შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სლოვენიის რესპუბლიკის მთავრობას შორის ხანმოკლე ვიზის აღების ვალდებულებისგან სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა გათავისუფლების შესახებ

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სლოვენიის რესპუბლიკის მთავრობას შორის ხანმოკლე ვიზის აღების ვალდებულებისგან სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა გათავისუფლების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 40-09
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 18/07/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/02/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016453
40-09
18/07/2016
ვებგვერდი, 14/02/2017
480610000.03.030.016453
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სლოვენიის რესპუბლიკის მთავრობას შორის ხანმოკლე ვიზის აღების ვალდებულებისგან სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა გათავისუფლების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სლოვენიის რესპუბლიკის მთავრობას შორის ხანმოკლე ვიზის აღების ვალდებულებისგან სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა გათავისუფლების შესახებ

საქართველოს მთავრობა და სლოვენიის რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი),

 

სურთ რა, ნაცვალგების პრინციპის უზრუნველყოფა და მხარეების მოქალაქეების, რომლებიც ფლობენ მოქმედ სამსახურებრივ პასპორტებს, ვიზის გარეშე ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლისა და ხანმოკლე ვადით ყოფნის გამარტივება;

 

პატივს სცემენ რა, თავიანთ შიდა წესებსა და პროცედურებს;

 

მხარეთა შორის მეგობრული ურთიერთობის შემდგომი განვითარებისა და მჭიდრო კავშირების გაძლიერების მიზნით

შეთანხმდნენ შემდეგზე:


მუხლი 1

მიზნები და მოქმედების სფერო

 

წინამდებარე შეთანხმების დებულებების თანახმად, მხაარების მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მოქმედ სამსახურებრივ პასპორტებს, უფლება აქვთ ვიზის გარეშე შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ და იმყოფებოდნენ მეორე მხარის ტერიტორიაზე არაუმეტეს 90 (ოთხმოცდაათი) დღისა 180 (ას ოთხმოცი) დღის განმავლობაში.

 

მუხლი 2

განმარტებანი

 

წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის:

 

„სამსახურებრივი პასპორტი“ ნიშნავს საქართველოს სამსახურებრივ პასპორტს და სლოვენიის რესპუბლიკის სამსახურებრივ პასპორტს.

 

მუხლი 3

ვიზის აღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების პირობები და ტერიტორიაზე ყოფნა

1. წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ვიზის აღების ვალდებულებისგან გათავისუფლება არ ზღუდავს მხარეთა შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლისა და ხანმოკლე ვადით ყოფნის პირობების შესახებ. მხარეები ინარჩუნებენ უფლებას, მოქალაქეებს უარი უთხრან შესვლაზე ან მათ ტერიტორიაზე ხანმოკლე ვადით ყოფნაზე, თუ არ შესრულდება ერთი ან მეტი ქვემოთ მოყვანილი პირობა.

2. საქართველოს მოქალაქეები, რომლებზეც ვრცელდება წინამდებარე შეთანხმება, სლოვენიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ყოფნის დროს დაიცავენ ამ მხარის ტერიტორიაზე მოქმედ შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას.

3. სლოვენიის რესპუბლიკის მოქალაქეები, რომლებზეც ვრცელდება წინამდებარე შეთანხმება, საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის დროს დაიცავენ ამ მხარის ტერიტორიაზე მოქმედ შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას.

4. თითოეული მხარის მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მოქმედ სამსახურებრივ პასპორტებს, უფლება აქვთ შევიდნენ მეორე მხარის ტერიტორიაზე, ტრანზიტით გაიარონ და დატოვონ ეს ტერიტორია საერთაშორისო მიმოსვლისთვის ნებადართული ნებისმიერი სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით.

 

მუხლი 4

ტერიტორიაზე ყოფნის ხანგრძლივობა

1. საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მოქმედ სამსახურებრივ პასპორტებს, შეუძლიათ იმყოფებოდნენ სლოვენიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არაუმეტეს 90 დღისა 180 დღის განმავლობაში.

2. სლოვენიის რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მოქმედ სამსახურებრივ პასპორტებს, შეუძლიათ იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე არაუმეტეს 90 დღისა 180 დღის განმავლობაში.

3. წინამდებარე შეთანხმება არ ზღუდავს მხარეთა შესაძლებლობას მეორე მხარის სახელმწიფოს მოქალაქეებს გაუგრძელონ საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნის 90-დღიანი ვადა მათი შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად.

 

მუხლი 5

პასპორტების ნიმუშების გაცვლა

1. მხარეები, დიპლომატიური არხების მეშვეობით, გაცვლიან მოქმედი სამსახურებრივი პასპორტების ნიმუშებს, ამ შეთანხმების ხელმოწერის თარიღიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა.

2. სამსახურებრივი პასპორტების ახალი ნიმუშების გამოშვების ან არსებული პასპორტების შეცვლის შემთხვევაში, მხარეები, დიპლომატიური არხების მეშვეობით, მიაწვდიან ერთმანეთს ახალი ან შეცვლილი პასპორტების ნიმუშებს, რომლებსაც თან უნდა ახლდეს დეტალური ინფორმაცია მათი დამცავი ნიშნებისა და ძალაში შესვლის შესახებ, მათ ძალაში შესვლამდე სულ მცირე 30 დღით ადრე.

 

მუხლი 6

დროებითი შეჩერება

თითოეული მხარე ინარჩუნებს უფლებას, ეროვნული უსაფრთხოების ან საზოგადოებრივი წესრიგის მიზეზების გამო დროებით, მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება. ამ შეთანხმების მოქმედების დროებითი შეჩერების და ამ შეჩერების ძალაში შესვლის შესახებ მეორე მხარეს დიპლომატიური არხების მეშვეობით უნდა ეცნობოს სულ მცირე 72 საათით ადრე. წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეჩერება გავლენას არ ახდენს წინამდებარე შეთანხმების 1-ლ მუხლში აღნიშნულ იმ მოქალაქეთა უფლებებზე, რომლებიც უკვე იმყოფებიან მიმღები სახელმწიფოს ტერიტორიაზე.

 

მუხლი 7

დამატებები

წინამდებარე შეთანხმებაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე ოქმების სახით. დამატებები ძალაში შევა წინამდებარე შეთანხმების მე-9 მუხლის შესაბამისად.

 

მუხლი 8

დავების გადაწყვეტა

ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მხარეთა შორის კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით.

 

მუხლი 9

დასკვნითი დებულებები

1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების თარიღიდან მომდევნო თვის პირველ დღეს.

2. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით. თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს ამ შეთანხმების მოქმედება მეორე მხარისთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. წინამდებარე შეთანხმების მოქმედება შეწყდება აღნიშნული შეტყობინების მიღებიდან ოთხმოცდაათი დღის შემდეგ.

 

შესრულებულია ქ. ___________________, 2016 წლის _________________, ორ დედნად, თითოეული ქართულ, სლოვენიურ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. შეთანხმების განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

 

საქართველოს

მთავრობის სახელით

სლოვენიის რესპუბლიკის

მთავრობის სახელით