„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 46
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 01/02/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/02/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.034.016620
46
01/02/2017
ვებგვერდი, 01/02/2017
040030000.22.034.016620
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №46

2017 წლის 1 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: 

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 24/12/2013, სარეგისტრაციო კოდი – 040030000.22.034.016238) დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.  მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ1“ ქვეპუნქტი:

„ჟ1) აკადემიის კურსდამთავრებულებსა და აკადემიას შორის კავშირის დამყარებისა და განმტკიცების, აგრეთვე კურსდამთავრებულთა კარიერული ზრდის ხელშეწყობის მიზნით აარსებს კურსდამთავრებულთა საზოგადოებას;“.

2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. აკადემიის მართვის ორგანოები

       აკადემიის მართვის ორგანოებია: რექტორი, წარმომადგენლობითი საბჭო (შემდგომში – საბჭო), პრორექტორ(ებ)ი და ხარისხის უზრუნველყოფის სამმართველო.“.

3. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 11. საბჭო

1. საბჭო არის აკადემიის მართვის კოლეგიური ორგანო.

2. საბჭოს წევრები არიან: პრორექტორები, სამართლის სკოლის უფროსი, პროფესიული მომზადების სამმართველოს უფროსი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის დირექტორი, სპეციალური მომზადების ცენტრის უფროსი, ხარისხის უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი და ბიბლიოთეკის უფროსი.

3. საბჭოს თავმჯდომარე აირჩევა საბჭოს მიერ 2 წლის ვადით, ფარული კენჭისყრით, საბჭოს წევრების ხმათა 2/3-ის უმრავლესობით. საბჭოს თავმჯდომარეობის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს საბჭოს მინიმუმ 2 წევრს. თუ ვერცერთი პრეტენდენტი ვერ დააგროვებს ხმების საჭირო რაოდენობას, იმავე დღეს გაიმართება განმეორებითი კენჭისყრა საუკეთესო შედეგის მქონე ორ პრეტენდენტს შორის. თუ ამ შემთხვევაშიც ვერ აირჩევა თავმჯდომარე, 3 სამუშაო დღის ვადაში გაიმართება საბჭოს სხდომა და ხელახლა ჩატარდება თავმჯდომარის არჩევის პროცედურა. საბჭოს პირველ სხდომას იწვევს აკადემიის რექტორი, ხოლო თავმჯდომარეობს სხდომის უხუცესი წევრი.

4. საბჭოს სხდომის მდივანს, 2 წლის ვადით, საბჭოს თავმჯდომარის ან საბჭოს სრული შემადგენლობის 1/3-ის წარდგინებით ირჩევს საბჭო აკადემიის თანამშრომელთაგან. საბჭოს მდივანი უზრუნველყოფს საბჭოს სხდომის ორგანიზაციულ და საინფორმაციო მომსახურებას.

5. საბჭო მოიწვევა საჭიროებისამებრ, საბჭოს თავმჯდომარის ან საბჭოს წევრთა არანაკლებ 1/3-ის ინიციატივით, მაგრამ 2 თვეში ერთხელ მაინც. საბჭო იკრიბება მოწვევიდან მე-2 სამუშაო დღეს. საბჭოს სხდომებს წარმართავს საბჭოს თავმჯდომარე. მისი არყოფნის შემთხვევაში სხდომას თავმჯდომარეობს საბჭოს უხუცესი წევრი. საბჭოს მდივანი თავმჯდომარესთან შეთანხმებით ადგენს სხდომაზე განსახილველ საკითხთა ნუსხას, რომელიც წინასწარ გადაეცემა საბჭოს წევრებს. დღის წესრიგს მიკუთვნებულ საკითხებთან ერთად მიეთითება მომხსენებელი პირი. საბჭოს თავმჯდომარე წარადგენს დღის წესრიგის პროექტს, რომელსაც საბჭო ამტკიცებს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. საბჭო უფლებამოსილია, სხდომის მიმდინარეობის პროცედურულ საკითხებზე გადაწყვეტილება მიიღოს ღია კენჭისყრით, დამსწრეთა უმრავლესობით.

6. საბჭოს სხდომის გახსნამდე ხდება წევრთა რეგისტრაცია საბჭოს მდივანთან (რეგისტრაციის მონაცემები ერთვის სხდომის ოქმს და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს). საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა არანაკლებ 2/3. საბჭოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

7. საბჭოს მუშაობის პერიოდში წევრს უფლება აქვს, დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეიტანოს განსახილველი საკითხი, დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა ყველა იმ საკითხის განხილვაში, რომელიც საბჭოს განხილვის საგანია, აგრეთვე ისარგებლოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებით. საბჭოს თითოეული წევრი სარგებლობს ერთი ხმის უფლებით.

8. საბჭოს ყველა სხდომაზე წარმოებს სხდომის ოქმი, რომელშიც უნდა მიეთითოს:

ა) საბჭოს დასახელება;

ბ) სხდომის ჩატარების თარიღი და ადგილი;

გ) დამსწრეთა ვინაობა;

დ) დღის წესრიგი;

ე) სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებები;

ვ) სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები.

9. ოქმს ერთვის ყველა ის მასალა, როლმელიც ამ სხდომის დღის წესრიგის მიხედვით განხილვის საგანს უკავშირდება.

10. საბჭოს სხდომის ოქმს ხელს აწერს ყველა დამსწრე წევრი.

11. საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც საჭიროებს დამტკიცებას, წარედგინება აკადემიის რექტორს.

12. საბჭო თავისი უფლებამოსილების ფარგლებში:

ა) განიხილავს და აკადემიის რექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიის მოკლევადიან და გრძელვადიან სტრატეგიული განვითარების გეგმებს;

ბ) აკადემიის საქმიანობის განვითარების მიზნით შეიმუშავებს და აკადემიის რექტორს წარუდგენს აკადემიაში მოქმედ სამართლებრივ აქტებში შესატან ცვლილებათა პროექტებს;

გ) შეიმუშავებს აკადემიის წლიური ბიუჯეტის პროექტს და ათანხმებს აკადემიის რექტორთან;

დ) უზრუნველყოფს წლიური ანგარიშის მომზადებას და აკადემიის რექტორისათვის წარდგენას;

ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით შეიმუშავებს და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიის რექტორს სამაგისტრო და საბაკალავრო გამოცდის კოეფიციენტებს სამაგისტრო და საბაკალავრო გამოცდებისთვის, აგრეთვე ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას;

ვ) შეიმუშავებს აკადემიის სტრუქტურის ცვლილების პროექტს და წარუდგენს აკადემიის რექტორს შემდგომი რეაგირებისათვის;

ზ) შეიმუშავებს აკადემიის წესდების პროექტს და წარუდგენს აკადემიის რექტორს;

თ) ახორციელებს აკადემიის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

4. მე-14 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამართლის სკოლაში იქმნება სკოლის საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შედის სამართლის სკოლის უფროსი და აკადემიის აკადემიური პერსონალი.“;

 ბ) მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) შეიმუშავებს სამართლის სკოლის მოკლევადიან და გრძელვადიან სტრატეგიული განვითარების გეგმებს და გადასცემს საბჭოს;“.

5. 21-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აკადემიის აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორისაგან, ასოცირებული პროფესორისაგან, ასისტენტ-პროფესორისა და ასისტენტისაგან.“;

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

 6. 22-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ინფორმაცია კონკურსის ორგანიზების შესახებ განთავსდება აკადემიის ვებგვერდზე  და/ან  დასაქმების შესაბამის ვებგვერდზე.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. კონკურსის გამოცხადების შესახებ რექტორის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მის ორგანიზებას უზრუნველყოფს აკადემიის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება.“.

7. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 23. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის პირობები

1. პროფესორის თანამდებობაზე 6 (ექვსი) წლის ვადით აირჩევა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 6 (ექვსი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება და რომელიც აკმაყოფილებს რექტორის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ დამატებით პირობებს.

2. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 5 (ხუთი) წლის ვადით აირჩევა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება და რომელიც აკმაყოფილებს რექტორის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ დამატებით პირობებს.

3. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე 4 (ოთხი) წლის ვადით აირჩევა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც აკმაყოფილებს რექტორის სამართლებრივი აქტით  განსაზღვრულ დამატებით პირობებს.

4. ასისტენტად 3 (სამი) წლის ვადით აირჩევა დოქტორანტი, რომელიც აკმაყოფილებს რექტორის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ დამატებით პირობებს.

5. ამ მუხლის პირველი–მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ აკადემიურ თანამდებობათა დაკავება შესაძლებელია პროფესიული ნიშნით, კვალიფიციური პერსონალის მიერ, აკადემიის რექტორის ბრძანებით, რომლითაც ცხადდება კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისთვის აუცილებელი კომპეტენცია.

6. აკადემიის აკადემიურ თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი, ხოლო აკადემიურ თანამდებობაზე მყოფი პირი, რომელმაც მიაღწია 65 წელს, აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლდება აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის ვადის გასვლის შემდეგ.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი მღებრიშვილი