შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სლოვენიის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სლოვენიის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 40-12
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 18/07/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/02/2017
ძალაში შესვლის თარიღი 20/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016452
40-12
18/07/2016
ვებგვერდი, 14/02/2017
480610000.03.030.016452
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სლოვენიის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სლოვენიის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ

საქართველოს მთავრობა და სლოვენიის რესპუბლიკის მთავრობა  (შემდგომში „ხელშემკვრელი მხარეები“),

 

ადასტურებენ რა თავიანთ სახელმწიფოებსა და მათ მოსახლეობას შორის მეგობრულ ურთიერთობათა არსებობას,

გამოთქვამენ რა სურვილს, თანასწორობის, ურთიერთსარგებლიანობისა და ნაცვალგების პრინციპებზე დაყრდნობით, ხელი შეუწყონ ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას იმ სფეროებში, რომლებიც მათი საერთო ინტერესის საგანს შეადგენს,

ითვალისწინებენ რა იმ საერთო სარგებელს, რომელიც მიიღება ვაჭრობის მოცულობის ზრდის შედეგად, და გამოთქვამენ რა აღნიშნულ ურთიერთობათა შემდგომი გაძლიერების სურვილს, განსაკუთრებით ორმხრივი ვაჭრობის, ეკონომიკური კავშირებისა და  მჭიდრო თანამშრომლობის ხელშეწყობის გზით, და

ითვალისწინებენ რა თავიანთ სახელმწიფოთა მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებების ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს,

შეთანხმდნენ შემდეგზე:


მუხლი 1

ხელშემკვრელი მხარეები, თავიანთი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ფარგლებში, ასევე თავიანთი საერთაშორისო ვალდებულებებისა და შეთანხმებების გათვალისწინებით, ყველა ღონეს იხმარენ ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისა და გაძლიერების მიზნით, შეძლებისდაგვარად  ფართო მასშტაბით,  ყველა იმ სფეროში, რომელიც მათი საერთო ინტერესის საგანს შეადგენს და მათთვის სარგებლის მომტანია.

მუხლი 2

ხელშემკვრელი მხარეები შეეცდებიან გაძლიერონ ეკონომიკური თანამშრომლობა, მათ შორის:

• თავიანთ ეკონომიკურ ოპერატორებს (საწარმოებს) შორის გაცვლებისა და კონტაქტების ხელშეწყობით;

• სამეწარმეო და ეკონომიკური ხასიათის ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობით;

• გამოფენების, ბაზრობების, სიმპოზიუმებისა და სხვა მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებაში ერთმანეთისთვის  დახმარების გაწევით;

• ორივე სახელმწიფოში ეკონომიკური საქმიანობის მარეგულირებელი  შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესახებ ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობით;

• მცირე და საშუალო ზომის საწარმოების, ინვესტიციებისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებით;

• საქონლითა და მომსახურებებით ვაჭრობის, ასევე მრეწველობის, ინფრასტრუქტურის, ტელეკომუნიკაციების, ტრანსპორტის, გარემოს დაცვისა და ტურიზმის სფეროებში ხანგრძლივი თანამშრომლობის ხელშეწყობით.

მუხლი 3

ამ მიზნით, ხელშემკვრელი მხარეები შექმნიან საქართველო-სლოვენიის მთავრობათაშორის კომისიას, რომელიც იმუშავებს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ  სფეროებთან დაკავშირებით, და

• განსაზღვრავს ხელშემკვრელ მხარეთა შორის თანამშრომლობის სფეროებს,  შეიმუშავებს ზომებს და წარმოადგენს მათ განხორციელებასთან დაკავშირებულ  რეკომენდაციებს;

• მოამზადებს წინადადებებს ორი სახელმწიფოს ეკონომიკურ ოპერატორთა შორის თანამშრომლობის გაუმჯობესების მიზნით;

• გაცვლის ინფორმაციას ორ სახელმწიფოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, ასევე რეგულაციებს, ეკონომიკურ პროგრამებსა და სხვა  სახის ინფორმაციას, რომელიც საერთო ინტერესის საგანს შეადგენს;

• განსაზღვრავს იმ პრობლემებს, რომლებიც აფერხებს ორმხრივ სავაჭრო და ეკონომიკურ თანამშრომლობას, და შესთავაზებს ზომებს აღნიშნულ პრობლემათა გადაწყვეტის მიზნით.

მუხლი 4

1. მთავრობათშორისი კომისიის შემადგენლობაში შევლენ ხელშემკვრელ მხარეთა წარმომადგენლები. აუცილებლობის შემთხვევაში, კომისიაში მონაწილეობის მისაღებად შესაძლებელია მიიწვიონ სხვა საჯარო თუ კერძო დაწესებულებათა წარმომადგენლებიც.

2.ხელშემკვრელი მხარეები  მთავრობათშორისი კომისიის საპროცედურო წესებს შეათანხმებენ კომისიის პირველ სხდომაზე.

მუხლი 5

1.მთავრობათშორისი კომისია შეიკრიბება წელიწადში ერთხელ ან, საჭიროებისამებრ, ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნით.

2. ხელშემკვრელი მხარეები შეათანხმებენ მთავრობათშორისი კომისიის სხდომათა თარიღებსა და დღის წესრიგს.

3. ადგილსამყოფელი ხელშემკვრელი მხარე უზრუნველყოფს მთავრობათშორისი კომისიის სხდომის ოქმის შედგენას, რომელსაც სხდომის დასასრულს ხელს მოაწერს ორივე დელეგაციის ხელმძღვანელი.

მუხლი 6

წინამდებარე შეთანხმება იმოქმედებს ხელშემკვრელ მხარეთა იმ უფლებებისა და ვალდებულებების შეულახავად, რომლებიც გამომდინარეობს საერთაშორისო შეთანხმებებიდან და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში მათი წევრობიდან. წინამდებარე შეთანხმება გავლენას არ მოახდენს იმ ვალდებულებებზე, რომლებიც გამომდინარეობენ ევროკავშირში სლოვენიის რესპუბლიკის წევრობიდან.

მუხლი 7

1.  წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა იმ ბოლო შეტყობინების მიღებიდან ოცდამეათე დღეს, რომელიც ადასტურებს შეთანხმების ძალაში შესვლისთვის აუცილებელი ყველა შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულებას.

2. წინამდებარე შეთანხმება ფორმდება სამი წლის ვადით და ავტომატურად განახლდება შემდგომი ერთწლიანი პერიოდებით, თუ ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარე წინამდებარე შეთანხმების მოქმედების ვადის გასვლამდე ექვსი თვით ადრე, წერილობით არ აცნობებს მეორე მხარეს თავისი გადაწყვეტილების შესახებ მოქმედება შეუწყვიტოს შეთანხმებას.

მუხლი 8

ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება ხელშემკვრელ მხარეთა შორის კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით.

მუხლი 9

წინამდებარე შეთანხმებაში, ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა აღნიშნული შეთანხმების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენენ წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.

შესრულებულია ქ. ლუბლიანაში,   2016 წლის 18 ივლისს,  ორ დედნად. თითოეული ქართულ, სლოვენიურ  და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

საქართველოს მთავრობის

სახელით

სლოვენიის რესპუბლიკის მთავრობის

სახელით