შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და შვედეთის სამეფოს მთავრობას შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის შესახებ

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და შვედეთის სამეფოს მთავრობას შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 45-7
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 07/02/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/02/2017
ძალაში შესვლის თარიღი 07/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016458
45-7
07/02/2017
ვებგვერდი, 16/02/2017
480610000.03.030.016458
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და შვედეთის სამეფოს მთავრობას შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა

და

შვედეთის სამეფოს მთავრობას

შორის

სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის

შესახებ


საქართველოს მთავრობა და შვედეთის სამეფოს მთავრობა, შემდგომში წოდებულნი როგორც „მხარეები“,

ხაზს უსვამენ რა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობას;

მიაჩნიათ რა, რომ მნიშვნელოვანია სამართალდაცვით სფეროში ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაძლიერება და გაფართოება;

ხელმძღვანელობენ რა სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, თანასწორობის, ნაცვალგებისა და ორმხრივი სარგებლიანობის ურთიერთპატივისცემის პრინციპებით, აგრეთვე ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პატივისცემის პრინციპებით;

ითვალისწინებენ რა, რომ სამართალდაცვით სფეროში ეფექტიანი თანამშრომლობა უნდა ეფუძნებოდეს შიდასახელმწიფოებრივ და საერთაშორისო კანონმდებლობას, აგრეთვე მთავრობებსა და მათ კომპეტენტურ ორგანოებს შორის ურთიერთნდობას;

შეთანხმდნენ შემდეგზე:


მუხლი 1

თანამშრომლობის სფერო

1. თავიანთი შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად და ორმაგი დასჯადობის პრინციპის დაცვით, მხარეებმა უნდა ითანამშრომლონ, რათა გაიგონ და ებრძოლონ, მათ შორის, თავიდან აიცილონ, გამოავლინონ, გამოიძიონ და გახსნან ისეთი დანაშაულები, რომლებიც საჭიროებს ორივე მხარის კომპეტენტური ორგანოების ერთობლივ ღონისძიებებს. დანაშაულის ფორმები მოიცავს:

– ორგანიზებულ დანაშაულს,

– ნარკოტიკული საშუალებებითა და ფსიქოაქტიური ნივთიერებებით უკანონო ვაჭრობას,

– ადამიანით ვაჭრობას,

– საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანას,

– კიბერდანაშაულს,

– ფულის გათეთრებას,

– ტერორისტულ აქტებს, მათ შორის, ტერორიზმის დაფინანსებას, და

– სხვა მძიმე დანაშაულებს.

2. წინამდებარე შეთანხმება გავლენას არ ახდენს სასამართლო ორგანოებს შორის თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, როგორიცაა, სისხლის სამართლის სფეროში სამართლებრივი ურთიერთდახმარების აღმოჩენა ან ექსტრადიცია,  რომლებიც მხარეებს შორის ცალკე შეთანხმებებით ან/და დოკუმენტებით წესრიგდება.

3. მხარეებმა შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში დიპლომატიური არხების მეშვეობით უნდა აცნობონ ერთმანეთს წინამდებარე შეთანხმების განხორციელებაზე პასუხისმგებელი კომპეტენტური ორგანოების და მათთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ.

 

მუხლი 2

თანამშრომლობის ფორმები

1. მხარეებს შორის თანამშრომლობის ფორმები უნდა მოიცავდეს ინფორმაციის, მათ შორის, პერსონალური მონაცემების გაცვლას და ნებისმიერ სხვა ღონისძიებას, რომელიც შეესაბამება წინამდებარე შეთანხმების მიზნებსა და სხვა საერთაშორისო შეთანხმებებით ნაკისრ მხარეთა ვალდებულებებს და რომელიც გათვალისწინებულია თავიანთი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ფარგლებში.

2. გარდა ამისა, მხარეების კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ ითანამშრომლონ გამოცდილებისა და სპეციალისტების გაცვლის მეშვეობით და სამართლებრივი ინფორმაციის, სამართალდაცვითი საქმიანობის, ორგანიზაციული საკითხების, სამართალდაცვითი ეთიკის შესახებ ინფორმაციისა და თავიანთ სახელმწიფოებში კრიმინოგენურ ვითარებასა და დანაშაულის ტენდენციებთან დაკავშირებული ინფორმაციის ერთმანეთისთვის მიწოდების გზით.

 

  მუხლი 3

თანამშრომლობის შესახებ მოთხოვნები

1. წინამდებარე შეთანხმების თანახმად ინფორმაციის ან სხვა ღონისძიებების შესახებ მოთხოვნები უნდა გაიგზავნოს წერილობით წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული კომპეტენტური ორგანოების მიერ. მოთხოვნები და მათზე პასუხები უნდა გაიგზავნოს უშუალოდ კომპეტენტურ ორგანოებს შორის. კონკრეტული ვითარების გადაუდებელი ხასიათის გამო საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება ზეპირი მოთხოვნების მიღება, რომლებიც უნდა დადასტურდეს წერილობით შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში.

2. დოკუმენტები, რომლებიც აუცილებელია მოთხოვნების შესასრულებლად, თან უნდა ერთოდეს მოთხოვნებს. მოთხოვნები და თანდართული დოკუმენტები შედგენილი უნდა იყოს მოთხოვნის მიმღები მხარის ენაზე ან ინგლისურ ენაზე, მისი ნებისმიერი დამოწმების საჭიროების გარეშე.

3. თუ მოთხოვნა გაეგზავნა არაუფლებამოსილ კომპეტენტურ ორგანოს, ამ ორგანომ დაყოვნების გარეშე უნდა გადაუგზავნოს მოთხოვნა უფლებამოსილ კომპეტენტურ ორგანოს. შესაბამისად, აღნიშნულის შესახებ უნდა ეცნობოს გამგზავნ ორგანოს.

 

მუხლი 4

უარის საფუძვლები

მოთხოვნაზე შეიძლება ითქვას უარი, თუ მოთხოვნის მიმღებ მხარეს მიაჩნია, რომ მან შესაძლებელია ზიანი მიაყენოს მისი სახელმწიფოს სუვერენიტეტს ან უსაფრთხოებას ან თუ იგი ეწინააღმდეგება მისი სახელმწიფოს ზოგად სამართლებრივ პრინციპებს ან სხვა არსებით ინტერესებს. ასეთ შემთხვევებში, მოთხოვნის წარმდგენ მხარეს დაყოვნების გარეშე უნდა ეცნობოს უარის საფუძვლების შესახებ.

 

მუხლი 5

ინფორმაციასთან მოპყრობა

1. წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში მიღებული ინფორმაცია და დოკუმენტები არ უნდა იქნეს გამოყენებული იმ სხვა მიზნებით, რომლებიც არ არის მოთხოვნაში მითითებული, გადამცემი მხარის კომპეტენტური ორგანოს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

2. წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად მიღებული ინფორმაცია არ უნდა გადაეგზავნოს მესამე მხარეს გადამცემი მხარის კომპეტენტური ორგანოს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

3. საჭიროების შემთხვევაში, მხარეების კომპეტენტურმა ორგანოებმა ერთმანეთს უნდა აცნობონ წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე გაცვლილი ინფორმაციის გამოყენების შედეგის შესახებ.

4. თუ წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე მიწოდებულ იქნა არასწორი ან არასრული მონაცემები, მხარეებმა დაყოვნების გარეშე უნდა შეატყობინონ ერთმანეთს ამის შესახებ და გაასწორონ ან წაშალონ მონაცემები.

 

მუხლი 6

მონაცემთა დაცვა და მონაცემთა უსაფრთხოება

1. მხარის მიერ წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში მიღებული ინფორმაცია უნდა იქნეს შენახული კონფიდენციალურად შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, თუ ინფორმაციის გამჟღავნება ხელს შეუშლის მხარეთა შორის ურთიერთობებს ან სხვაგვარად მიაყენებს ზიანს გადამცემ მხარეს.

2. მხარეებმა თავიანთი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად უნდა უზრუნველყონ მიღებული ინფორმაციის დაცვა უნებართვო გაცნობის, ცვლილებების, გამოქვეყნებისა და გავრცელებისგან.

 

მუხლი 7

მონაცემთა დაცვის ადეკვატურობის შეფასება

1. წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად პერსონალური მონაცემების გაცვლა უნდა დაექვემდებაროს მხარეების შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას. თითოეულ მხარეს აქვს უფლება უარი განაცხადოს მოთხოვნაზე, თუ იგი მიიჩნევს, რომ მონაცემთა დაცვის დონე არ არის ადეკვატური. მონაცემთა დაცვის შესახებ არსებული საერთაშორისო ხელშეკრულებები გამოყენებული იქნება სახელმძღვანელო პრინციპებად მოთხოვნის წარმდგენი მხარის მიერ უზრუნველყოფილი მონაცემთა დაცვის დონის შესაფასებლად.

2. მოთხოვნის წარმდგენი მხარის მიერ უზრუნველყოფილი მონაცემთა დაცვის დონის ადეკვატურობის შეფასებისას ორივე მხარე გამოიყენებს მონაცემთა დაცვის პრინციპებს პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ კონვენციისა (სტრასბურგი, 1981 წლის 28 იანვარი) და მისი დამატებითი ოქმის (სტრასბურგი, 2001 წლის 8 ნოემბერი) შესაბამისად.

 

მუხლი 8

საიმპლემენტაციო დოკუმენტები

აუცილებლობის შემთხვევაში, წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ მხარეთა კომპეტენტურ ორგანოებს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად შეუძლიათ ერთმანეთს შორის გააფორმონ დოკუმენტები წინამდებარე შეთანხმების დებულებების განხორციელების მიზნით.

 

მუხლი 9

სამართალდაცვით სფეროში წარმომადგენლების წარგზავნა

1. მხარეებს შეუძლიათ მიავლინონ სამართალდაცვით სფეროში წარმომადგენლები მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მხარეთა შორის თანამშრომლობის ხელშეწყობისა და გაღრმავების მიზნით.

2. სამართალდაცვით სფეროში წარმომადგენლებს შეიძლება დაევალოთ რჩევის მიცემა და დახმარების გაწევა, ინფორმაციის მიწოდება და სხვა დავალებების შესრულება წარმგზავნი მხარისგან მიღებული მითითებების თანახმად. მათ უნდა დაიცვან იმ მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა, სადაც არიან მივლინებულნი. მათ არ უნდა გააჩნდეთ ოპერატიული სამართალდაცვითი საქმიანობის განხორციელების უფლება.

3. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ, რომ მესამე ქვეყანაში მივლინებულმა ერთი მხარის სამართალდაცვით სფეროში წარმომადგენელმა განახორციელოს ამ მუხლით გათვალისწინებული ფუნქციები.

4. მხარეებმა უნდა გაუწიონ ერთმანეთს დახმარება სამართალდაცვით სფეროში წარმომადგენლების აკრედიტაციის საკითხებში.

 

მუხლი 10

ხარჯები

მხარეებმა უნდა დაფარონ წინამდებარე შეთანხმების განხორციელების დროს წარმოშობილი თავიანთი საკუთარი ხარჯები, თუ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.

 

მუხლი 11

დავების გადაწყვეტა

წინამდებარე შეთანხმების განმარტებისას ან განხორციელებისას წარმოშობილი ნებისმიერი დავა უნდა გადაწყდეს მხარეებს შორის მეგობრული კონსულტაციების ან/და მოლაპარაკებების გზით.

 

მუხლი 12

ცვლილებები და დამატებები

წინამდებარე შეთანხმებაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტების სახით და ძალაში შევა ამ შეთანხმების მე-13 მუხლის შესაბამისად. ნებისმიერი ასეთი დოკუმენტი წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.

 

მუხლი 13

დასკვნითი დებულებები

1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან.

2. წინამდებარე შეთანხმება ძალაში რჩება განუსაზღვრელი ვადით. თითოეულ მხარეს შეუძლია წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტა მეორე მხარისთვის წერილობითი შეტყობინების გზით. მოქმედების შეწყვეტა ამოქმედდება ასეთი შეტყობინების მიღების თარიღიდან ექვსი თვის შემდეგ.

3. თუ შეწყდა წინამდებარე შეთანხმების მოქმედება, დაცული იქნება მე-5 და მე-6 მუხლების დებულებები.

 

შესრულებულია ქ. თბილისში 2017 წლის 7 თებერვალს 2 (ორ) დედნად, ქართულ, შვედურ და ინგლისურ ენებზე, თითოეული ტექსტი თანაბრად აუთენტურია. წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განმარტებასთან დაკავშირებით უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

საქართველოს მთავრობის

სახელით

(ხელმოწერილია)

შვედეთის სამეფოს მთავრობის

სახელით

(ხელმოწერილია)