ბავშვის უფლებების კონვენციის „შეტყობინებების პროცედურების შესახებ“ დამატებითი ოქმი

ბავშვის უფლებების კონვენციის „შეტყობინებების პროცედურების შესახებ“ დამატებითი ოქმი
დოკუმენტის ნომერი 2012-28-02
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 28/02/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/02/2017
ძალაში შესვლის თარიღი 19/12/2016
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016462
2012-28-02
28/02/2012
ვებგვერდი, 21/02/2017
480610000.03.030.016462
ბავშვის უფლებების კონვენციის „შეტყობინებების პროცედურების შესახებ“ დამატებითი ოქმი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის დამატებითი ოქმი

შეტყობინებების პროცედურების შესახებ


გაერთიანებული ერების ორგანიზაცია

2011

 

წინამდებარე ოქმის მონაწილე სახელმწიფოები,

ითვალისწინებენ რა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში გაცხადებული პრინციპების შესაბამისად, ადამიანთა ოჯახის ყველა წევრის თანდაყოლილი ღირსებისა და თანასწორი და განუყოფელი უფლებების აღიარება წარმოადგენს თავისუფლების, სამართლიანობისა და მშვიდობის საფუძველს მსოფლიოში,

აღნიშნავენ რა, რომ „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის (შემდგომში – „კონვენცია“) მხარე სახელმწიფოები აღიარებენ კონვენციით გათვალისწინებულ უფლებებს მათი იურისდიქციის ქვეშ მყოფი თითოეული ბავშვისთვის, ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის გარეშე, ბავშვის, მისი მშობლისა თუ კანონიერი მეურვის რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულების, ეროვნული, ეთნიკური თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, დაბადების ან სხვა სტატუსის მიუხედავად,

კვლავ ადასტურებენ რა ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების უნივერსალურობას, განუყოფლობას, ურთიერთდამოკიდებულებას და ურთიერთკავშირს,

კვლავ ადასტურებენ რა აგრეთვე ბავშვის, როგორც უფლებების სუბიექტისა და ღირსებისა და განვითარებადი შესაძლებლობების მქონე ადამიანის, სტატუსს, 

აღიარებენ რა, რომ ბავშვთა განსაკუთრებულმა და დამოკიდებულმა მდგომარეობამ შესაძლოა, მათ შეუქმნას რეალური სირთულეები მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში სამართლებრივი საშუალებების გამოყენების მხრივ,

ითვალისწინებენ რა, რომ წინამდებარე ოქმი გააძლიერებს და შეავსებს ეროვნულ და რეგიონულ მექანიზმებს, რომლებიც საშუალებას აძლევს ბავშვებს, წარადგინონ საჩივრები მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში,

აღიარებენ რა, რომ ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დაცვა უნდა წარმოადგენდეს უპირველესი ყურადღების საგანს ბავშვის უფლებების დარღვევის შემთხვევაში სამართლებრივი საშუალებების გამოყენებისას, და რომ დაცვის ამგვარი საშუალებები უნდა ითვალისწინებდეს ყველა დონეზე ისეთი პროცედურების გამოყენებას, რომლებიც პასუხობს ბავშვის მოთხოვნილებებს,

მოუწოდებენ რა მონაწილე სახელმწიფოებს, შეიმუშაონ სათანადო ეროვნული მექანიზმები, რომლებიც საშუალებას მისცემს ბავშვს, ვისი უფლებებიც დაირღვა, რომ შიდა დონეზე ჰქონდეს ქმედითი საშუალებების წვდომა,  

ეხმიანებიან რა იმ მნიშვნელოვან როლს, რომელიც, ამ თვალსაზრისით, შეიძლება შეასრულონ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულმა ინსტიტუტებმა და სხვა შესაბამისმა სპეციალიზებულმა ინსტიტუტებმა, რომლებსაც ევალებათ ბავშვთა უფლებების ხელშეწყობა და დაცვა,

ითვალისწინებენ რა, რომ ამგვარი ეროვნული მექანიზმების გაძლიერებისა და შევსებისთვის და კონვენციის და, შესაბამის შემთხვევებში, მისი დამატებითი ოქმების, რომლებიც ეხება ბავშვებით ვაჭრობას, ბავშვთა პროსტიტუციას და ბავშვთა პორნოგრაფიას და ბავშვების შეიარაღებულ კონფლიქტებში ჩართვას, განხორციელების შემდგომი სრულყოფისთვის, მიზანშეწონილი იქნებოდა ბავშვის უფლებათა კომიტეტისთვის (შემდგომში – „კომიტეტი“) შესაძლებლობის მინიჭება, განახორციელოს წინამდებარე ოქმით გათვალისწინებული ფუნქციები,

შეთანხმდნენ შემდეგზე:


ნაწილი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1

ბავშვის უფლებათა კომიტეტის კომპეტენცია

1. წინამდებარე ოქმის მხარე სახელმწიფო აღიარებს კომიტეტის წინამდებარე ოქმით გათვალისწინებულ კომპეტენციას.

2. კომიტეტი არ გამოიყენებს თავის კომპეტენციას წინამდებარე ოქმის მხარე სახელმწიფოს მიმართ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება იმ დოკუმენტით გათვალისწინებულ უფლებათა დარღვევას, რომლის მხარესაც ეს სახელმწიფო არ წარმოადგენს.

3. კომიტეტი არ მიიღებს შეტყობინებებს, თუ ისინი ეხება სახელმწიფოს, რომელიც არ წარმოადგენს წინამდებარე ოქმის მხარეს.

 

მუხლი 2

კომიტეტის ფუნქციების განმსაზღვრელი ზოგადი პრინციპები

წინამდებარე ოქმით მინიჭებული ფუნქციების შესრულებისას, კომიტეტმა უნდა იხელმძღვანელოს ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დაცვის პრინციპით. იგი ასევე გაითვალისწინებს ბავშვის უფლებებსა და შეხედულებებს, ბავშვის შეხედულებებისთვის სათანადო ყურადღების დათმობით, ბავშვის ასაკისა და სიმწიფის გათვალისწინებით.

 

მუხლი 3

საპროცედურო წესები

1. კომიტეტი მიიღებს საპროცედურო წესებს, რომლითაც იხელმძღვანელებს მისთვის წინამდებარე ოქმით მინიჭებული ფუნქციების შესრულებისას. ამასთან, კომიტეტმა, კერძოდ, უნდა გაითვალისწინოს წინამდებარე ოქმის მე-2 მუხლი იმგვარი პროცედურების გამოყენების უზრუნველსაყოფად, რაც პასუხობს ბავშვის მოთხოვნილებებს.

2. კომიტეტი თავის საპროცედურო წესებში გაითვალისწინებს ბავშვის სახელით მოქმედი პირების მიერ ბავშვით მანიპულირების თავიდან აცილების გარანტიებს და შეუძლია, უარი თქვას ნებისმიერი შეტყობინების განხილვაზე, რომელიც, მისი აზრით, არ პასუხობს ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას.

 

მუხლი 4

დაცვის ზომები

1. მხარე სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველა სათანადო ზომა იმის უზრუნველსაყოფად, რომ მის იურისდიქციაში მყოფი კერძო პირები არ ექვემდებარებოდნენ ადამიანის უფლებების რაიმე დარღვევას, სასტიკ მოპყრობას ან დაშინებას წინამდებარე ოქმის შესაბამისად შეტყობინების ან კომიტეტთან თანამშრომლობის შედეგად.

2. დაუშვებელია ნებისმიერი დაინტერესებული პირის ან პირთა ჯგუფის პიროვნების გასაჯაროება მათი პირდაპირი თანხმობის გარეშე.

 

 

ნაწილი I

შეტყობინებების პროცედურა

მუხლი 5

ინდივიდუალური შეტყობინებები

1. შეტყობინებები შეიძლება წარდგენილ იქნეს მხარე სახელმწიფოს იურისდიქციის ფარგლებში მყოფი პირის ან პირთა ჯგუფის მიერ ან მათი სახელით, რომლებიც ამტკიცებენ, რომ წარმოადგენენ მხარე სახელმწიფოს მიერ ნებისმიერი ქვემოთ მოყვანილი დოკუმენტით, რომლის მხარესაც წარმოადგენს ეს მონაწილე სახელმწიფო, გათვალისწინებული ნებისმიერი უფლების დარღვევის მსხვერპლს:

(ა) კონვენცია;

(ბ) კონვენციის დამატებითი ოქმი, რომელიც ეხება ბავშვებით ვაჭრობას, ბავშვთა პროსტიტუციას და ბავშვთა პორნოგრაფიას;

(გ) კონვენციის დამატებითი ოქმი, რომელიც ეხება ბავშვთა ჩართვას შეიარაღებულ კონფლიქტში.

2. როდესაც შეტყობინების წარდგენა ხდება პირის ან პირთა ჯგუფის სახელით, ეს უნდა მოხდეს მათი თანხმობით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შეტყობინების წარმდგენს შეუძლია თავისი ქმედებების დასაბუთება მათი სახელით ასეთი თანხმობის გარეშე.

 

მუხლი 6

დროებითი ზომები

1. ნებისმიერ დროს შეტყობინების მიღების შემდეგ და საქმის არსებით მხარესთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღწევამდე, კომიტეტს შეუძლია შესაბამის მხარე სახელმწიფოს დაუყოვნებლივ გადასცეს განსახილველად თხოვნა ამ მხარე სახელმწიფოს მიერ ისეთი დროებითი ზომების მიღების შესახებ, რომლებიც შეიძლება საჭირო გახდეს საგანგებო გარემოებებში, სავარაუდო დარღვევის მსხვერპლის ან მსხვერპლთა მიმართ შესაძლო გამოუსწორებელი ზიანის თავიდან ასაცილებლად.

2. იმ შემთხვევაში, თუ კომიტეტი ახორციელებს თავის უფლებამოსილებას წინამდებარე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ეს არ ნიშნავს შეტყობინების დასაშვებობისა ან არსის განსაზღვრას.

 

მუხლი 7

დასაშვებობა

კომიტეტი შეტყობინებას დაუშვებლად მიიჩნევს, როდესაც:

(ა) შეტყობინება ანონიმურია;

(ბ) შეტყობინება არ არის შესრულებული წერილობითი ფორმით;

(გ) შეტყობინება წარმოადგენს ასეთი შეტყობინებების წარდგენის უფლების ბოროტად გამოყენებას ან შეუთავსებელია კონვენციის დებულებებთან და/ან მის დამატებით ოქმებთან;

(დ) იგივე საკითხი უკვე იყო განხილული კომიტეტის მიერ ან იყო განხილული ან განიხილება საერთაშორისო გამოძიების ან მოგვარების სხვა პროცედურის ფარგლებში;

(ე) ყველა შესაძლო შიდა საშუალება არ ამოწურულა. ანალოგიური წესი არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, როდესაც შესაბამისი სამართლებრივი საშუალებების განხორციელება დაუსაბუთებლად ხანგრძლივია და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქმედით შედეგს გამოიღებს;

(ვ) შეტყობინება აშკარად უსაფუძვლოა ან არასაკმარისად დასაბუთებული;

(ზ) ფაქტებს, რომლებიც წარმოადგენს შეტყობინების საგანს, ადგილი ჰქონდა წინამდებარე ოქმის ძალაში შესვლამდე შესაბამისი მხარე სახელმწიფოსთვის, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ეს ფაქტები გრძელდებოდა ამ თარიღის შემდგომაც;

(თ) შეტყობინება არ არის წარდგენილი ერთი წლის განმავლობაში შიდა საშუალებების ამოწურვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შეტყობინების წარმდგენს შეუძლია დაამტკიცოს, რომ შეუძლებელი იყო შეტყობინების წარდგენა აღნიშნული ვადის ფარგლებში.

 

მუხლი 8

შეტყობინების გადაცემა

1. იმ შემთხვევების გარდა, როდესაც კომიტეტი მიიჩნევს, რომ შეტყობინება დაუშვებელია მხარე სახელმწიფოს მითითების გარეშე, კომიტეტმა, რაც შეიძლება სწრაფად, კონფიდენციალურად, უნდა აცნობოს მხარე სახელმწიფოს მის მიმართ წინამდებარე ოქმის შესაბამისად წარდგენილი ნებისმიერი შეტყობინების თაობაზე.  

2. მხარე სახელმწიფო კომიტეტს შეძლებისდაგვარად წარუდგენს წერილობით განმარტებებს ან განცხადებებს საკითხის გასარკვევად და დაცვის საშუალებებთან დაკავშირებით, ამგვარის არსებობის შემთხვევაში. მხარე სახელმწიფო პასუხს წარადგენს რაც შეიძლება სწრაფად და ექვსი თვის განმავლობაში.

 

მუხლი 9

მეგობრული მორიგება

1. კომიტეტი ხელმისაწვდომს გახდის თავის კეთილ სამსახურს შესაბამისი მხარეებისთვის, საკითხის მეგობრული მორიგების მიზნით კონვენციით და/ან მისი დამატებითი ოქმებით გათვალისწინებული ვალდებულებების პატივისცემის საფუძველზე.

2. მორიგების თაობაზე კომიტეტის ეგიდით მიღწეული შეთანხმებით სრულდება შეტყობინების განხილვა წინამდებარე ოქმის თანახმად.

 

მუხლი 10

შეტყობინებების განხილვა

1. კომიტეტი შეძლებისდაგვარად სწრაფად განიხილავს წინამდებარე ოქმის შესაბამისად მიღებულ შეტყობინებებს მის მიმართ წარდგენილი მთელი დოკუმენტაციის ფონზე იმ პირობით, რომ ეს დოკუმენტაცია გადაეცემა შესაბამის მხარეებს.  

2. წინამდებარე ოქმის შესაბამისად მიღებული შეტყობინებების განსახილველად კომიტეტი ჩაატარებს დახურულ შეხვედრებს.   

3. იმ შემთხვევებში, როდესაც კომიტეტი ითხოვს დროებითი ზომების გამოყენებას, იგი დააჩქარებს შეტყობინების განხილვას.

4. ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების სავარაუდო დარღვევის შესახებ შეტყობინებების განხილვისას, კომიტეტმა უნდა განიხილოს მონაწილე სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯების დასაბუთებულობა კონვენციის მე-4 მუხლის შესაბამისად. ამგვარად, კომიტეტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სახელმწიფოს შეუძლია მიიღოს მთელი რიგი შესაძლებელი პოლიტიკური ზომები კონვენციით გათვალისწინებული ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების განსახორციელებლად.

5. შეტყობინების განხილვის შემდეგ, კომიტეტი დაუყოვნებლივ წარუდგენს თავის შეხედულებებს შესაბამის მხარეებს მოცემული შეტყობინების მიხედვით თავის რეკომენდაციებთან ერთად, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

 

მუხლი 11

შემდგომი ზომები

1. მხარე სახელმწიფო სათანადოდ განიხილავს კომიტეტის შეხედულებებს მის რეკომენდაციებთან ერთად, ამგვარის არსებობის შემთხვევაში, და წარუდგენს კომიტეტს წერილობით პასუხს, მათ შორის, ინფორმაციას ნებისმიერი ქმედებების შესახებ, რომლებიც განხორციელდა, ან რომელთა განხორციელება ნავარაუდევია კომიტეტის მოსაზრებების და რეკომენდაციების ფონზე. მხარე სახელმწიფო თავის პასუხს წარადგენს რაც შეიძლება სწრაფად და ექვსი თვის განმავლობაში.

2. კომიტეტს შეუძლია შესთავაზოს მხარე სახელმწიფოს, გარემოებებიდან გამომდინარე, წარადგინოს დამატებითი ინფორმაცია ნებისმიერი ზომის შესახებ, რომელიც მხარე სახელმწიფომ მიღო მისი შეხედულებების ან რეკომენდაციების საპასუხოდ ან მეგობრული მორიგების შეთანხმების განხორციელების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მათ შორის, თუ კომიტეტი შესაბამისად ჩათვლის, მხარე სახელმწიფოს შემდგომ ანგარიშებში ჩართვით, კონვენციის 44-ე მუხლის თანახმად, „ბავშვებით ვაჭრობის, ბავშვთა პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის თაობაზე“ კონვენციის დამატებითი ოქმის მე-12 მუხლის ან „შეიარაღებულ კონფლიქტებში ბავშვთა მონაწილეობის შესახებ“ კონვენციის დამატებითი ოქმის მე-8 მუხლის თანახმად, საჭიროების შემთხვევაში.

 

მუხლი 12

სახელმწიფოთაშორისი შეტყობინებები

1. წინამდებარე ოქმის მხარე სახელმწიფოს  ნებისმიერ დროს შეუძლია განაცხადოს, რომ იგი აღიარებს კომიტეტის კომპეტენციას მიიღოს და განიხილოს შეტყობინებები, რომლებშიც მხარე სახელმწიფო აცხადებს, რომ სხვა მხარე სახელმწიფო არ ასრულებს ვალდებულებებს ნებისმიერი შემდეგი დოკუმენტის მიხედვით, რომელთა მხარეს წარმოადგენს ეს სახელმწიფო:

(ა) კონვენცია;

(ბ) კონვენციის დამატებითი ოქმი, რომელიც ეხება ბავშვებით ვაჭრობას, ბავშვთა პროსტიტუციას და ბავშვთა პორნოგრაფიას;

(გ) კონვენციის დამატებითი ოქმი, რომელიც ეხება ბავშვთა ჩართვას შეიარაღებულ კონფლიქტში.

2. კომიტეტმა არ უნდა მიღოს შეტყობინებები, რომლებიც ეხება მხარე სახელმწიფოს, რომელსაც არ გაუკეთებია ასეთი განცხადება, ან შეტყობინებები მხარე სახელმწიფოსგან, რომელსაც არ გაუკეთებია ასეთი განცხადება.

3. კომიტეტმა ხელმისაწვდომი უნდა გახადოს თავისი კეთილი სამსახური მხარე სახელმწიფოებისთვის, საკითხის მეგობრული მორიგების მიზნით კონვენციით და/ან მისი ფაკულტატური ოქმებით გათვალისწინებული ვალდებულებების პატივისცემის საფუძველზე.

4. მხარე სახელმწიფოები, წინამდებარე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად გაკეთებულ განცხადებას შესანახად აბარებენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, რომელიც გადაუგზავნის მის ასლებს სხვა მხარე სახელმწიფოებს. განცხადების უკან გამოთხოვა შეიძლება ნებისმიერ დროს, გენერალური მდივნისთვის შეტყობინების მეშვეობით. ასეთი გამოთხოვა ხელს არ შეუშლის ნებისმიერი საკითხის განხილვას, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე მუხლის შესაბამისად უკვე გადაცემული შეტყობინების საგანს; არც ერთი მხარე სახელმწიფოსგან არც ერთი შემდგომი შეტყობინების მიღება არ მოხდება წინამდებარე მუხლის შესაბამისად განცხადების გამოთხოვის შესახებ შეტყობინების გენერალური მდივნის მიერ მიღების შემდეგ, იმ შემთხვევის გარდა, თუ მხარე სახელმწიფომ ხელახლა გაკეთა ამგვარი განცხადება.

 

ნაწილი II

გამოძიების პროცედურა

მუხლი 13

გამოძიების პროცედურა უხეშ ან სისტემატურ დარღვევებთან დაკავშირებით

1. იმ შემთხვევაში, თუ კომიტეტი მიიღებს სარწმუნო ინფორმაციას, რომელიც მიუთითებს მხარე სახელმწიფოს მიერ კონვენციით ან მისი დამატებითი ოქმებით გათვალისწინებული უფლებების უხეშ ან სისტემატურ დარღვევებზე, რომლებიც ეხება ბავშვებით ვაჭრობას, ბავშვთა პროსტიტუციას და ბავშვთა პორნოგრაფიას ან ბავშვების ჩართვას შეიარაღებულ კონფლიქტში, კომიტეტი სთავაზობს მხარე სახელმწიფოს ასეთი ინფორმაცის შესწავლაში თანამშრომლობას და, ამ მიზნით, შესაბამის ინფორმაციასთან დაკავშირებით შენიშვნების დაუყოვნებლივ წარდგენას.

2. ნებისმიერი შენიშვნის, რომელიც შეიძლება წარმოადგინოს მხარე სახელმწიფომ და, აგრეთვე, მის ხელთ არსებული ნებისმიერი სარწმუნო ინფორმაციის გათვალისწინებით, კომიტეტს შეუძლია დანიშნოს ერთი ან მეტი თავისი წევრი გამოძიების ჩასატარებლად და კომიტეტისთვის ანგარიშის წარსადგენად. იმ შემთხვევებში, როდესაც ეს გამართლებულია, და მხარე სახელმწიფოს თანხმობით, გამოძიება შეიძლება შეიცავდეს ვიზიტს მის ტერიტორიაზე.

3. ამგვარი გამოძიება ტარდება კონფიდენციალურად და მხარე სახელმწიფოს თანამშრომლობა მოპოვებული უნდა იქნეს საქმის წარმოების ყველა ეტაპზე.

4. ასეთი გამოძიების დასკვნების შესწავლის შემდეგ, კომიტეტი დაუყოვნებლივ გადაუგზავნის დასკვნებს მხარე სახელმწიფოს ყველა შენიშვნასა და რეკომენდაციასთან ერთად.

5. მხარე სახელმწიფო, რაც შეიძლება სწრაფად, და ექვსი თვის განმავლობაში კომიტეტისგან დასკვნების, შენიშვნების და რეკომენდაციების მიღების შემდეგ, წარუდგინოს კომიტეტს თავის შენიშვნებს.

6. აღნიშნული პროცედურების დასრულების შემდეგ წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ჩატარებულ გამოძიებასთან მიმართებაში, კომიტეტს შეუძლია, მხარე სახელმწიფოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღოს გადაწყვეტილება, წარმოების შედეგების შესახებ მოკლე ანგარიშის წინამდებარე ოქმის მე-16 მუხლით გათვალისწინებულ თავის მოხსენებაში ჩართვასთან დაკავშირებით.

7. თითოეულ მხარე სახელმწიფოს შეუძლია, წინამდებარე ოქმის ხელმოწერის ან რატიფიცირებისას ან მასთან შეერთებისას, განაცხადოს, რომ იგი არ აღიარებს კომიტეტის წინამდებარე მუხლით გათვალისწინებულ კომპეტენციას პირველ პუნქტში ჩამოთვლილი ზოგიერთი ან ყველა დოკუმენტით გათვალისწინებულ უფლებებთან დაკავშირებით.

8. ნებისმიერ მხარე სახელმწიფოს, რომელმაც გაკეთა განცხადება წინამდებარე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, შეუძლია, ნებისმიერ დროს გამოითხოვოს ეს განცხადება გაერთიანებული ერების ორგანიზაცის გენერალური მდივნისთვის შეტყობინების გაგზავნის მეშვეობით.

 

მუხლი 14

გამოძიების პროცედურის შემდგომი ზომები

1. ექვსთვიანი პერიოდის დასრულების შემდეგ, რომელიც მოხსენიებულია მე-13 მუხლის მე-5 პუნქტში, კომიტეტს შეუძლია, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს მხარე სახელმწიფო მისი ინფორმირებისთვის მიღებული და გათვალისწინებული ზომების შესახებ წინამდებარე ოქმის მე-13  მუხლის შესაბამისად ჩატარებული გამოძიების საპასუხოდ.

2. კომიტეტს შეუძლია შესთავაზოს მხარე სახელმწიფოს, წარმოადგინოს დამატებითი ინფორმაცია ყველა ზომის შესახებ, რომელიც მხარე სახელმწიფომ მიიღო მე-13 მუხლის შესაბამისად ჩატარებული გამოძიების საპასუხოდ, მათ შორის, თუ კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს, მხარე სახელმწიფოს შემდგომ ანგარიშებში კონვენციის 44-ე მუხლის თანახმად, „ბავშვებით ვაჭრობის, ბავშვთა პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის თაობაზე“ კონვენციის დამატებითი ოქმის მე-12 მუხლის ან „შეიარაღებულ კონფლიქტებში ბავშვთა მონაწილეობის შესახებ“ კონვენციის დამატებითი ოქმის მე-8 მუხლის თანახმად, საჭიროების შემთხვევაში.

 

ნაწილი IV

დასკვნითი დებულებები

მუხლი 15

საერთაშორისო დახმარება და თანამშრომლობა

1. შესაბამისი მხარე სახელმწიფოს თანხმობით, კომიტეტს შეუძლია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალიზებულ სააგენტოებს, ფონდებს და პროგრამებს და სხვა კომპეტენტურ ორგანოებს წარუდგინოს საკუთარი შეხედულებები ან რეკომენდაციები, რომლებიც შეხება შეტყობინებებს და გამოძიებებს და მიუთითებს ტექნიკური საკონსულტაციო დახმარების და მხარდაჭერის აუცილებლობაზე, ამ მოსაზრებებთან და რეკომენდაციებთან დაკავშირებით მონაწილე სახელმწიფოს შენიშვნებთან და წინადადებებთან ერთად, ასეთების არსებობის შემთხვევაში.

2. შესაბამისი მხარე სახელმწიფოს თანხმობით, კომიტეტს შეუძლია აგრეთვე ასეთი ორგანოების ყურადღება მიიპყროს წინამდებარე ოქმის შესაბამისად განხილული შეტყობინებებიდან გამომდინარე ნებისმიერ საკითხზე, რომელიც შეიძლება დაეხმაროს მათ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, თითოეული მათგანის მიერ გადაწყვეტილების მიღებაში საერთაშორისო ზომების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, რომლებიც, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს მხარე სახელმწიფოებს კონვენციით და მისი დამატებითი ოქმებით აღიარებული უფლებების განხორციელებასთან დაკავშირებით პროგრესის მიღწევაში.

 

მუხლი 16

ანგარიში გენერალური ასამბლეის მიმართ

კომიტეტმა თავის ანგარიშში, რომელსაც ორ წელიწადში ერთხელ წარუდგენს გენერალურ ასამბლეას კონვენციის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, უნდა გაითვალისწინოს თავისი საქმიანობის მოკლე აღწერა წინამდებარე ოქმის მიხედვით.

 

მუხლი 17

დამატებითი ოქმის შესახებ ინფორმაციის გავრცელება

ყოველი მხარე სახელმწიფო იღებს ვალდებულებას ფართოდ გააშუქოს და გაავრცელოს წინამდებარე ოქმი და ხელი შეუწყოს ინფორმაციის ხელმისაწვდომობას კომიტეტის მოსაზრებების და რეკომენდაციების შესახებ, კერძოდ, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება ამ მხარე სახელმწიფოს, სათანადო და ქმედითი საშუალებების გამოყენებით და ხელმისაწვდომ ფორმატში როგორც მოზრდილების, ისევე ბავშვებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ჩათვლით.

 

მუხლი 18

ხელმოწერა, რატიფიკაცია და შეერთება

1. წინამდებარე ოქმი ღიაა ხელმოსაწერად ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, რომელმაც ხელი მოაწერა, რატიფიცირება მოახდინა ან მიუერთდა კონვენციას ან მისი პირველი ორი დამატებითი ოქმიდან ერთ-ერთს.

2. წინამდებარე ოქმი ექვემდებარება რატიფიკაციას ნებისმიერი სახელმწიფოს მიერ, რომელმაც რატიფიკაცია მოახდინა ან მიუერთდა კონვენციას ან მისი პირველი ორი დამატებითი ოქმიდან ერთ-ერთს. სარატიფიკაციო სიგელები შესანახად გადაეცემა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს.

3. წინამდებარე ოქმი ღიაა მისაერთებლად ნებისმიერი სახელმწიფოსათვის, რომელმაც რატიფიკაცია მოახდინა ან მიუერთდა კონვენციას ან მისი პირველი ორი დამატებითი ოქმიდან ერთ-ერთს.

4. შეერთება ძალაში შედის გენერალური მდივნისათვის შეერთების შესახებ დოკუმენტის დეპონირების გზით.

 

მუხლი 19

ძალაში შესვლა

1. წინამდებარე ოქმი ძალაში შედის მეათე სარატიფიკაციო სიგელის ან შეერთების შესახებ მეათე დოკუმენტის დეპონირებიდან სამი თვის შემდეგ.

2. ყოველი სახელმწიფოსთვის, რომელიც მოახდენს წინამდებარე ოქმის რატიფიკაციას ან მიუერთდება მას მეათე სარატიფიკაციო სიგელის ან შეერთების შესახებ მეათე დოკუმენტის დეპონირების შემდეგ, წინამდებარე ოქმი ძალაში შედის მისი საკუთარი სარატიფიკაციო სიგელის ან შეერთების შესახებ დოკუმენტის დეპონირების თარიღიდან სამი თვის შემდეგ.

 

მუხლი 20

ძალაში შესვლის შემდგომ მომხადარი დარღვევები

1. კომიტეტის კომპეტენცია ვრცელდება მხოლოდ მხარე სახელმწიფოს მიერ კონვენციით და/ან მისი პირველი ორი დამატებითი ოქმით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლების დარღვევაზე, რასაც ადგილი აქვს წინამდებარე ოქმის ძალაში შესვლის შემდეგ.

2. თუ რომელიმე სახელმწიფო ხდება წინამდებარე ოქმის მხარე მისი ძალაში შესვლის შემდეგ, ამ სახელმწიფოს ვალდებულებები კომიტეტის წინაშე უნდა ეხებოდეს მხოლოდ კონვენციით და/ან მისი პირველი ორი დამატებითი ოქმით გათვალისწინებულ უფლებათა დარღვევებს, რასაც ადგილი აქვს შესაბამისი სახელმწიფოსთვის წინამდებარე ოქმის ძალაში შესვლის შემდეგ.

 

მუხლი 21

შესწორებები

1. ნებისმიერ მხარე სახელმწიფოს შეუძლია წამოაყენოს შეთავაზება წინამდებარე ოქმის შესწორების თაობაზე და წარუდგინოს ის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს. გენერალური მდივანი გადასცემს ნებისმიერ შემოთავაზებულ შესწორებას მხარე სახელმწიფოებს თხოვნით, შეატყობინონ, მხარს უჭერენ თუ არა ისინი მხარე სახელმწიფოთა თათბირის მოწვევას ამ წინადადებების განხილვისა და მათთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი შეტყობინების თარიღიდან ოთხი თვის განმავლობაში, ასეთი თათბირის მოწვევას მხარს დაუჭერს მხარე სახელმწიფოთა არანაკლებ ერთი მესამედისა, გენერალური მდივანი მოიწვევს ამ თათბირს გაერთიანებული ერების ორგანიზაცის ეგიდით. ნებისმიერ შესწორებას, რომელიც მიღებულია დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე მხარე სახელმწიფოების ხმათა ორი მესამედის უმრავლესობით, გენერალური მდივანი წარუდგენს გენერალურ ასამბლეას დასამტკიცებლად, ხოლო ამის შემდეგ – ყველა მხარე სახელმწიფოს მისაღებად.

2. შესწორება, რომელიც მიღებული და დამტკიცებულია წინამდებარე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ძალაში შევა ოცდამეათე დღეს მას შემდეგ, რაც შესწორების მიღების თარიღისთვის მიღების შესახებ დეპონირებული დოკუმენტების რაოდენობა მიაღწევს მხარე სახელმწიფოების რაოდენობის ორ მესამედს. ამის შემდეგ, შესწორება შედის ძალაში ნებისმიერი მხარე სახელმწიფოსთვის მიღების შესახებ მისი საკუთარი დოკუმენტის დეპონირებიდან ოცდამეათე დღეს. შესწორება სავალდებულოა მხოლოდ იმ მხარე სახელმწიფოებისთვის, რომლებმაც იგი მიიღეს.

 

მუხლი 22

დენონსაცია

1. ნებისმიერ მხარე სახელმწიფოს შეუძლია მოახდინოს წინამდებარე ოქმის დენონსაცია ნებისმიერ დროს, გაერთიანებული ერების ორგანიზაცის გენერალური მდივნის წერილობით შეტყობინების მეშვეობით. დენონსაცია ძალაში შედის გენერალური მდივნის მიერ შეტყობინების მიღების თარიღიდან ერთი წლის შემდეგ.

2. დენონსაცია არ უნდა ზღუდავდეს წინამდებარე ოქმის დებულებების გამოყენების გაგრძელებას ნებისმიერი შეტყობინების მიმართ, რომელიც წარმოდგენილია მე-5 ან მე-12 მუხლების შესაბამისად ან ნებისმიერი გამოძიების მიმართ, რომელიც დაწყებულია მე-13 მუხლის შესაბამისად, დენონსაციის ძალაში შესვლის თარიღამდე.

 

მუხლი 23

დეპოზიტარი და შეტყობინება გენერალური მდივნის მიერ

1. გაერთიანებული ერების ორგანიზაცის გენერალური მდივანი წარმოადგენს წინამდებარე ოქმის დეპოზიტარს.  

2. გენერალური მდივანი აცნობებს ყველა სახელმწიფოს:

(ა) ხელმოწერების, რატიფიკაციებისა და შეერთების თაობაზე წინამდებარე ოქმის შესაბამისად;

(ბ) წინამდებარე ოქმის და მისი ნებისმიერი შესწორების ძალაში შესვლის თარიღის შესახებ 21-ე მუხლის შესაბამისად;

(გ) ნებისმიერი დენონსაციის თაობაზე წინამდებარე ოქმის 22-ე მუხლის შესაბამისად.

 

მუხლი 24

ენები

1. წინამდებარე ოქმი, რომლის არაბული, ჩინური, ინგლისური, ფრანგული, რუსული და ესპანური ტექსტები თანაბრად ავთენტურია, შესანახად გადაეცემა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის არქივს.

2. გაერთიანებული ერების ორგანიზაცის გენერალური მდივანი წინამდებარე ოქმის დამოწმებულ ასლებს გადასცემს ყველა სახელმწიფოს.