„საქართველოს მთავრობასა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება

„საქართველოს მთავრობასა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება
დოკუმენტის ნომერი 800/1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 10/10/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/02/2017
ძალაში შესვლის თარიღი 10/10/2016
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016451
800/1
10/10/2016
ვებგვერდი, 07/02/2017
480610000.03.030.016451
„საქართველოს მთავრობასა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისს შორის თანამშრომლობის შესახებ

.

საქართველოს მთავრობა, წარმოდგენილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ, და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისი (პროკურორის ოფისი), შემდგომში მოხსენიებულნი როგორც „მხარეები“;

აღიარებენ 2008 წლის 1-ლი ივლისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში (საქართველო) და მის ირგვლივ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში თანამშრომლობის მნიშვნელობას;

თანხმდებიან შემდეგზე:


მუხლი 1

ზოგადი

1.წინამდებარე შეთანხმება განსაზღვრავს მხარეებს შორის თანამშრომლობის მექანიზმებს, რათა ხელი შეეწყოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის დროულ წარმართვას საქართველოს ტერიტორიაზე. შეთანხმება ეფუძნება და არ ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდებითა (შემდგომში რომის სტატუტი) და „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით (შემდგომში − „თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონი) დადგენილ თანამშრომლობის რეჟიმს.

2.მხარეებს შეუძლიათ, თანამშრომლობის ხელშესაწყობად ერთმანეთთან დადონ ნებისმიერი სხვა შეთანხმება თუ მორიგება.

3. ამ შეთანხმებით ხელს ვერაფერი შეუშლის ან გამორიცხავს მხარეებს შორის თანამშრომლობის სხვა ფორმების გამოყენებას, ინფორმაციის სპონტანური მიწოდების ჩათვლით.

მუხლი 2

საერთაშორისო თანამშრომლობისა და სამართლებრივი დახმარების არხები

1)საქართველოს მთავრობის მხრიდან, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტი წარმოადგენს მხარეებს შორის თანამშრომლობის შესახებ მოთხოვნების, დახმარების, შეტყობინებებისა და კოორდინაციის საკითხებთან დაკავშირებით კომუნიკაციის არხს;

2)პროკურორის ოფისის მხრიდან, იურისდიქციის, კომპლემენტარობისა და თანამშრომლობის განყოფილება („განყოფილება“) წარმოადგენს მხარეებს შორის თანამშრომლობისა და კოორდინაციის საკითხებთან დაკავშირებით კომუნიკაციის არხს;

3) განსაზღვრული კომუნიკაციის არხების გარდა, აუცილებლობის შემთხვევაში, მხარეებს შეუძლიათ, თანამშრომლობის ხელშესაწყობად განსაზღვრონ  ოპერატიული საკონტაქტო პირები.

მუხლი 3

ენა

„თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან წინააღმდეგობაში მოსვლის გარეშე, საქართველოს მთავრობამ  პროკურორის ოფისს უნდა დართოს ნება, როდესაც ეს ხელს შეუწყობს თხოვნათა დროულ აღსრულებას, თავდაპირველად წარადგინოს თხოვნა ინგლისურ  ენაზე და შემდეგ − პროფესიონალურ დონეზე შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე. თხოვნის შესასრულებლად მოსამზადებელი სამუშაოების დაწყების მიუხედავად, საქართველოს მთავრობისათვის ვადის ათვლა დაიწყება ქართულ ენაზე თარგმანის წარმოდგენის შემდეგ.

მუხლი 4

კონფიდენციალურობა

1) რომის სტატუტის 87-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თანამშრომლობასთან დაკავშირებული ყველა თხოვნა და ნებისმიერი დოკუმენტი მხარეთა მიერ უნდა იქნეს შენახული კონფიდენციალურად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გამჟღავნება აუცილებელია თხოვნის აღსასრულებლად.

2) ორივე მხარე თანხმდება, მიიღონ ზომები, რათა დარწმუნდნენ, რომ ნებისმიერი პირი, ვისაც გადაეცემა თხოვნა და თანდართული დამატებითი დოკუმენტაცია, სრულად აცნობიერებს ვალდებულებას, შეინახოს ამგვარი დოკუმენტაცია კონფიდენციალურად და სათანადოდ გადასცეს იგი ვალდებულების შესაბამისად.

3) თუ პროკურორის ოფისი საქართველოს მთავრობას სთხოვს მის მფლობელობაში, გამგებლობაში ან კონტროლის ქვეშ არსებული დოკუმენტის ან ინფორმაციის წარდგენას, რომელიც მას კონფიდენციალურად მიეწოდა სახელმწიფოს, მთავრობათაშორისი ორგანიზაციის ან საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, რომის სტატუტის 73-ე მუხლის თანახმად, მან უნდა მიიღოს თანხმობა ინფორმაციის წყაროსგან ამ დოკუმენტის ან ინფორმაციის პროკურორის ოფისისთვის გამჟღავნების თაობაზე.

მუხლი 5

თხოვნათა აღსრულება

1. საქართველოს მთავრობა ვალდებულებას იღებს, აღასრულოს პროკურორის ოფისისგან მიღებული დახმარების შესახებ თხოვნა დროულად და მოლაპარაკება აწარმოოს პროკურორის ოფისთან, თხოვნის დროულად შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში.

2. რომის სტატუტის 99-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა და  „თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის თანახმად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს აკრძალულია კანონით, დახმარების თაობაზე პროკურორის ოფისის თხოვნები უნდა აღსრულდეს შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების მიხედვით, თხოვნაში მითითებული წესით, მათ შორის, მითითებული პროცედურის დაცვით ან თხოვნაში დაზუსტებულ პირთათვის  ნებართვის მიცემით თხოვნის შესრულების ხელშეწყობის მიზნით.

3. რომის სტატუტის 99-ე  მუხლის მე-4 პუნქტისა  და „თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის თანახმად, საჭიროების შემთხვევაში, თხოვნის სათანადოდ აღსრულების უზრუნველსაყოფად წინასწარი შეტყობინებისა და მხარეთა შორის კონსულტაციების საფუძველზე საქართველოს მთავრობა ნებას რთავს პროკურორის ოფისს, პირდაპირ აღასრულოს ისეთი თხოვნები, რომლებიც არ საჭიროებს სავალდებულო ზომების გატარებას, მათ შორის, პირისგან ნებაყოფლობით ინტერვიუს ან მტკიცებულების მიღებას, და საჯარო სივრცის ან საჯარო ადგილის ცვლილების გარეშე მოკვლევის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები. ამის თაობაზე პროკურორის ოფისმა წინასწარ, სულ მცირე, 72 საათით ადრე უნდა აცნობოს საქართველოს მთავრობას. ამასთან, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე პროკურორის ოფისმა შესაძლოა ყოველთვიურად, წინასწარ წარუდგინოს საქართველოს მთავრობას  ბლანკეტური შეტყობინება, რომელშიც ასახული იქნება საკმარისი ინფორმაცია  საქართველოს ტერიტორიაზე გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.

მუხლი 6

გადაადგილება საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში

1) პროკურორის ოფისს, მის მომსახურე პერსონალს და თანამდებობის პირებს, საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, უნდა მიეცეთ საქართველოში დაუბრკოლებელი შემოსვლის, გასვლისა და საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში გადაადგილების უფლება. ამ უფლების შესახებ მკაფიოდ უნდა ეცნობოს ყველა შესაბამის უწყებას და ყველა საჭირო (სამგზავრო) დოკუმენტი, საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ჩათვლით, უნდა მიეწოდოს პროკურორის ოფისს შეუფერხებლად და დროულად. რომის სტატუტის 48-ე მუხლი და „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ“ შეთანხმების მე-16 და 24-ე მუხლები გამოყენებული უნდა იქნეს.

2) თუ პროკურორის ოფისი გადაწყვეტს მესამე მხარისგან დახმარების მიღებას,  გამოყენებულ იქნება შეთანხმება „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ“.

მუხლი 7

უსაფრთხოება

საქართველოს მთავრობამ პროკურორის ოფისთან კონსულტაციისა და სათანადო შეტყობინების მიღების შედეგად პროკურორის ოფისის თანამშრომლებისთვის, თანამდებობის პირებისა თუ მისიის გარე დამხმარეებისთვის, ასევე, ნებისმიერი სხვა პირისთვის, რომელიც შეიძლება იმყოფებოდეს რისკის ქვეშ მის მიერ პროკურორის ოფისთან ურთიერთობის გამო, უნდა მიიღოს ყველა სათანადო და შესაძლო ზომა უსაფრთხოებისა და  დაცვის უზრუნველსაყოფად.

მუხლი 8

მედია და საჯარო საინფორმაციო აქტივობები

პროკურორის ოფისი უფლებამოსილია, თავად განახორციელოს მედიააქტივობები და საზოგადოების ინფორმირების მიზნით მისი საქმიანობისათვის მნიშვნელოვანი ღონისძიებები.

მუხლი 9 

ეროვნული პროცედურები

საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს პროკურორის ოფისის ინფორმირება სასამართლოს განსჯადობას დაქვემდებარებულ დანაშაულთან დაკავშირებით მიმდინარე ნებისმიერი შიდასახელმწიფოებრივი გამოძიების ან სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების  თაობაზე.  რომის სტატუტის 93-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, პროკურორის ოფისი, საქართველოს მთავრობის მხრიდან თხოვნის შემთხვევაში,  ითანამშრომლებს და დახმარებას გაუწევს საქართველოს მთავრობას  შიდასახელმწიფოებრივ გამოძიებასა თუ სასამართლო პროცესში იმ ქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც წარმოადგენს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს განსჯად დანაშაულს ან, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მძიმე დანაშაულს.

მუხლი 10

დავების მოგვარება

რომის სტატუტის 119-ე მუხლის დარღვევის გარეშე წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა უნდა გადაწყდეს მხარეთა შორის კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების გზით.

მუხლი 11

ცვლილებები

წინამდებარე შეთანხმების დებულებებში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია მხარეთა მიერ წერილობითი თანხმობის ფორმით. ასეთი ცვლილებები წარმოადგენს შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.

მუხლი 12

ძალაში შესვლა და შეწყვეტა

1) წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერისთანავე და  მოქმედებს ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში (საქართველო) და მის ირგვლივ 2008 წლის 1-ლი ივლისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების პროკურორის ოფისის მიერ გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნისთვის საჭირო დროის განმავლობაში.

2) წინამდებარე შეთანხმება შესაძლოა შეწყდეს ნებისმიერ დროს. თითოეულ მხარეს შეუძლია შეთანხმების შეწყვეტის მოთხოვნა 3 თვით ადრე წარდგენილი წერილობითი შეტყობინების ფორმით.

შეთანხმება დადებულია ორ ეგზემპლარად ინგლისურ ენაზე.

 

 

2016 წლის 27 სექტემბერი,

ქ. თბილისი.

საქართველოს მთავრობის სახელით

 

 

 

თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრი

 

2016 წლის 10 ოქტომბერი,

ქ. ჰააგა, ნიდერლანდები.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის სახელით

 

 

ფატუ ბენსუდა

პროკურორი