ნიმუშებს, ამ დოკუმენტების აღწერილობასთან ერთად მათ ძალაში შესვლამდე სულ მცირე ოცდაათი (30) დღით ადრე.

3. ხელშემკვრელი მხარეები ერთმანეთს შეტყობინებენ ამ პასპორტებში შეტანილი ცვლილებების შესახებ ამ ცვლილებების ძალაში შესვლამდე 60 (სამოცი) დღით ადრე.

მუხლი 7

წინამდებარე შეთანხმება არ ახდენს გავლენას ხელშემკვრელი მხარეების სახელმწიფოთა ტერიტორიებზე მოქმედ შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაზე, რომლებიც არეგულირებს უცხოელთა ქვეყანაში შესვლას, გასვლას და გადაადგილებას, თუ წინამდებარე შეთანხმების დებულებები აუარესებს ორივე ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეების ქვეყანაში შესვლისა და ყოფნის პირობებს.

მუხლი 8

მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, წინამდებარე შეთანხმებაში, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომელიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა ისეთივე წესით, როგორი წესითაც ეს შეთანხმება შედის ძალაში. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტი წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.

მუხლი 9

წინამდებარე შეთანხმების იმპლემენტაციასთან და ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავები გადაწყდება კონსულტაციებისა და/ან მოლაპარაკებების გზით.

მუხლი 10

წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შეთანხმების მოქმედება დიპლომატიური არხების მეშვეობით მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. წინამდებარე შეთანხმება მოქმედებას შეწყვეტს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ ასეთი შეტყობინების მიღების დღიდან 90 (ოთხმოცდაათი) დღის შემდეგ.

მუხლი 11

წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ხელშემკვრელ მხარეთა მიერ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან.

შესრულებულია 2016 წლის 22 სექტემბერს, ქ. ნიუ-იორკში, ორ დედნად, თითოეული ქართულ, სინჰალურ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. ხელშემკვრელ მხარეთა მიერ წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

 

საქართველოს მთავრობის                                             შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური

სახელით                                                                      რესპუბლიკის მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)                                                                                        (ხელმოწერილია)